კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ არ ათამაშებდნენ ბორის წიფურიას დიდხანს კინოში და როგორ მოამზადა მან სიკვდილამდე თავისი სახლ-მუზეუმი

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი იყო სოხუმის თეატრის მსახიობი, შემდეგ – რუსთაველის თეატრის; თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი, ტელეშოუ „ფორტუნის“ წამყვანი. კინოში კარგა ხანს არ მიღებდნენ, – ამბობს თავის წიგნში, – ყველა როლისთის ან ძალიან ახალგაზრდა ვიყავი ან – ასაკოვანიო. მისი კინოდებიუტი  რეჟისორ ქავთარაძის ფილმში – „თამაში უყაიმოდ“ შედგა. მსახიობს განსაკუთრებით დიდი წარმატება მოუტანა შემდეგმა როლებმა: ხუტა ოდიშარია „შერეკილებში“,  მეწისქვილე – „დათა თუთაშხიაში“ და სელიმი – „მიზანში“. იგი დაჯილდოებული გახლდათ ღირსების ორდენით. მიღებული აქვს  რესპუბლიკური კინოფესტივალის პრიზი კომედიური როლების საუკეთესო შესრულებისათვის და ეს მსახიობი ბორის წიფურიაა. მის დღიურები ბევრი სიანტერესო ცხოვრებისეული ეპიზოდით არის სავსე, რომლის ნაწილსაც დღეს წარმოგიდგენთ.    
                    ***
„თუ გახსოვთ ფილმი „ზოგი ჭირი მარგებელია“, ისიც გემახსოვრებათ, რომ ჩემს მსუნაგ, მექალთანე გმირს, სოფლის ქალები ჭინჭრით დასუსხავენ. ამ სცენარში სულ ორი პროფესიონალი მსახიობია, ან კი რამდენ არტისტს წაიყვან მთის სოფელში გადაღებაზე? მაგრამ მასობრივ სცენებში პერსონაჟებს შესანიშნავად განასახიერებენ მათივე პროტოტიპები – ადგილობრივი მაცხოვრებლები. ვემზადებით გადაღებისთვის. პავლე ჩარკვიანმა – ფილმის რეჟისორმა, სწორედ ამ უკანასკნელთ სთხოვა, მოამზადეთ „ჭინჭარიო“. მე კი ამ დროს, ჩემთვის გრიმს ვიკეთებ. დაიწყო გადაღება. დამიჭირეს ქალებმა ნახევრად შიშველი. უნდა „მომაჭრან ის საოხრე“. ამ დროს სცენარის თანახმად ერთ-ერთი იძახის: „ჭინჭარი, ჭინჭარიო“ და... მართლაც დამცხეს და დამცხეს ჭინჭარი. ვაფრთხილებ, ვყვირივარ, მთელი გულით ვევედრები ქალებს, არ გინდათ, არ გინდათ-მეთქი... მხოლოდ პირველი დუბლის შემდეგ მიხვდნენ გადამღები ჯგუფის წევრები, რაც მომხდარიყო. შემდეგი ორი დუბლი ნამდვილი ჭინჭრის ნაცვლად რაღაც მსგავსი მცენარის მეშვეობით გადავიღეთ, მაგრამ რა?.. იმ ჭინჭრის სუსხი ახლაც მახსოვს.
                    ***
ერთხელ, შინ რომ არ ვიყავი, დენი გამომირთეს. საღამოს მეზობელმა მითხრა, ხვალ დილით „შუქის კაცი“ მოვა და შინ დახვდიო. დავხვდი და პირდაპირ შეტევაზე გადავედი, რატომ გადამიჭერი სინათლე-მეთქი. დავალიანება გაქვსო. ავუხსენი, გადაღებაზე ვიყავი დიდი ხნით, ოღონდ ახლა ჩამირთე და დღესვე გადავიხდი-მეთქი. თვალით ამათვალიერა: ვინა ხარ, რაში გიღებენო. მსახიობი ვარ-მეთქი. ცოტა ხანს კიდევ მიყურა, მერე ოთახებს მოავლო თვალი და „უნდობლობა გამომიცხადა“: ტყუილს ამბობ. შენ მსახიობი არა ხარ. მე ვყოფილვარ მსახიობების სახლებში და მინახავს, კედლებზე სულ თავიანთი სურათები აქვთ გამოფენილი სხვადასხვა როლებშიო. იმავე საღამოს ამოვქექე უჯრებიდან აფიშები, სურათები, სიგელები. ფოტოები ჩარჩოში ჩავსვი, წითელი ლენტი გავაბი, მოსაწვევი ბარათებიც დავამზადე. ჩემს მეგობრებს – შოთა გაბელაიას და კიდევ რამდენიმე კაცს ჩამოვურიგე: ხვალ ჩემი სახლ-მუზეუმის გახსნაა და მობრძანდით-მეთქი...
