კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ვისი გული გადაუნერგეს გიორგი სარქისოვს და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  34 წლის გიორგი სარქისოვი 28 წლის იყო, როცა მძიმე დიაგნოზი – დილიტაციური კარდიომიოპათია დაუსვეს. ექვსი წლის წინ გიორგის  ცხოვრება თავდაყირა დადგა და ვერც კი წარმოედგინა, გულის გადანერგვა რეალურად შესაძლებელი თუ იქნებოდა. მიუხედავად უამრავი სირთულისა, მან ეს შეძლო და დღეს ბელორუსი ბაიკერის გულით ცოცხლობს.
  გიორგი სარქისოვი: ბავშვობაში არასოდეს მქონია რაიმე სახის ჩივილი, მით უმეტეს, გულთან დაკავშირებით.  გულის წასვლები მქონდა ხოლმე, მაგრამ ეს მხოლოდ ხელის გაჭრას და მსგავს რამეებს უკავშირდებოდა. ისიც შემიძლია ვთქვა, რომ 28 წლამდე ექიმი რა იყო, არ ვიცოდი.  ამ ასაკში დამეწყო ჰაერის უკმარისობა. ჩემი თანამშრომლის დაჟინებული თხოვნით, რენტგენის გადასაღებად წავედი. თავადაც წამომყვა. რენტგენის კაბინეტიდან რომ გამოვედით, ექიმმა ჰკითხა ჩემს თანამშრომელს, ამ ბიჭს მშობლები თუ ჰყავსო. კიო, – უპასუხა. მაშინ ეს საბუთები გადაეცით და ახლავე მიმართონ კლინიკასო. არც გამიაზრებია, რომ შეიძლება, რაიმე სერიოზული პრობლემა მქონოდა. წავედი სახლში და ღამე ცუდად გავხდი – ვიხჩობოდი, დამეწყო  ქოშინი და ვერ ვსუნთქავდი. ბიცოლაჩემმა მითხრა,  ახლობელი მყავს კლინიკაში და იქ მივიდეთო. მივედით, გამსინჯეს და თქვეს, რომ სახლში ვერ გამიშვებდნენ, პრობლემა მქონდა. არ დავიჯერე, კლინიკიდან გამოქცევა მინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხე მქონდა. ამომიღეს ეს სითხე და მეგონა, ამით ყველაფერი დამთავრდა. მაგრამ – არა, ექიმმა – ეს ყველაფერი გლანდებისგან არის გამოწვეული და ოპერაცია უნდა გაიკეთოო, დამინიშნეს მედიკამენტოზური მკურნალობა და წამოვედი სახლში. მესამე დღეს მივედი ექოს გადასაღებად, სადაც ჩემი მეგობარი მუშაობდა. ექოს მერე მეუბნება: ისეთი მდგომარეობაა, გამორიცხულია, სახლში ვერ გაგიშვებო, ყვირილი დაიწყო. ყველა გაგიჟებული იყო და მე ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა. არავის უთქვამს, რა ხდებოდა ჩემს თავს, დაავადების სახელი კი ვიცოდი, მარგამ რაღაც მარტივი მეგონა. ბლოკში რომ შევედით, ექიმი ლევან ყურაშვილი შემოვიდა და მეუბნება: გიორგი, ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი გულის გადანერგვაა, ახლი გული გჭირდებაო. მაშინ ჩემთვის გულის გადანერგვა ძალიან უცხო რაღაც იყო, არც მჯეროდა მსგავსი რამის, ვერც წარმომდეგინა.
– გაიაზრე, რაც ხდებოდა შენს თავს?
