№25 განგაში პილოტის კაბინაში
სტელერი რობერტსი
„ბოინგ 727-ის“ პილოტების კაბინაში ნათურამ ციმციმი დაიწყო და გაისმა სტიუარდესას ხმა:
– კაპიტანო, კლარისა ვარ. პრობლემები გვაქვს. ვიღაც მამაკაცმა სარა ტუალეტში შეათრია და ჩაიკეტა. რა ვიღონო? დანარჩენი მგზავრები ჯერ ვერაფერს ხვდებიან. ვიღაც ტიპი ადგა და ტუალეტისკენ წავიდა. ბუნებრივია, მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ტუალეტამდე რომ მივიდა, პისტოლეტი ამოიღო, სარას მიაბჯინა და მასთან ერთად ტუალეტში შესვლა აიძულა. როგორ მოვიქცე?
– არაფერი გააკეთო! – სწრაფად უპასუხა კაპიტანმა, – რადგან ტერორისტმა სარას ლაპარაკი არ აუკრძალა, ეს იმას ნიშნავს, რომ აპირებს, მოლაპარაკებები მისი მეშვეობით აწარმოოს. ჩვენგან შენ ელაპარაკე. მე ახალ ორლეანს დავუკავშირდები და ინსტრუქციებს მოვითხოვ.
– გამტაცებელი თვითმფრინავის მობრუნებას და ჯეკსონვილში საწვავის შესავსებად დაჯდომას ითხოვს.
– გაარკვიეთ, ვინ არის?
– მგზავრთა სიაში ჩაწერილია, როგორც ჩარლზ ვაგნერი.
ახალი ორლეანი სწრაფად გამოვიდა კავშირზე. კაპიტანმა ყველაფერი აუხსნა. იმათაც კურსის შეცვლის უფლება მისცეს. სწორედ ამ დროს მიკროფონში კლარისას ხმა გაისმა:
– გამტაცებელი მგზავრების სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვს. იმუქრება, თუ მილიონის მეოთხედს არ მიიღებს, ჯერ სარას მოკლავს, შემდეგ თვითმფრინავს ააფეთქებს.
კაპიტანი ჯექსონვილს დაუკავშირდა:
– გესმით ჩემი? ტერორისტი გამოსასყიდს ითხოვს.
– ყველაფერი გვესმოდა. ფულის გარდა არაფერი უნდა?
– ერთი წუთით, – კაპიტანმა მეორე მიკროფონი აიღო.
– კლარისა, მხოლოდ ფული უნდა? მეტს არაფერს ითხოვს?
– ბევრი მოთხოვნა აქვს, სერ... ამ ტიპმა, ალბათ, ყველაფერი ბოლომდე გათვალა. უნდა, რომ ფული წვრილი კუპიურებით იყოს და პატარა ჩემოდანში იდოს. თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკის ბოლოში უნდა დაჯდეს, რაც შეიძლება შორს აეროპორტის შენობიდან. გვპირდება, რომ მგზავრებს გაუშვებს. ამბობს, როდესაც ისინი ჩავლენ, ტუალეტიდან გამოვა. ორი ადამიანი ტრაპზე უნდა ამოვიდეს და ჩემოდანი სალონში შემოაგდონ, თუმცა არავითარ შემთხვევაში შიგნით არ უნდა შემოვიდნენ და კიდევ... მას ორი პარაშუტი სჭირდება, სპორტული და სამხედრო.
– ყველაფერი გესმოდათ? – ჰკითხა კაპიტანმა ჯექსონვილს.
– დიახ, – უპასუხეს ჯექსონვილიდან, – შევამოწმებთ, ჩარლზ ვაგნერი ამერიკის საპარაშუტო ასოციაციაში ხომ არ ირიცხება. კიდევ არის რამე, კაპიტანო?
– ასაფრენი ბილიკი გამითავისუფლეთ. ფულზე რას იზამთ?
– ნუ ინერვიულებთ. ყველაფერს გავამზადებთ. ეჭვი მეპარება, რომ მათი დახარჯვა მოასწროს, მაგრამ მიიღებს. პარაშუტებსაც მივცემთ.
როგორც იქნა განათებული ჯექსონვილი გამოჩნდა. კაპიტანმა სალონთან დამაკავშირებელი მიკროფონი ჩართო და მშვიდად წარმოთქვა:
– ბატონებო და ქალბატონებო, ეს ისევ თქვენი კაპიტანია. ცუდი ამინდის გამო, იძულებულები ვართ, თვითმფრინავი ჯექსონვილში დავსვათ. ავტობუსი უკვე აეროპორტში გელოდებათ. ეკიპაჟი და ავიაკომპანია ბოდიშს გიხდით მომხდარის გამო.
უკმაყოფილო მგზავრები თვითმფრინავიდან ავტობუსით აეროპორტის შენობაში წაიყვანეს. „ბოინგში“ საწვავის ჩატვირთვა დაიწყო. მეორე მხრიდან ტრაპს პატარა ფურგონი მოადგა. იქიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა. ერთს პატარა პარაშუტი და ჩემოდანი მოჰქონდა, მეორეს – უფრო დიდი პარაშუტი. ისინი ტრაპზე ავიდნენ და ისე, რომ თვითმფრინავში არ შესულან, ჩემოდანი და პარაშუტები იატაკზე დააწყვეს.
მათი წასვლის შემდეგ კლარისამ კაპიტანს აცნობა:
– კაპიტანო, მას მაიამიში გაფრენა სურს. სიჩქარე მინიმალური უნდა იყოს, არა უმეტეს ორი კვანძისა საათში, ხოლო სიმაღლე – ორი ათასი ფუტი და კიდევ – უკანა კარის გაღება მოითხოვა...
საუბარში აეროპროტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ჩაერთნენ.
– კაპიტანო, თვითმფრინავიდან გადახტომას შეძლებს? – იკითხა ვიღაცამ.
– კი, თუ უკანა კარს გამოიყენებს, – უპასუხა ლიტლჯონმა.
– ღია კარით ფრენა სახიფათო არაა? ჰერმეტიზაცია არ დაირღვევა?
– ორი ათას ფუტზე არ დაირღვევა. ამასთან ფლორიდა მაგიდასავით ბრტყელია. უკანა კარიც რომ დავკეტოთ, ავარიული გასასვლელით ისარგებლებს. რა ვქნათ?
– თქვენ გაქვთ რაიმე იდეა?
– მოდი, ვცადოთ და ოკეანის თავზე ვიფრინოთ, – ჩაფიქრდა კაპიტანი, – ეჭვი მეპარება წყალში გადახტომა გარისკოს. თქვენ კი გექნებათ დრო, რამდენიმე თვითმფრინავი ააფრინოთ და დაგვეწიოთ. ვიდრე ჩვენს ჩანაფიქრს მიხვდება, რამდენიმე წუთს მოვიგებთ.
– თუ გადახტება, ღამე მას ვეღარ იპოვით.
– ცდა ბედის მონახევრეა, – მხრები აიჩეჩა კაპიტანმა – სხვა გამოსავალი მაინც არ გვაქვს.
„ბოინგი“ ასაფრენ ზოლზე გაქანდა და ერთი წუთის შემდეგ მიწას მოსწყდა. ლიტლჯონი მოტრიალდა, ნაპირს ერთი მილით დაშორდა და კურსი სამხრეთისკენ აიღო. ამ დროს კლარისამ აცნობა, რომ გამტაცებელი გამოსვლას აპირებდა.
– კლარისა, – უთხრა კაპიტანმა, – მინდა, რომ დაჯდე და ღვედი შეიკრა. როდესაც სარას გაუშვებს, მანაც იგივე გააკეთოს.
– გასაგებია, კაპიტანო. დავჯექი და ღვედიც შევიკარი... – ქალიშვილს ხმა აუკანკალდა, – ისინი გამოვიდნენ. სარას სახეზე ფერი არ აქვს. სერ, მან დაინახა, რომ ოკეანის თავზე მივფრინავთ. მოითხოვს, სასწრაფოდ ნაპირისკენ გავფრინდეთ. ჩვენ ან ნაპირისკენ ვბრუნდებით, ან იგი ჯერ სარას მოკლავს, მერე კი – მე. მგონი არ ხუმრობს.
– მობრუნდით! – ბრძანება გასცეს ჯექსონვილიდან, – ახლა შეიძლება. ჩვენ უკვე თვალს გადევნებთ.
ლიტლჯონმა თვითმფრინავი ნელა მოაბრუნა. რამდენიმე წამში ისინი უკვე ხმელეთის თავზე იყვნენ. კაპიტანმა კლარისას სთხოვა თავად გამტაცებელი დალაპარაკებოდა.
– კაპიტანო, – უპასუხა კლარისამ, – თქვენთან საუბარზე უარს ამბობს. ითხოვს, ოკალუში გავფრინდეთ. შემდეგ კი – სამხრეთისკენ ნეიპლსისკენ. სიმაღლე და სიჩქარე იგივე უნდა დარჩეს. ნეიპლსთან ის დატოვებს თვითმფრინავს და თქვენ უკვე შეგეძლებათ კაბინიდან გამოსვლა.
საუბარში უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჩაერთო:
– გააკეთეთ, რასაც ითხოვს. ნუ გარისკავთ. თქვენ გამანადგურებლები მოგყვებიან. თქვენს გზაზე არსებული ყველა ქალაქისა და დასახლებული პუნქტის პოლიცია გავაფრთხილეთ. ასე რომ, შორს ვერ წავა.
– კაპიტანო, – წამოიძახა კლარისამ, – მას უნდა, რომ ჩვენ თქვენს კაბინაში შემოვიდეთ. ჩვენი თანდასწრებით გადახტომაზე უარს ამბობს. ცოტა ხანში კაბინაში შეშინებული გოგონები შეიყუჟნენ. სარა შიშისგან ფეხზე ძლივს იდგა. მალე ნეიპლსს მიუახლოვდნენ. ყველამ დაბლა ჩაიხედა. შემდეგ ლიტლჯონმა თანაშემწეს სალონის შემოწმება და უკანა კარის დახურვა სთხოვა. თანაშემწე რომ დაბრუნდა, მოახსენა, სალონში აღარავინააო.
– ნუ ინერვიულებთ, მაინც ვერსად გაგვექცევა, – დააწყნარა ისინი უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, – შტატში განგაშია გამოცხადებული. კაპიტანო, შეგიძლიათ, მაიამიში გაფრინდეთ. კეთილ მგზავრობას გისურვებთ! – ლიტლჯონმა მადლობა გადაუხადა, გადამცემი გამორთო და ავტოპილოტი ჩართო. შემდეგ იქვე მდგარ ჩემოდანში ხელი ჩაყო და ხმადაბლა წარმოთქვა:
– 50 ათასი თითოს. ცუდად არ ვიმუშავეთ. არა გოგოებო?
– მე მეტი მეკუთვნის, ტუალეტში ხუთი საათი გვამთან ერთად გავატარე, – გააპროტესტა სარამ.
– მე კი მისი მოკვლა და გადაგდება მომიხდა, – ამოიოხრა კლარისამ, – ჩარლზ ვაგნერი, აი, ვის არ გაუმართლა, ის ახლა ოკეანის ტალღებში განისვენებს. თვითმფრინავის გამტაცებლის იარლიყით.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