№26 რამ მიიყვანა აშშ დაშლის პირას და დაიწყო თუ არა დედამიწაზე თეთრი რასის დაცვედანება
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ისე მოხდა, რომ ახალი დროის გმირად ნარკომოვაჭრე და ბანდიტი ფლოიდი იქცა, იმ მიზეზით, რომ ის პოლიციელმა მოკლა (რაც სრულიად დაუშვებელია) და თუმცა პოლიციელი დაკავებულია და კანონის წინაშე აგებს პასუხს, მომხდარმა უკვე ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ ამერიკული პოლიტიკური ელიტების დაპირისპირება ჩვენი პოლიტიკური სპექტრის დაპირისპირებას დაემსგავსა და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ზემოხსენებული ფლიოდი მარტინ ლუთერ კინგზე დიდ მოღვაწედაც შერაცხა. ამის პარალელურად, ძეგლების წინააღმდეგ ბრძოლაც დაიწყო და არა მარტო აშშ-ში, რაც ისტორიასთან და დასავლურ ღირებულებებთან ბრძოლაში გადაიზარდა (თეთრკანიანების მიერ მუქკანიანებისთვის ფეხების დაბანისა და დაჩოქებების ფონზე). ნიშნავს თუ არა მიმდინარე პროცესები თეთრი რასის დაცვედანებას, ანუ რა ბედი ელის დასავლურ ცივილიზაცია? - ამ თითქოს რიტორიკულ, მაგრამ სინამდვილეში რეალურ კითხვაზე პასუხის მიღებას დემურ გიორხელიძისგან შევეცდები.
– ჩვენ გაგვიმართლა, რომ არათუ კოლონიზატორები არ ვყოფილვართ, დაპყრობითი ომებიც კი არ გვიწარმოებია. იყო მოსალოდნელი, რაც მოხდა და ხდება დასავლეთში?
– ამ კითხვაზე ერთგანზომილებიანი პასუხი არ არსებობს. ეს არის რამდენიმეშრიანი მოვლენა, რომელიც დღეს არ დაწყებულა. ეს დაიწყო, სულ ცოტა, 30 წლის წინათ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა გადაუხვია მართვის იმ მეთოდებს, რომელმაც ის ძალიან წარმატებული გახადა. მთელი მეცხრამეტე საუკუნე შეერთებული შტატების ფედერალური და მუნიციპალური ხელისუფლებები ეხმარებოდნენ ბიზნესს, შეერთებული შტატები იმიტომ კი არ შეიქმნა, რომ იდეა ჰქონდათ, არამედ გონიერმა ხალხმა გადაწყვიტა, შეექმნა სახელმწიფო, რომელიც იქნებოდა ძალიან ძლიერი და განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებდა მსოფლიოში. ძალიან კარგად ვიცნობ ამერიკის ისტორიას, მე გავიზარდე დასავლელებთან და ვისაც დღეს ვუყურებ, ცა და დედამიწასავით განსხვავებაა მათ შორის. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. ბიზნესი გახდა თავშეუკავებელი, მას ანტიტრესტული კანონები შეუგდეს და ცივილიზებულ ჩარჩოში მოექცა, იმიტომ რომ სიხარბეს არსად აქვს საზღვარი. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ, გარდა ეფექტურობისა, მან უნდა დაამკვიდროს სოციალური სამართლიანობა. ბიზნესმენს ეს თემა არ აწუხებს, მას უნდა მოგება. როდესაც ბიზნესი მოექცა ჩარჩოში და კანონმა შეზღუდა მათი სიხარბე, ნიჭიერ ადამიანებს ალტერნატივები შეუქმნეს, მეცნიერებაში გაუშვეს, დიდი ხელფასები დაუნიშნეს და ნიჭიერი ადამიანები დაიხარჯნენ არა პოლიტიკაში, არა კრიმინალში, არა ეკლესიაში, არა სახელმწიფო სტრუქტურებში, არამედ მეცნიერებაში და ამიტომ ამერიკამ გააკეთა ძალიან დიდი ნახტომი. მაგრამ, ფაქტობრივად, რეიგანის პერიოდში დაიწყო დასავლურ სისტემაში კრიზისი, მე ის არ მიმაჩნია კარგ პრეზიდენტად, მე გეუბნებით პროფესიული თვალსაზრისით და არა – იდეოლოგიურით. მის დროს დაიწყო დერეგულაცია, თურმე, სახელმწიფო არაფერში არ უნდა ჩაერიოს, სახელმწიფომ არაფერი არ უნდა დაარეგულიროს, ბაზარი თვითონ დაარეგულირებს. არადა, ეს შორს გამიზნული პოლიტიკა იყო და დღეს მივიღეთ სახელმწიფოში სახელმწიფოები.
– გულისხმობთ მსხვილ კერძო ფინანსურ ჯგუფებს?
– ბეზოსი, ცუკერბერგი, გეითსი და სხვები, რომლებმაც დაარღვიეს ყველანაირი კანონმდებლობა. ივნისის ბოლოს კონგრესში წარადგენენ მოხსენებას ამ ტექნოლოგიური გიგანტი ფირმების წინააღმდეგ და მათ ასობით მილიარდის ჯარიმა დაეკისრებათ ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის. შესაბამისად, მათი კაპიტალიზაცია, ანუ რაც ისინი ღირან დღეს ბაზარზე, შეიძლება, ძალიან შემცირდეს. თუ რაღაც გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ივნისის ბოლოს ჩვენ უნდა ველოდოთ ამ მოხსენებას. მე მაინც ვფიქრობ, რომ იტყვის თავის სიტყვას ამერიკელი ხალხი, კონსერვატიული ელიტა, რომლის წარმომადგენელიც ტრამპია, იქ ბელადები არ არსებობს, იქ პოლიტიკა გუნდური თამაშია და კალათბურთსა და ფეხბურთზე გუნდური თამაში.
– ვინ ამზადებს ამ მოხსენებას?
– არის კონგრესმენთა ჯგუფი, სენატორთა ჯგუფი, ამასთან, თქვენ იცით, რომ შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი დამოუკიდებლად არც ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და არც საგარეო პოლიტიკურს. რა მოხდა? ბიზნესის მარეგულირებელი კანონის მოშლამ გააჩინა ადამიანები, რომლებსაც აქვთ არანორმალური სიმდიდრე. „ამაზონ.კომის“ მფლობელი 6 წელიწადში გახდება ტრილიონერი, თუ ასე წავიდა საქმე. წამოგიდგენიათ, რომ კაცს, რომელსაც ტრილიონი დოლარი აქვს და მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც აკეთებს, კანონი სჭირდებოდეს რამეში?! მას არაფერი სჭირდება, ამიტომ მოიშალა სახელმწიფოებრიობა, ამიტომ დაიწყო ნეოლიბერალურ-გლობალისტური პროცესები. გასაგებია, უზარმაზარი ფულის მფლობელ ადამიანებს აღარ უნდათ კანონები, აღარ უნდათ კანონმორჩილება, არ უნდათ ვალდებულებები, ამიტომ ამ გლობალისტურმა პროპაგანდამ ამერიკის შეერთებული შტატები მოარყია, იმიტომ რომ მან დაკარგა მთავარი: ლეგიტიმაცია. პოლიტიკა თანამდებობები კი არ არის?! გავლენაა და ავტორიტეტი. სახელმწიფოთაშორისო ავტორიტეტი არის სახელმწიფოს ავტორიტეტი და არა ის, რომ ვინმე შეგიძლია, გასრისო ატომური ბომბით.
– რატომ დაკარგა აშშ-მა, როგორც სახელმწიფომ ავტორიტეტი, მილიარდერების გამო?
– გლობალისტურმა პროცესებმა მოიტანა ფერადი რევოლუციები, მოიტანა ინსპირირებული ომები, სახელმწიფო გადატრიალებები, რომლებიც იყო ორგანიზებული. ამას მოჰყვა მნიშვნელოვანი პროტესტები და საბოლოოდ, მივიღეთ ამერიკის სახელის, იმიჯის ძალიან მნიშვნელოვანი დაზიანება და გონიერი, კონსერვატიული ელიტა მიხვდა, რა საფრთხეებიც გაჩნდა. ჯერაც ძალიან მძიმე შემოდგომა ელის ამერიკას. იმედი მაქვს, რომ უკიდურესობები გადაივლის დაძაბულობის გარეშე, თუ არადა იქ მოხდება ის, რასაც ცნობილი ნორვეგიელი მეცნიერი ვარაუდობს: შტატები 2020 წლის ბოლოს დაიშლება. არადა ეს ის კაცია, რომელმაც 12 წლით ადრე ზუსტად განსაზღვრა საბჭოთა კავშირის დაშლის დრო, მან ზუსტად განსაზღვრა 2011 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი წლებით ადრე, ის არის უნიჭიერესი მეცნიერი. და მან წელს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები დაიშლება 2020 წელს.
– ეთანხმებით ამ პროგნოზს, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვერ დაძლევს ამ კრიზისს?
– მე ვუყურებ აშშ-ის ხელისუფლებისადმი საბოტაჟს, რისი მსგავსიც შეერთებულ შტატებში არ ყოფილა არასდროს. ნახეთ, რეებს აკეთებენ?! ეს ხომ, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ნგრევაა?! შავი ფერის ადამიანის მოკვდინება პოლიციელის მიერ, როგორც ამერიკელები წერენ, იყო ღრმად მოფიქრებული და პროვოცირებული ქმედება, რომ აეფეთქებინათ სიტუაცია, იმიტომ რომ, როგორც კი ის ადამიანი მოკვდა, გამზადებული ტრანსფარანტებით გამზადებული ხალხი მინეაპოლისში მიცვივდა სხვა ქალაქებიდან. ისეთი ტემპით სპონტანურად არ შეიძლებოდა, ამდენი ადამიანი შეკრებილიყო. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ლიბერალური ელიტა, გლობალისტები, „დემოკრატები“ წავიდნენ უკიდურეს დაპირისპირებაზე, მათ შორის, შეერთებული შტატების მონგრევის გზით.
– მეც მეუცნაურება ის ამბავი, რომ ამერიკული პოლიტიკური თუ ბიზნესელიტის ერთი ნაწილი, ფაქტობრივად, აშშ-ის სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე მოქმედებს, ეს არის ის, რასაც პირადად მე ვუწუნებდი და ვუწუნებ ჩვენებურ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით, „ნაციონალების“ მმართველობას. თუ ამათი ქცევა კიდევ აიხსნება, იმიტომ რომ მოუმწიფებელია ჩვენთან პოლიტიკა, ძალიან მიკვირს ამერიკელების.
– ამის საფუძველია იდეოლოგია. წლებია, ამაზე ვწერ. ახლა უკვე გაშიფრულია ეს დასავლეთში. ჩემმა თაობამ იცის, როგორ ფუნქციონირებს ორი სისტემა: საბჭოთა და დასავლური. როდესაც სისტემა დაუშვებს ისეთი კაცის ავტორიტეტად ქცევას, როგორიც იყო მაკკეინი, ეს დასავლური სისტემა აღარაა. მე ვთქვი, რომ მაკკეინი იყო საბჭოთა ლიგაჩოვი. საბჭოთა კავშირი განწირული იყო დანგრევისთვის იმიტომ, რომ იქ სწორედ ისეთი ადამიანები შეიძლებოდა, მოქცეულიყვნენ უზარმაზარი, უმდიდრესი სახელმწიფოს სათავეში. რომ ვუყურებ, სისტემები ერთნაირად მუშაობს, ჩვენ, უბრალოდ, სიყვარული და სიძულვილი გვიმღვრევს გონებას. ისეთი კონფრონტაცია, რაც ახლა ხდება შეერთებულ შტატებში იყო 1860 წელს, როდესაც სამხრეთი და ჩრდილოეთი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ეს თემა დღეს აქტუალურია. ნაცნობები მყავს სამხრეთის შტატებში და იარაღშია ჩამჯდარი ყველა ძველი შტატი. გადავსებულები არიან იარაღით და ამბობენ, რომ „იანკებთან“ ჯერ არ დაუსრულებიათ საუბარი. მით უმეტეს, ისინი არასდროს დაუშვებენ ისეთ რამეს, რაც სიეტლში, ნიუ-იორკში მოხდა. ისევ თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე და პირდაპირ გიპასუხოთ: მე არ ვიცი, რა არის აფროამერიკელი მე ვიცი, რა არის თეთრი ფერის ადამიანი, შავი ფერის, ყვითელი ფერის, რასაც ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და დღეს თეთრი, სოციალურად, გახდა შავი, ის დააჩოქეს და ამ დაჩოქებას წინ უძღოდა იდეოლოგიით 30-წლიანი გათახსირება და ეს იდეოლოგია არის ლევ დავითის ძე ტროცკის იდეოლოგია. ტროცკიზმი დასავლეთში გახდა ერთ-ერთი დიმონირებული თეორია და თქვენ წარმოიდგინეთ, ნეოკონსერვატორები, მისი დამფუძნებელი ყველა დიდი მამა იდეური ტროცკისტები იყვნენ. არადა ტროცკიზმი იყო ბოლშევიზმის ყველაზე აგრესიული გამონაყოფი, ფრაზეოლოგია შეუცვალეს, მაგრამ ზემოქმედების მექანიზმი ტროცკისტული დარჩა. ნეოლიბერალიზმსაც შესანიშნავად მოერგო ტროცკიზმი და ვხედავთ შედეგს. დაუნდობლობა საკუთარ ქვეყანაში, კეთილდღეობის ქვეყანაში! შარშან ქალიშვილთან რომ ვიყავი ამერიკაში სტუმრად, იქ ყველა მუშაობდა. იყო სრული დასაქმება, არ მუშაობდა მხოლოდ ის, ვისაც იმ ეტაპზე არ უნდოდა მუშაობა და რამდენიმე თვის მერე 42 მილიონი უმუშევარი გაჩნდა შტატებში. წელს აშშ-ს ეკონომიკა მოიკლებს 6-6.5 პროცენტით. ტრილიონი დოლარი დააკლდებათ და არჩევნებიც რომ მშვიდობიანად დასრულდეს, რის იმედიც მაქვს, ამის მერე დეფლაცია ელოდება შეერთებულ შტატებს, ანუ ის, რასაც 20 წელია, ებრძვის იაპონია. ათეული წლებით აწყობილი სიმახინჯე შეიძლება, დაენგრია ისეთ ადამიანს, როგორიც ბატონი ტრამპია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაინგრეოდა ამერიკა. საფრთხე ახლაც დარჩა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მოერევიან და ყველაფერს აღიდგენენ, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბალანსების სისტემაზე იგება მშვიდობა მსოფლიოში.