– შოკში ვიყავი, ისეთ შოკში, რომ ჩემს ბლოკში არავინ შემოჰყავდათ, სიწყნარე მჭირდებოდა. დეპრესიაში ჩავვარდი და ბევრი რამ წარმოვიდგინე. რთული გასააზრებელი იყო ის, რომ გული მჭირდებოდა. გადამიყვანეს პალატაში. იმდენი ადამიანი მოდიოდა ჩემ სანახავად, მეუბნებოდნენ მნახველების რეკორდი მოხსენიო - 20 კაცი შემოდიოდა, 20 გადიოდა, დაცვაც ვეღარ აკონტროლებდა. ერთხელ ჩემი ბავშვობის მეგობარი მოვიდა, რომელმაც მითხრა: ასურელებს  გვყავს ძალიან ძლიერი მამაო და თუ გინდა, დაელაპარაკეო.  დავთანხმდი – გავიფიქრე, სიკვდილის წინ მოძღვარს მაინც დაველაპარაკები-მეთქი. მოვიდა მამა სერაფიმე და მეუბება ასეთ სიტყვებს: რა სახე ჩამოგტირის, აქ დამრჩენი არავინ ვართ, ყველანი წავალთ თავის დროზე, ამიტომ ნუ ფიქრობ ცუდზე, მხოლოდ კარგზე იფიქრე, ხვალ მოვალ და გაზიარებო.  წასვლის წინ 100 დოლარი მაჩუქა, კლინიკაში რამე რომ დაგჭირდეს, გქონდესო. მეორე დღესაც მოვიდა და რომ შემოვიდა, რაღაც დადებითი ვიგრძენი. აღსარება ჩაიბარა, მაზიარა და კიდევ გამიმეორა: იცოდე, ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნებაო. როგორც კი წავიდა, ზუსტად ნახევარ საათში ავდექი და დავუძახე სანიტარს, საპარსი და საპონი მჭირდება, აბაზანაში ცხელი წყალი თუ მოდის ვიბანავებ-მეთქი. რას ჰქვია, არ მოდისო, გავარდა გახარებული, გავიპარსე და მოვწესრიგდი. მთელი კლინიკა გაოგნებული იყო. მამაოს მოსვლამდე ყველა მეხვეწებოდა: ექიმი, ექთანი, სანიტარი: გიორგი, ადექი, გაიარე, არ შეიძლება სულ წოლაო... მერე ისევ ბატონი ლევანი შემოვიდა ჩემთან და მითხრა: პასუხისმგებელი ვარ, ამ დაავადებით  ორი წელი შეგინახავ, ამ პერიოდში უნდა მოხერხდეს შენი საოპერაციოდ მინსკში გადაყვანა. ორი წლის მერე კი არ ვიცი, რა მოხდება. მინსკში ქართველებს ნდობა არ გაგვაჩნია, თუ მოიპოვებთ ნდობას, მაშინ ჩათვალე, გაგიმართლაო. მართლაც, ვინც მინსკში საქართველოდან დარეკა, ყველას გაუთიშეს ტელეფონი. ერთი სომეხი მეგობარი მყავს, რომელმაც, როგორც სომეხმა, შეიძლება რამით დაგეხმარო, ბელორუსში სომხებს დიდ პატივს სცემენო. დარეკა, აუხსნა ყველაფერი და დათანხმდნენ ოპერაციაზე. დაახლოებით, ერთ კვირაში კალკულაციაც გამომიგზავნეს – ოპერაცია 130 000 დოლარი ჯდებოდა.
– ამ ყველაფერს თანხასთან დაკავშირებული პრობლემებიც დაემატა?
– დიახ, უკვე იმაზე აღარ ვნერვიულობდი, რომ ეს პრობლემა მქონდა, თანხაზე ვფიქრობდი, როგორ უნდა მეშოვა ამხელა ფული. მთელი ცხოვრება უნდა მემუშავა, რომ ჩემი ხელფასით შემეგროვებინა. ამ მეგობართან ერთად დავრბოდი საბუთებზე, ჯანდაცვაში, მერიაში ყველგან თავად შევიტანეთ განცხადება დაფინანსების თხოვნით, მაგრამ შედეგი არ იყო. ხელი ჩავიქნიე. მერე ჩემი მდგომარეობა დამძიმდა და კლინიკაში დამაწვინეს. ერთ დღესაც, სრულად შემთხვევით, ჩემი ბავშვობის მეგობრის, მაია მაისურაძის ფოტო ვნახე „ფეისბუქზე“, რომელიც რვა წელი არ მენახა. მას მივწერე ჩემი პრობლემის შესახებ. რამდენიმე დღეში მოვიდა ჩემს სანახავად და მითხრა, რომ ჰქონდა რამდენიმე გეგმა,  რაც თანხის მოძიებაში დამეხმარებოდა. საბოლოოდ გახსნეს ანგარიშის ნომერი და ია მეტრეველთან და სხვა ადამიანებთან ერთად დაიწყეს აქციები. პირველი თანხა, რომელიც ჩემს ანგარიშზე ჩაირიცხა, ერთი ლარი იყო და ლამის ცრემლები წამომივიდა.  