№27 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: შეიძლება თუ არა ჯვრისწერის ბეჭდის გადადნობა და შვილისთვის ჩუქება?
პასუხი: ჯვრისწერის ბეჭედი იმისი საკუთრებაა, ვისზეც ჯვრისწერის საღვთო საიდუმლო აღსრულდა და ის ცხოვრების ბოლომდე მან უნდა ატაროს. ეს არის არა მიჯაჭვულობა ნივთზე ან ოქროზე, არამედ საღვთო საიდუმლოს პატივისცემა. როგორც ნათლობის ჯვრის გადადნობა და სხვისთვის, თუნდაც შვილისთვის, გადაცემა არ არის სასურველი, ასევეა ჯვრისწერის ბეჭედიც. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ჯვრისწერის ბეჭდის გადადნობა და გაყიდვა, თუ თქენს ახლობელს, მოყვასს ძალიან უჭირს და დახმარება აუცილებელია.
კითხვა: ჩემი მეგობარი მეუბნება, ბიჭთან რომ ინტიმური კავშირი გქონდეს, ქორწინება არ არის აუცილებელიო. როდესაც მე ვუხსნი, რომ ეს ცოდვაა, მპასუხობს: ღმერთი არსად მიგვითითებს, რომ ქორწინებამდე ინტიმური კავშირი ცოდვააო. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: წმიდა წერილიც და მამათა თხზულებებიც მიგვითითებს, რომ ქორწინებამდე ინტიმური კავშირი არის მეძაობა. ათ მცნებაში კი ერთ-ერთი გახლავთ „არა იმრუშო!“ ასე რომ, კანონიერი ეკლესიური ქორწინების გარეშე ყოველგვარი სქესობრივი კავშირი მრუშობად ითვლება, რაც დიდი ცოდვაა. ვისაც ამის წაკითხვა, გააზრება და გაგება არ სურს, თავისებურად განსჯის, რაც არასწორია. იყავით მშვიდად და ყური უგდეთ ეკლესიურ სწავლებას.
კითხვა: როგორია ეკლესიური სწავლება – იმქვეყნად ყველა ცოდვა ერთნაირად დაისჯება თუ ცოდვის სიმძიმის მიხედვით იქნება სასჯელის განსხვავებული ფორმები?
პასუხი: საეკლესიო სწავლებით, ყოველი ადამიანი განისჯება საკუთარი სიმართლისა და საქმეების მიხედვით. უფრო მკაცრად კი ისინი დაისჯებიან, ვინც კარგად იცოდა უფლის ნება და არ ასრულებდა მას. სახარებაში ნათქვამია: „მონამან, რომელმან იცის ნებაი უფლისა თვისისაი და არა განემზადოს ნებისამებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად“. ხოლო მან, ვინც არ იცის უფლის მცნებები, მოვალეა, იცოდეს.
კითხვა: რატომ არ შეიძლება, გარდაცვლილთა მონათვლა. განსაკუთრებით, ვწუხვარ უნათლავ ყრმებზე, რომელთაც არანაირი დანაშაული არ მიუძღვით იმაში, რომ ვერ მოინათლნენ და ისე აღესრულენ. როგორი იქნება მათი იმქვეყნიური ცხოვრება?
პასუხი: გარდაცვლილის მონათვლა კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან გარდაცვლილის სხეულში აღარ არის სული – ქრისტიანებისთვის უმთავრესი. თუმცა, უნათლავ ყრმებთან დაკავშირებით ქრისტიანობას აქვს სულის შემამსუბუქებელი საშუალებები, განსაკუთრებით მოწყალების გაცემა, უპატრონო ბავშვებზე ზრუნვა, რაც ვერ შეცვლის ნათლობას, მაგრამ მისცემს იმქვეყნად გარკვეულ ნუგეშს. უფალი მოწყალეა და უნათლავად გარდაცვლილი ყრმების სულებს არ გასწირავს.