კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 პაატა გულიაშვილი: მეშინია, ადამიანებმა საბოლოოდ არ გადაწყვიტონ, რომ ერთმანეთი აღარ სჭირდებათ

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: პაატა.
გვარი: გულიაშვილი.
პროფესია: მსახიობი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– კარგად მახოვს პირველი გამოსვლა სცენაზე, მაშინ სამი წლის ვიყავი. თელავის თეატრში რეზო ინანიშვილის სპექტაკლი დადგეს „ჩემი წყალ-ჭალის ხმები“ და იქ დასჭირდათ ბავშვი. ბუნდოვნად მახსოვს ეს ამბავი, მაგრამ მამამ რომ დედას უთხრა ამის შესახებ, ვისმენდი და ის სიხარულის განცდა დღემდე მომყვება. სცენა იყო შემდეგი: შემაღლებულ ადგილზე უნდა შევმხტარიყავი და დამეყვირა. მითხრეს, კონკრეტულ კულისში ვმდგარიყავი და დავლოდებოდი ჩემს გამოსვლას, რომელიც სპექტაკლის დაწყებიდან საათ-ნახევრის მერე იყო. ყოველ წარმოდგენაზე, მთელი საათ-ნახევარი იმ კულისში ვიდექი, ჩემი გასვლა რომ არ გამომპარვოდა. ეს პასუხსიმგებლობის გრძნობა მთელი ცხოვრების მანძილზე გამომყვა, დღესაც, ყოველთვის ადრე მივდივარ თეატრში და ყველაფერს წინასწარ ვამოწმებ.
– მშობლების როლი...
– ყველაზე მნიშვნელოვანი. თან, ქართველებს მშობლობის განსაკუთრებული კულტი გვაქვს, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა. ომის პერიოდში ძალიან რთული იყო ბავშვების გაზრდა, როცა არაფერი იყო. ყველა მშობელს უჭირდა ბავშვების შენახვა, იმ ერთი პროცენტის გამოკლებით, რომელსაც შედარებით უკეთესი პირობები ჰქონდა.  მახსოვს, თელავში, მამასთან ერთად მივდიოდი ტყეში შეშაზე და ვუყურებდი, როგორ წვალობდა ეს ადამიანი სახლში ელემენტარული პირობების შესაქმნელად. შესაბამისად, მათ ძალიან დიდი ღვაწლი აქვთ ჩემს ცხოვრებაში. მშობლები არიან ადამიანები, რომლებიც კარგი თუ ცუდი შვილის პირობებში, ყოველთვის რჩებიან დედად და მამად.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ოჯახმა – მამა მსახიობი გახლდათ. მხიბლავდა და ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი ამბავი იყო, მაგრამ მერე, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე და ჩემს პროფესიაში ღრმად ჩავიხდე, ვფიქრობდი ხოლმე, რამდენად სწორი არჩევანი გავაკეთე. ამ ფიქრების მიზეზი კი უპერსპექტივობა იყო. ერთდროულად ვმუშაობდი: თელავის, „თავისუფალ“, „თეატრალური სარდაფის“, „სამეფო უბნის“, რუსთავის თეატრებში და ხანდახან, მძღოლისთვის მითხოვია, უფასოდ წავეყვანე. მაშინ ვფიქრობდი, რომ არ იქნებოდა საშველი. სამწუხაროდ, დღემდე ასეა. მერე, როცა რუსთაველის თეატრში მოვხვდი და ჯამაგირმა ხუთივე თეატრის შემოსავალს  გადააჭარბა, თითქოს იმედი გამიჩნდა.
– პროფესიული ჩვევა...
– სტუდენტობის დროს გიორგი შალუტაშვილის დადგმულ სპექტაკლში – „ტყუილი გრძელ ფეხებზე“, მთავარ როლს ვთამაშობდი. საკურსო სპექტაკლი იყო და ავიღე სტიპენდია – სამი ლარი. თამაშის დროს ხურდა ჩამრჩა ჯიბეში – 20-თეთრიანი. სპექტაკლის დამთავრების მერე აღმოვაჩინე ეს ხურდა და იმის მერე, ჩემი კოსტიუმის თითქმის ყველა ჯიბეში იპოვით 20-თეთრიანს. მჯერა, რომ რაღაც ძალას მაძლევს. დღემდე, სცენაზე გასვლამდე არ არსებობს, დამავიწყდეს ჯიბეში 20-თეთრიანის ჩადება. თუ გამონაკლისი მოხდა და მოვისაკლისე, მერე ყველაფერი მერევა ხოლმე.  
– ადამიანში ვაფასებ...
– მსგავსი ღირებულებები ასაკთან ერთად იცვლება, მაგრამ სიკეთე ყველაზე მნიშვნელოვანი და უცვლელი რამაა, რაც შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს. კეთილ ხალხთან ურთიერთობას ბევრი პატარ-პატარა სიკეთე ახლავს. როცა ამას გრძნობ, შენც ცდილობ, იგივე გაუკეთო სხვას და ერთვები ჯაჭვში, რომელიც სიკეთის სხვაზე გადაცემას ემსახურება.
– წარმატებული ადამიანი არის...
– საქართველოში წარმატებული ადამიანის ყოფნა რთულია, ისევე, როგორც წარუმატებლის. თითქოს რაღაც წარმატებას აღწევ, მაგრამ ცხოვრობ იმავე პრობლემებით: უსახსროდ, უფინანსოდ. წარმატებულია, პირველ რიგში, ნიჭიერი ადამიანი, თუ როგორ შეძლებს ის საკუთარი თავის რეალიზაციას.
– ცოდვა – ეს არის...
– ათი მცნებაა ცოდვა, მაგრამ დღეს რთულია ცოდვის გარეშე ყოფნა. ადამიანების ცოდვით დამძიმდა დედამიწა. პროცენტულად ცოდვიანი ადამიანები უფრო მეტი არიან,  ვიდრე უცოდველები. ბევრს – „ღმერთიც არ იყო უცოდველი“ – ესეც ჰყოფნის. ერთი ჩვენთვის  უმნიშვნელო ნაბიჯის გადადგმაც კი შეიძლება,

ცოდვა იყოს; ბავშვი რომ დაჟინებულად გიმზერს და არ ჰკითხავ, რა უნდა, ესეც ცოდვაა, იქნებ რაღაც უჭირს... დღევანდელობაში ეს პროცესები აჩქარებულია და ვერ ვაანალიზებთ, რას ჩავდივართ, რა არის ცოდვა და რა – არა.
– მეშინია...
– იმის, რომ ჯანმრთელობის მხრივ, ჩემს ახლობლებს რაიმე არ დაემართოთ, თან, როცა სოციალურ ქსელში უამრავ პოსტს ვხედავ ამის თაობაზე, ნამდვილად მეშინია. ასევე, ადამიანებმა არ გადაწყვიტონ, რომ საბოლოოდ აღარ სჭირდებათ ერთმანეთი. შიშიც პირობითი ცნება გახდა უკვე...
– მწამს...
– ღმერთის... უფალი პატარ-პატარა საოცრებებს გვიწყობს, რომ დავიჯეროთ მისი არსებობა.  ადამიანები, ვინც რელიგიურად ვერ ვცხოვრობთ, როცა რაღაც გვიჭირს, მაშინვე ეკლესიაში გავრბივართ და თუ ეს პრობლემა მოგვარდება, მერე ვიწამებთ ხოლმე უფლის არსებობას. რაც უნდა ურწმუნო იყო, „ღმერთო, მიშველე“ სულ არსებობს, ყველა დროში და ყველაზე ხშირად ადამიანები გულში სწორედ ამას იმეორებენ.
– ბედისწერა...
– ბედისწერაა ჩემი შეხვედრა რობერტ სტურუასთან. მამა ოცნებობდა, მასთან რომ ეთამაშა, მაგრამ ვერ შეძლო. იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა ამის, რომ ბედისწერამ იმუშავა და ჩემზე აუხდინა. ბედისწერაა ის, რომ ჩემს მეუღლეს შევხვდი. მჯერა ბედისწერის და ხშირად მქონია მომენტი, როცა დამიტოვებია სიტუაცია და მერე იქ რაღაც ინციდენტი მომხდარა, როცა ქასთინგის გარეშე მთავარ როლზე დავუმტკიცებივარ რეჟისორს და ასე შემდეგ.
– რისკი...
– რისკიანი ვარ, თუმცა არა – აზარტული – კაზინოები და მსგავსი თამაშები არასოდეს მიზიდავდა. ბევრჯერ გამირისკავს პროფესიული თვალსაზრისით, თუნდაც ამის მაგალითი ისაა, რომ ერთდროულად ბევრ საქმეს ვკიდებ ხელს, თუმცა თითოეულ მათგანს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება, მთელი კარიერა გაგიფუჭოს, ამიტომ ყველგან უნდა იყო მოწოდების სიმაღლეზე. რისკის გარეშე კი არაფერი გამოდის.
– სიყვარული...
– არის ის, რასაც ყოველდღიურობაში ვხედავ: ჩემი მეუღლე, დედა, შვილები, დისშვილი, საყვარელი ადამიანები... ჩემთვის არსებობს სიცოცხლის სიყვარული, თუ ეს გააქარწყლე და გაანეიტრალე, მერე არაფერი  გამოვა. ასევე, უდიდესი სიყვარული მაქვს სამშობლოსი, რომელიც რატომღაც, მხოლოდ, მაგიდასთანაა მოდაში, ისე არავინ საუბრობს მასზე.  როგორ ჩაუნერგავ შვილს ამ  სიყვარულს, ეს ამაზეა დამოკიდებული, მერე შედეგებს ვიმკით. სიყვარულის გარეშე ვერაფერს იზამ, აბა, წარმოიდგინეთ, დედა რომ არ გიყვარდეს, პირველი შეხება ამ გრძნობასთან. დედა არის სიყვარულის საწყისი.
– მეუღლის როლი...
– ნინომ ბევრ რამეს გაუძლო: გაუთავებელ ბანკეტებს, პრემიერებს, გადაღებებს... ორი ვაჟკაცი მაჩუქა და მათ აღზრდაში 99-პროცენტიანი წვლილი მიუძღვის. იყო პრობლემებიც, მაგრამ მთავარია, ერთად ვართ. მან ბევრი რამე გააკეთა ჩემთვის, ჩემი პროფესიისთვის. ღამის 11 საათზე რომ შემოხვალ სახლში და მერე სამი დღით ისევ წახვალ, თან, მსგავსი სიტუაცია ხშირად მეორდება, ძალიან უნდა გიყვარდეს ადამიანი, ეს ყველაფერი რომ გაითავისო.  მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის.
– დრო და სიყვარული...
– რთული პერიოდები არის, მაგრამ თუ სიყვარულია, ესეც გადალახვადია. დათმობა უნდა სიყვარულს, შეგნება და განათლება. თუ განათლება არ არსებობს, იქ შეუძლებელია ტანდემი შედგეს. არ ვსაუბრობ უნივერსიტეტების დამთავრებაზე, ზოგადი განათლება თუ არ აქვს ადამიანს, გამორიცხულია ურთიერთობა.
– იდეალური ქალი...
– ჩარლი ჩაპლინს აქვს ნათქვამი: ლურჯ, მწვანე და შავი ფერის თვალს მნიშვნელობა არ აქვს, ის თვალის ფერია საუკეთესო, რომელიც სიყვარულით გიყურებსო. იდეალური არც მე  ვარ,  ქალი მშვიდი უნდა იყოს, განათლებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოჯახისა და შვილების წინაშე – ღირსეული.
– ქალს ალამაზებს...
– კარგი, ჯანმრთელი და ჯანსაღი მამაკაცი.
– შური...
– ორნაირი არისო: თეთრი და შავი, მაგრამ ამას იმიტომ ამბობენ, თავიანთი დამოკიდებულება გამოაკეთონ. არსებობს ასეთი რამე, მე თუ ჩემს პროფესიაში რაღაც შემშურდა, გამოდის, არ ვარ იმავე დონეზე და საჭიროა მუშაობა. ეს მაძლევს საშუალებას, რომ ჩემი შემოქმედება უფრო ნაყოფიერი გავხადო. შემშურებია, რადგან მე არ ვარ იდეალური, მაგრამ ამ შურით ვინმეს ცუდი არ მდომებია და ბოროტება არ მისურვებია. უფრო მონდომებას დავარქმევ ამ ყველაფერს.
სამაგიეროს გადახდა...
– სამაგიეროს თავად ცხოვრება უხდის ადამიანებს. ეს რომ გულში ჩაიდო, აუცილებლად გიბიძგებს სიბოროტისკენ. ცხელ გულზე არ უნდა მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, რადგან ცხოვრება ისედაც ყველაფერს ალაგებს და ყველას თავის გზაზე უშვებს. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ცუდი გააკეთა და უკან არ დაბრუნებოდეს. მე არ მაქვს ამის დრო.
– ვეჭვიანობ...
– ხშირ შემთხვევაში და მართლდება კიდეც. სიტუაციებიდან გამომდინარე ვეჭვიანობ, ეს რატომ – არა და ის რატომ – კი. ხანდახან ამ კვანძებს გავყოლილვარ და გამიხსნია კიდეც. ის უფრო  მომწონს, როდესაც მატყუებენ და სიმართლე ვიცი, საინტერესოა, სადამდე შეიძლება, წავიდეს ამ დროს ადამიანი.
– ვბილწსიტყვაობ, როცა...
– ანეკდოტებს ვყვები. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მიწევს ხოლმე, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ეს არ იყოს ზღვარგადასული. მანდილოსნებთან ან საზოგადოებაში ნამდვილად არ გამოვირჩევი ამით.
– მაკომპლექსებს...
– განვიცდიდი ერთ რამეს, არ ვიცოდი ინგლისური. როდესაც უცხოეთში მომიწია კონცერტები, უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდი. ამის გამო ერთი-ორჯერ  ჩემს თავთანაც შევრცხვი და მერე მოვინდომე, ეს ენა გარკვეულ დონეზე მესწავლა. კიდევ,  ჩემს დროს იყო ჩამოსულების თემა. არასდროს მქონდა იმის კომპლექსი, რომ თელავიდან ვიყავი, პირიქით, ყველგან ვატრიალებ ამას, თუმცა, ჩემ გარშემო ბევრს ერიდებოდა თქმა.
– ბოდიშს ვიხდი...
– როცა საჭიროა და არავითარ შემთხვევაში არ მიჭირს, მთავარია, მივხვდე, რომ ბოდიში მაქვს მოსახდელი, ამაში უნდა ვიყო დარწმუნებული. ძალით ბოდიშს ვერავინ მომახდევინებს. როცა დამნაშავე ხარ და ბოდიშს იხდი, ეს ღირსეული კაცის ნაბიჯია.
– მაკვირვებს...
– უტიფარი ადამიანები. ბევრი რამე დევს ამაში, რაღაც რომ აქვთ ჩადენილი, მთელმა მსოფლიომ იცის,  ის კიდევ გამოდის და სულ სხვა რამეს ამტკიცებს. ერთმანეთს რომ ღალატობენ და ერთგულებაზე პრეტენზია აქვთ, აი, ასეთი ადამიანები მაკვირვებენ.
– ვამაყობ...
– გულწრფელად, ძალიან ამაყი ვარ, რომ თელავში მამაჩემის, ავთო გულიაშვილის სახელობის ქუჩაზე ვცხოვრობ. მე მას ვერასოდეს ვაჯობებ... მამა თელავში 30 წლის ჩავიდა – იქ გაანაწილეს თეატრალურის დამთავრების შემდეგ. 60 წლის ასაკში თეატრში გარდაიცვალა... 30 წლის განმავლობაში იმდენი რამ გააკეთა ამ ქალაქისთვის, რომ ქუჩას, სადაც  ცხოვრობდა, მისი სახელი დაარქვეს.
– იუმორი...
–  თუ არ გაქვს, დაღუპული ხარ ყველანაირ ურთიერთობაში. იუმორი მეხმარება ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაში. არის თემები, როცა ფიქრობენ, რომ სერიოზულად უნდა ისაუბრონ, მაგრამ რაღაც მომენტში ხუმრობის ჩასმა აუცილებელია, რაც ბევრად ამარტივებს იმ სერიოზულ საქმეს.
– არასოდეს დამავიწყდება...
– ძალიან კარგი მეგობარი მყავდა, დათო გელაშვილი, რომელიც სამწუხაროდ, აღარ არის ამ ქვეყანაზე. თელავიდან თბილისში ჩამოვედი, პირველი გადაღება მქონდა სერიალ  „27 დრაკონში“ და დათოსთან დავრჩი სახლში. დილით მითხრა, რომ სამსახურში მიდიოდა და გავყოლოდი. წამიყვანა ბაზრობაზე და მიყიდა: ფეხსაცმელი, შარვალი, პერანგი, ქურთუკი. არასოდეს დამავიწყდება ის შეგრძნება, რაც მაშინ განვიცადე. ალბათ, შეატყო, მთლად კარგად რომ არ გამოვიყურებოდი. ეს იმდენად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში, რომ იმავე საქციელით მერე მეც ბევრის გული გავახარე.
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
– მამას ინტერვიუ მახსენდება, სადაც იმავე კითხვას პასუხობს. ამბობს: არაფერს შევცვლიდი, მეყოლებოდა იგივე ცოლი, იგივე შვილები, იგივე საქმე, იგივე ადამიანები. მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი მომცა. აქედან გამომდინარე, მეც იმდენად მომწონს, რაც ხდება ჩემ გარშემო, რომ ნამდვილად არაფერს შევცვლიდი.  მადლობა უფალს ამისთვის.

скачать dle 11.3