№26 ვინ დათმო ქართლის ერისთავის თანამდებობა საქართველოს ქვეყნების გაერთიანების სურვილით და რა პოლიტიკურ მანევრს მიმართა მან
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
922-957 წლებში აფხაზეთში მეფობდა გიორგი მეორე. მას ხუთი ვაჟი ჰყოლია: კონსტანტინე, ლეონი, დიმიტრი, თეოდოსი და ბაგრატი და ერთი ასული, გურანდუხტი.
აფხაზთა მეფეების ძალაუფლება შიდა ქართლზეც ვრცელდებოდა. ტფილისში არაბი ამირა იჯდა. ქართლში აფხაზთა მეფეები ერისთავებად ნიშნავდნენ საკუთარ მემკვიდრეებს. აფხაზთა მეფეები ცდილობდნენ, კახეთისა და ჰერეთის მიწების შეერთებას აფხაზეთისთვის.
მეფე გიორგის მიერ ქართლის ერისთავად დანიშნული მემკვიდრე უფლისწული კონსტანტინე მამას აუჯანყდა, ქართლის ჩამოშორება სცადა აფხაზეთის სამეფოსგან და თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა. სახელმწოფოს მხრიდან ამის დაშვება არ შეიძლებოდა. ეს მხოლოდ მამის კი არა, სამეფოს ღალატიც იყო. გიორგი მეფემ დაამარცხა აჯანყებული შვილი. კონსტანტინეს თვალები დაუწვეს და დაკოდეს. სიკვდილით ნაკლებად სჯიდნენ სამეფო გვარის წარმომადგენლებს. სამეფო გვარის წარმომადგენლის მოკვლა აკრძალული იყო და ცოდვად ითვლებოდა. ამიტომ აბრმავებდნენ და კოდავდნენ. თვალებდამწვარი ვერ გახდებოდა მეფე, დაკოდილს კი შთამომავლობა აღარ ეყოლებოდა. ვერ გაუძლო კონსტანტინემ წამებას და მოკვდა.
ქართლის ერისთავი გახდა ლეონი, 957 წელს კი, მამის გარდაცვალების შემდეგ, აფხაზეთის ტახტი დაიკავა. ლეონ მესამემ ათი წელი იმეფა და უძეოდ გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი მომდევნო ძმა, დიმიტრი მესამე. მას აუჯანყდა ძმა, თეოდოსი. დიმიტრიმ ძმა დაამარცხა, შემდეგ ფიცით შემოირიგა. თუმცა, მერე ფიცი დაარღვია და თვალები დაუწვა, როგორც მოღალატე უფლისწულს, რომ ტახტის მემკვიდრეობაში ვეღარ შესცილებოდა. შემდეგში დიმიტრი მეფეს, როგორც ჩანს, ტახტს ეცილებოდა მისი უმცროსი ძმა, ბაგრატი, „ჩალა მეფე“, თუმცა, უშედეგოდ.
975 წელს გარდაიცვალა დიმიტრი მესამე და ქუთათისის ტახტი დაიკავა თეოდოს მესამე უსინათლომ. მართალია, უსინათლოს ტახტზე აყვანა არ შეიძლებოდა, მაგრამ, აფხაზთა სამეფოში სხვა უფლისწული აღარ იყო, გიორგი მეორის არც ერთ ვაჟს მემკვიდრე არ დარჩა.
გიორგი მესამის ქალიშვილი, გურანდუხტი გათხოვილი იყო ქართველთა მეფის ტიტულის მატარებელი ბაგრატ მეორის ვაჟზე, მემკვიდრე უფლისწულ გურგენზე. მათ ჰყავდათ მცირეწლოვანი ვაჟი, ბაგრატი.
იმ ხანებში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ბაგრატიონთა სამფლობელოში ორი ხელმწიფე იჯდა. ჩრდილო მხარეში, ამიერ ტაოში – ზემოთ აღნიშნული ბაგრატ მეორე და სამხრეთში, იმიერ ტაოში – დავით მესამე დიდი კურაპალატი. ისინი ახლო ნათესავები იყვნენ, განაყოფები.
დავით მესამეს და მის ძმას, ბაგრატს მემკვიდრე არ ჰყავდათ. ამიტომ, დავით მესამემ იშვილა თავისი ახლო ნათესავის, ბაგრატ მეორის შვილიშვილი, ბაგრატ გურგენისა და გურანდუხტის ძე. ამგვარად, ბაგრატიონთა სამბრძანებლო კვლავ გაერთიანდებოდა.
ვინაიდან ქართლი ძალიან მნიშვნელოვანი საერისთავო იყო აფხაზთა სამეფოსთვის და დასაცავად კი ძალიან ძნელი, რადგან, აფხაზთა სამეფოს ბუნებრივი ზღუდის, ლიხის გადმოღმა მდებარეობდა და თვალი ეჭირათ კახეთის ქორეოპისკოპოსს, ჰერეთის მეფესა და ქართლის დიდებულებს, ამიტომ, აფხაზთა მეფეების მიერ, ჯერ კიდევ დიმიტრის მეფობის დროიდან, ქართლი ჩაბარებული ჰქონდა მათი ოჯახისთვის სანდო ადამიანს, ცნობილ პოლიტიკოსსა და იქნებ აფხაზთა მეფეების ნათესავსაც - იოანე მარუშისძეს.
„და იყო მათ ჟამთა ერის-თავი ქართლისა ივანე მარუშის-ძე, კაცი ძლიერი და ერ-მრავალი“.
მაშინ ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო ციხე-ქალაქი უფლისციხე, რადგან ტფილისში სარკინოზები ბატონობდნენ. უფლისციხის აღება სცადა კახეთის ქორეპისკოპოსმა.
იოანე მარუშისძე ხედავდა, რომ აფხაზთა სამეფოს მომავალი აღარ ჰქონდა, დინასტია მამრობითი ხაზით შეწყდა. მოსალოდნელი იყო აფხაზთა სამეფოს დაშლა. ქართლს ეპოტინებოდა კახეთის ქორეპისკოპოსი, ქართლის დიდებულებს კი სეპარატისტული მიდრეკილება ჰქონდათ და არ უნდოდათ ქართლი ძლიერი ხელმწიფის ხელში ყოფილიყო. მათ მხოლოდ თავისი ფეოდალური ინტერესები ამოძრავებდათ. უფლისციხე შეიძლება, ხელთ ჩავარდნოდა კახეთის ქორეპისკოპოსს, კახეთის საქორეპისკოპოსო და ჰერეთის სამეფო კი არ იყო, ალბათ, იოანე მარუშისძის აზრით, სახელმწიფოებრივად ისე განვითარებული, როგორც ქართველთა სამეფო. ამით საქართველოს ქვეყნების გაერთიანებას ხელი შეეშლებოდა.
ამ დროს კი არსებობდა პატარა ბიჭუნა, რომელიც აფხაზთა მეფეების დისწული იყო, ანუ მემკვიდრე დედის მხრიდან. შესაძლებელი იყო ის აეყვანათ ქუთათისის ტახტზე, მით უმეტეს, რომ ქართველთა (ამიერ ტაოს) მეფის შვილიშვილი იყო მამრობითი ხაზით და იმიერ ტაოს მემკვიდრეც, რადგან დავით დიდ კურაპალატს მემკვიდრე არ ჰყავდა. ამგვარად, მას მხარს დაუჭერდნენ ამიერ და იმიერ ტაოს ხელმწიფენი და ორი ძლიერი და განვითარებული ქართული სამეფო გაერთიანდებოდა. ამიტომ, აფხაზთა და ქართველთა ხელმწიფეების მემკვიდრისათვის მხარის დაჭერა ქვეყნისთვის უფრო უკეთესად ჩათვალა იოანე მარუშისძემ, ვიდრე კახეთის არჩეული ქორეპისკოპოსისა თუ ჰერეთის მეფისათვის.
ქართლის ერისთავმა გადაწყვიტა, დაეთმო თავისი მნიშვნელოვანი, საპატიო და შემოსავლიანი თანამდებობა, ქართლის ერისთავობა და დაეწყო განხორციელება იმ გეგმისა, რომელიც დიდი ხანია, ჩაფიქრებული ჰქონდა. კახეთის სამთავროს ერისთავობას ან აფხაზეთის სამეფოს ერისთავად დარჩენას მან ქვეყნის სამსახური არჩია.
შესაძლოა, ამაში გარკვეული როლი ითამაშა ბაგრატიონთა ქრისტესთან ნათესაობის თეორიამაც.
დიდმა მამულიშვილმა იოანემ გაუგზავნა კაცი დავით კურაპალატს წერილით:
„წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა; აწვია, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი: ანუ დაიჭიროს თვით, ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის-წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი. ესე-ვე ივანე მარუშის-ძე ეძებდა ბაგრატს მეფედ. და ვითარცა მოისმინა დავით კურაპალატმან სიტყუა ივანე მარუშის-ძისა, წარმოემართა ძალითა თვისითა ყოვლითა, და მოვიდა ქართლად. და რაჟამს ცნეს მოსლვა მისი კახთა, წარვიდეს ვითარცა მეოტნი და დაუტევეს ქართლი.
მოვიდა დავით კურაპალატი, ჩამოდგა ქუახვრელთა; მოეგება წინა ქართლის ერის-თავი ივანე მარუშის-ძე, აღიღო მისგან უფლისციხე, და მიუბოძა ბაგრატს და მამასა მისსა გურგენს, რამეთუ არა ესუა შვილი დავით კურაპალატსა, და ბაგრატ, ძე გურგენისი, გაეზარდა შვილად თვისად“...
ასე გადადგა პირველი ნაბიჯი იოანე მარუშისძემ თავისი გეგმის განხორციელების საქმეში – დავით კურაპალატის სამხედრო ძალით ქართლის ერისთავად გამოაცხადებინა ბაგრატ ბაგრატიონი.