№26 კლასიკური ირონიის მაგალითი
მჟავანაძეობის დრო იყო. კონსტანტინე გამსახურდია და მე რუსთაველის პროსპექტზე მივაბიჯებდით. ანაზდად კონსტანტინემ შემომთავაზა: – ას-ასი გრამი არაყი დავლიოთო! დავლიეთ. ხათრს ხომ არ გავუტეხდი. მერე აიჩემა: არქიტექტორთა ყრილობას უნდა დავესწროთო! ღალატი არ შეიძლებოდა. დავყევი მის სურვილს. შევედით სამხატვრო გალერეაში, სადაც ეს ყრილობა მიმდინარეობდა. კონსტანტინემ ვასილ მჟავანაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება სთხოვა. მისცეს სიტყვა, მთავრობამ იფიქრა, ამ გამოსვლას ხალხთა მეგობრობას დაუკავშირებსო, მაგრამ იმედები გაუცრუვდა. კონსტანტინემ დაიწყო: უცნაური ხალხი ვართ ქართველები! დავით აღმაშენებლის ძეგლი არ დგას თბილისში. ძეგლი კი არა, ქუჩაც კი არ გავიმეტეთ, მისი სახელი დაგვერქმია, კამოსთვის კი არაფერს ვიშურებთ, მისი საფლავი ძეგლად ვაქციეთ. აი, თქვენი ხუროთმოძღვრება! საღამოს ვუმართავთ! ამხანაგ კამოს ქართველი ერის წინაშე მხოლოდ ერთი დამსახურება მიუძღვის – ჩვენი უსაყვარლესი ბელადის ცოლს, ქალბატონ ნადეჟდა კრუპსკაიას უკურნებელი ვენერიული სენი შეჰყარა, იმან კი – ლენინს. იცოდეთ, ვასილ პავლოვიჩ, ამას კაცობრიობა დაგიფასებთ! კინაღამ ჩაეშალათ ყრილობა. აი, კლასიკური ირონიის მაგალითი. როცა კონსტანტინე ჩამოვიდა ტრიბუნიდან, იქვე, პირველ რიგში მჯდომ მჟავანაძესთან მივიდა და ჰკითხა: ვასილ პავლოვიჩ, უხერხული ხომ არაფერი მითქვამს? იცოდნენ რა მისი ხასიათის სიმტკიცე და პირდაპირობა, მასთან კამათს და ხუმრობას ვერავინ ბედავდა.
აკაკი გაწერელია