№26 ექიმის რჩევები
კითხვა: 2 წლის ბავშვს ასკარიდები აღმოაჩნდა. ვუმკურნალეთ, თუმცა ამან არ იმოქმედა. ბავშვს ისევ აქვს წვა და ფუთქები ტაკოზე, მოუსვენრობა და გაღიზიანება. ვისთან მივიყვანო ან რა ვუშველო?
პასუხი: მხოლოდ ბავშვის მკურნალობა არ არის საკმარისი, მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს ოჯახის ყველა წევრს. საწოლისა და პირადი თეთრეული უნდა გამოიცვალოს ყოველდღე. ნახმარი უნდა გამოიხარშოს და დაუთოვდეს ორივე მხრიდან. სახლი დალაგდეს სველი წესით. თუ შინაური ცხოველები გყავთ, სრული ანტიჰელმინთური მკურნალობა მათაც უნდა ჩაუტარდეთ. მკურნალობის დასანიშნად პარაზიტოლოგს უნდა მიმართოთ. პროფილაქტიკის მიზნით, კურსი მეორდება 3 კვირის შემდეგ. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ უკვე დადებული კვერცხებიდან ახალი ჭიები გამოიჩეკონ.
კითხვა: ვარ 21 წლის. 2 დღეა, შარდვა მიჭირს. თუ ვშარდავ, ისიც საშინლად მტკივა. 3 დღით ადრე მქონდა სექსუალური კავშირი, სწორედ ამის შემდეგ ვიგრძენი წვა. რისი ბრალი შეიძლება, იყოს და როგორ მოვიქცე ან რა ანალიზი ჩავიტარო?
პასუხი: ეს ჩივილები საშარდე სისტემის ანთებაზე – ცისტიტზე მიუთითებს. ქალებში ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გინეკოლოგიური დაავადებებიცაა (სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია). ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ უროლოგს და/ან გინეკოლოგს.
კითხვა: მაინტერესებს, რისი ბრალი შეიძლება, იყოს ყოველდღე თავის ტკივილი? განსაკუთრებით შუბლისა და საფეთქლის არეში. შეიძლება თუ არა, იყოს ნევროზული?
პასუხი: თავის ტკივილს შეიძლება, ბევრი მიზეზი ჰქონდეს, მაგალითად, დაბალი ან მაღალი არტერიული წნევა, ქალაშიდა წნევას მატება, წიაღების ანთება, გადაღლა, შაკიკი, კისრის ოსტეოქონდროზი და სხვა. მიზეზის დასაზუსტებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა. მიღებული მონაცემების დეტალური ანალიზით შესაძლებელი იქნება ზუსტი დიაგნოზის დასმა და თავის ტკივილის უშუალო გამომწვევი მიზეზის დადგენა. კვლევის საწყის ეტაპზე ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე