№26 ჭეშმარიტების გზაზე
თვითდასჯა
1988 წლის უფლის ფერისცვალების დღესასწაულის მწუხრი იდგა. მსახურების შემდგომ მამა ეპიფანე საკურთხევლიდან მიმართავდა მგალობელს და უკარნახებდა, რა ეგალობა:
– „უწინარეს პატიოსნისა ჯვრისა შენისა და ვნებისა...“, მაგრამ მან ვერ გაიგო და დაიწყო გალობა: „უწინარეს ჯვრისა შენისა, უფალო...“
ბერს არაფერი უთქვამს. მეორე დღეს ისევ ჩაატარა ლიტურგია და ჩამოლოცვის შემდგომ იმავე მგალობელს კვლავ მიმართა საკურთხევლიდან:
– „უწინარეს პატიოსნისა ჯვრისა შენისა და ვნებისა...“
მგალობელმა კი ისევ დაიწყო: „უწინარეს ჯვრისა შენისა, უფალო...“
მაშინ მამა ეპიფანემ გახსნა ჩრდილოეთის სადიაკვნო კარი და უკვე ხმამაღლა უთხრა:
– შენ სულ გეშლება, გეუბნები: „უწინარეს პატიოსნისა ჯვრისა შენისა და ვნებისა...“, შენ კი ყოველ ჯერზე იწყებ გალობას: „უწინარეს ჯვრისა შენისა, უფალო...“ ყურადღებით უსმინე, შვილო ჩემო, რასაც გეუბნებიან.
– მომიტევეთ, გერონდა, – უპასუხა მგალობელმა და სწორად იგალობა.
მალე ისინი არქონდარიკში შეხვდნენ ერთმანეთს და მამა ეპიფანემ პირველმა მიმართა:
– შემინდე, შვილო ჩემო, მაგრამ შენ მაიძულე, ავღელვებულიყავი.
– მე შემინდეთ, გერონდა, ჩემ გამო განრისხდით.
– არა, შვილო ჩემო, როცა ვთქვი, რომ „შენ მაიძულე, ავღელვებულიყავი“, მე მხედველობაში არ მქონია განრისხება. რისხვამ გულამდე ვერ მიაღწია და ამიტომაც ძალიან მალე დავმშვიდდი.
ერთ-ერთი ძმა ჩაერთო საუბარში:
– გერონდა, ვშიშობ, ეს ინციდენტი მრევლისთვის საცუთური არ გახდეს.
– ასე ფიქრობ? – ბერს სახე დაუდარდიანდა.
მეორე დღეს, კვირა დილით, მამა ეპიფანე თავის საყვარელ სავარძელში იჯდა. ჩანდა, მსახურებას არ აპირებდა. ერთმა მღვდელმა ჰკითხა:
– არ იმსახურებთ?
– არა.
– ალბათ, ცუდად გეძინათ?
– არა, საკმაოდ კარგად მეძინა.
– კუჭი გტკივათ?
– არა. შეიძლება ითქვას, არც ის მაწუხებს.
– მაპატიეთ, მაგრამ გუშინ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დღეს ჩვენ ერთად ვიმსახურებდით...
– მომისმინე, შვილო ჩემო, მგალობელთან გუშინდელი შემთხვევის შემდეგ საკუთარ თავს ეპიტამია დავდე – დღეს არ ვეზიარო და ამიტომ არ შემიძლია, მსახურება ჩავატარო.
გულგრილობა განდიდებისადმი
ერთხელ რომელიღაც მღვდელი მამა ეპიფანეს ესაუბრებოდა, დასასრულ კი ჰკითხა:
– მამა ეპიფანე, ნება დამრთეთ, რამდენადმე გადავამუშავო და გამოვცე ის, რის შესახებაც ახლახან ვილაპარაკეთ.
– რასაკვირველია, მამაო.
რაღაც დროის შემდგომ მამა ეპიფანემ, რომელსაც დაავიწყდა ეს შეხვედრაც და თხოვნაც, მიიღო მღვდლის მიერ გამოცემული წიგნი. ამის გამო დაურეკა ავტორს:
– მამაო, მომილოცავთ თქვენი წიგნის გამოცემას. იქიდან ბევრი რამ ვისწავლე.
– მაგრამ, მამა ეპიფანე, ნუთუ აღარ გახსოვთ?
– არა, რა უნდა მახსოვდეს?
– ეს ყველაფერი ხომ თქვენ გეკუთვნით! – და მათი საუბარი გაახსენა...
„არქიმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის სწავლებანი და ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან“