№25 რაში დაგვეხმარება ალუბალი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ვიტამინებით მდიდარი ალუბალი საუკეთესო საშუალებაა ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის სამკურნალოდ, ეფექტურია სასუნთქი სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადებებისას, როგორც ამოსახველებელი საშუალება. მასში შემავალი ვიტამინები აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს. C ვიტამინი იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და ვირუსული დაავადებებისაგან, ამაგრებს გულის კუნთს და სისხლძარღვების კედლებს. ფოლიუმმჟავა და რკინა კი აწესრიგებს სისხლის შემადგენლობას. ალუბლის წვენს აქვს მატონიზებელი და მსუბუქი შარდმდენი თვისება, სიმსუქნისა და ათეროსკლეროზის დროს მისი მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ალუბლის წვენი რეკომენდებულია კოლიტის, ყაბზობის, ბუასილისა და პოდაგრის დროს, შველის უმადობას. ალუბალი აუმჯობესებს მადას და მნიშვნელოვან დიეტურ პროდუქტად მიიჩნევა. რკინის მნიშვნელოვანი შემცველობის გამო ალუბლის ნაყოფსა და მისგან დამზადებულ პროდუქტებს სისხლნაკლულობის დროს ურჩევენ.
ხალხურ მედიცინაში ალუბლის წვენს უნიშნავენ, როგორც ამოსახველებელს, ბრონქიტის, ტრაქეიტის, ძლიერი ხველის დროს, აგრეთვე, როგორც ნაზ საფაღარათოს, ქრონიკული შეკრულობის დროს. ნაყოფის რბილობს და წვენს ანტისეპტიკური მოქმედება აქვს. ალუბლის რძიანი ნაყენი ართრიტების სამკურნალოდ გამოიყენება, ხოლო წყლიანი ნაყენი რეკომენდებულია, გამახალისებელ და სიცხის დამწევ საშუალებად გაციების დროს.
წყლიანი ნაყენი დამაწყნარებელი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებაა. ალუბლის ნაყოფის ნახარშს აქვს ძლიერი შარდმდენი თვისება, ამიტომ იხმარება თირკმელების დაავადების, თირკმელური წარმოშობის ჰიპერტონიის, პადაგრის დროს. ალუბლის წვენი მიჩნეულია კარგ საშუალებად ნახველის ამოსაღებად, სასუნთქი გზების ანთებითი დაავადების დროს.
ალუბლის ნაყოფის ყუნწები, გამოიყენება როგორც ძლიერი შარდმდენი, მისი მიღება მიზანშეწონილია ჰიპერტონიული დაავადებების დროსაც. ალუბლის ნორჩი ტოტების ნახარშს კი, როგორც შემკვრელს, კოლიტის შემთხვევაში სვამენ, სხვა საშუალებებთან კომპლექსში კი ნაწლავების დაავადების დროს გამოიყენება.
ყვავილებისგან გამოხდილი წყლით კარგია გაღიზიანებული თვალების ამობანა. ალუბლის წვენი აქვეითებს სისხლში მჟავიანობას. რეკომენდებულია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის. ეხმარება წონის კლებასაც. ალუბლის ყუნწების ნახარში სასარგებლოა კრიტიკულ დღეებში, სისხლდენისა და სახსრების ტკივილის დროს. ალუბალში შემავალი კუმარინი ხელს უშლის სისხლის შესქელებას, ათეროსკლეროზის განვითარებას. სასარგებლოა ანემიის დროს. ალუბალს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აქვს: მას ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობის, ოსტეოართრიტის, პროფილაქტიკა შეუძლია. ალუბლის რეგულარული გამოყენება ხელს უშლის მის განვითარებას. ართრიტის ეს სახეობა ხელებს, ფეხებს, განსაკუთრებით – მუხლებსა და ხერხემალს აზიანებს. ალუბლის მჟავე ჯიშების წყალობით მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ უფრო სწრაფად აღდგება კუნთები. რაც უფრო მუქი ფერისაა ალუბალი, მით უფრო სასარგებლოა. სამკურნალო ეფექტი განპირობებულია პიგმენტით, რომელიც ხილს წითელ ფერს აძლევს. არ არის აუცილებელი ალუბლის შემოსვლის სეზონს დაველოდოთ, გამოდგება მისი მურაბა, კომპოტი და ჯემიც კი.