კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები უცხოელი ტურისტების ჩანაცვლებას და რატომ იკავებს საქართველო ტურისტებისადმი კეთილგანწყობით ადგილს პირველ ხუთეულში, რუსეთი კი 104-ეს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გვაცნობა, რომ წელს საქართველოს მოქალაქეებს მოგზაურობისა და დასვენების ჟინის საქართველოში მოკვლა მოუწევთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა „მწვანე დერეფნადაა“ გამოცხადებული და, უდიდესი ალბათობით,  მიიღებს ტურისტებს (მთლად ცვენაც არ იქნება, მაგრამ არც მთლად უტურისტოდ დავრჩებით), შემოსავლები მაინც დაიკლებს. მეორე მხრივ, მაშინაც კი, თუ საქართველოს მოქალაქეები შესაშურ მოქალაქეობრივ თვითშეგნებას გამოამჟღავნებენ და საქართველოში დახარჯავენ მოგზაურობისა და დასვენებისთვის გამოყოფილ თანხას, ის თანხაც, ადრე თუ გვიან, დასრულდება, თუ ეკონომიკა არ გაცოცხლდა, რასაც ჩაკეტილი საზღვრების პირობებში ჯერჯერობით პირი არ უჩანს. ეკონომისტი იოსებ არჩვაძე გაგვიზიარებს მოსაზრებას შიდა ტურიზმისა და გარე ტურიზმის არცთუ საიმედო ან საიმედო პერსპექტივაზე.
– შეძლებს თუ არა შიდა ტურიზმი გარე ტურიზმის შემოსავლების ჩანაცვლებას და ჩაკეტილ სივრცეში განვითარდება თუ არა ჩვენნაირი ქვეყნების ეკონომიკა? ფული თუ გამოელევა, ვერც შიგნით იმოგზაურებს და ვერც გარეთ.
– კორონავირუსის პანდემიამ თითქოს ეჭვქვეშ დააყენა გლობალიზაცია და ბევრმა წერტილიც კი დაუსვა ამ პროცესს, რეალურად კი, გლობალიზაცია იცვლის ფორმებს და ის, რომ სახელმწიფოები თავისუფლდებიან ზედმეტი ინსტიტუციური თუ საერთაშორისო ვალდებულებებისგან, ჩვეულებრივი პროცესია და, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ უბრუნდება განვითარების მიღწეულ დონეს. ანუ ზედმეტად ვიყავით ჩართულები გლობალიზაციის პროცესში და მსოფლიო ახლა ბუნებრიობას უბრუნდება. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა თვითუზრუნველყოფის შედარებით მაღალი დონის მიღწევა. იგულისხმება როგორც ეკონომიკაში – ადგილობრივი, შიდა წარმოების წილის გაზრდა, ნაკლები დამოკიდებულება სხვა სახელმწიფოებზე, საგარეო ვაჭრობის ფაქტორის შემცირება, ისე მომსახურებაში.
– თუ მე მართებულად გავიგე, თავისუფალი ბაზრის, ვაჭრობის პრინციპიც ეჭვქვეშ დადგა. მაგალითად, ჩვენ არ გვქონდა უფლება, რომ გადასახადები დაგვეწესებინა იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის, რაც ნიშნავს, რომ თურქული პომიდორი ყოველთვის უფრო იაფი ეღირებოდა, რადგან ჩვენ ვერასდროს დავეწევით თურქეთის წარმოების მასშტაბს და იქაურის თვითღირებულება ყოველთვის ნაკლები იქნება. ანუ შესაძლებელი გახდება საკუთარი წარმოების დაცვა?
– ფაქტობრივად, ეს არის რიკარდოსეული შეფარდებითი უპირატესობის თეორიის რევიზია. ეს კარგია განვითარებული ქვეყნებისთვის, რომლებმაც მიაღწიეს გარკვეულ დონეს, მაგრამ ცუდია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან ეს მათ მუდმივად ტოვებს ჩამორჩენილთა რიგებში, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც მოახდენს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას და ტურიზმიც და ყველა სხვა სექტორიც ამ რეალური სექტორის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
– აქვე ვეტყვი ჩვენს მკითხველს, ტურიზმიც კი, რომელსაც დიდი შემოსავალი შემოჰქონდა ჩვენს ბიუჯეტში, მუშაობდა სხვა ქვეყნებზე, იმიტომ რომ იგივე სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყო იმპორტირებული.
