№25 როგორ აატირა ნენო გაბელიამ იტალიელები და რატომ გადაწყვიტა მისი წიგნის გამოცემა კემბრიჯის უნივერსიტეტმა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მიუხედავად იმისა, რომ ასაკით არც თუ ისე დიდია, უკვე მრავალ წარმატებას მიაღწია და გაჩერებას, რა თქმა უნდა, არ აპირებს. ნენო გაბელიას იტალიის ახალგაზრდა ელჩის მანდატი სულ ახლახან ამოეწურა და ამ ამპლუაში განხორციელებულ პროექტებთან ერთად მასთან აფხაზეთის კონფლიქტის შესახებაც ვისაუბრეთ, რომელსაც მის ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს.
ნენო გაბელია: ჩემი ოჯახი აფხაზეთიდანაა. როცა ჩვენ იქიდან წამოვედით, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და შეიძლება, იმ მოვლენების გამო მე იმდენ ტკივილს ვერ ვგრძნობ, რამდენსაც ჩემი ოჯახი, მაგრამ მაინც ძალიან მოქმედებს ჩემზე. იმის გარდა, რომ ემოციური კავშირი მაქვს, მე ამ თემებზე ვმუშაობ, კონფლიქტებს ვსწავლობ. აფხაზეთი ჩემი ოჯახის სახლი იყო და კარგად მესმის, რას ნიშნავს, როცა იქ ვერ მიდიხარ, სადაც გული მიგიწევს. ეს თემა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია და არა მტკივნეული მოგონება, რომელიც წარსულს ბარდება. პირიქით, ზუსტად იმისთვის ვმუშაობთ ამდენს, რომ არ მივეჩვიოთ ამ რეალობას და პროტესტის გრძნობა არ გაგვიქრეს.
– ოჯახი როგორ იხსენებს იმ პერიოდს, როცა გარდა ემოციებისა, პრაქტიკული თვალსაზრისითაც ძალიან რთული მდგომარეობა იყო?
– მე რომ უცხოეთში წამოვედი და აქ ყველაფერი თავიდან შევქმენი, დაახლოებით მივხვდი, რა განიცადეს ჩემმა მშობლებმა მაშინ. ოთხი შვილით მოუწიათ ცხოვრების ნულიდან დაწყება, ცარიელი ხელებით. კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ძალიან პატარა, ნაქირავებ სახლში ბევრი ადამიანი ვცხოვრობდით ერთად. სხვა საშუალება არ იყო. წლები დასჭირდა იმას, რომ საკუთარი ბინა შეგვეძინა. თბილისის მონაკვეთი უკვე კარგად მახსოვს, მაგრამ აფხაზეთი, სამწუხაროდ, არა. იტალიაში რამდენიმე პროექტი გავაკეთე ახალგაზრდა ელჩის ამპლუაში და ერთ-ერთი იყო ჩემი წიგნის პრეზენტაცია, რომელზედაც ცხინვალში გადაღებული ფილმი ვაჩვენეთ. მინდა, ჩვენი სატკივარი სხვებმაც გულთან ახლოს მიიტანონ და ამისთვის მხოლოდ მშრალი სიტყვები არ არის საკმარისი. ამ თემაზე ემოციების გარეშე ვერასდროს ვლაპარაკობ. მგონია, რომ ეს ნორმალურიცაა და იქაც ცრემლები რომ წამომივიდა, იტალიელებიც ჩემთან ერთად ტიროდნენ. სხვები ბოლომდე ვერ ჩაწვდებიან ჩვენს ტკივილს, მაგრამ ამის მათ გულამდე მიტანას თუ მოახერხებ, უკვე კარგია. ის იტალიელი იმ ოთახიდან რომ გავა, არ იცი, ვის ნახავს და მოუყვება ამ ამბავს. ასე იკვრება წრე.
– ეს წარსული გახდა მიზეზი, რომ პროფესიულად ამ მიმართულებით წასულიყავი?
– თავიდან სამართალმცოდნეობაზე ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ „ერაზმუსმა“ გამოაცხადა გაცვლითი პროგრამა პოლიტიკურ მეცნიერებებზე და გადავწყვიტე, ამ მიმართულებით წავსულიყავი. აქ რომ ჩამოვედი, ვნახე, რამდენი საინტერესო განხრა ჰქონდა და რომ შემეძლო კონფლიქტის მიმართულება ამერჩია. სამაგისტრო თემად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკური განვითარება ავირჩიე. კონფლიქტს ძალიან დიდი როლი აქვს განვითარებაში და ეს თემაც აქედან გამომდინარე წამოვიდა. თან, ვნახე, რომ უნივერსიტეტში ბევრი ინფორმაცია არ ჰქონდათ აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. ვიფიქრე, რატომაც არა, აქტუალური თემაა, რომელიც მე ძალიან მაწუხებს და ამათაც გავაგებინემ-მეთქი. რაც უფრო მეტი ადამიანი დაიცავს დისერტაციას უცხოეთში ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან სამეცნიერო ლიტერატურა ამ თემაზე უცხო ენაზე არ არსებობს. ასე რომ, მინდოდა ეს დანაკლისიც შემევსო. არ მეგონა, რომ ეს წიგნი ასეთი პოპულარული გახდებოდა და ამდენი ადამიანი შეიძენდა.
