კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ნატო გელაშვილი: დროის არც ერთი წუთის უკან დაბრუნება არ მინდა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  კომპოზიტორისა და მომღერლის, ნატო გელაშვილის სიმღერებში ყველა ადამიანი თავის პატარა სიყვარულის ისტორიას პოულობს. ამის გამო შეიყვარა ის ხალხმა პირველვე გამოჩენისთანავე. როგორც თავად ნატო ამბობს, მიუხედავად ცხოვრებაში განცდილი დიდი იმედგაცრუებების, ტკივილისა და ტრაგედიისა, იმ ბედნიერი წამებისთვის ღირდა მისი ცხოვრება, რასაც მას უცნობი ადამიანები ყოველ ფეხის ნაბიჯზე უანგაროდ ჩუქნიან.
  ნატო გელაშვილი: მიუხედავად ყველაფრისა, იღბლიანი ვარ – ბევრი ადამიანის სიყვარული დამაქვს გულით, ბევრი ადამიანის გაღიმებული სახე მხვდება ქუჩაში, კარგი შვილები და მეგობრები მყავს. იღბალიც, სწორედ, ეს არის. წლების მატებასთან ერთად კი ბევრი რამ გადავაფასე. ოცნებაში ვიყავი ჩარჩენილი და მივხვდი, ბევრი ადამიანი ძალიან კარგი მსახიობია. ამიტომ, ურთიერთობების გადაფასებაც მომიწია. იყო ნდობა და მერე – იმედგაცრუება, მე ეს საკმაოდ ტკივილიანად გამოვცადე. ასე რომ, მოულოდნელი, ტკივილიანი იმედგაცრუებები საკმაოდ ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში.
– ანუ, ხშირად ცხოვრება ისეთი არ არის, როგორიც წარმოგვიდგენია?
– რასაკვირველია. ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც წარმოგვიდგენია, მაგრამ მე მაინც უფლის მადლობელი ვარ. თუნდაც იმის გამო, რომ იმის შეძლება მომცა, გადამეფასებინა ბევრი რამ ცხოვრებაში, თვალი ამიხილა, გზადაგზა სიყვარული მომყვება და არ მტოვებს. მადლობა უფალს, რომ თუნდაც, ერთი-ორი ადამიანი დამრჩა ერთგული და სულით სუფთა. ყველაზე მთავარი კი უბრალო ადამიანების სიყვარულია, რომლებისთვისაც მართლა არაფერი გამიკეთებია, გარდა იმისა, რომ ვმღეროდი და შემიყვარეს. არც კი ვიცნობ და მათგან ზღვა სიყვარული მოდის.
– ნატო, რამდენად რთულად ან იოლად მოდის შენამდე წარმატება?
– მე ვარ ადამიანი, რომელიც არასოდეს იბრძოდა წარმატებისთვის. უბრალოდ, გულით ვაკეთე ყველაფერი, გულით მივედი ადამიანებამდე და გულით შემიყვარეს. არ ვარ ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავს რეკლამას უკეთებს. იშვიათად ვჩანვარ. ამ სფეროში დავბერდი და ყველამ იცის, რომ ხშირად ვამბობ უარს ტელევიზიაში მისვლასა თუ პრესაში გამოჩენაზე. მე ჩემი ნაჭუჭი მიყვარს და ნაჭუჭიდან გამოსვლა ყოველვის იყო ახალი სიმღერა, ჩემი ის ტკივილი, სიხარული თუ განცდა, რითიც, ადამიანებს სიმღერის ენით ველაპარაკებოდი. არასოდეს მომიტყუებია ადამიანები, ყოველთვის ალალი და წრფელი ვარ მათ წინაშე. აქედან გამომდინარე, ალბათ, ეს არის ჩემი წარმატების შედეგი. თორემ, რომ გითხრათ, პოპულარობისთვის ვიღვწოდი, ამისთვის დღესაც ვიბრძვი ან რამეს ვაკეთებ-მეთქი, მოგატყუებთ.
– შენს ერთ-ერთ ლექსში წერ: „არის ცხოვრება მუქი, მაგრამ მკვეთრი... სევდნარევი ღიმილით ბედით“. რეალურად, რამდენად მუქი და მკვეთრია შენი ცხოვრება და რამდენად დაგყვა ღიმილიანი, სევდნარევი ბედი?
