№26 ორგვარი სიმართლე
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24-25(1016)
რატი უცებ გაჩუმდა და ფიქრებმა წაიღო, თითქოს წარსულში გადასახლდა. მე ხმა არ ამომიღია, გონს მოსვლა ვაცადე, თუმცა, ძალიან გამიჭირდა ჩუმად ყოფნა. რამდენიმე წუთში რატი გამოერკვა ფიქრებიდან და მორიდებით მკითხა:
– ხომ არ დაგღალეთ ან ხომ არ შეგაწუხეთ?
– არა, განაგრძე, ყურადღებით გისმენ.
– თბილისში შაბათ დილით დავბრუნდით. რა თქმა უნდა, ჯერ ჩემთან ავედით. შეშინებულ დიანასა და ნიკოს, ნიაკოს მამას, მართლაც გრანდიოზული სუფრა ჰქონდათ გაშლილი: თავიანთ ბინაში – ეგრეთ წოდებული „მაღალი საზოგადოებისთვის“ და ეზოში – მეზობლებისა და სხვა რიგითი მოკვდავებისთვის (მაშინ ქორწილებს ძირითადად სახლში იხდიდნენ).
ჩემი, ნიაკოსა და მისი მშობლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისეთი მხიარული ქორწილი მოვაწყვეთ, კარგა ხანს ეყოთ უბანსა და სამეზობლოს სალაპარაკოდ. მთელ ეზოს უხაროდა ჩვენი გაბედნიერება.
ჩვენ დიდი ბინა არ გვქონდა, მე კი ზედსიძეობა ვიუკადრისე და თბილისის ყველაზე მოშორებულ უბანში ვიქირავე ბინა, რომ ქალბატონ დიანას ყოველდღე არ ერბინა ჩვენთან, მაგრამ მაინც ახერხებდა.
ნიაკო თანდათან შემეჩვია და ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა სულ უფრო მეტად ვუყვარდებოდი. მე ბედნიერებისგან დავფრინავდი და აღარ ვიცოდი, რითი მიმენიჭებინა მისთვის სიხარული. და სწორედ მაშინ, როცა აღფრთოვანებისა და ნეტარების ზენიტში ვიყავი, გვესტუმრებოდა ხოლმე დიანა და იწყებდა თავისი შვილის ტვინის ბურღვას. ნათქვამია, შეძახილმა ხე გაახმოო. ნიაკოსაც ისე დაემართა: როცა მარტონი ვიყავით, თვალებში შემომციცინებდა, სიყვარულს მეფიცებოდა, კომფორტს მიქმნიდა, მაგრამ, დედამისის წასვლისთანავე სხვა ადამიანი ხდებოდა: უხასიათო, უკმაყოფილო, ანჩხლი, ნერვიული. მაშინ ახსენდებოდა, რომ ღარიბი ვიყავი და ნაქირავებში ვცხოვრობდით, რომ ჩემს ხელში ვერაფერს ეღირსებოდა, რომ, თუ მოინდომებდა, ხვალვე იპოვიდა ჩემზე უკეთეს მამაკაცს, რომელიც წრითაც და ქონებითაც მისი და მისი ოჯახის შესაფერისი იქნებოდა და არა ჩემნაირი არარაობა; რომ ასეთმა უიღბლო გათხოვებამ მისი კარიერა დაანგრია და თვითონაც ჩემსავით „მასოვკა“ გახდა, მაშინ, როცა შეეძლო, ყველგან და ყოველთვის „პრიმა“ ყოფილიყო.
