№25 ძველი თბილისის დამნაშავეები
ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

გიორგი გოცირიძე – ქურდი. როცა 1853 წელს რომის ომი იყო გაჩაღებული და თავის პირველ მოთხრობებს ლეო ტოლსტოი მიხეილის ქუჩაზე წერდა, ის უკვე იპარავდა და ბაღებში დაძვრებოდა. რას არ იგონებდნენ, რანაირ ზღუდეს არ მოხაზავდნენ ავაზაკობისა და ქურდობის გასაქრობად. ერთი ხანობა იმერლებს ბაღებში შესვლაც კი აეკრძალათ; გუბერნატორის განკარგულებით, ოღონდ თბილისში ხელმრუდე არ ილეოდა. ღამის რეიდები იყო მეტად ხშირი და უპასპორტო და უსამსახურო ხალხს ასობით აკავებდნენ. ბუნაგებს რა გამოლევდა. აგურის ქარხნები, სალდათის ბაზრის დუქნები, იმის სარდაფები, შუა ბაზრის იარაღის დუქნები. ნაირგვარი ჯურის უქმად მოარული, სხვადასხვის მომპარავი აქ თავს ბლომად აფარებდა. გოცირიძეს ჯიბგირობისთვის ამოერჩია ბაღი „სანსუსი“, ერთ დროს ერისთავის საკუთრება და მის გვერდითაც „მონპლეზირი“, ერთ დროს გერმანელთა ბაღი. ეს ორი ბაღი სამოციან წლებში გაჩნდა ტფილისში და უმალ გახდა თავშეყრის მთავარი ადგილი. აქ იყო ბუშტების აფრენა, ფეიერვერკი, სხვადასხვა სასულე ორკესტრი ევროპელი დამკვრელებით, სპარსელი საზანდარი აბდულ ბაღი და სხვადასხვა აკრობატები. ტფილისი ამით ერთობოდა. ზემო ქალაქის გემოვნება ასეთი იყო, ქვემო ქალაქი კი ყველაფერს ორთაჭალის ბაღებს ანაცვლებდა. იმათი გართობა იქ იყო.
მიხეილ გულაკაშვილი – მძარცველი, არაერთ მკვლელობაში გარეული. ნამდვილი გვარი ჰქონდა კირაკოზოვი, თუმცა შერჩა გულაკაშვილი. ნაძარცვი მიჰქონდა პეტრე-პავლეს ხევში და იქ დუქანში მალავდა, სადაც სმასა და დროსტარებას მისდევდა. ქალაქშიც ჩნდებოდა, სადაც თამამშევის ქარვასლაში თავის ძმასთან იმალებოდა და ქუჩაში სროლასაც არ ერიდებოდა. ასე 1888 წელს, როცა მეტეხის ციხიდან ერთი წლის გაქცეული ის ნესტორის სამიკიტნოში იყო, ის აკალადჩიკმა ტიმოფეევმა იცნო და იმის ასაყვანად გარადავოები შეყარა. გულაკაშვილმა იგრძნო საფრთხე, ფაეტონში ჩახტა და ცხენები სასტუმრო „ლონდონისაკენ“ გაარეკინა. იქ გარადავოი გუსევმა სცადა მისი დაკავება, მაგრამ გულაკაშვილმა ხანჯლით დაჭრა, სალდათის ბაზრისკენ გაიქცა, თამამშევის ქარვასლაში დაიმალა და იქ ვეღარ იპოვეს. 90-იანი წლების დასაწყისში მის კვალს ბოქაული სვიმონოვი დაადგა და ერთხელაც მას აბანოს კართან, საროსკიპოში შეუსწრეს. გულაკაშვილი ფანჯრიდან გადმოხტა, მაგრამ თავი ქვაფენილს დაარტყა და გაქცევა ვეღარ შეძლო. მიუსაჯეს თორმეტი წელი კატორღა. გზაში გაიყინა და მოკვდა.
ისააკ გურგენაშვილი – 1871 წელს ანანოვის ქარვასლიდან მოიპარა ხალიჩა. ანანოვი თეკლე ბატონიშვილის ქარვასლას ქირაობდა და შიგ ხალიჩები იყიდებოდა. ქარვასლები, ძირითადად, თათრის მეიდნის მიდამოებში გაეხსნათ. ხიდს იქით იყო ზუბალაშვილის ქარვასლა, სადაც ხასავ-იურტიდან მოზიდულ ნაბდებსა და ლეკურ შალს მოსძებნიდი, ერევანსკის მოედანზე იდგა თამამშევის ქარვასლა შიგ ოპერით, ვორონცოვის ქუჩაზე, აბანოების გაყოლებაზე – ხალათოვის ქარვასლა. ზოგიერთს თავისი გამოკვეთილი პროფილი ჰქონდა, ზოგშიც ნებისმიერ საქონელს მონახავდი. ანანოვის ქარვასლის პირდაპირ იყო არწრუნისა და ბებუთოვის ქარვასლები. მათ ახლოშივე – ებრაელთა, ხეროდინოვის ქარვასლა. სიონის ქუჩაზე შემდეგ ხოჯაპარუხოვისა და მაისურაძის ქარვასლაც გაიხსნა და იმას რომ გასცდებოდი, მალევე მანთაშოვისაც გაჩნდა. თათრის მეიდანზე იყო პარუნბეგოვის, ხიდთან – შადინოვის. ქარვასლებს ეხვეოდა ათასი ქურდი, როგორაც თაფლს ბუზი და სხვადასხვა ხერხს დაეძებდნენ იმათ გასაქურდად, ნაპარის იქიდან გამოსატანად, რაკი ქუჩებში ასასები დაიარებოდნენ და ღამით პატრულიც ჩამოივლიდა. ამიტომ იყო ხან მტკვრის ნაპირას მიწაში ნაქურდის ჩაფლვა, ხან ნავით ჩატანა ორთაჭალის კუნძულისაკენ.
სიდონია გურიელი – არალეგალური საროსკიპოს პატრონი. „ტფილისკი კრუჟოკში“ მაშინ წარმოდგენად „გეიშა, ანუ ამბავი ერთი ჩაის სახლისა“ გადიოდა. ეს ნაკლებად რომ გურიელს ნახული ჰქონოდა, მაგრამ ასეთ ყაიდაზე კი გამართა სახლი და მისდევდა იქ აღვირახსნილობას. ბუნაგად გადააქცია, არასრულწლოვნებსაც ამაჭანკლებდა და დედილობდა. მას ერთხელ საშოში რევოლვერი შეუყვანეს და ესროლეს და ამის შემდეგ დაკოჭლდა, ის 1899 წელს დაიჭირეს და ბუნაგი მიუკეტეს.
(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)