№25 აღსარება
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მოთხრობა რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული, რომელიც მეოცე საუკუნის მიწურულს მოხდა. მთავარი გმირების ვინაობა შევცვალეთ და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით...
***
დაბრუნებულ წინამძღოლს მონასტრის ეზოში მორჩილი პეტრე შეეგება, გაუღიმა და ხელზე მთხვევა დააპირა, მაგრამ ახალმოსულმა არ დაანება. თავდახრილს პირჯვარი გადასახა და ჰკითხა:
– რასა იქმთ, ხომ მშვიდობაა მონასტერში?
– დიახ, ღვთის მადლით, მშვიდობაა, წინამძღოლო, – უპასუხა მორჩილმა.
– სიახლე ხომ არაფერია? – დაინტერესდა წინამძღოლი.
– დიახ, მოძღვარო. თქვენ რომ მოსალოცად გაემგზავრეთ, მეორე დღეს მონასტერში ილარიონი მოვიდა და გიკითხათ. თქვა, რომ ბერობა სურს, – თქვა პეტრემ.
– ახლა, ალბათ, დილის ლოცვაზე დგას, – თქვა წინამძღოლმა.
– დიახ, – მიუგო მორჩილმა.
– ლოცვა რომ დასრულდება, ჩემთან მოიყვანე. უნდა გავეცნო, – უთხრა წინამძღოლმა მორჩილს და თავის კელიას მიაშურა.
მამათა მონასტერი რუსეთში, ციმბირის ტაიგაში მდებარეობდა, საიდანაც უახლოეს სოფლამდე ოცი კილომეტრი იყო, უახლოეს სარკინიგზო ბაქნამდე კი – ოცდაორი კილომეტრი. ამ მონასტრის წინამძღოლი 45 წლის მამა თომა იყო. ის ორმოცი დღის განმავლობაში ციმბირის წმიდა ადგილების მოსალოცად იმყოფებოდა და უზარმაზარი ტერიტორია მარტომ ფეხით შემოიარა. წინამძღოლი ეროვნებით ქართველი იყო. ერისკაცობაში – თემურ ახალკაცი. წარმოშობით თბილისელი წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი და შავ სამყაროში მას „ტემკას“ მეტსახელით მოიხსენიებდნენ. თემურ ახალკაცი ერთ-ერთი მსხვილი, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო და მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, „ტემკა“ ძალიან გამოცდილი და ჭკვიანი კრიმინალი იყო. მისი ფაქტზე გამოჭერა არ ხერხდებოდა. ამიტომ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე თემურს სახლში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს და დააპატიმრეს. შემდგომ გაასამართლეს და თხუთმეტი წლით ციმბირში უკრეს თავი. „ტემკა“ მაშინ ოცდაათი წლის იყო და ახალმოყვანილი მეუღლე ფეხმძიმედ ჰყავდა. 25 წლის გოგონამ ისე ძლიერ განიცადა მეუღლის დაპატიმრება, რომ ნერვიულებისგან მუცელი მოეშალა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ეს ამბავი რომ მოხდა, თემური თბილისის „კრიტში“ იჯდა და ეტაპირებას ელოდა. „ტემკა“ შვილის დაკარგვის ამბის შეტყობის მეორე დღეს გაგზავნეს რუსეთში. ციმბირის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან ცოლს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ეწერა: „ხათო, მაპატიე, რომ ასეთი დიდი ტკივილი მოგაყენე. ძალიან მიყვარხარ. გპირდები, რომ ციხიდან მალე გამოვალ და ძველ ცხოვრებას არასოდეს დავუბრუნდები. მუდამ ერთად ვიქნებით, ბევრი შვილი გვეყოლება და ბედნიერად ვიცხოვრებთ. შენი თემური“.
თემურ ახალკაცი ციხიდან ხუთი წლის შემდეგ გამოვიდა. მას მეგობრები დაეხმარნენ. საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო, ფული გადაიხადეს, სასჯელის მუხლი შეაცვლევინეს და „ტემკა“ ციხიდან დაიხსნეს. ექვსი თვით ადრე კი თემურის მეუღლე, ხათუნა – ოცდაათი წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეთექვსმეტე სართულის ბინიდან გადახტა და დაიღუპა. ორგანიზმში მას ძლიერი ფსიქოტროპული წამლების დიდი დოზა აღმოაჩნდა. ბინაში მისულ მილიციას კი მაგიდაზე ფურცელი დახვდა, რომელზეც ეწერა: „თემო, საყვარელო, მივდივარ. მაპატიე. შენი ხათო“.
