კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ვისი დახმარებით ისწავლა 19 წლის უსინათლო მომღერალმა დამოუკიდებლად ცხოვრება

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  19 წლის მომღერალი შაბან მამედოვი არაერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია. ძალიან პატარა იყო, როდესაც მხედველობა დაკარგა, თუმცა წარმატების მიღწევაში ამას ხელი არ შეუშლია. ექვსი წლის ასაკში მისი ნიჭი ოჯახის წევრებმა შენიშნეს და მას შემდეგ მუსიკა მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. რა გზა გაიარა მან წარმატებამდე, ინტერვიუდან შეიტყობთ.
  შაბან მამედოვი: მარნეულის სოფელ ჯანდარაში დავიბადე, შვიდი თვის ვიყავი, როცა სეფსისი აღმომაჩნდა და ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად, სამწუხაროდ, ორივე თვალზე დავკარგე მხედველობა. წელს დავამთავრე 202-ე უსინათლო და მცირე მხედველთა საჯარო სკოლა. ახლა 19 წლის ვარ, ვცხოვრობ ქალაქ მარნეულში და ამ ქალაქის კულტურის ცენტრის სოლისტი გახლავართ.
– რას გულისხმობ ექიმების არასწორ მკურნალობაში?
– ვერ გაიგეს, რა მჭირდა და ჩემს მშობლებსაც არასწორი მიმართულება მისცეს. პატარაობაში ოპერაცია არ იყო საჭირო, თუმცა გამიკეთეს. როგორც შემდეგ გავიგე, სისხლის გაწმენდით და სხვა სამედიცინო ჩარევებით სავსებით შესაძლებელი იყო მხედველობის შენარჩუნება. მონაყოლიდან ვიცი,  ტემპერატურამ ამიწია და ვერ მიგდებდნენ. მაშინ ექიმებს უთქვამთ, რომ ოპერაცია იყო საჭირო, რამაც სამწუხაროდ, ამ შედეგამდე მიმიყვანა.
– მხედველობა ეტაპობრივად დაკარგე? აღდგენა რამდენად არის შესაძლებელი?
– ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ვხედავდი,  ერთ წლამდე კი საერთოდ დავკარგე მხედველობა. შესაბამისად, არაფერი მახსოვს. გაკეთებული მაქვს სამი ოპერაცია, ორი – პატარაობაში და მესამე  – 2016 წელს სტამბულის ერთ-ერთ კლინიკაში გამიკეთეს. სამწუხაროდ, სამივე ოპერაცია უშედეგო აღმოჩნდა. მესამე ოპერაცია იმისთვის იყო საჭირო, რომ მარცხენა თვალზე მქონდა მხედველობის აღდგენის ცოტა შანსი და თვალის ფორმა შეინარჩუნეს, სამომავლოდ რომ მასზე იმუშაონ. რაც შეეხება მხედველობის აღდგენის საკითხს, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არც ერთი კლინიკა არ განიხილავს. ირანშიც ვიყავი, თურქეთშიც,  თუმცა ამ მხრივ, სიახლე არაფერია.
– როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება 202-ე უსინათლო და მცირე მხედველთა საჯარო სკოლაში?
– მანამდე ერთი წელი სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლაში დავდიოდი. უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ ამ სკოლის ყოფილმა დირექტორმა, დავით ჩოჩიშვილმა უთხრა მამას და დედას, რომ არსებობდა ასეთი სკოლა, სადაც სპეციალური პანსიონატი იყო უსინათლოებისთვის განკუთვნილი. თავიდან რთული იყო ეს ჩემთვისაც, ოჯახისთვისაც, თან, ერთი ქართული სიტყვაც არ ვიცოდი. იმ მხრივაც გამიჭირდა – სრულიად უცხო სამყაროში მოვხვდი, ჩემთვის არაადაპტირებულ გარემოში. სახლს ვიყავი მიჩვეული. სკოლაში კი ყველგან დამოუკიდებლად უნდა მევლო. მერე, როგორც ჩემი კლასელი ამბობს, ორ კვირაში ვისწავლე ქართული. ამ სკოლას და იქ მომუშავე პერსონალის დამსახურებაა ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბება.
– როგორი გარემო დაგხვდა?
– ძალიან თბილი. დაწყებით კლასებში კარგი დამრიგებელი მყავდა, რომელმაც დამოუკიდებელი ცხოვრება მასწავლა. დახლოებით ერთ წელში უკვე აღარ მიჭირდა მარტო დარჩენა.  თუმცა ჩემთვის რთული იყო შაბათ-კვირის შემდეგ ოჯახის დატოვება და პანსიონატში დარჩენა. რამდენჯერ ყოფილა, დედა და მამა საღამოს იმის გამო მოსულან, რომ ვტიროდი და ვერ ვჩერდებოდი. მერე, როცა ქართული ვისწავლე და აუდიოწიგნების მოსმენა დავიწყე, მართლა ვიგრძენი, რომ იქ ბევრად კომფორტულად ვგრძნობდი თავს. უჭირდათ მშობლებსაც, მხოლოდ მე არა. დღემდე მახსოვს, როგორ ტიროდნენ, პირველად რომ დამტოვეს პანსიონატში.