                    ***
ბუხუტი ზაქარიაძე, როგორც ყველა დიდი მსახიობი, გულუბრყვილო და კეთილი კაცი გახლავთ. ბუხუტი და მე ერთად ვთამაშობდით სპექტაკლში „კიკვიძე“.
კიკვიძის როლში ხან კოტე მახარაძე იყო, ხან – ედიშერ მაღალაშვილი. მე ვიყავი მათი თანამებრძოლი ხომენკო, ხოლო ბუხუტი ზაქარიაძე – ასეთივე თანამებრძოლის, დუდნიკოვის მამა. სცენაზე შემოდიოდა რკინიგზა, რომლის  ბოლოშიც იყო მაღალი მისადგომი. ფინალი ასეთი გახლდათ: გამარჯვებული მებრძოლები შემოვრბივართ სცენაზე, ამ დროს ბრმა ტყვია ხვდება კიკვიძეს და კვდება. სიკვდილის წინ აქვს პატარა მონოლოგი: „წადი ქუთაისში, ნახე დედაჩემი, ორი დედა გეყოლება, ბიჭო...“ ჩვენ მონუსხულები ვდგავართ ჩვენი მეთაურის გარშემო. გაისმის სპექტაკლის ბოლო ფრაზა: გრიშუტკა ჩაჰბერავს, საყვირის ხმას უერთდება ორკესტრის ომახიანი ჰანგები და ამ დროს ლიწინლიწინით ეშვება ზემოდან საბჭოთა კავშირის წითელი დროშა, იფარება სცენა, პარალელურად იხურება და ჩვენ ვდგავართ გაუნძრევლად. მერე, რომ იტყვიან, „პაკლონი“ და ასე პათეტიკურად მთავრდება სპექტაკლი. ერთ-ერთ წარმოდგენაზე ამ გრიალში უცებ გავიგონე რაღაც ყრუ დარტყმის ხმა, მერე უკნიდან მომესმა ბუხუტის გინება: „შერმაზანოვ!..“ (შერმაზანოვი სცენის მემანქანე იყო) რაში ყოფილა საქმე: ფინალში ბუხუტი ასულა მისადგომზე, აქაოდა, კარგად გამოვჩნდეო. შერმაზანოვმა ეს არ იცოდა? დაუშვა დროშა ჩვეულებრივად და შტანგეტი, რომელზედაც დროშა ეკიდა, მოხვდა მხრებზე ბუხუტის. სტკენია და ამიტომ იგინება. მე, რა თქმა უნდა, ვამშვიდებ და ვეუბნები: „ბუხუტი, არ გინდა ახლა აყალმაყალი. აი, მეორეჯერაც თუ მოხდა ასე, მაშინ ავტეხოთ შარი, მივცეთ მსვლელობა, როგორც სამუშაოს შესრულების დროს მიღებულ ტრავმას და შეიძლება, მუდმივი პენსიაც დაგინიშნოს სახელმწიფომ.“ ეს ისე, დასაწყნარებლად და შერმაზანოვის გადასარჩენად ვუთხარი. ბუხუტი ცოტა მოლბა, მაგრამ მაინც ეჭვობს. მატყუებ, შე მაიმუნო. როგორ თუ გატყუებ?! ნადირექტორალი კაცი ვარ, კანონები სულ ზეპირად ვიცი-მეთქი. მეგონა, ამით დამთავრდა ეს ისტორია. არ
მახსოვს, ამ შემთხვევის შემდეგ მერამდენე წარმოდგენა მიმდინარეობს. ისევ, ფინალი, ისევ გრიშუტკას საყვირის ხმა, ეშვება ზევიდან დროშა, უცებ – ყრუ დარტყმა, მერე რაღაც ბრაგვანი და კვნესა: „ვაიმე, დედა!..“ ფარდა იხურება. ტაში. ფარდა ისევ იხსნება. თავს ვუკრავთ მაყურებელს. ავიხედე ზევით და – ბუხუტი არ დგას. მოვიხედე უკან: ვხედავ, ლიანდაგებზე ბუხუტი წევს გულაღმა გაშხლართული. მივესიეთ ყველა. არ ინძრევა. თვალები აქვს გადაბრუნებული. გულში ვფიქრობ, მალადეც, ბუხუტი, რა კარგად თამაშობს ტრავმას-მეთქი. ავწიეთ ყველამ და გავიყვანეთ განზე, დავასვენეთ მსახიობთა ფოიეში მაგიდაზე.. ზოგი წყალს აპკურებს, ზოგი ყურებს უსრისავს, ზოგი რას აკეთებს და ზოგიც – რას... ბუხუტი გონზე ვერ მოდის. ცოტა სლოკინიც დაიწყო და, თითქოს, გულიც ერევა. მე კი ვფიქრობ, ყოჩაღ ბუხუტი, დაირტყა პენსია-მეთქი. ედიშერ მაღალაშვილი ყვირის: „ჩქარა, სასწრაფოს გამოუძახეთ, რამ გამოგაშტერათ?!“ მე ვფიქრობ: „სასწრაფო რომ მოვიდეს, ვაითუ ბუხუტი „გაიყიდოს“ და ჩანაფიქრი ჩაგვეშალოს?“ ამიტომ ვიძახი: „არ უნდა სასწრაფო, არ უნდა სასწრაფო, არ უნდა, ჯობია, სახლში წავიყვანოთ!“ ამ დროს ისმის ბუხუტის ხმა: „მინდა, მინდა!..“ დარეკეს სასწრაფოში. ათ წუთში მოვიდნენ, თქვეს, ძალიან ცუდად არისო. ოჯახმა საავადმყოფოზე უარი თქვა და ბუხუტი სახლში გადაიყვანეს. მე დამნაშავესავით გავცილდი იქაურობას. არ ვიცი, რა ვქნა. გაგიჟებული ვარ, თურმე, ეს შტანგეტი კაცს პირდაპირ თავში მოხვედრია. წავედი ეროსისთან და მოვუყევი ჩემი ცოდვები. ეროსიმ დამამშვიდა, ეს წუთია, ველაპარაკე ოჯახს და არა უშავს, უკეთ არისო. გავიდა ოთხი, ხუთი დღე. გაუბედავად ვრეკავ ბუხუტისთან, ტელეფონთან მეუღლე, ქალბატონი მერი მოვიდა:
– ქალბატონო მერი! მაპატიეთ, ამდენ ხანს რომ ვერ ვინახულე ბატონი ბუხუტი. გადაღებები მქონდა და...
– არ არის საჭირო, თქვენი ჭირიმე, ნუ, შეწუხდებით...
– რატომ ქალბატონო მერი, რატომ კი მაგრამ? – ვეკითხები მორჩილად.
– არ ვიცი, რატომ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მთელი ერთი კვირაა, ბუხუტი შენ და დედაშენს გახსნებთ – ქალბატონი მერი ღვთისნიერი ქალი იყო და მთელი სიზუსტით ვერ გადმომცა ბუხუტის სიტყვები. გავიდა ერთი კვირა. ვდგავართ რუსთაველის თეატრის წინ მე, ეროსი, ვანიჩკა და კიდევ ერთი-ორი კაცი. გავიხედეთ და – დინჯად მოდის ბუხუტი. მე, რა თქმა უნდა, სიხარულით მივეგებე წინ და მივესალმე: „გამარჯობათ, ბატონო ბუხუტი!.. გაწვდილი ხელი ჰაერში გამიშეშდა. ჩამიარა და ჩამილაპარაკა: „არ არის საჭირო“ და თეატრში შევიდა. ჩვენ ფეხი არ მოგვიცვლია მის გამოსვლამდე. მერე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, სასტუმრო „თბილისში“ ჩვენს ძმაკაც მებუფეტე „არარატასთან“ ნისიად კარგად ვიქეიფეთ.“



скачать dle 11.3