– განწყობის ადამიანი ვარ, არც ჭორაობა მიყვარს, არც ჩემს თავზე საუბარი და არც ჩემი ტკივილის თავზე მოხვევა. ჩემი ერთადერთი „დაცლის“ საშუალება
ფურცელი და კლავიშია, სადაც ჩემი განცდა გადამაქვს. სწორედ, ფურცელი და კლავიშია  ჩემი ყველაზე სანდო და ერთგული მეგობარი. და, რაც მთავარია, ყოველთვის წრფელი. არასოდეს ვრითმავ იმიტომ, რომ რითმას უხდება. უბრალოდ, ვეძებ იმ სიტყვას, რომელიც იმწუთას შეესაბამება ჩემს მდგომარეობას. რომ დავწერე, ცხოვრება  მუქია, ძალიან მუქი-მეთქი, აქ მე ჩემი ტრაგედიები ვიგულისხმე და ამ ტრაგედიებით გამუქებული ჩემი ცხოვრება. მართლა მუქი ცხოვრება მაქვს, თუმცა მკვეთრიც. მკვეთრი იმიტომ, რომ მიწევს ვიკაშკაშო, ვიღიმო, არავის მოვახვიო ჩემი დარდი. ასე რომ, როცა ადამიანი სცენაზე დგახარ, მკვეთრია შენი ცხოვრება, მის მიღმა კი, მუქი.
– ანუ, შენი პატარ-პატრა ცხოვრების ეპიზოდები ყველა შენს ლექსსა თუ სიმღერაში არის ჩადებული?
– რა თქმა უნდა! არათუ პატარა ეპიზოდები, ჩემს ყველა ლექსსა და სიმღერაში მთელი ჩემი ცხოვრებაა ჩადებული. ეს ჩემი დღიურებია, ამ ფორმით ვწერ. ჩემი განცდები, ლექსებსა და სიმღერებში „გამოვკეტე“. ეს ჩემი ერთგვარი აღსარებაა, ძალიან წრფელი.
– რა იყო ყველაზე დიდი დარტყმა, რაც ცხოვრების ბოლომდე მტკივნეულად გაგყვება?
– წარმატების მიღმა იყო ბევრი ტკივილი. ყველაზე დიდი ტკივილი კი ჩემი ძმის დაკარგვაა. მისი იმქვეყნად წასვლით 2013 წელს ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მასთან ერთად დავემშვიდობე გარე სამყაროს. ის იყო ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი და ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ჩემი ყველაფერი უხაროდა. მისი გარდაცვალების მერე სამყაროსთან კონტაქტი შევწყვიტე. მისი წასვლიდან მთელი ოთხი წელი არსად ვჩანდი, არ შემეძლო გაღიმება და თავს უფლება არ მივეცი, ისეთი ნატო ვინმეს ენახა. სცენაზე არ გავდიოდი, თუმცა, როცა მაღაზიაში ჩავდიოდი, ვისვამდი წითელ პომადას და ვიღიმოდი, რომ ის ტრაგედია და ტკივილი დამემალა. სიზმრად ხშირად მოდის მამუკა. როცა მიჭირს და სულიერად გაუსაძლისია მონატრება, მოდის და სულ ჩემ გვერდითაა. მე მის არსებობას ვგრძნობ და მასთან ერთად განვაგრძობ ცხოვრებას. როცა სიზმრად მამუკას ვხედავ, ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. ხშირად, გავუფრთხილებივარ. მე მჯერა, რომ არსებობს იმქვეყნად წასულებთან კავშირი და ვგრძნობ მათ სიახლოვეს. ასევე, დიდი ტკივილი და დარტყმა მომაყენა ჩემი უახლოესი მეგობრის, გიო ხუციშვილის გარდაცვალებამ. ძილისგუდა არასოდეს ვყოფილვარ, ძილი არ მიყვარდა და ახლა ერთი სული მაქვს როდის დაღამდება, დავიძინო და რომელიმე მოვიდეს სიზმრად.
– ახლა რომ დრო უკან დავაბრუნოთ, რას ინატრებდი?