ხშირად ვფიქრობ ამაზე, როგორ უჭირდა იმ ადამიანს, რომლისთვისაც ეს ლარიანი, შეიძლება, ბევრს ნიშნავდა, მაგრამ მე მაჩუქა. მაშინ ვაკის გამგებელი ბაჩო დოლიძე იყო, მისი, ასევე, ქალბატონი ია მეტრეველის დახმარებითა და შუამდგომლობით, მერიამ 50 000 დოლარით დამიფინანსა ოპერაცია, რომელიც პირდაპირ გადარიცხეს მინსკში. თავად ბატონმა ბაჩომ 20 000 დოლარიანი აპარატი შემიძინა. ჯანდაცვაც დამეხმარა და საბოლოოდ შეიკრიბა ოპერაციის თანხა. ძალიან კარგად მახსოვს,  კლინიკის ეზოში პატარა ბავშვები  მოდიოდნენ მშობლებთან ერთად და ჩემთან ფული შემოჰქონდათ – მშობლები შვილებს მადლს აკეთებინებდნენ. არ დამავიწყდება, ვინც კლინიკაში იწვნენ, თავადაც მძიმე დიაგნოზით, ისინიც კი მეხმარებოდნენ.  „ჯო ენის“ კლინიკამაც შემიგროვა თანხა, როგორც მერე გავიგე, ყველა თანამშრომელმა ხელფასზე 50-50 ლარი დადო. 60 000 დოლარი საქართველოს მოსახლეობიდან შეიკრიბა – სრულიად უცხო ადამიანებიდან და მინდა, მათ უდიდესი მადლობა გადავუხადო. დღეს რომ ცოცხალი ვარ, ჯერ უფლის ნებაა, მერე კი იმ ადამიანების დამსახურება, ვინც მაშინ გვერდით დამიდგა, თუნდაც მცირედით.
– როგორ ჩაიარა ოპერაციამ?
– მინსკში რომ ჩავფრინდი და კლინიკაში შევედი, ჩემთან კლინიკის ბუღალტერი მოვიდა და მეუბნება: მალე, მალე გული გამოჩნდა, საოპერაციოში უნდა აგიყვანოთო. ჩანთები დადებულიც კი არ მქონდა. ჩემთან ერთად იყო გიორგი ახობაძე – ჩემი მეგობარი, ვინც პირველად დამისვა დიაგნოზი, რეანომობილით გამომყვა ბელორუსში. ნახევარ საათში მითხრეს, რომ გული C ჰეპატიტიანი აღმოჩნდა და არ გამოდგებოდა. ამიყვანეს პალატაში და მეორე ღამეს მესმის ძალიან დიდი შეჯახების, აფეთქების ხმა. კლინიკის ფანჯრიდან ავტობანი 5 კილომეტრში  იყო, მაგრამ კარგად ჩანდა – დიდი ავარია მოხდა. პალატაში უკრაინელი ბიჭი იწვა ჩემთან ერთად და მან მითხრა: შენი გული მანდედან მოდისო. მეორე დილით მირეკავს ჩემი მეგობარი და მეუბნება, შენი გული ხელში მიჭირავს და მოემზადე საოპერაციოდო.  მეხუმრები-მეთქი და არა, მართალს გეუბნებიო. მომამზადეს  ჩამიყვანეს ბლოკში, ექთნებს ავყევი საუბარში და იმის მერე აღარაფერი მახსოვს, გავიღვიძე ახალი გულით. ჩემი ქირურგი თავზე დამადგა და მითხრა: ძალიან ძლიერი ორგანიზმი გაქვს, გაგიმართლა, მე რომ დღეს აქ ვარო. ოპერაციიდან 27 დღეში საქართველოში ვიყავი.
– რამდენი ხანი გავიდა ოპერაციიდან და ახლა როგორ გრძნობ თავს?
– ორგანიზმდან უცხო სხეულის  განდევნა რომ არ მოხდეს, არის შეგუების პროცესი, რომელიც კარგად გავიარე, ყველანაირი გართულების გარეშე. ზუსტად ექვსი წელი გავიდა ოპერაციიდან, 2014 წლის 22 მაისს გავიკეთე. საერთოდ არაფერზე მაქვს პრობლემა. ჩვეულებრივად ვმუშაობ და  დავდივარ.
–  იცი, ვისი გული გაქვს?
– ეს არის ისეთი ინფორმაცია, რომელსაც არავინ მეტყვის, დედამიწა რომ გადავატრიალო, ზუსტად მაინც ვერ გავიგებ ვისი გული მაქვს. საიდუმლო ინფორმაციაა. შესაძლებელია, მართლაც იმ ავარიიდან რომელიმე ადამიანის იყოს, მაშინ 15 კაცი დაიღუპა. ერთი ვიცი, რომ 38 წლის ბაიკერის გული მაქვს.

скачать dle 11.3