– კარგად მღერი და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გიცნობენ. როგორ დაიწყო შენი მუსიკალური კარიერა?
– ექვსი წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა მშობლებმა შენიშნეს ჩემი მუსიკისადმი ინტერესი და მამამ მოტივაციის სახით მითხრა: შენ თუ რომელიმე სიმღერის პატარა ნაწყვეტის ბოლომდე აწყობას შეძლებ, სათამაშო კლავიშიან ინსტრუმეტს გიყიდიო. ეს გამოწვევად მივიღე და სიმღერის ერთი მონაკვეთი ავაწყვე. მამამაც შეასრულა თავისი სიტყვა და კლავიში მიყიდა. აქედან დაიწყო ჩემი მუსიკალური ცხოვრება. შემიყვანეს მარნეულის  კულტურის ცენტრში მუსიკის წრეზე, ბატონ ამირან ნასყიდაშვილთან, რომელიც ამჟამად ჩემი პედაგოგი გახლავთ. ჩემი პირველი კონცერტი სწორედ მისი დამსახურება იყო. მახსოვს, სანამ მაყურებლის წინაშე წარვდგებოდი ძალიან ვღელავდი, უნდა დამეკრა და თან მემღერა, მაგრამ უფრო იმაზე მეფიქრებოდა, როგორ მიმიღებდა საზოგადოება. მადლობა ღმერთს, ხალხმა მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ  ვარ ადამიანი, რომელიც მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობს. მამა იყო სამხედრო პირი, კერძოდ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი, პროფესიით – დესანტი. მან ჩემ გამო დატოვა სამხედრო სამსახური. უცხოეთში მივდიოდი გასტროლზე და სამხედრო პირისთვის აკრძალული იყო საზღვრის გადაკვეთა. არჩევანი ჰქონდა – ჩემი კარიერა ან თავისი სამხედრო სამსახური. მამამ კი თავისი სამსახური ჩემს კარიერას შესწირა. როდესაც ბავშვი მშობლის მხარდაჭერას გრძნობს, აქ უკვე იკვრება ჯაჭვი, სადაც აღარ არსებობს სირთულეები, მიუხედავად მდგომარეობისა. შესაბამისად, მე არასოდეს მქონია სირთულე მშობლებთან, არც ერთ საკითხში. ჩვეულებრივად გვისაუბრია ჩემს უსინათლოებაზეც, თუნდაც პატარა ასაკშიც.
– შენს წარმატებებზე გვესაუბრე...
– საერთაშორისო კონკურსზე პირველად 2013 წელს გავედი, ბათუმში „ოქროს ნიჟარა“ ტარდებოდა და მეორე ადგილი დავიკავე. ჩემთვის სპეციალური სიმღერა დაიწერა, ავტორი მარიამ ლიკლიკაძე გახლავთ, რომელიც ჩემი ვოკალის პედაგოგი იყო. საქართველოდან ჟიურის წევრი იყო ანრი ჯოხაძე, რომელმაც პირველი უმაღლესი ქულა დამიწერა. ავიღე გრანპრი და მივიღე მოწვევები სხვადასხვა ქვეყნიდან. ავირჩიე ლატვია, სადაც სამი ნომინაციის გამარჯვებული გავხდი. ამ ეტაპზე  6 საერთაშორისო გრანპრი მაქვს მოპოვებული, 8 მედალი და 60-ზე მეტი დიპლომი.
– როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას შენი პრობლემის მიმართ და ბულინგის მსხვერპლი თუ ყოფილხარ?
– ზოგადად, შშმ პირების მიმართ აქვს საზოგადოებას უცნაური დამოკიდებულება. მაგალითად: უი, ცოდოები არიან, ვერაფერს გააკეთებენ... მოდი, დახმარების ხელი გავუწოდოთ და ასე შემდეგ. დახმარების ხელი ყველას უნდა გავუწოდოთ, მნიშვნელობა არ აქვს, შშმ პირი იქნება, თუ არა. ბავშვობაში რამდენიმეჯერ მქონდა შემთხვევა, როცა ავტობუსში ავსულვარ და ასაკოვან ქალს დაუთმია ადგილი. სულ მითქვამს: ქალბატონო, მე ფეხის პრობლემა არ მაქვს, თვალის პრობლემა მაქვს და ეს ფეხზე დგომაში ხელს არ მიშლის-მეთქი. ხშირია ბულინგი, შევსწრებივარ კიდეც, მაგრამ საბედნიეროდ, მე არ ვყოფილვარ ჩაგვრის მსხვერპლი. ვიღაცას სიტყვა უსროლია და უთქვამს „ვა, უსინათლო“, მაგრამ კონკრეტულად ვინმე მოსულიყო ჩემთან და რაიმე ეთქვას, ასეთ რამეს ვერ ვიხსენებ.
– აბიტურიენტი ხარ. რა გეგმები გაქვს?
– ვაპირებდი თურქეთში ჩაბარებას, მაგრამ პანდემიის გამო გადავწყვიტე, აქ ჩავაბარო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე. მუსიკა გახლავთ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ვაპირებ, მას გავყვე.

скачать dle 11.3