– თუ იგივე უნდა გადავიტანო, დროის არცერთი წუთის უკან დაბრუნება არ მინდა. თუმცა, ვინატრებდი, მყოლოდა გვერდით ეს ადამიანები ფიზიკურად. ვიცი, შუბლზე ყველას ჩვენ-ჩვენი ბედი გვაწერია და იმავეს გადატანა არ მინდა.
–  ანუ, ბედისწერის გჯერა?
– რასაკვირველია. ყოველთვის მჯეროდა ბედისწერის. რაც გვაწერია შუბლზე, მას ვერ ავცდებით.
– ნატო, შენი ცხოვრების ორი მთავარი, არაჩვეულებრივი, მამაკაცი გყავს სახლში, ბედნიერი დედა ხარ. თუმცა, ვიცი, იყო არაერთი მამაკაცი, რომლებთანაც შეგეძლო ოჯახის მეორედ შექმნა. რატომ თქვი უარი?
– ცხოვრებაში რაღაც იწყება და შემდეგ მთავრდება. მე ცხოვრების ორი მთავარი მამაკაცი სახლში მყავს და მესამე, ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა, უბრალოდ, მისთვის ჩვენს ოჯახში ადგილი აღარ არის. მაქვს ბედნიერება, ვიგრძნო, რომ ქალი ვარ და ჩემი ბიჭებისაგან არც კომპლიმენტი მაკლია, რა ლამაზად გამოიყურებიო. ქალისთვის ნამდვილად არის საჭირო საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოლა, მაგრამ სიყვარული უნდა მოვიდეს და ძლიერი მამაკაცის გვერდით უნდა იცხოვრო. მამაკაცის ყოლა მხოლოდ იმის გამო, რომ მხარზე თავი ჩამოვაყრდნო, ჩემთვის გამორიცხულია. სრულფასოვანი მამაკაცების კი იმდენად დიდი დეფიციტია, არ მგონია, იაროს და მე მომადგეს (იცინის).
– თუ ბევრი იარა და მოგაგნო?
– თუ ბევრი იარა და მომაგნო, ალბათ, დავფიქრდები, მაგრამ მეეჭვება. დიდხანს ვეძებე და ის ძებნაც დავამთავრე. შვილები გავზარდე და სახლში ორი მამაკაცი მყავს. არაფერს ვეძებ, ყველაფერი უფლის ნებაა და გამომეტებული მადლი. ვიყავი „მეძებარი“ ადამიანი, ყოველთვის სპონტანურად მივყვებოდი ცხოვრებას, ფართოდ გახელილი თვალებით.  თუ ადამიანში უარყოფითს დავინახავდი, თვალს ვხუჭავდი, მხოლოდ დადებითს ვეძებდი. თუმცა, ესეც გადავაფასე. მიუხედავად, ყველაფრისა – იმ ტკივილის, განცდისა თუ ტრაგედიისა, ჩემი ცხოვრება ბევრი ბედნიერი წუთისა და ხალხის სიყვარულისთვის ღირდა. ვერაფრის გამო ვერ აიძულებ ადამიანს უყვარდე, მოვიდეს და ჩაგეხუტოს, გითხრას: ჩემი ნატო ხარ და ოჯახის წევრიო. ჩემი სიმღერებით ბევრი უცნობი ადამიანის ოჯახის წევრი გავხდი და ამისთვის, ღირდა ჩემი ცხოვრება. თუნდაც, მუქი ფერით, რომელსაც სიყვარულის ნათელი ფერი ჩრდილავს. ყველა ადამიანს აქვს მუქი ცხოვრება, არ გამოაქვს სააშკარაოზე და ცხოვრობს ნათელი ფერებით. მეც ასე ვარ.
– სად არის ადგილი, სადაც სულიერად მშვიდად გრძნობ თავს?
– ეს არის ჩემი სახლი – ჩემი სამყარო. მიყვარს ჩემს სამყაროში ყოფნა, „სახლისტი“ ვარ. აქ მხოლოდ სიყვარულის ენერგია ტრიალებს, თანაც, დიდი დოზით. ამიტომაც, ყველას უყვარს ჩემთან მოსვლა, აქ ბედნიერების აურა იგრძნობა.
P.S. ყდაზე გამოყენებული ფოტო ეკუთვნის ნინო დეისაძეს.

скачать dle 11.3