რაღაც პერიოდის განმავლობაში ამ ყველაფერს ვითმენდი, რადგან ფეხმძიმედ იყო და მეშინოდა, ბავშვი ავადმყოფი არ დაბადებულიყო ან თვითონ არ მოსვლოდა რამე, მაგრამ რომ იმშობიარა, დედამისთან არ გავუშვი და დიანასაც სამუდამოდ ავუკრძალე ჩვენთან მოსვლა, ანუ დედა-შვილს ურთიერთობა ავუკრძალე. მთელი ეს ჯოჯოხეთი თვეებისა და წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რაშიც ჩემი სიმამრი პრაქტიკულად არანაირ მონაწილეობას არ იღებდა – არც დადებითს და არც უარყოფითს. ის ერთადერთხელ მოვიდა ჩვენს ნაქირავებ ბინაში შვილიშვილის სანახავად და როდესაც თავისი ერთადერთი ქალიშვილი გაღიზიანებული და ნამტირალევი დახვდა, უთხრა: ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ იძულებული ვარ, გაგაფრთხილო – არ აჰყვე და არ დაუჯერო დედაშენს, გაუფრთხილდი შენს ოჯახს, ქმარ-შვილს მიხედე. თორემ ოჯახსაც დაგინგრევს და თავსაც დაგაკარგვინებს. ხომ ხედავ, ამხელა კაცს რა მიყოო.
ნიაკომ თითქოს დაუჯერა, მაგრამ ისე იყო დედის გავლენის ქვეშ მოქცეული, რომ თავს ვეღარ ერეოდა. ჩემი ყოველი მცდელობა, მესიამოვნებინა მისთვის, გვირგვინდებოდა უკმაყოფილებით, დაცინვით, დამცირებით, ჩემი ოჯახის სიღარიბის ხსენებით. თუ ასეთ დროს საყვედურს ვეტყოდი, მიუჯდებოდა დედამისის ნაჩუქარ როიალს, საათობით უკრავდა და ჩემკენ აღარ იხედებოდა. მოკლედ, სულ ნერვებზე იყო. ამიტომ ბავშვის მოვლაც უჭირდა. დედაჩემმა შესთავაზა მოხმარება, მაგრამ კატეგორიულად უარყო. მოხმარება კი არა, დედაჩემიც შეიძულა და ჩემი და-ძმაც. ისე ცუდად ხვდებოდა, რომ საერთოდ შეწყვიტეს ჩემთან სიარული. მარტო დედამისი უნდოდა, მეტი არავინ, საკუთარი მამაც კი.
ჩემი მოთმინების ფიალა თანდათან ივსებოდა. ას ადგილას ვმუშაობდი, რომ ოჯახისთვის არაფერი მომეკლო და თან ცოტა ფული დამეგროვებინა ბინის საყიდლად. დაღლილ-დაქანცული რომ ვბრუნდებოდი სახლში, მაშინ გაახსენდებოდა თავისი როიალი, ბავშვს მანეჟში ჩასვამდა, მიუჯდებოდა ინსტრუმენტს და უბრახუნებდა მთელი ძალით.
ერთხელ კი მთლად გადამიყვანა ჭკუიდან: ხელფასის დღე იყო და ათასნაირი სასუსნავი და მისი საყვარელი საჭმელები მოვიტანე მისთვის და ბავშვისთვისაც, მან კი ამრეზით გადახედა ამ ყველაფერს, დედამისს დაურეკა და უთხრა: დედიკო, ორი დღეა, მშივრები ვართ მე და ჩემი შვილი, საჭმელი მოგვიტანეო და ზუსტად ის საჭმელები ჩამოუთვალა, რაც იმ წამს მე მივუტანე. რამე საშინელება რომ არ მექნა, სახლიდან გავვარდი, კარი გავიჯახუნე. დაღამებამდე ვიარე ქუჩებში. ძმაკაცებთანაც ვერ მივედი – არ მინდოდა, ვინმეს ჩემი ოჯახის უბედურების ამბავი გაეგო, რადგან ყველა, მეზობლებით დაწყებული და მეგობრებით დამთავრებული, დარწმუნებული იყო, რომ უბედნიერესი ოჯახი გვქონდა და ერთმანეთზე ვგიჟდებოდით. მხოლოდ ჩვენმა მშობლებმა იცოდნენ, ისიც დაახლოებით, რაც ხდებოდა სინამდვილეში. არადა, ნამდვილი მისტერ და მისის სმიტები ვიყავით, უფრო უარესებიც კი. ერთადერთი, რაზეც თავიდანვე შევთანხმდით და, სხვათა შორის, მისივე ინიციატივით, ის იყო, რომ გარეთ მოღუღუნე მტრედებს ვგავდით: თუ სადმე გავიდოდით ერთად, ჩახუტებულები დავდიოდით, გზაში სულ პატარა ბავშვივით მეტიტინებოდა; თუ რომელიმე ნათესავთან ან მეგობართან მივდიოდით, ისე მოილხენდა, თვალებს არ ვუჯერებდი – ნუთუ ეს ჩემი ცოლია-მეთქი. მაგრამ, სახლში დაბრუნებისთანავე ისევ გაღიზიანებულ, უკმაყოფილო და ცინიკოს ქალად იქცეოდა ხოლმე და მაშინ უკვე აღარ ვიცოდი, როგორ მომეთოკა თავი...
