კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 აღსარება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #25(1016)

– თემური სკამზე ჩამოჯდა და სული მოითქვა. სანამ სუფრას მიუჯდებოდა, მასპინძელმა მას ხელ-პირი დააბანინა. შემდეგ ვახშამს შეუდგნენ. „ტემკამ“ რამდენიმე ჭიქა არაყი გადაჰკრა და „ლოსის“ ხსოვნისაც შესვა. თან ბიჭი შეაქო, რომელიც არ სვამდა და მას უთხრა:
– ყოჩაღ, ვიტია, რომ არ სვამ. ამას ჯობია სხეული გაიკაჟო.
– მამაც მასე მეუბნებოდა, – ნაღვლიანად თქვა ბიჭმა.
– ვიტია, შენთან ერთი თხოვნა მაქვს და იმედია უარს არ მეტყვი, –  უთხრა მასპინძელს თემურმა.
– რა თქმა უნდა, მამაო, ბრძანეთ, – მიუგო ვიტიამ.
– ჩემი ტანისამოსი და საეკლესიო ატრიბუტიკა შესანახად უნდა დაგიტოვო. სამოქალაქო ტანსაცმელში უნდა გამოვეწყო, თან, წვერ-ულვაში და თმა შევიკრიჭო. ერთ საქმეზე ვარ წასასვლელი და ასეთი სახით ვერ გავემგზავრები. გესმის ხომ, ჩემი? – უთხრა ბიჭს თემურმა და დაამატა, – უკანა გზაზე კი შემოგივლი და გამოგართმევ. მამის სამოსი ხომ არ გაქვს შენახული?
– დიახ. გასაგებია. მაქვს. სულ ახალი ტანსაცმელია. არც კი ჩაუცვამს, – ცოტა არ იყოს, დაბნეულად თქვა „ლოსის“ ვაჟმა. შემდეგ მეორე ოთახში გავიდა და იქიდან ახალ-ახალი ტანსაცმლით დაბრუნდა.
თემური იმ ღამეს „ლოსის“ ქოხში დარჩა. დილით კი ადრე ადგა და წვერ-ულვაში და თმა შეიკრიჭა. შემდეგ „ლოსის“ „შმოტკებში“ გამოეწყო და სანამ წავიდოდა, მასპინძელს უთხრა:
– ვიტიუშა, ვინიცობაა ერთმანეთს ვეღარ შევხვდეთ, ეს სამოსი და საეკლესიო რეგალიები ჩემგან სამახსოვროდ გქონდეს. მშვიდობით!
– მშვიდობით, მამაო, – თქვა ვიტალიმ და ტაიგის აბიბინებულ მდელოზე მიმავალ თემურ ახალკაცს მანამდე არ აცილებდა თვალს, სანამ ის ჰორიზონტმა არ ჩაყლაპა.
***
ციმბირიდან წამოსულმა „ტემკამ“, თბილისში მხოლოდ ათი დღის შემდეგ ჩამოაღწია. თემურს სამშობლოში ლეგალურად შეეძლო შემოსვლა, მაგრამ საქმიდან გამომდინარე მან არალეგალური გზა აირჩია. ცხინვალში ჩავიდა, ერთი ძველი „პაძელნიკი“ მოძებნა, რომელიც ადრე მისი დაჯგუფების წევრი იყო და მისი დახმარებით ოკუპირებული ზონის საზღვარი გადალახა. თბილისში რომ შემოვიდა, საღამოს ცხრა საათი იქნებოდა. ზაფხული იდგა და ძალიან ცხელოდა. თემურს მშობლიური ქალაქი ათი წელი არ ენახა და ძალიან შეცვლილი ეჩვენა. არაერთი ძველი შენობა დახვდა დანგრეული, რომლის ადგილზეც ახალი წამოეჭიმათ. მან ფეხით გაიარა რუსთაველის გამზირზე და სოლოლაკისკენ აუხვია, თან ფიქრობდა: „თუ ისიც დანგრეულია, მაშინ „საჩალიჩო“ გამიხდებაო“. „ტემკა“ ყოფილ ენგელსის ქუჩაზე მდებარე ერთ იტალიურ ეზოს ეძებდა, სადაც სამსართულიანი სახლი იდგა. თემურს იმ სახლის სხვენში სამალავი ჰქონდა და სწორედ იქ მიდიოდა. „ტემკას“ ბედად, სახლი ჯერ კიდევ იდგა. თუმცა იქიდან მაცხოვრებლები გაყვანილები იყვნენ და ტერიტორია კი – შემოეღობათ. ძველი, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული შენობა უნდა დაენგრიათ და მის ადგილზე ახალი აეშენებინათ. უკვე ბნელოდა, როდესაც თემური ფრთხილად შევიდა დაცარიელებულ სახლში და შედგა. „ტემკა“ სიბნელეს აჩვევდა თვალს, რომ წარმატებით გაეგრძელებინა სვლა. მას თან სანთებელაც ჰქონდა, მაგრამ ყურადღების მიქცევა არ სურდა და ამიტომაც არ ანთებდა. ხუთიოდე წუთის შემდეგ „ტემკამ“ სვლა განაგრძო და სხვენში აღმოჩნდა. შემდგომ ძველისძველ საკვამურთან მივიდა და სიბნელეში დაათვალიერა, თან, ხელითაც მოსინჯა. როდესაც დარწმუნდა, რომ სამალავი ხელუხლებელი იყო, საკვამურს ჩაცემენტებული აგურები ამოიღო. შემდეგ სანთებელა მიანათა ნიშას და ღიმილით ჩაილაპარაკა:
„აქაა, თითქმის ოცი წელი გავიდა და ხელუხლებელია“. „ტემკამ“ ნიშიდან ჰერმეტულად ჩაკეტილი პლასტმასის სქელი, მართკუთხედის ფორმის ყუთი ამოიღო, რომელზეც გერმანული საავტომობილო ფირმის ხელოსნის ხელსაწყოებისთვის იყო განკუთვნილი. თემურმა ეს მძიმე ყუთი ხელში მოიმარჯვა და ფრთხილად დაეშვა კიბეებზე. შემდეგ ქუჩაში გავიდა და ყოფილ ენგელსის ქუჩას გაუყვა, თან, აქეთ-იქით იყურებოდა, რომ ტაქსისთვის მოეკრა თვალი და გაეჩერებინა. მაჩაბლის ქუჩაზე შეუხვია. სახელმწიფო ბანკის წინ, ყოფილი კიროვის ქუჩაზე გავიდა და თავისუფლების მოედნიდან მომავალი, ცარიელი ტაქსი გააჩერა, ჩაჯდა და მძღოლს უთხრა:
– ვაკეში, ბარნოვზე გამიყვანე.
***
ვაკეში ბარნოვზე თემურ ახალკაცი თავის მშობლიურ სახლში მივიდა. იქ, სადაც დაიბადა, გაიზარდა და უბედნიერესი პერიოდი გაატარა. შემდგომ, როდესაც „ტემკას“ ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა და რუსეთში მიემგზავრებოდა, მშობლიური ბინა ცოლისძმას, ვახო ცინცაძეს აჩუქა და სწორედ მასთან მივიდა თემური. ათი წლის შემდეგ, თემურმა ნელა შედგა ფეხი საყვარელ სადარბაზოში, სადაც არაფერი იყო შეცვლილი. იქვე, კიბის თავში, კედელზე ხელმარჯვნივ მოლურჯო-მოშავო ხის დაფა ისევ ეკიდა, რომელზეც მობინადრეების სია ეწერა. ამ ნახევარსაუკუნოვანმა, კომუნისტების ეპოქისდროინდელმა ატრიბუტმა გული აუჩუყა. ამოიხვნეშა და ფეხით აუყვა კიბეებს მეოთხე სართულამდე. თეთრი ფერის  რკინის უზარმაზარ კარზე ისევ ძველი, ოქროსფერი ლითონის ფირფიტა იყო მიკრული, რომელზეც ეწერა: ¹44. პროფესორი მ.თ.ახალკაცი. თემურმა საათს დახედა. შუაღამეს ათი წუთი აკლდა. ზართან ფრთხილად მიიტანა თითი და მოკლედ დარეკა, შემდეგ დაელოდა. კარი სულ რაღაც ოციოდე წამში გაიღო და ზღურბლზე ვახო გამოჩნდა. მან ყურადღებით შეათვალიერა ღამის სტუმარი და სანამ რაიმეს მოისაზრებდა, თემურმა უთხრა:
– ვერ მიცანი, ვახუნა?
„ვახუნათი“ საყვარელ, ერთადერთ დედმამიშვილს ხათუნა მიმართავდა, რაზეც ბიჭი ბრაზობდა და ამბობდა – რა ვახუნა, ბავშვი ხომ არ ვარო.
ვახო გამოერკვა და ენის ბორძიკით უპასუხა:
– თემო, შენ?
– კი. მე ვარ. შეიძლება? – მიუგო „ტემკამ“.
– შემოდი, შემოდი, – სახე გაებადრა ვახოს. თემო სახლში შეიყვანა და გადაეხვია.
არც ბინაში იყო რამე შეცვლილი და როგორც ავეჯი, ასევე კედლებიც ძველებურად იყო დატოვებული. ავეჯიცა და ძველი ნივთებიც ძველ პოზიციებზე დახვდა თემურს და ისეთი განცდა დაეუფლა, რომ ამ სივრცეში დრო იყო გაჩერებული. მხოლოდ მისაღები ოთახის აღმოსავლეთ კედელზე იყო სიახლე. შუაში უზარმაზარი, მოჩუქურთმებულ ჩარჩოში ჩასმული შავ-თეთრი ფოტო ეკიდა. მასზე თემური და ხათუნა იყვნენ აღბეჭდილები. თეთრი ფერის „ტროიკაში“ გამოწყობილ თემურს საპატარძლო კაბაში ჩაცმული ხათუნა ხელში ჰყავდა აყვანილი. გოგონას თავზე ყვავილებით დაწნული გვირგვინი ეკეთა და იცინოდა. ეს იყო ჯვრის მონასტერთან გადაღებული საქორწილო ფოტო, როდესაც ხელმოწერისა და ჯვრისწერის შემდეგ, ტრადიციულად, მცხეთაში გაიარეს. ვახომ ეს ფოტო გაადიდებინა. ჩარჩოში ჩაასმევინა და საყვარელი დისა და სიძის სახსოვრად კედელზე დაკიდა. ვახოს აღარ ეგონა, რომ ოდესმე შეხვდებოდა თემურს, რადგან ყურმოკრული ჰქონდა, რომ ის ციმბირის შორეულ ტაიგაში ჩაკარგულ მონასტერში მოღვაწეობდა. ამიტომ, თემურის გამოჩენით ერთდროულად გახარებულიც იყო და გაოცებულიც. „ტემკას“ არ გამოჰპარვია ცოლისძმის ასეთი რეაქცია. პლასტმასის ჩემოდანი იატაკზე დადო, სავარძელში მოკალათდა და ვახოს ჰკითხა:.
– მარტო ხარ?
– კი. ცოლ-შვილი ბათუმში მყავს გაშვებული დასასვენებლად, – მიუგო ვახომ.
– რამდენი შვილი გყავს და რა ხნის არიან? – იკითხა თემომ.
– ტყუპი ქალ-ვაჟი მყავს. ექვსის არიან. ხათუნა და თემური, – თქვა ვახომ.
თემურმა ნაღვლიანად ჩაიცინა. თავი გააქნია და თქვა:
– გასაგებია. ჩვენი სახელები დაარქვი, – შემდეგ პაუზა გააკეთა და დაამატა, – შენ რას საქმიანობ?
– უშიშროების სამინისტროში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე ვარ, მაიორის წოდებით, – მიუგო ვახომ.
– საიდან სადაო? – იკითხა თემურმა და დაამატა, – თუ რ ვცდები, საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობდი.
– იურიდიულზე გადავიტანე საბუთები და ბოლო ორი კურსი შტატებში დავხურე. დიპლომიც იქ ავიღე და ასე სწრაფად ამიტომ ავაწყვე კარიერა, – თქვა ვახომ და დააყოლა, – ხათოს გამო მოხდა ეს.
– ხათო რა შუაშია?
– რა ვიცი, შენ ჯერ კიდევ აქ იყავი, როდესაც ამეკვიატა, რომ ხათო თავს არ მოიკლავდა და მას ყველაფერი მოუწყვეს. გააბრუეს და გადმოხტომა აიძულეს. მინდოდა, ეს ყველაფერი გამომეკვლია და გამომძიებლობა გადავწყვიტე, – თქვა ვახომ. ხელი ჩაიქნია და დაამატა, – ბავშვი ვიყავი. თან, ასეთი ამბავი რომ მოხდა, ხომ გესმის ჩემი მდგომარეობა...
– თუ სცადე, რაიმეს გარკვევა? – იკითხა თემომ, რომელმაც მთელი ნებისყოფა მოიკრიბა, რომ მღელვარება დაეფარა.
– მოკვლევის მასალებსა და ექსპერტიზის დასკვნას გავეცანი. მეც გავაანალიზე და პროფესიონალებთან კონსულტაციები გავიარე. ცალსახაა – ცხონებული ხათო ფსიქოტროპულმა პრეპარატებმა მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, – თქვა ვახომ.
– მოკვლევაში რა წერია? – თქვა თემურმა.
– მეზობლებია გამოკითხული, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი დაუნახავთ და არაფერი გაუგონიათ, – მხრები აიჩეჩა ვახომ და დააყოლა, – ორივეს ასლები მაქვს შენახული და თუ გინდა, გაეცანი.
– მანახვე, – თქვა თემურმა.
ვახომ, კარადიდან შავი საქაღალდე გამოიღო. თემურს მიაწოდა და უთხრა:
– აი, ესენია.
თემურმა გულდასმით წაიკითხა ექსპერტიზის დასკვნაც და მოკვლევის მასალებიც. შემდეგ ჩაფიქრდა და ათი წუთის მერე ვახოს უთხრა:
– ამ საქმის გახსნა და სიმართლის დადგენა სავსებით რეალურია. აქ კი სწორედ ამის გამო ჩამოვედი, რომ ხათოს მკვლელები ვიპოვო და დავსაჯო.
– რა თქვი? – იკითხა ვახომ, რომელმაც იფიქრა, – ეს ყველაფერი მომესმაო.
თემურმა ცოლისძმას ილარიონის მონათხრობი მოუყვა და ბოლოს უთხრა:
– იმედია, ჩემი სტატუსი არ შეგზღუდავს შურისძიებაში. მე აქ სწორედ ამისთვის ვარ ჩამოსული.
დასასრული შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3