№27 სისხლი და ქორწინება
კრისტი ერნანი
ერთ საღამოს, როცა მთელი ოჯახი, სასტუმრო ოთახში ბრიჯის სათამაშოდ შეიკრიბა, მოულოდნელად ოთახში ახალგაზრდა ქალი შევარდა. აბრეშუმის კაბაზე წითელი ლაქა აჩნდა. მხოლოდ ერთ სიტყვა თქვა – „მკვლელობა“ და გონება დაკარგა. ოჯახმა ქალი იცნო – ელერ სენკლერი, მოცეკვავე, რომელიც თავისი ნიჭით მთელ ლონდონს ატყვევებდა. ოჯახის უფროსი ექიმის მოსაყვანად გაიქცა, მისი ბიჭი კი – პოლიციაში. პოლიციამ მონ-დეზირში, რიდბერნის დიდებულ ვილაში, რომელიც ხსენებული ოჯახის კოტეჯის ახლოს მდებარეობდა, იმპრესარიოს გვამი იპოვეს, რომელსაც თავი გახეთქილი ჰქონდა...
ამ დროს ერთ ცნობილ კერძო დეტექტივს პრინც პოლ მორანიელის სტუმრობის შესახებ მოახსენეს. პრინცი სწორედ იმ საქმესთან დაკავშირებით იყო მოსული, რომლის შესახებაც გაზეთები წერდნენ. მადმუაზელ სენკლერი მისი საცოლე იყო.
პრინცი ნერვიულობდა – პირველი მე არ ვარ ჩვენს ოჯახში, ვინც დაბალი წრის წარმომადგენელზე ქორწინდება. თუმცა მადმუაზელ სენკლერის ძარღვებში „კეთილშობილი“ სისხლიც ჩქეფს. ამბობენ, რომ მისი დედა პოლონელი თავადის ქალი იყო. მისტერ რიდბერნი – იმპრესარიო, მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იყო, ელერი კი გაურბოდა მას. არ მჯერა, რომ ის ელერიმ მოკლა! მოჰკიდებთ ხელს ამ საქმეს?
ბიბლიოთეკა, სადაც მკვლელობა მოხდა, ძალიან დიდი ოთახი იყო. მას სხვადასხვა მხარეს ორი დიდი ფანჯარა ჰქონდა. ერთი ფანჯრიდან გზა მოჩანდა, მეორიდან კი – ბაღი. სწორედ ამ ფანჯარასთან იპოვეს გვამი. ის უკვე წაეღოთ. ოთახში ყველაფერი ისე იყო, როგორც მკვლელობის მომენტში.
– სახლის პატრონი ამ ოთახში ქალბატონებს ხშირად იღებდა. ისინი იმ კარიდან შემოდიოდნენ, რომელიც ტერასაზე გადიოდა და ამიტომ მსახურები მათ ვერ ხვდებოდნენ. სავარაუდოდ, მასთან სტუმრად ქალი წუხელაც იყო, – თქვა მოსამსახურემ.
დეტექტივმა ფანჯრის რაფა დაათვალიერა. მერე კარს გახედა, რომელიც ტერასაზე გადიოდა. სავარაუდოდ, მადმუაზელ სენკლერი სწორედ ამ კარიდან გავარდა.
– თუ დააკვირდებით, ხეებს შორის იმ კოტეჯს შეამჩნევთ. თუმცა, ის აქედან საკმაოდ შორსაა, მაგრამ სხვა სახლიც არ ჩანს.
დეტექტივი და ერთი პოლისმენი მადმუაზელ სენკლერის კვალს გაჰყვნენ. კოტეჯს რომ მიადგნენ, მოახლემ სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა. ეტყობოდა, რომ გუშინდლიდან ეს ოთახი არავის დაელაგებინა. ბანქოც ისევ ისე ეყარა მაგიდაზე. ვიდრე მასპინძელი გამოჩნდებოდა, დეტექტივი კედელზე ოჯახურ პორტრეტებს ათვალიერებდა. კარი გაიღო და ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. მან თავიდანვე მოუბოდიშა:
– ბოდიშს ვიხდი ასეთი უწესრიგობისთვის, მაგრამ მოსამხურეები მომხდარის გამო ისე აღელდნენ, საკუთარი მოვალეობების შესრულებაც კი ვერ შეძლეს.
– წუხელის ამ ოთახში ისხედით? – ჰკითხა დეტექტივმა, – პირადად თქვენ რომელ მხარეს იჯექით?
– ფანჯრისკენ და კარისკენ სახით ვიჯექი. მოულოდენლად კარი გაიღო და...
– მის სენკლერი ისევ თქვენს სახლშია, არა?
– კი. ჯერ ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან.
მის სენკლერი ლოგინში იწვა, მეორე სართულზე მდებარე საძინებელში. დეტექტივმა მას გასული ღამის გახსნება სთხოვა.
