№26 ბოლშევიკი = ანტირასისტი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ რატომ გაუმართლა პლატონს
„წარსული ჩვენი ფესვებია, ის არ ჩანს, ამიტომ გვგონია, რომ არ არსებობს, სინამდვილეში არაფერი არსებობს ისე ცხადად, როგორც წარსული,“ - მართალია, ვეჭვობ, რომ დასავლელებს ჯემალ ქარჩხაძის შესახებ არც არაფერი გაუგონიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიისა და წარსულის ფასი იციან (უფრო ზუსტად, იცოდნენ). თუმცა ისე ხდება, რომ ლამისაა მთელ დასავლეთს მოედო ძეგლების წინააღმდეგ მებრძოლობა, რაც, მაგალითად, კონკრეტულად ჩვენ ჯერ კიდევ 30 წლის წინათ დავიწყეთ და ჯერაც ვერ მოგვინელებია, თუმცა ისიცაა, რომ, მაგალითად, დამფუძნებელ მამებსა და ვლადიმირ ულიანოვს შორის განსხვავება დიდია და, რაც მთავარია, ამ ძეგლებს საკუთარ მიწაზე ვერჩოდით და არა სხვის მიწაზე ჩასულები.
ასეა თუ ისე, ლამისაა, მთელ აშშ-ში ძეგლებს ებრძვიან: კოლუმბსა და ჯეფერსონსაც მისწვდნენ (მონები ჰყავდათო), დიდ ბრიტანეთში – ჩერჩილსა და დედოფალ ელისაბედს, საფრანგეთში კი თვით შარლ დე გოლის ბიუსტიც წაბილწეს („მონებით მოვაჭრეაო“).
ბუნებრივია, დასავლეთმა თავად უნდა დაიცვას საკუთარი თავი და საკუთარი ისტორიაც (რაც ჩვენთვისაც ფრიად მნიშვნელოვანია, თავად დასაცავი, აბა, იქით ვის დაიცავს?!), მაგრამ არაა კარგი სანახავი, იმავე გზას რომ დაადგნენ, რასაც ჩვენ 30 წლის წინათ.
ჯერჯერობით მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტმა გააცხადა (ხმამაღლა), რომ არ აპირებენ თავიანთი ისტორიის წაშლას. ოღონდ ბრბოს ფსიქოლოგიის გათვალისწინებით - არც ისაა გამორიცხული, რომ საკუთარი დედ-მამის საფლავებიც შებილწონ.
მეორე მხრივ, რაკი იარლიყი „მონებით მოვაჭრე“ ფრიად მოდურია, პლატონს ჯერჯერობით ძალიან გაუმართლა, იმიტომ რომ ძეგლებთან მებრძოლებმა (ვფიქრობ, მათი ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე) არც იციან, რომ დედამიწის ამ ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნისთვის მონობა ჩვეულებრივი ამბავი იყო (თორემ მერე გენახათ ბიბლიოთეკა-სამეცნიერო დაწესებულებების რბევა). თუმცა შესაძლოა, პლატონს მდგომარეობა იმან შეუმსუბუქოს, რომ ძველ საბერძნეთში მონა თეთრკანიანებიც ჰყავდათ.