კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 მოახერხებს თუ არა რუსეთი, აფხაზებმა დაპირებული 65 მილიონი დოლარის სანაცვლოდ მიჰყიდონ მიწა რუსეთის მოქალაქეებს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  დე-ფაქტო აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ, რომელიც ახლახან დაბრუნდა მოსკოვიდან, თავისი „მთავრობის“ წევრებსა და „დეპუტატებს“ აუწყა, რომ რუსეთს 2020 წელს დაპირებულიდან ერთი კაპიკიც კი არ გადმოურიცხავს (არადა, უკვე ორჯერ მოიარა მოსკოვი „გაპრეზიდენტებიდან“ და ივნისის ბოლოს მესამედ აპირებს) და ისიც დაამატა, რომ მაღალი დონის შეხვედრებზე რუსმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში კერძო საკუთრების, მათ შორის, მიწის შეძენის უფლება არ აქვთ და დროა, მიანიჭონ. ცნობილია, რომ რუსეთი დროდადრო ახსენებს თავის მიერ აღიარებულ დე-ფაქტო აფხაზეთს, რომ აფხაზეთში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენითაა დაინტერესებული, თუმცა აფხაზები ყოველ ჯერზე უარით ისტუმრებენ. როგორ აპირებს რუსეთი კორონავირუსის პანდემიის გამოყენებას აფხაზებზე ზეწოლისთვის და აქვთ თუ არა მათ წინააღმდეგობის გაწევის რესურსი?  – ამ თემას პაატა ზაქარეიშვილთან ერთად განვიხილავთ.
– რატომ დაუგვიანეს ფულის გადარიცხვა, ნახევარი წელი გავიდა უკვე?
– ფულს რეგულარულად უგვიანებენ მოსკოვიდან. იგონებენ სხვადასხვა მიზეზს, მაგრამ რაღაც მომენტში მაინც ურიცხავენ. ფაქტია, რომ ფულს უგვიანებდნენ ხაჯიმბას დროსაც. როდესაც ხაჯიმბამ შარშან, ზაფხულში, გაიმარჯვა „არჩევნებში“, მაშინ ჩაურიცხეს მხოლოდ ფული, პირველი ტურის შემდეგ, რაც იყო სიგნალი იმისა, რომ რუსეთი მხარს უჭერდა ხაჯიმბას და ამით დააშოშმინა კიდეც მეორე ტურის წინ სიტუაცია ხაჯიმბამ – მოსკოვი ჩემს მხარესააო. ყოველთვის ასე აწვალებს მოსკოვი აფხაზურ და ოსურ მხარეებს. ეს პირველად არ ხდება, მაგრამ მზად ვარ, განვიხილო თემა, რომ შესაძლოა, მოსკოვს ამ ფორმით უნდა, ხელები ამოუგრიხოს ბჟანიასა და ანქვაბს და ახლა მაინც დაითანხმოს მიწის საკუთრებისა და უძრავი ქონების შეძენის უფლების მინიჭებაზე.
– მეც ეს ეჭვი გამიჩნდა.
– ეჭვი მეც მაქვს, მაგრამ ჩვენ არ გაქვს მტკიცებულებები. აფხაზები არსად პირდაპირ ამის შესახებ არ საუბრობენ. მათაც ეჭვები აქვთ, მაგრამ, მეორე მხრივ, აფხაზებს აქვთ განწყობა, თუ პრინციპულები იქნებიან და არ დაუთმობენ, როგორც ამდენ ხანს არ დაუთმეს, მაშინ რუსეთი ვერ მიიყვანს ბოლომდე ამ საკითხს, რადგან ამ შემთხვევაში მოხდება რუსეთის დისკრედიტაცია აფხაზ საზოგადოებაში და რუსეთისთვის ახლა არ არის ხელსაყრელი, რომ აფხაზი საზოგადოება განიხიბლოს რუსეთით – აი, ხელებს გვიგრეხსო. ამიტომ რაღაც მომენტამდე რუსეთი მოიქცევა უხეშად და მერე მაინც მოუწევს ფულის გადახდა, თუ ბოლომდე პრინციპულები ვიქნებითო. რუსეთს მაინც მოუწევს, რაღაც თანხა გადაუგდოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ რუსეთი არ არის აფხაზების პატრონი და არ მფარველობს მათ, რაც გამოიწვევს განხიბვლას რუსეთით და სარისკო თამაშია რუსეთის მხრიდანაც. თუ ნამეტანი მოუვიდა ჯოხის გადატეხვა, შეიძლება, აფხაზეთში დაიწყოს ანტირუსული გამოსვლები. ანუ რუსეთი არ არის იდეალურ სიტუაციაში. რაც შეეხება ცხინვალს: იქ თითქმის იდეალურთანაა ახლოს, ოსები ყველაფერზე თანხმდებიან, ამიტომ იქ რუსეთი არ ქმნის  ფულის ჩარიცხვის პრობლემას და, მით უმეტეს, რომ ცხინვალის საშუალებით ის აფინანსებს დონბასს. ცხინვალზე სრული კონტროლია, რასაც ვერ ვიტყვით აფხაზეთზე და ჩვენ უნდა ვხედავდეთ ამ განსხვავებას. თუმცა რუსეთმა ცხინვალში შეზღუდა ვაჭრობა, პროდუქციის გადატანა.
– რით გააბრაზეს?
– რაკი რუსეთს, თუმცა უკანონოდ, მაგრამ აღიარებული ჰყავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ „სამხრეთ ოსეთი“, იქ უკვე ბიუროკრატია მუშაობს. ბიუროკრატია მოითხოვს, რომ ცხინვალმა შეასრულოს რაღაც ბიუროკრატიული მოთხოვნები, რასაც ისინი ვერ ასრულებენ, ელემენტარული ფორმულარების შევსება არ შეუძლიათ, რუსეთი კი მართლაც მკაცრად აკონტროლებს კავკასიიდან შესულ პროდუქტებს, რაც უნდა იდეოლოგიზებული იყოს მათი მოქმედება, ელემენტარული წესები უნდა იყოს დაცული. ოსები კი ელემენტარულ წესებსაც ვერ იცავენ და, ამდენად, ხშირად არასწორადაა გაფორმებული ესა თუ ის საქონელი და გამოტარებაზე პრობლემები ჩნდება. ანუ ცხინვალში უფრო ტექნიკური პრობლემებია, აფხაზეთში – უფრო პოლიტიკური. მოსკოვს, მგონი, უნდა, როგორმე დააჯეროს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაც, რომ თუ მათაც რამე არ დათმეს, რუსეთი დიდხანს ვერ იქნება მათ მიმართ ლოიალური. აფხაზების ლოგიკით კი, მათ არათუ დაუთმეს რუსეთს, არამედ მეტიც გააკეთეს, რადგან აფხაზეთში განლაგებულია რუსული უნიკალური სამხედრო ბაზები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან „ნატოს“, თურქეთს და ისინი ფიქრობენ, რომ ფული, რომელსაც მათ მოსკოვი უგზავნის, არის ამ ბაზების საფასური. აფხაზების ლოგიკით, მათ მცირე ბაზები სჭირდებათ, რომ თბილისს გაუმკლავდნენ, მაგრამ ამდენი იარაღი და სამხედრო მოსამსახურე არ სჭირდება აფხაზეთს. იქ არის ოჩამჩირის სამხედრო პორტიც, რომელიც, ასევე, არ სჭირდებათ აფხაზებს ქართული მხრიდან გამოწვევების გასამკლავებლად. ამიტომ ისინი ეუბნებიან რუსეთს, თუ აქ ანტინატოურ ბაზას ქმნი, მაშინ ამაში უნდა გადაიხადო ფული. სხვათა შორის, სირიაში არსებულ ბაზებში რუსეთი უფრო მეტს იხდის, ვიდრე აფხაზებს ურიცხავს. ანუ აფხაზებს თავისი ხედვა აქვს და რუსეთისგან გადმორიცხულ ამ თანხას არ აღიქვამენ საჩუქრად. მათი აზრით, ეს კონკრეტულ საქმიანობაში გადახდილი ფულია, რაკი რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიას იყენებს შავ ზღვაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად.
– აფხაზების ლოგიკა გასაგებია, 2020-2022 წლებში შეთანხმდნენ 65 მილიონი დოლარის შესაბამისი რუბლის მიღებაზე და ეს არის ფული, რომელიც ნახევარზე მეტით ავსებს დე-ფაქტო აფხაზეთის ბიუჯეტს. რის იმედით მოქმედებენ ხისტად? მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია და ფული ჭირს. დე-ფაქტო აფხაზეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ფულს ვერ მიიღებს და ამ ვითარებაში ვისი ზურგით ეჭიმებიან რუსეთს?
– ზურგს არაფერი უმაგრებთ. პირიქით, ამ პანდემიამ დარტყმის ქვეშ დააყენა ტურისტული ინფრასტრუქტურა მთელ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონშიც, პრობლემები აქვთ არა მხოლოდ ისეთ წელგამართულ სახელმწიფოებს, როგორებიც საქართველო და თურქეთია, არამედ რუსეთშიც კი პრობლემაა. ტურისტები არ ჩადიან და ყველამ კარგად იცის, რომ აფხაზეთში, მით უმეტეს, ტურისტული სეზონი კატასტროფულად ჩავარდება. ისინი მზადაც არ არიან ტურისტების მისაღებად. ჩვენ შეიძლება, მოვხვდეთ „მწვანე დერეფნებში“. შესაბამისად, ყველამ იცის, რომ ტურიზმი ჩავარდება და მათი ბიუჯეტის პირველი შემვსები თუ რუსეთია, მეორე შემვსები ტურიზმია. თუ ტურიზმიდან შემოსავალი 100 პროცენტით ჩავარდება და ამ დროს რუსეთიდანაც თანხა შეფერხდა, ეს მათთვის სრული ეკონომიკური კოლაფსი იქნება. პანდემია რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, რუსეთი ასე თავხედურად არც მოქცეულიყო. მომენტით სარგებლობენ. პანდემიის გამო აფხაზებს მეორე პატარა ფილტვი – ტურიზმი აღარ აქვთ და მხოლოდ ერთ ფილტვზე – რუსეთიდან შემოსავალზე არიან დამოკიდებული. თუ ესეც ჩაუვარდებათ, მოუწევთ ხელების აწევა და რუსეთის ყველა პირობის მიღება. რუსეთი ამას თვლის: ან მოხდება ანტირუსული რევოლუცია, ან დათანხმდებიან რუსეთის პირობებს. ასეთი კრიტიკული მომენტია, რაც გამოჩნდება, ალბათ, აგვისტოში. იმიტომ რომ აგვისტოში უკვე ყველა მიხვდება, რომ ტურისტები არ იქნებიან, ახლა კიდევ რაღაცის იმედი აქვთ. ამის მერე შეიძლება, მოუწიოთ თავიანთ დამოკიდებულებების გადაფასება რუსეთის წინადადებებისადმი. ეს ორი თვე მნიშვნელოვანია ამის გასარკვევად.