- საქმე ისაა, რომ იმ კაცმა, ჩემმა იმპრესარიომ ერთი საიდუმლო იცოდა და მაშანტაჟებდა. მხოლოდ პოლის სიყვარულის გამო გადავწყვიტე მასთან მოლაპარაკება. პოლის დაკარგვის მეშინოდა... რიდბერნს ფული შევთავაზე. შეხვედრა დამინიშნა და მეც მივედი. უნდა გამიგოთ, სხვა გამოსავალი არ მქონდა. სასოწარკვეთილი ვიყავი. რიდბერნმა ბიბლიოთკაში მიმიღო. იგი როგორც კატა თაგვს, ისე მეთამაშებოდა. დამცინოდა. მთელი ჩემი ძვირფასეულობა შევთავაზე, ბოლოს თავისი ფასი დაასახელა – საყვარლობა მომთხოვა. დამცინოდა. მოულოდნელად რაღაც ხმა გავიგონე, რომელიც ბაღის მხრიდან, ფანჯრიდან მოდიოდა. რიდბერნი ფანჯარასთან მივარდა და ფარდები გასწია. იქ კი ვიღაც კაცი იმალებოდა, საშინელი გარეგნობა ჰქონდა, ალბათ, მაწანწალა იყო. ის რიდბერნს ეცა და მანამდე ურტყა, ვიდრე არ დააგდო. მერე მაწანწალამ გასისხლიანებული ხელი წამავლო. გავუსხლტი და გავიქეცი. რომელიღაც სახლის განათებული ფანჯრები დავინახე და იქითკენ გავქანდი და ეს ხალხი დავაფეთე.
დეტექტივი მოულოდნელად იატაკზე რაღაცას დააჩერდა, – ეს ლაქის ფეხსაცმელები თქვენია, მადმუაზელ?
– დიახ, მოსიე. მოახლემ ახლახან გაწმინდა და ამომიტანა.
– რა უცნაური მსახურები არიან ამ სახლში, – შენიშნა კაცმა და მხრები აიჩეჩა, – აღელვებისგან ოთახების დალაგება ავიწყდებათ, მაგრამ არ ავიწყდებათ სტუმრის ფეხსაცმელების გაწმენდა.
ჰოლში დეტექტივს დიასახლისი ელოდა. სასტუმრო ოთახში ისევ არეულობა იყო. მან მაგიდიდან ბანქო აკრიფა და თავისი კოტიტა თითებით არევა დაიწყო. უცებ ადგილზე გაშეშდა.
– შეხედეთ! – მიუბრუნდა პოლისმენს, – დასტაში ჯვრის მეფე არ არის! ამ დროს ოთახში მისის ოუგლანდერი შემოვიდა.
– მითხარით მადამ, წუხელ ჟალუზები ჩამოშვებული იყო?
– არა. ალბათ, ამიტომაც დაინახა ჩვენს ფანჯარაში სინათლე მის სენკლერმა.
– წუხელ ხომ მთვარიანი ღამე იყო? უცნაურია, რომ თქვენ ვერ შეამჩნიეთ მადმუაზელ სენკლერი, თუმცაღა ფანჯრისკენ სახით იჯექით.
– თამაშში ძალიან ვიყავით გართულები.
როცა დეტექტივი და პოლისმენი მკვლელობის ადგილას დაბრუნდნენ და ბიბლიოთეკაში შევიდნენ, დეტექტივმა იმ ფანჯრის დათვალიერება დაიწყო. რომელიც გზისკენ გადიოდა. ცოტა ხანში ინსპექტორიც იხმო და ფანჯრის რაფაზე მიუთითა – მარმარილოს მბრწყინავ ზედაპირზე ძლივს შესამჩნევი ლაქა მოჩანდა, ასეთივე ლაქა იყო იატაკზეც.
– ვიღაცამ რიდბერნს მუშტი დაარტყა ცხვირში. ის წაიქცა, თავი მარმარილოს რაფას ჩამოარტყა და იატაკზე დავარდა. ამის მერე გადაათრიეს მეორე ფანჯარასთან და იქ დააწვინეს. მე იმ ადამიანს მკვლელსაც ვერ დავარქმევ. ის მის მოკვლას არც აპირებდა. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. საქმე დამთავრებულია.
– არის კიდევ ერთი რაღაც, რაც ჯერ არ იცით, სად არის დაკარგული ჯვრის მეფე, – ჰკითხა ინსპექტორმა.
– საქმე იმაშია, რომ ჯვრის მეფე მე მაქვს ჯიბეში, – დეტექტივმა გამარჯვებული სახით ამოიღო ჯიბიდან ნახსენები ბანქო.
– სად იპოვეთ? აქ ბიბლიოთეკაში?