სამშობლოში დაბრუნებული თემური სულ რაღაც ორმოცი დღე გაჩერდა თბილისში და ცოლს გლოვობდა. შემდგომ თავისი ქონება – ბინა, ავეჯი, ძვირფასი ნივთები ხათუნას უმცროს ძმას – ვახო ცინცაძეს დაუტოვა და რუსეთში გაემგზავრა, რომ ბერად აღკვეცილიყო. „ტემკას“ მიაჩნდა, რომ ხათუნას სიკვდილში, ისევე როგორც შვილის არდაბადებაში, თავად იყო დამნაშავე და ცოდვების გამოსასყიდად ეკლესიური ცხოვრება გადაწყვიტა. ირკუტსკის თვითმფრინავის გაფრენამდე საათ-ნახევრით ადრე თემური კუკიის სასაფლაოზე მივიდა. ხათუნას საფლავზე ატირებული დაემხო და თქვა:
– მაპატიე, საყვარელო. ჩვენი შვილის არდაბადება და შენი დაღუპვა ჩემი ცოდვილი ცხოვრების ბრალია. ღმერთმა არ მაპატია და ღმერთის გზას უნდა შევუდგე, რომ ცოდვები გამოვისყიდო...“
ციმბირის მამათა მონასტერში თემურ ახალკაცი მორჩილად მივიდა. შემდგომ ბერი გახდა. შვიდ წელიწადში კი რამდენიმე იერარქიული კიბე აიარა და ის მონასტრის წინამძღოლად აკურთხეს. უკვე სამი წელი შესრულდა მამა თომას წინამძღოლობიდან. მას ყველა დიდი პატივისცემით ეპყრობოდა და კეთილი სახელით მოიხსენიებდნენ. მამა თომას საწინამძღოლო ნამდვილი რწმენისა და სათნოების კერა იყო. მონასტერში მისული, იქ სულიერ სიმშვიდეს იმკვიდრებდა და საძმოს სრულუფლებიანი წევრი ხდებოდა. თვე არ გაივლიდა, რომ მამათა მონასტერში ბერობის ერთი მსურველი არ მისულიყო. თითოეულ მათგანს მამა თომა პირადად ამზადებდა საბეროდ. ახალმოსულს კელიაში იღებდა და ეცნობოდა. იქვე აბარებინებდა აღსარებას და საკუთარი ცხოვრების ისტორიას აყოლებდა. ამის შემდგომ მორჩილის სტატუსს ანიჭებდა. სანამ საქმე ბერად კურთხევამდე მივიდოდა, მორჩილი მონასტრის საქმიანობაში ერთვებოდა და სხვადასხვა დავალებას ასრულებდა...
ორმოცდღიანი მოგზაურობიდან დაბრუნებული მამა თომა ორი დღის მშიერი იყო. ამის მიუხედავად ის კელიაში დილის ლოცვის დასრულებას ელოდა, რომ ილარიონს გაცნობოდა. მორჩილმა პეტრემ ილარიონი მამა თომას მიუყვანა და თავად უკან გაბრუნდა. მონასტრის წინამძღოლი მაშინვე მიხვდა, რომ მის წინ თავისი თანამემამულე იდგა. თუმცა, მამა თომამ არაფერი შეიმჩნია და ილარიონს რუსულად უთხრა:
– მე მამა თომას მეაძახიან. შენ როგორ მოგმართო?
ილარიონი საკმაოდ გამართულად ლაპარაკობდა რუსულად. მაგრამ ქართული აქცენტით და მან შესაბამისი ლექსიკით მიუგო:
– ერისკაცურად ილია მქვია, მაგრამ აქ ილარიონი შემარქვეს.
– რამდენი წლის ხარ, ილარიონ? – ჰკითხა მამა თომამ.
– ოცდაათის, მამა თომა, – უპასუხა ილარიონმა.
– ილარიონ, მომიყევი შენი ცხოვრების შესახებ. მითხარი, ჩვენთან რატომ მოხვედი. ჩამაბარე აღსარება და მოინანიე ის ყოველივე, რასაც შენ საკუთარ თავს ცოდვად უთვლი, – უთხრა მამა თომამ ილარიონს და მზერა მიაპყრო მას.
ილარიონის თქმით, მონასტერში დაღუპული, ფეხმძიმე ცოლის გამო მოვიდა... ოცდაათი წლის ბერობის მსურველმა თვალებზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა და წინამძღოლს უთხრა: მამა თომა, ერთი რუსის გოგო მიყვარდა და ცოლად მოვიყვანე. ის ურალში, ქალაქ სვერდლოვსკში ცხოვრობდა და თბილისში იქიდან ჩავიყვანე. სვერდლოვსკში სამუშაოდ ვიმყოფებოდი და ლუსია იქ გავიცანი. ჩემი ცოლი ფეხმძიმედ დავტოვე სახლში და სვერდლოვსკში დავბრუნდი, რომ ფული მომეგროვებინა და ცოლის მშობიარობას ღირსეულად შევხვედროდი. სახლში რომ დავბრუნდი, ჩემმა მშობლებმა მითხრეს, შენი ცოლი გაიქცაო. ჩემებს ლუსია არ მოსწონდათ და როგორც შევიტყვე, თურმე უჩხუბიათ და ფეხმძიმე ქალი სახლიდან წასულა. მის საძებნელად ისევ რუსეთში გამოვემგზავრე და შევიტყვე, რომ თურმე, ჩემი ფეხმძიმე ცოლი ღამით ერთ-ერთ სარკინიგზო გადასასვლელზე მატარებელს გაუტანია. როგორც თქვეს, მას მშობიარობის ჟამმა მოუწია და სახლამდე ვერ მივიდა. ლიანდაგზე დავარდა და ასე საშინლად დაიღუპა. თავდაპირველად თბილისში დაბრუნება და ჩემი მშობლების დახოცვა მინდოდა. მაგრამ ცოდვას ცოდვა აღარ დავამატე და რუსეთში დავრჩი. ჩემი ცოლ-შვილი გამოვიგლოვე. შემდგომ კი ამ მონასტერში გამოვემართე, რადგან ბევრი რამ მოვისმინე აქაურობაზე. ცოდვილი ვარ. ღმერთის წინაშე დამნაშავე და უფალმა არ მაპატია ჩემი ცოდვები...
ილარიონის მონაყოლმა მამა თომა სულით ხორცამდე შეძრა, რადგან საკუთარი ისტორია გაახსენა, მაგრამ სცადა, არ შეემჩნია. მღელვარება რომ დაეფარა, ილარიონს უთხრა:
– შვილო ჩემო, რა ცოდვებს გულისხმობდი, როდესაც თქვი, ღმერთმა ჩემი ცოდვები არ მაპატიაო?
ილარიონმა ამოიხვნეშა და განაგრძო:
– ამ ათი წლის წინ ერთ საშინელ დანაშაულს შევესწარი, მაგრამ არ განვაცხადე. ღმერთმა კი ამის გამო დამსაჯა.
– რა დანაშაულს? – იკითხა მამა თომამ.
– ძალიან ცუდი ჩვევა მქონდა – ღამით ავიდოდი ხოლმე ჩემი სახლის სახურავზე და უზარმაზარი დურბინდით ახლომდებარე კორპუსებში ბინებს ვათვალიერებდი. ერთ-ერთ ასეთ დროს დავინახე, თუ როგორ გადმოაგდეს მეთექვსმეტე სართულის ბინიდან ახალგაზრდა ქალი. მეორე დღეს ლაპარაკობდნენ – გოგონა ფანჯრიდან გადმოხტა და თავი მოიკლაო, მაგრამ ეს ტყუილი იყო. მე კი მილიციას სიმართლე არ შევატყობინე და დიდ ცოდვაში ჩავიგდე თავი, რისთვისაც უფლისგან დავისაჯე, – თქვა ილარიონმა.
ილარიონის სიტყვებმა ისე ძლიერად იმოქმედა მამათა მონასტრის წინამძღოლზე, რომ მეტი არაფერი ესმოდა. მის წინ მდგომის საუბარს ვერ აღიქვამდა და გუნებაში იმეორებდა: „ხათუნა, ჩემო ხათო, ჩემი სიყვარული მოკლეს, ფანჯრიდან გადმოაგდეს...“
ილარიონმა კიდევ ნახევარი საათი ილაპარაკა, მაგრამ მამა თომას ერთი სიტყვაც არ გაუგია. მონასტრის წინამძღოლი კი მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როდესაც ილარიონმა თქვა, – აი, სულ ესააო და ლაპარაკი დაასრულა.
წინამძღოლმა ილარიონს თავი დაუქნია და უთხრა:
– გასაგებია, შვილო ჩემო. ღმერთმა მოგიტევოს ცოდვები და გაკურთხოს. მონასტერში მორჩილებაში იქნები და მორჩილ პეტრეს შეუწყვილდები. ის გეტყვის, როგორც უნდა მოიქცე. იმედია, რომ ჩემს დაბრუნებამდე კიდევ უფრო შეეჩვევი აქაურ ყოფას. ახლა კი წადი და ღმერთი გფარავდეს!