– შეიძლება, ითქვას, რომ რუსეთი წაუგებელს თამაშობს? თუ დაითანხმა, მოგებულია და აფხაზების უკმაყოფილების ჯოხს გადატეხავს ბჟანიაზე, თუ ვერ დაითანხმა, მაინც მოგებულია, იმიტომ რომ ჯოხს ისევ გადატეხავს ბჟანიაზე და ამ გზით მოიშორებს ან აფხაზების ხელით, ან თვითონ.
– ამდენი წვალებაც არ აძლევს ხელს რუსეთს. ბოლო მოვლენებში რუსეთის პირდაპირი ჩარევა არ შეიმჩნეოდა. კრიმინალური გარჩევები იყო და ამან გამოიწვია ხაჯიმბას გადადგომა. შეიძლება, რუსეთი ამ პროცესს მართავდა, მაგრამ არ ჩანდა.
– შევახსენოთ მკითხველს, რომ საპროტესტო აქციებს მართავდნენ კრიმინალები, რაც პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
– დიახ, გასული წლის შემოდგომაზე რესტორანში დახვრიტეს კრიმინალური ავტორიტეტები და აღმოჩნდა, რომ ამის შემსრულებელი იყო ხაჯიმბას დაცვის თანამშრომელი და ეჭვი შეეპარათ, რომ „ქილერს“ მფარველობდა ხაჯიმბა. ამიტომაც გამოვიდნენ ქუჩაში და ძალიან იოლად გააგდეს ხაჯიმბა. ის არ გაუგდია ბჟანიას. ბჟანია ამისთვის მზად არ ყოფილა. მოსახლეობამ, მოკლულის ნათესავებმა გააგდეს ხაჯიმბა. არადა ის საფრთხეს ბჟანიასგან ელოდებოდა, რომელიც საავადმყოფოში იწვა, მაგრამ სულ სხვა მხრიდან დაარტყეს ხაჯიმბას. ასეა თუ ისე, ამ ფაქტორმა გამოიწვია კრიზისი. სულ ორი ბანაკია იქ: ანქვაბი-ბჟანია და ხაჯიმბას ხალხი. არანაირი მესამე ძალა არ ჩანს.
– მოსკოვში გამოზრდილი არძინბა?
– ის ჯერ კიდევ ვერ იქნება „პრეზიდენტი“ – პოპულარულია მოსკოვში, მაგრამ არ არის პოპულარული აფხაზეთში. მან რაღაც პოლიტიკური წონა უნდა შეიძინოს, ანუ რუსეთი ელოდება არძინბას განმტკიცებას, რასაც 2-3 წელი მაინც დასჭირდება. ამდენად, ჩემი აზრით, რუსეთისთვის არ უნდა იყოს ხელსაყრელი სიტუაციის გამწვავება. თუ რუსეთს არ გამოუვიდა ხელების გადაგრეხვა და ვერ გამოიყენა კორონავირუსის მომენტი, ამაზე ძალიან არ იდარდებს, იმიტომ რომ ის ამზადებს არძინბას, იმედი აქვს, 2-3 წელიწადში აფხაზეთში ახალი თაობა გამოვა ასპარეზზე, რომლებიც რუსულად მოაზროვნე აფხაზი პოლიტიკოსები კი არ არიან, არამედ რუსულად მოაზროვნე რუსი პოლიტიკოსები არიან. არძინბას რომ მოუსმინოთ, ნახავთ, რომ ლაპარაკობს რუსი პოლიტიკოსივით. არაფერი საერთო არ აქვს აფხაზებთან, გარდა გვარისა. კრემლშია ნამუშევარი და არის რუსი ჩინოვნიკი. ჩემი აზრით, რუსები ფიქრობენ, რომ, თუ ახლა არაფერი გამოუვათ და მაინც მოუწევთ ფულის გადახდა, მერე უკვე იფიქრებენ იმაზე, რომ სწრაფად მოიყვანონ არძინბა დე-ფაქტო ხელისუფლებაში.

скачать dle 11.3