– დალაპარაკება არ გიცდია? არსებობს მშობირობისშემდგომი სტრესი, რომლის დროსაც ქალს სხვადასხვანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა ექმნება და ამ დროს ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო. ხშირად ფსიქოლოგების დახმარებაც კი აუცილებელი ხდება, – შევაწყვეტინე რატის თავისი მონოლოგი.
– დალაპარაკებაც ვცადე, მაგრამ არ მიმიკარა. ფსიქოლოგის დახმარებაზე კი კატეგორიული უარი მითხრა – გიჟები შენს გვარში მოიკითხეო.
– მაშინ მისი მშობლებისთვის უნდა გეთქვა ყველაფერი, მამამისისთვის მაინც.
– ეგეც ამიკრძალა. ამიტომ, რამდენიმე ხნის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თვითონ მიმეხედა ამ პრობლემისთვის.
ერთ დღეს, სახლში რომ დავბრუნდი და ისევ როიალზე ბრახუნი დაიწყო, ჩავედი მაღაზიაში, ვიყიდე გაზეთი „სიტყვა და საქმე“, მოვძებნე გვერდი „ვიყიდი-გავყიდი“ და განცხადება – „ვიყიდი როიალს...“ და იქვე, მის თვალწინ დავურეკე ამ განცხადების ავტორს. ფასი თვითონ შემომთავაზა და მაშინვე დავთანხმდი. ერთ საათში მოვიდნენ და წაიღეს სიდედრის ნაჩუქარი ჯადო, რომელიც აშკარად ოჯახს მინგრევდა. ფული ცოლს დავუგდე მაგიდაზე და ვუთხარი, ჩადი და რა საჭმელიც გენატრება, იყიდე-მეთქი. ჩემმა ასეთმა საქციელმა ისე გააოგნა ნიაკო, რომ ხმაც ვერ ამოიღო, გაოგნებული და შეშინებული მიყურებდა. იჯდა სკამზე, პატარა, აბუზული ბეღურასავით და გულგახეთქილი შემომცქეროდა. ისე შემეცოდა, კინაღამ თავი მოვიკალი. გვერდით მივუჯექი და გულში ჩავიხუტე. მერე ორივემ ერთად დავიწყეთ ტირილი.
გაგიკვირდებათ და, იმ ღამით შევრიგდით. მერე გადავწყვიტეთ, ახალ ბინაში (ანუ ჩვენს საკუთარ ბინაში) რომ გადავიდოდით, უკეთეს როიალს ვიყიდდით და ნიაკო ისევ დაუბრუნდებოდა თავის მუსიკას. რამდენიმე თვე ბედნიერად ვცხოვრობდით. მალე ნიაკო ისევ დაორსულდა და იმდენად გამოუსწორდა ხასიათი, რომ თავი სიზმარში მეგონა. გულში გადავწყვიტე, თუ ეს არის მისი წამალი, ყოველ წელიწადს გავაჩენინებ შვილს-მეთქი. ეს აზრი რომ გავუმხილე, თვითონაც დამეთანხმა და, მართლაც, კიდევ სამი შვილი გააჩინა თითო წლის შუალედით. მაგრამ მერე გავჩერდით, რადგან ექიმმა უთხრა, შენთვის მეტი აღარ შეიძლება მშობიარობაო და შეგვეშინდა; თან, ამხელა ოჯახს რჩენა ხომ უნდოდა! ამასობაში რაღაც თანხას მოვუყარე თავი, ბაბუაჩემის ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი გავყიდე, დედამაც ის ჩვენი ბინა გაყიდა და ჩემი წილი ფულად მომცა (დანარჩენი ფულით თვითონ იყიდეს იმხელავე ბინა, ოღონდ ცოტა გარეუბნისკენ) და იმდენი თანხა კი შეგროვდა, რომ მშენებარე სახლში პირველი შესატანი გადამეხადა. ერთი წლის შემდეგ კი ახალ ბინაში შევედით. არ დამავიწყდება ნიაკოს ბედნიერი სახე და ბავშვების სიხარული.
