№27 როგორ აკავებდა სტალინი ამერიკის შეერთებულ შტატებს 5 წლის განმავლობაში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
იოსებ სტალინი რომ უდიდესი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე იყო, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ თითქმის ხუთი წლის განმავლობაში შეაკავა მომძლავრებული ამერიკული „ბირთვული აგრესია“, თანაც არანაირ დათმობებზე არ წასულა... ისტორიულ-მეცნიერებათა დოქტორი ოვანეს მირზოევი წერს: „ჯერ წესიერად მეორე მსოფლიო ომიც არ იყო დამთავრებული, საბჭოთა სტრატეგიულმა დაზვერვამ უკვე ზუსტად იცოდა „ბირთვული ამერიკის“ სტრატეგიული გეგმები საბჭოთა კავშირის მიმართ და მათი შინაარსი ნამდვილად საგანგაშო იყო.
ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „იაპონიის ატომური ბომბარდირებიდან ერთი თვე იყო გასული. მსოფლიოსთვის შოკს ჯერ არ გაევლო, ამერიკელები კი ტრიუმფს ზეიმობდნენ. პლანეტას „ატომურ კუნთებს“ უთამაშებდნენ და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, საბჭოთა კავშირის დასაშინებლად ხორციელდებოდა. 10 სექტემბერს ბერიამ სტალინს „თეთრი სახლის“ ოვალურ კაბინეტში გამართული საუბრის შინაარსის ოცგვერდიანი ამონაბეჭდი მიუტანა. საუბრობდნენ პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, ვიცე-პრეზიდენტი ოლბენ ბარკლი, არმიის გენერალი, მომავალი ორგზის პრეზიდენტი და „გამარჯვების“ ორდენის“ კავალერი დუაიტ ეიზენჰაუერი და სტრატეგიული დაზვერვის შეფი (მომავალში – 1953-1961 წლებში „ცეერუს“ შეფიც) ალენ უელშ დალესი. საუბრის შინაარსის მიხედვით გამოდიოდა, რომ თუკი საბჭოთა კავშირი პოლიტიკურ და ტერიტორიულ დათმობებზე არ წავიდოდა, მაშინ ჩვენი ქვეყნის უპირობო ატომური ბომბარდირება უნდა განხორციელებულიყო და მიზნისთვის ძალით მიეღწიათ. ნიშანდობლივი და საგულისხმო ის იყო, რომ ამერიკელები უგულებელყოფდნენ თეირანის, იალტისა და პოტსდამის კონფერენციებზე მიღწეული მოლაპარაკებების შედეგებს, რომლებიც გადასინჯვას არ ექვემდებარებოდა და რადგან შეერთებულ შტატებს უკვე ბევრი ატომური ბომბი ჰქონდა, ეს მათ პოლიტიკური განუკითხაობის განხორციელების უფლებას ანიჭებდა. ასე ფიქრობდა ოვალურ კაბინეტში შეკრებილი ოთხეული. სტალინი თითქმის ერთი საათის განმავლობაში სკურპულოზურად ჩაჰკირკიტებდა ამ დოკუმენტს, მე და ბერია კი უხმოდ ველოდით მის რეაქციას. ბოლოს სტალინმა ფურცლები მაგიდაზე დადო და თქვა:
– ამერიკული პოლიტიკური „ბესპრეძელი“ ძალებს იკრებს და საკონფრონტაციოდ ემზადებიან, მაგრამ არაფერი შევიმჩნიოთ. ჯერჯერობით მოკავშირეები ვართ და პირველებმა საბაბი არ უნდა მივცეთ. ახლა უმთავრესი ისაა, რომ ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობა გავაასკეცოთ და შტატებს ლაგამსაც ამოვდებთ.
სტალინი აბსოლუტურად მართალი იყო და მე და ბერია უხმოდ დავეთანხმეთ მას.“
ამ დღიდან ექვსი თვის შემდეგ, ანუ 1946 წლის 5 მარტს ჩერჩილმა ფულტონში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა და „ცივმა ომმა“ ათვლა დაიწყო, თუმცა საბჭოთა კავშირი ყოველმხრივ გაურბოდა, ერთი მხრივ, საერთაშორისო დაძაბულობას, მეორე მხრივ კი – გეოპოლიტიკურად ერთ გოჯსაც კი არ თმობდა. ამასობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ატომური არსენალი 100 ბომბამდე გაზარდა. საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა და არც პროვოკაციებს თაკილობდა. 1947 წლის 20 სექტემბერს კი ამერიკის შეერთებული შტატების რეორგანიზებული სამხედრო ძალების ახალმა მეთაურმა, თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს ფორესტოლმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ამერიკელ ჟურნალისტებს და თქვა:
– დღესდღეობით შეერთებული შტატები ისე ძლიერია, როგორც არასდროს. დღესდღეობით კომუნიზმის მსოფლიო საფრთხე ისე ახლოა, როგორც არასდროს. ამიტომ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუკი რუსეთი კომუნიზმის ექსპორტს არ შეწყვეტს და დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკების მაგიდას არ მიუჯდება, მაშინ საქმეში ჩვენ, სამხედროები ჩავერთვებითო...
სტალინმა მოლოტოვს შეერთებული შტატების ელჩი, უოლტერ ბედელ სმიტი დააბარებინა, რათა მას სტალინის წერილი, პრეზიდენტ ტრუმენისთვის გადაეცა.
მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინმა თავისი ხელით დამიწერა ტრუმენისთვის გადასაცემი ტექსტი, რომელიც ასე ჟღერდა: „ბატონო პრეზიდენტო, სამწუხარო და დასაფიქრებელია ის, რომ საპრეზიდენტო სიტყვას სამხედრო, თუნდაც გენერალი და თუნდაც მინისტრი ამბობს. თანაც, ასეთ სტილში, ასეთი აგრესიული ტონით. ვფიქრობ, რომ ძირითადი საერთაშორისო საკითხები თეირანის, ყირიმისა და პოდსტამის კონფერენციებზე (იქ თქვენ პირადად ესწრებოდით) გადაწყდა. ამიტომ აქ სადავო და გასარჩევი არაფერია. ხოლო, რაც შეეხება ამერიკულ სამხედრო მუქარას, ვფიქრობ, ამით იმ ორმილიონ-ნახევარ საბჭოთა ჯარისკაცს ვერ შეაშინებენ, რომლებიც ევროპაში დგანან და მშვიდობას იცავენ. თუმცა, თქვენ მიერ წინასწარ გამოცხადებული ომის შემთხვევაში უკვე ამ გაორმაგებულ სამხედრო მანქანას ვერანაირი ბომბები ვერ შეაჩერებს. ისინი მთელ კონტინენტს შეესევიან და არა მგონია, თქვენმა მოკავშირეებმა ევროპის მთელი კონტინენტის დაბომბვა გაპატიონ“. ამ სიტყვებმა ჯერ ელჩზე, შემდგომ კი ტრუმენზე ისეთი ძლიერი ეფექტი მოახდინა, რომ მსგავსი გამოხდომები აღარ განმეორებულა“.
ფაქტია, რომ სტალინი ტრუმენს ევროპაში 5 მილიონი საბჭოთა ჯარისკაცის შეჭრით დაემუქრა და ატომური ბომბარდირების განზრახვაზე ხელი ააღებინა. ამ საქმეში თავად უინსტონ ჩერჩილი ჩაერთო. ის იმ დროს ბრიტანეთის პრემიერი აღარ იყო, მაგრამ დიდი წონა ჰქონდა და ამ საკითხზე პირადად ტრუმენს ელაპარაკა. ამასობაში კი დრო გაიწელა. საბჭოეთმა ატომური იარაღი დაამზადა და ამერიკის შეერთებული შტატების მონოპოლია დაამხო. ეს ყველაფერი კი სტალინის პოლიტიკური გამჭრიახობის ნაყოფია.“