– როგორც ვიცი, ეს წიგნი, თავისი ინიციატივით გამოსცა კემბრიჯის უნივერსიტეტმა და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
– კემბრიჯის უნივერსიტეტს აქვს თავის გამომცემლობა. მე და ჩემმა მეგობარმა ჩავატარეთ კვლევა, რამდენად შეიძლება, მორგებოდა ფედერალიზმის მოდელი
აფხაზეთის კონფლიქტს და გამზადებული ნაშრომი გავგზავნეთ კემბრიჯში, თუ დაინტერესდებოდნენ. მათ თავიანთი ხარჯებით გამოსცეს ეს თემა წიგნად, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ფასიდან გამომდინარე, არ ველოდი, რომ ასე კარგად გაიყიდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ თემაზე მომუშავე ბევრი ადამიანი ყიდულობს და უკვე უნივერსიტეტის ბიბლიოთკებშიც არის.
აფხაზეთის კონფლიქტს და გამზადებული ნაშრომი გავგზავნეთ კემბრიჯში, თუ დაინტერესდებოდნენ. მათ თავიანთი ხარჯებით გამოსცეს ეს თემა წიგნად, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ფასიდან გამომდინარე, არ ველოდი, რომ ასე კარგად გაიყიდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ თემაზე მომუშავე ბევრი ადამიანი ყიდულობს და უკვე უნივერსიტეტის ბიბლიოთკებშიც არის.
– ეს ყველაფერი „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ხდებოდა?
– დიახ, დოქტურანტურაზე სწავლის პარალელურად. ჩემი სადოქტორო კვლევა იყო სამხრეთ კავკასიის: ჩვენი, ცხინვალისა და მთიანი ყარაბახის კონფლიქტები.
– კვლევის პერიოდში გახდი დედა, მრავალმხრივ შრომატევადი პერიოდი გამოვიდა...
– ამ თემაზე ორსულობის პერიოდში ვმუშაობდი. მასალების მოძიებაც ძალიან შრომატევადი იყო, რადგან პრაქტიკულად, ძალიან ცოტაა. ეს უნივერსიტეტი ყოველი წლის დასაწყისში აჯილდოებს სამი წლის განმავლობაში საუკეთესო დოქტორს და დოქტორანტს. „ლა საპიენცა“ რომის პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია, ბევრი ფაკულტეტი აქვს და უამრავი სტუდენტი სწავლობს. იქაც წარვადგინე ჩემი თემა და გავიმარჯვე, როგორც უკვე დოქტორის ხარისხის მქონემ. ამ დროს შვილი მყავდა და ძირითადად, ღამით ვმუშაობდი ხოლმე, როცა სებასტიანი იძინებდა და ახლაც ასეა. ძიძა არ ავიყვანე, რადგან მინდოდა, თავად ვყოფილიყავი ჩართული მისი აღზრდის პროცესში. მარტივი არაა, მაგრამ არც შეუძლებელი. აქ, ზოგადად, ბავშვების გაჩენას 35 წლიდან იწყებენ და მე რომ თემის დაცვაზე ჩემს შვილთან ერთად მივედი, გაუკვირდათ, როგორ მოახერხეო. დოქტორის ხარისხსაც უფრო გვიან იღებენ, მე ჩემს ფაკულტეტზე ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი – 27 წლის. ახლაც, გასაუბრებაზე და კონფერენციაზე რომ მივდივარ და ასაკს რომ ვეუბნები, უკვირთ, ამდენი როგორ მოახერხეო. ამას კიდევ ახალგაზრდა ელჩის სტატუსიც რომ დაემატა, მით უმეტეს - აღფრთოვანებულები არიან და ეს, რა თქმა უნდა, ბევრ რამეში მიწყობს ხელს.
– ახლა უკვე ამოწურული გაქვს ახალგაზრდა ელჩის უფლებამოსილება, მაგრამ დავიწყოთ თავიდან, როგორ აღმოჩნდი ამ ამპლუაში?
– ვიცოდი, რომ ტარდებოდა კონკურსი, რომელიც საშუალებას გაძლევდა, ახალგაზრდა ელჩი გამხდარიყავი. მაგრამ გული მწყდებოდა, რომ მონაწილე ქვეყნებს შორის იტალია არ იყო. წლიდან წლამდე ქვეყნების რაოდენობა იზრდება და 2018 წელს ჩამონათვალში იტალიაც დაემატა, რაც ძალიან გამიხარდა. ამ კონკურსს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველ წელს აცხადებს. მასში მონაწილეობის მისაღებად, მთავარია, იყო ქართველი ახალგაზრდა – 29 წლამდე და ლეგალურად ცხოვრობდე იმ ქვეყანაში, რომლის სახელითაც აპირებ მონაწილეობის მიღებას, მუშაობდე ან სწავლობდე. აგზავნი საჭირო საბუთებს, რეკომენდაციებს, სერტიფიკატებს, სივის, სამოქმედო გეგმას და კონკურსში ერთვები. ძალიან მნიშვნელოვანია, რა წერია შენს სამოქმედო გეგმაში, ანუ, რის გაკეთებას აპირებ ერთი წლის განმავლობაში. მერე იყო გასაუბრების საკმაოდ რთული ეტაპი, რის შემდეგაც მოლოცვა მივიღე (იცინის). ამ პროექტის ბიუჯეტი შვიდი ათასი ლარია, რომელიც შეიძლება, ერთი კარგი პროექტის გაკეთებასაც არ ეყოს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანია, აქ ვცხოვრობ, ბევრი მეგობარი მყავს და მათი დახმარებით არაერთხელ უფასოდ გამიკეთებია ღონისძიება. ახალგაზრდა ელჩების ძირითადი მიზანი უცხოელებისთვის საკუთარი ქვეყნის გაცნობაა: კულტურის, სამზარეულოს, ღვინის და ასე შემდეგ. ამისთვის არაერთი ღონისძიება ჩავატარე. მათ შორის კონფერენცია ქართულ მოდაზე, რომელსაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა.
– ოჯახი როდის შექმენი?
– იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ, მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ – დათომ მალევე გავიცანით ერთმანეთი და ხუთი წლის შემდეგ დავოჯახდით. მეუღლე იტალიაში მცხოვრები ქართველია, აქ ის წლებია, ოჯახთან ერთად არის. აქ ვართ დაფუძნებულები, მაგრამ საქართველოში ჩამოვდივართ ხოლმე. მეუღლე თავიდან რაგბის თამაშობდა, მაგრამ ტრავმების შემდეგ სხვა მიმართულებით წავიდა და ახლა, ჩვენს საელჩოში მუშაობს წმიდა საყდართან (ვატიკანში). ის და ჩემი ოჯახი ყველა ეტაპზე ძალიან მეხმარებოდნენ, სხვანაირად აქ ამდენს ვერ მოვახერხებდი. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვცხოვრობ, ყოველთვის ვცდილობ, რამე ისეთი გავაკეთო, რაც ჩემთვისაც საინტერესო იქნება და ჩვენს ქვეყანასაც გამოადგება. ამ მომეტისთვის „ლა საპიენსას“ უნივერსიტეტში ჩემს პროფესორს ვეხმარები, ასისტენტი ვარ და საქართველოში ტექნიკურ უნივერსიტეტთან მაქვს ხელშეკრულება.
– და, როგორც ვიცი, ზღაპარს წერ აფხაზეთის თემაზე.
– რადგან წერა გამომდის, შვილის დაბადების შემდეგ, სულ მქონდა სურვილი, რომ მისთვის ზღაპარი დამეწერა, მაგრამ არასდროს მქონია ამბიცია, რომ ის წიგნად გამომეცა. ერთ დღესაც მომივიდა იდეა, რომ ეს ზღაპარი აფხაზეთზე გამეკეთებინა. მაშინვე ჩამოვაყალიბე კონცეფცია და ისტორიაც შევქმენი. მაგრამ ჯერ არ ვაქვეყნებ, რადგან მინდა, უფრო დავხვეწო. გარდა იმისა, რომ ისტორიას გადმოსცემს, მინდა, ძალიან საინტერესოდ წასაკითხი და დასამახსოვრებელი გამოვიდეს. რადგან ბავშვებისთვისაა გათვლილი, ყველა დეტალს ძალიან დიდი სიფრთხილით ვუდგები. ამბავი იმის შესახებაა, თუ როგორ ვიბრუნებთ აფხაზეთს. რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით, ზღაპარში შეგვიძლია, ფრთები გავშალოთ და ჯადოსნურად დავასრულოთ.