№26 სახლში მომზადებული „შავი ბოტოქსი“ – დაბერების პროცესის შესანელებლად და ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად
ნინო კანდელაკი ანი რევია

ჟელატინი კანისთვის სასარგებლო ნივთიერებების ბუნებრივი წყაროა. ის შეიცავს ცილას, კერატინს, ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და ამინომჟავებს. საკვები ჟელატინის შემადგენლობაში, ასევე, შედის კოლაგენი. სწორედ, ის ზრდის კანის ელასტიკურობას და ალაგებს ნაოჭებს. შეუცვლელია დაღლილი და გაუწყლოებული კანისთვის. საკმარისია მისი ნიღბის კვირაში ერთხელ გამოყენება, რომ სასურველ ეფექტს მიაღწიოთ. პროცედურის ჩატარებამდე კი აუცილებელია სახეზე ორთქლის აბაზანა გაიკეთოთ.
ნიღბისგან მაქსიმალური ეფექტი რომ მიიღოთ, დაუმატეთ მას განსაკუთრებული კომპონენტი – ნახშირი, რომელიც არეგულირებს კანის მდგომარეობას, გაშორებთ ასაკობრივ გამონაყარს, ღრმად წმენდს ფორებს და აუმჯობესებს სახის კანს. ასეთი სახის ნიღაბი არ უხდება ძალიან მშრალ კანს, უკუჩვენებულია გაფართოებული კაპილარების დროს. ასევე, უარი თქვით გამოყენებაზე, თუ კანზე ჭრილობები ან ანთება გაქვთ.
ჟელატინის ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 ჩაის კოვზი ჟელატინი, 2 ჩაის კოვზი რძე, 2 აბი აქტივირებული ნახშირი. დანაყეთ ნახშირი, შეურიეთ ჟელატინს და გააზავეთ ცივ რძეში. კარგად აურიეთ და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 15 წამით ან მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე, სანამ ჟელატინი არ გაიხსნება. გააგრილეთ ნიღაბი ოთახის ტემპერატურამდე და წაისვით სახეზე, კანში კარგად შეიზილეთ და გაიჩერეთ 15 წუთით. ნიღაბი კარგად უნდა შეგაშრეთ. შემდეგ ფრთხილად მოიხსენით ფენა, ნარჩენები კი თბილი წყლით მოიშორეთ. შემდეგ სახეზე შეიზილეთ ლოსიონი, რომელიც ფორებს შეავიწროვებს და წაისვით დამატენიანებელი კრემი. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.