ჩვენი ახალი ბუდე სიდედრ-სიმამრმაც მოინახულა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამჯერად ქალბატონ დიანას არ უგველია, არავინ დაუგესლავს, ნესტარიც კი არ გამოუჩენია. ის კი არა, ფინანსური დახმარებაც კი შემოგვთავაზა, მაგრამ მე კატეგორიული უარი ვუთხარი – უკვე მყარად ვდგავარ ფეხზე და საჭირო არ არის-მეთქი.
ნიაკო რადიკალურად შეიცვალა დადებითისკენ: გახდა მშვიდი, გაწონასწორებული, ალერსიანი, თბილი. ბავშვებს კარგად ზრდიდა, მე თან მყვებოდა. რამდენჯერმე შევთავაზე ძიძის აყვანა, მაგრამ უარი მითხრა – არ ვიღლებიო. მაოცებდა მისი ასეთი ფერისცვალება, მაგრამ ყველაზე მეტად ის მიკვირდა, რომ საერთოდ აღარ ახსენებდა როიალს; როიალის ყიდვა კი არა, მუსიკას ტელევიზორშიც კი არ უსმენდა. მეორე დიდი საოცრება კიდევ ის იყო, რომ განსაკუთრებით თბილად ხვდებოდა დედაჩემს და ჩემს და-ძმას, დიანას მოსვლისას კი იძაბებოდა ხოლმე.
ერთი სიტყვით, ჩემს ოჯახში სიამტკბილობა სუფევდა და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. ოღონდ, ჩემს ბედნიერებას ერთი რამ ჩრდილავდა: მაშინაც კი, როცა ნიაკო კარგ ხასიათზე იყო, იცინოდა და მხიარულობდა, მის თვალებში ჩაბუდებული შიში შემინიშნავს. იცით, ამ დროს როგორი სახე ჰქონდა ხოლმე? ადამიანი ტუჩებით რომ იცინის, რაიმე სასიამოვნოს ან სასაცილოს რომ ამბობს, თვალებში კი ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს რაღაც „უჟასი“ დაინახაო და ასეთი რამ მხოლოდ მაშინ შემინიშნავს, როცა მოულოდნელად შევსულვარ ოთახში. ეს იმდენჯერ განმეორდა, უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პირადად ჩემი ეშინია. არ ვიცი, რა ხდება, რატომ უნდა ფრთხებოდეს ჩემს დანახვაზე. ხომ იცის, რომ მასზე ვგიჟდები! ხანდახან მგონია, რომ შვილებზე მეტადაც კი მიყვარს.
კიდევ ერთი უცნაურობა დასჩემდა: თუ სახლიდან გადის, ჩემთან ერთად თუ უჩემოდ, ყოველთვის მეკითხება, რა ჩაიცვას, ანუ მე მითანხმებს თავის ტანსაცმელს.
– რატომ, „ხანჟა“ ხარ? – ცოტა არ იყოს, გავბრაზდი რატიზე.
– არა, მაგრამ არ მიყვარს ზედმეტად თამამად-ჩაცმული ქალები, მით უმეტეს, მის ასაკში. ჩემი აზრით, ქალს საცოდავად არ უნდა ეცვას, მით უფრო, თუ გათხოვილია, რადგან ეს ქმრის შეურაცხყოფაა, მაგრამ, არც ზედმეტად კეკლუცად, რადგან ეს ერთგვარი გამოწვევაა სხვა მამაკაცებისა. მე ხომ ვიცი, როგორ აღიქვამენ კაცები ცუდად ან კარგად ჩაცმულ ქალებს!
– ანუ, ეჭვიანი ხარ?
– არა, უფრო ვიტყოდი, რომ ფრთხილი ვარ. რა საჭიროა, ხელოვნურად შეიქმნა პრობლემები? თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მის გარდერობში ვერ ნახავთ გამომწვევ ტანსაცმელს, ამაზე თავის დროზე ვიზრუნე, – გაეცინა რატის.
– სანამ თხრობას განაგრძობ, კიდევ ერთი რამ უნდა გკითხო: ყველა ის სცენა და დაძაბული ურთიერთობები შვილების თვალწინ მიმდინარეობდა?
– არა, არასდროს. მაგრამ მერე მაინც ხვდებოდნენ ბავშვები რაღაცას და გულაჩუყებული ეკითხებოდნენ ნიაკოს, დედიკო, რატომ ხარ ცუდ ხასიათზე, რა მოგივიდაო.
– კიდევ კარგი, ეგ მაინც მოგიხერხებიათ, – ჩავილაპარაკე გაბრაზებით. რატიმ არ შეიმჩნია და განაგრძო:
– სანამ საქართველოდან წავალ, მაინც მინდა, კარგ ექიმთან მივიყვანო, რომ მშვიდად ვიყო. ასე მგონია, რომ ახლა დამთანხმდება...
– ჰო, რა უნდა მეთქვა შენთვის, – შევაწყვეტინე ისევ, – გუშინ ნიაკოს რომ ველაპარაკებოდი, მაჯაზე სისხლჩაქცევა შევნიშნე. მითხრა, პერიოდულად მიჩნდება ასეთი ჩაქცევები სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ეს სახუმარო არ არის, აუცილებლად მიიყვანე ექიმთან ამ საკითხზეც და მიზეზი დაადგინეთ, რამე სერიოზული არ იყოს.
– მართლა? – შეცბა რატი, – ჩემთვის არასდროს უთქვამს. თუმცა, არა, ერთხელ მეც შევნიშნე ჩალურჯებული ადგილი და მითხრა, რაღაცას მივარტყიო, ამიტომ აღარ მიმიქცევია ყურადღება.
ასეთი კომენტარი ცუდად მენიშნა, მაგრამ გავჩუმდი.
– მალე გერმანიაში მივდივარ სამუშაოდ. იქ ჩემი მეგობარი ცხოვრობს უკვე ათი წელია და ის მთავაზობს სამსახურს. კარგი ანაზღაურება მექნება და ოჯახს უკეთ შევინახავ. რამდენიმე წელიწადში ჩამოვალ. ჩემს შვილებს კარგი, მომავალი უნდა შევუქმნა.
– მერე, ნიაკოს მარტოს ტოვებ ოთხ შვილთან ერთად?
– რა უჭირს, უფროსები უკვე დიდები არიან, იქით მიეხმარებიან დედას. ცოტას დედაჩემი მიეხმარება, ცოტას თავისი საყვარელი დედიკო და გავა როგორმე იოლას.
– დიანას შეურიგდი?
– არა, მისი არსებობის პარალელურად ცხოვრება ვისწავლე. ახლა მინდა, ცოტა საკუთარი თავისთვისაც ვიცხოვრო. დავიღალე, ძალიან დავიღალე. მეც ადამიანი ვარ, მაქვს ჩემი სისუსტეები, ოცნებები, მიზნები. მინდა, პირადი კომფორტი შევიქმნა. უკვე 42 წლის ვარ და რა ვნახე ცხოვრებაში? არაფერი.
– პასუხისმგებლობას გაურბიხარ და ცოლ-შვილის მიტოვების, მაპატიე ჟარგონისთვის და, „გაპრავებას“ ცდილობ?
– არა, უბრალოდ, მეც ადამიანი ვარ-მეთქი, ხომ გითხარით, მეც მინდა, შევიქმნა ჩემი კომფორტის ზონა, რაც არასდროს მქონია, მაშინაც კი, როცა მეტ-ნაკლებად მომიწესრიგდა ოჯახში ურთიერთობები.
გაგრძელება შემდეგ ნომერში