ორმოცდღიანი მოგზაურობიდან დაბრუნებული მამა თომა არსად აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ ილარიონის მონათხრობმა მისი გეგმები შეცვალა. კელიაში უხუცესი ბერი ანდრია იხმო და უთხრა:
– ხვალ დილით, უთენია სალოსებთან ერთად მოსალოცად მივემგზავრები და როდის დავბრუნდები, არ ვიცი. ამიტომ მონასტრის წინამძღოლის მოვალეობას გააგრძელებ და ვიცი, ღირსეულად გაართმევ თავს. ახლა კი წადი და საქმეს მიხედე. გამგზავრებამდე მდუმარე ლოცვებში უნდა ვიყო და ვერავის მივიღებ. ყველა საკითხი შენ გადაწყვიტე.
უხუცესი ბერი რომ წავიდა, მამა თომამ კედლის ერთ-ერთი ნიშიდან ნახევარლიტრიანი არყით სავსე ბოთლი გამოიღო, მოიყუდა და ნახევრამდე ჩაცალა. შემდეგ მრისხანე სახით ჩაილაპარაკა:
– თქვენ სისხლს დავლევ ჩემი ხათოს მკვლელობისთვის, თქვე შაკლებო...
ამ სიტყვების შემდეგ მამა თომას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ისევ თემურ ახალკაცი, მეტსახელად „ტემკა“ გახდა.
***
მამათა მონასტრიდან წამოსული თემურ ახალკაცი თბილისში მიემგზავრებოდა, რომ ხათუნას მკვლელები მოეძებნა და დაესაჯა. მანამდე კი „თემკამ“ ერთ პატარა ციმბირულ დაბაში შეიარა და ზონაში გაცნობილ ავტორიტეტს ესტუმრა. მას ვიტალი ლოსევი ერქვა და მეტსახელად „ლოსს“ ეძახდნენ. ვიტალი, წესით, გარეთ უნდა ყოფილიყო. „ტემკას“ მასთან რეგალიებისა და სამოსის დატოვება უნდოდა. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობა და სამშობლოში ამგვარად დაბრუნება. როდესაც თემური „ლოსის“ კარმიდამოს მიადგა, ეზოში ოციოდე წლის ყმაწვილი დაინახა. ის ძალიან ჰგავდა „ლოსს“. შეშას ჩეხავდა და თემურმა გაიფიქრა, – ალბათ, ვიტალის ვაჟიაო. ბიჭმა რომ ეზოსთან მომდგარ მამაოს მოჰკრა თვალი, შეშის ჩეხვას თავი დაანება, ჭიშკართან მივიდა და „ტემკა“ შეიპატიჟა:
– მობრძანდით, მამაო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
– ვიტალი ლოსევი აქ ცხოვრობს? – იკითხა თემურმა.
– მამა შარშან გარდაიცვალა, – ნაღვლიანად უთხრა ბიჭმა და დააყოლა, – თქვენ მამა თომა ხომ არ ხართ?
– კი. მამა თომა ვარ. საიდან მიცნობ? – იკითხა თემურმა.
– მამა ხშირად გახსენებდათ. ასე ამბობდა, – ზონაში გაცნობილი ძმაკაცი მყავს, მამა თომა ჰქვია და უნდა მოვინახულოო. სულ აპირებდა თქვენთან ჩამოსვლას, მაგრამ ხან რა უშლიდა ხელს და ხან რა. ბოლოს კი ლოგინად ჩავარდა და სიარულიც აღარ შეეძლო, მაგრამ თქვენთან ჩამოსვლის სურვილი მაინც ჰქონდა. რომ კვდებოდა, მითხრა, – აუცილებლად მოვა აქ და იცოდე, პატივი ეციო... შემობრძანდით, მამა თომა, სახლში მობრძანდით, – შეიპატიჟა ყმაწვილმა თემური. ჭიშკარი გააღო და ხელით ანიშნა – შემობრძანდითო.
თემური ციმბირული ქოხისკენ გაემართა, თან ბიჭს გამოელაპარაკა:
– რა გქვია?
– ვიტალი – როგორც მამაჩემს, მამაო, – მიუგო ბიჭმა.
– რამდენი წლის ხარ?
– ოცდაერთის.
– დიასახლისი სახლშია?
– არა. დედა ირკუტსკში გაემგზავრა დასთან. დეიდა ლენა საავადმყოფოში წევს და უნდა მოინახულოს.
– დედისერთა ხარ?
– დიახ.
– რას საქმიანობ?
– საქონელი მინდა მოვამრავლო და ფერმერი გავხდე. ჯარში რომ ვმსახურობდი, იქვე ფერმა მდებარეობდა და ბევრი რამე ვისწავლე იქ.
– ძალიან კარგია, – თქვა თემურმა და ქოხში შევიდა.
– იქ დაბრძანდით, მამაო, – ბიჭმა სკამი დაუდგა თემურს და დაამატა, – მოშიებული იქნებით და სუფრას გავაწყობ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში