კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რა არის ნინო ძოწენიძისთვის მამაკაცის მოხიბვლის მთავარი იარაღი და რა ფორმაში გადავიდა მისი სიყვარული წლების შემდეგ

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  დიდი ხანია, მომღერალი ნინო ძოწენიძე არსად გამოჩენილა. როგორც გაირკვა, ის ახალ სიმღერებზე მუშაობს და სულ მალე სიახლეებით დაბრუნდება ერთგული მსმენელის წინაშე. როგორც თავად ამბობს, ზაფხულის ცხელ დღეებში მისგან ცხელი სიახლეები გველოდება. ნინოსთვის აქტიური პერიოდი დადგა და უნდა, თავისი პოზიტიური განწყობა საზოგადოებასაც გადასდოს.
– ნინო, დიდი ხანია, არსად გამოჩენილხარ. გავიგე, შენს შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეებია. ეს ის მომენტია, როცა დიდი სიჩუმისა და სიწყნარის შემდეგ, დიდ „აფეთქებას“ უნდა ველოდოთ?
– „აფეთქებას“ რამდენად უნდა ველოდოთ, ვერ გეტყვით. პანდემიის დროს მოვიწყინე, არაფერს ვაკეთებდი, სახლში ვიჯექი და ცოტა სტრესიც იყო, თუმცა გეგმები დავსახე და ახლა, მის რეალიზებაზე ვარ გადართული. პროექტი, რომლითაც მინდა მსმენელისა და მაყურებლის წინაშე წარვსდგე, დიდი ხანია, გეგმაში მაქვს. ჩემს ბოლო კლიპში – „როგორ დავემდურო ბედს“, სადაც ჩემი შვილიც მონაწილეობს, ვიოლინო და კლავიში უკრავს და სხვათა შორის, კარგი გამოვიდა, ბევრს მოეწონა ეს ვერსია. თავად ქართულ სიმღერებზე ვარ გაზრდილი. ქუთაისში, მთელი ბავშვობა, რეტრო ქართულ სიმღერებს ვმღეროდი. ჩემი უსაყვარლესი პედაგოგის მარინა ტყაბლაძის წყალობით, სტილისტურად ბევრ ჟანრში მომიწია მღერა. ამიტომაც, არ მაქვს პრობლემა ჟანრობრივი კუთხით და ქალბატონი მარინას დამსახურებაა, რომ ჩემს რეპერტუარში მხოლოდ ერთი ჟანრი  არ არის. რაც შეეხება ახალ პროექტს, მე ამ შემთხვევაში არ ვცვლი სასიმღერო სტილს. მერე შეიძლება, პოპიც ვიმღერო, სოულიც და როკიც. ახლა კი, პანდემიის შემდგომ ეტაპზე, იმდენად აგრესიული, სტრესული, გაღიზიანებული და დაძაბული ფონია, ამან ჩემზეც იმოქმედა და რეტროს ეტაპზე გადავედი. ეს ეტაპი და ეს პერიოდი მინდა, ძველ ქართულ სიმღერებს მივუძღვნა და ჩემი მსმენელიც დავამშვიდო. სულ მალე სატელევიზიო სივრცეში პრემიერით, არაჩვეულებრივი, გუჯა მარდალეიშვილის ვიოლინოსა და თამილა ჩირაძის კლავიშის აკომპანემენტით
წარვსდგები და იმედია, მოგეწონებათ. მომავალში კი ბევრ საინტერესო ძველ ქართულ სიმღერას შევთვაზებთ მაყურებელს. მინდა, ჩემი რეპერტუარი ყველა ადამიანისთვის სასიამოვნო მოსასმენი იყოს, ცოტა ხანი მაინც მოვწყვიტო პრობლემებს და საზოგადოებაში სიმშვიდე შევიტანო. მინდა, ჩემი პოზიტიური განწყობა გადავდო მსმენელს და დასტრესილი პერიოდი მარტივად და ლაღად გაიარონ. დასვენება გვეყო, გააქტიურების პერიოდი დადგა. ჩემთვის სახლში ჯდომა იგივეა, რაც თევზისთვის უწყლობა. ჰოდა, დავბრუნდი წყალში (იცინის).
– ესე იგი, ზაფხულის ცხელი დღეების გატარებას ჩამწერ სტუდიაში გეგმავ?
– ორი სიმღერა უკვე ჩავწერე სტუდიაში, თუმცა, ეს ცოცხალი პროექტია და ყველა გადაცემაში ცოცხალი შესრულება იქნება – ერთი ამოსუნთქვით ნამღერი და შესრულებული სიმღერები. მართლა ემოციური სიმღერებია და უხდება ცოცხალი შესრულება. თან, პროფესიონალი ორი მუსიკოსი როცა გიდგას გვერდით, მათთან ერთად მუშაობა და მღერა კიდევ უფრო სასიამოვნოა.  მე არც დიდი გოგო ვარ, არც პატარა და ეს ის პერიოდია, როცა მჭირდება  მშვიდი მუსიკა, რომელიც მეც მომწონს და მინდა, მსმენელმაც კარგად მიიღოს. ეს ერთი ამოსუნთქვა კი სამი თვის დასვენების შემდეგ ჩემთვის აუცილებელი იყო.
– იმიჯის ცვლილებასაც აპირებ?
– რეტროს სტილს როგორც შეეფერება, ალბათ, მეც იმ დონეზე შევიცვლი ვიზუალს. მინდა, ბევრი კარგი ქართული სიმღერა გავაცოცხლო და ახალმა თობამაც მიიღოს. ასე რომ, სცენაზე, ცოტა უფრო „დაწყობილი“ ვბრუნდები – ახალი რეპერტუარით, ოდნავ შეცვლილი ვიზუალით და სიახლეებით.
– ბევრი მომღერალი ამბობს, საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობსო. შენ რა აზრის ხარ ამ თემაზე?
– ამბობენ, შოუ-ბიზნესი საქართველოში არ არსებობსო, მაგრამ ყველა ცდილობს, იმუშაოს, რადგან ჩვენ სხვა პროფესია არ გაგვაჩნია, ეს ჩვენი სამსახურია. მე, ყოველ საღამოს ვმღეროდი კლუბ-რესტორანში და ეს ჩემი შემოსავლის წყარო იყო. ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შოუ-ბიზნესი არ არის დიდი შემოსავლის წყარო, თუმცა, განწყობაც რომ არ გვქონდეს, არ უნდა გავჩერდეთ. მე როცა ვმღერი, განწყობა მექმნება, თორემ სხვა მხრიდან რომ შევხედოთ, ძალიან მძიმე სიტუაციაა, ამას პანდემია დაემატა... ვფიქრობ, სხვანაირად არ გამოვა – ჩვენ-ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ყურები რომ ჩამოვყაროთ და დაველოდოთ, როდის აყვავდება შოუ-ბიზნესი, ასე არაფერი გამოვა. შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს მართლა უჭირთ, რადგან ჩვენ არ ვართ სახელმწიფო შემოსავალზე დამოკიდებული. ჩვენი შემოსავლის წყაროა მუშაობა და მაყურებლის ტაში. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.
– შენი ბოლო კლიპი იყო სიმღერაზე – „როგორ დავემდურო ბედს“, რომელსაც საკმაოდ დადებითი შეფასებები მოჰყვა. ზოგადად, რამდენად გამართლებული ცხოვრება გაქვს?
– ვფიქრობ, არ მაქვს წუწუნის უფლება. რა თქმა უნდა, უკეთესიც შეიძლებოდა. მეტ რამეზე ვოცნებობდი, თუნდაც კარიერულად, მაგრამ მყავს
არაჩვეულებრივი შვილი, ქმარი, რომელიც გვერდით მიდგას და მაქვს მშვიდი ცხოვრება. ეს გამართლებაა და ზედმეტი სანერვიულოს მიზეზი არ მაქვს. სწორედ, როგორ დავემდურო ბედს, როცა ესენი გვერდით მყვანან.
– ყველა იცნობს შენს ქმარს – გიგა კუხიანიძეს. მას ბევრი ადამიანი ეკითხება რჩევას და შენ თუ ხარ მათ სიაში?
– რა თქმა უნდა. გიგა არის ჩემთვის ყველაზე კომპეტენტური ადამიანი. ის პროფესიონალია და მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. ასე რომ, ქმარი ყოველთვის გვერდით მიდგას და მეხმარება. ზოგადად, ორი ერთნაირი პროფესიის ადამიანის თანაცხოვრება არ არის მარტივი. ხშირად გვაქვს კამათი მუსიკაზე, შეხედულებებზე... მე სიძველე, რეტრო მომწონს. სიძველეებით „ვკაიფობ“, იმ მუსიკითა და შედევრებით, რაც იყო, გიგა უფრო სიახლეების მომხრეა. თუმცა, რამდენად რთულიცაა, იმდენად მარტივია ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ერთმანეთის განცდების გვესმის.
– როგორ ფიქრობ, მამაკაცის მოსახიბლად, ქალის მთავარი იარაღი რა არის და შენ რითი მოხიბლე გიგა?
– გულწრფელობა მთავარი იარაღია მამაკაცის მოსახიბლად. ყველა მამაკაცს ბუნებრივი და გულწრფელი ქალი მოსწონს. სჯობს, ასეთი იყო ქალი, ვიდრე შეინიღბო და მერე, უცბად გამოაჩინო შენი რეალური სახე. მე და გიგა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. იმ ასაკში ყველაზე გულწრფელი ვიყავი და ალბათ, ამით მოიხიბლა (იცინის). თუმცა, ზედმეტი გულწრფელობაც არ ვარგა, მერე ეს თავადვე გთრგუნავს.
– ხომ ამბობენ, როცა წლები გადის, სიყვარულიც ხუნდება და რომანტიზმიც უკანა პლანზე გადადისო. შენსა და გიგას შემთხვევაში როგორ მოხდა – გადაფასდა და გადახუნდა სიყვარული?
– 17 წელია, ერთად ვართ და ჩვენი სიყვარულიცა და რომანტიზმიც, წლებთან ერთად, სხვა ფორმაში გადავიდა. იმდენი ამაგი გვაქვს ერთმანეთზე და იმდენი გამოვიარეთ ერთად, კარგად გავიაზრეთ და გავიგეთ ერთმანეთის ფასი. გიგა ჩემი ადამიანია, ჩემი ნაწილია. მართლა ვერ წარმომიდგენია, მის გარეშე ცხოვრება. 21 წლის ასაკში დავქორწინდით და ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ამ გადმოსახედიდან კი ვფიქრობ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. წლების მატებასთან ერთად, ადამიანი შინაგანად არ იცვლები.
– თუ განებივრებს?
– პანდემიის პერიოდში, ისე მანებივრებდა, დამღუპა და ოთხი კილო მომამატებინა (იცინის). მეც კარგად ვაკეთებ, მაგრამ მზარეულობაში გიგას ვერ შევეჯიბრები, ისეთ საოცარ კერძებს ამზადებს და სამზარეულო მას გადავაბარე (იცინის).

скачать dle 11.3