– არავითარი საიდუმლო არ არის. მისი უდიდებულესობა ჯვრის მეფე მთელი გუშინდელი საღამო ბანქოს ყუთში იყო ჩარჩენილი. იქიდან მისი ამოღება დაბნეულობის გამო დაავიწყდათ. სწორედ იქ ვიპოვე.
როდესაც დეტექტივი კოტეჯში დაბრუნდა, ოუგლანდერები სადილობდნენ. მალე მასთან მისის ოუგლანდერი გამოვიდა.
– მე აქ იმისთვის ვარ, რომ უბედური დედათქვენი დავაწყნარო, – მიმართა დეტექტივმა გაკვირვებულ ქალს, – მისტერ რიდბერნის მკვლელს ვერასდროს დაიჭერენ. ხომ მართალი ვარ?
წუთიერი დუმილი ჩამოვარდა. მერე მისის ოუგლანდერმა წყნარად უპასუხა:
– როგორ მიხვდით? ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ არ შემცდარხართ.
– სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა, – უთხრა მას დეტექტივმა, – არ იდარდოთ, პოლიციელები, რომლებიც სულაც არ ჰგვანან საუკეთესო უნარ-ჩვევების მქონე დეტექტივებს, ამ ამოცანის ამოხსნას ვერ შეძლებენ.
ეს რომ თქვა, დეტექტივმა თითით კედელზე ჩამოკიდებულ პორტრეტს მიუკაკუნა.
– თქვენ კიდევ ერთი ქალიშვილი გყავდათ. ის გარდაიცვალა?
– დიახ გარდაიცვალა.
– გასაგებია, ნება მომეცთ, ქალბატონო, ეს ბანქოს ქაღალდი ადგილზე დავაბრუნო. არადა, ეს თქვენი ერთადერთი „ჩავარდნა“ იყო. ბრიჯს თამაშობდით და ვერ შეამჩნიეთ, რომ დასტას ჯვრის მეფე აკლდა, – ამას ვინ დაიჯერებს?!
– ვინ მოკლა რიდბერნი? ვერაფერი გავიგე, – მოგვიანებით ჰკითხა პოლისმენმა დეტექტივს, რომელიც ამ ამბით დაინტერესდა.
– ჯონ ოუგლანდერ-უმცროსმა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ოუგლანდერების ოჯახის რომელიღაც მამაკაცმა გააკეთა, თუმცა არ ვიცოდი – მამამ, თუ შვილმა. შემდეგ შვილზე შევჩერდი. როგორც უფრო ახალგაზრდასა და ძლიერზე. საჭირო იყო ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ გოგონა ოუგლანდერებთან შემთხვევით მოხვდა, არადა, ქალმა გონება იქვე დაკარგა. ჯონს კოტეჯამდე მისი ხელით ტარება მოუწია, ამიტომ მისი ტუფლები საერთოდაც არ დასვრილა. მათ იჩხუბეს. რიდბერნმა, ალბათ, ელერის შეურაცხყოფა მიაყენა, ჯონი აფეთქდა და დაარტყა. ჰო, ეს მშვენიერი ქალიშვილი მარტო არ მისულა შანტაჟისტ იმპრესარიოსთან, მან ჯონი წაიყვანა თან. დანარჩენი იცით. ალიბის შესაქმნელად კი გაანცხადეს, რომ მთელი ოჯახი ბრიჯს თამაშობდა. მოგეხსენებათ, ამ თამაშს ოთხი კაცი სჭირდება.
– ვერ ვხვდები, რა საერთო აქვს მოცეკვავე სენკლერს, ბურჟუების ოჯახთან?
– შეიძლება, მისის ოუგლანდერის მეორე ქალიშვილი მთელი ოჯახისთვის მკვდარია, მაგრამ დანარჩენი სამყაროსთვის ის აღსდგა, როგორც ელერი სენკლერი! როგორ გგონიათ ვერ შევამჩნიე, როგორ გვანან დები ერთმანეთს? ყველაზე შოკისმომგვრელი ისაა, რომ ელერის ოჯახს რცხვენია მის გამო და ისიც მათ ამითვე პასუხობს. მიუხედავად ამისა, საფრთხის დროს მან მაინც საკუთარ ოჯახს მიმართა. მე, როგორც პრინც პოლს, მჯერა მემკვიდრეობითობის. მათ კინაღამ მეც მომატყუეს, მაგრამ ბედნიერი შემთხვევისა და ერთი კითხვის წყალობით, რომელიც ორივე ქალს დავუსვი, მათ ეს ვერ შეძლეს. გამოდიოდა, რომ ორივე, დედაც და შვილიც ბრიჯის დროს ფანჯრისკენ სახით იჯდა, ეს კი ვერაფრით მოხდებოდა. ისე კი მართალია, ამ გოგოს ძარღვებში მართლაც კეთილშობილი სისხლია.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