– თუ ჩვენ შევიძენთ მილიონი დოლარის ადგილობრივ პროდუქციას, ამ მილიონიდან ქვეყანაში რჩება 700 000, ხოლო, თუ შევიძენთ იმპორტირებულ საქონელს, ქვეყანაში რჩება მხოლოდ 200 000, დანარჩენი 800 000 გადის. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ორივე შემთხვევაში შესაძლოა, საქონელბრუნვის მოცულობა იყოს თანაბარი, მილიონ-მილიონი დოლარი, მაგრამ იმპორტულის რეალიზაციისას, ვკარგავთ სამუშაო ადგილებს და ვალუტა გადის ქვეყნის გარეთ. ეს კი პრობლემაა.
  ტურიზმი სხვა დარგებთან შედარებით მაღალრენტაბელურია, სწრაფად შეუძლია უკუგება და იზიდავს ეკონომიკის სხვა დარგებსაც. მულტიპლიკატორული ეფექტი არის 3.5-3.7. ანუ, პირობითად, 1 000 ლარის ტურისტული მომსახურება ითხოვს სხვა დარგების ჩართვასაც: ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ასე შემდეგ, ანუ 3 500-3 700 ლარის პროდუქციაზე აჩენს მოთხოვნას. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს დარგი საკმაოდ მოწყვლადია რისკებისადმი: ქვეყნის შიგნით სტაბილურობა, ეპიდემიები, სტიქიური უბედურებები და სხვა ფორს-მაჟორული გარემოებები. ამდენად, გრძელვადიან პერსპექტივაში ტურიზმზე სტრატეგიის აგება საკმაოდ სახიფათო და სარისკოა. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენთან არა მარტო უცხო ქვეყნის ტურისტები ჩამოდიოდნენ, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც გადიოდნენ ქვეყნის გარეთ. თუ ჩამოსულთა მიერ საქართველოში გაღებულ ხარჯებს ავიღებთ 100 პროცენტად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხარჯავდნენ 25-27 პროცენტს, ანუ, დაახლოებით, 4-ჯერ ნაკლებს.
რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების მიერ ქვეყნის შიგნით დახარჯული თანხის მოცულობას: წელიწადში ეს არის, დაახლოებით, მილიარდ 900 მილიონი ლარი, მაგრამ ეს არის იმის ერთი მეხუთედი, რასაც სხვა ქვეყნის მოქალაქეები ხარჯავენ საქართველოში. თუ ავიღებთ ჩვენი მოსახლეობის გადახდისუნარიანობის პოტენციალს, ანუ რამდენს ხარჯავდნენ ქვეყნის შიგნით და გარეთ მოგზაურობისას, ნაკლები პატრიოტები გამოვჩნდებით, რადგან, მთლიანი ტურისტული ხარჯების 55-57 პროცენტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იხარჯებოდა. გასაგებია, იქ უფრო ძვირია მომსახურება, ტრანსპორტირება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. მაგრამ, ჯამში რომ ავიღოთ, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ დახარჯული თანხის მოცულობა – ეს არის უცხოელების მიერ საქართველოში გაღებული ხარჯების არა უმეტეს 40-45 პროცენტი, ანუ 2.5-ჯერ ნაკლები. უცხოელი ტურისტების რაოდენობა არ შემცირდება ნულამდე, მაგრამ უკეთეს შემთხვევაში შეიძლება, იყოს, მაქსიმუმ, 15-20 პროცენტი და მოინდომებს კი ჩვენი მოსახლეობა, რომ იმავე ინტენსივობით დახარჯოს ქვეყნის შიგნით თანხა და ის რესურსი, რასაც ხარჯავდა უცხოეთში. ამაზე ცალსახა პასუხი მაქვს: რადგან შემცირდა მოსახლეობის შემოსავლები, შემცირდა ეკონომიკა, დასაქმების დონე, გაიზარდა უმუშევრობის დონე, ეს, უპირველესად, მოაკლდება ტურიზმს და არა პირველადი მოხმარების პროდუქტებს. ასე რომ, ვფიქრობ, წელს ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, მოსახლეობის შემცირებული და დაბალი გადახდისუნარიანობის გამო, გაცილებით ნაკლები იქნება და ის ვერ შეძლებს იმ პოტენციალის ათვისებას, რაც მას ჰქონდა წინა წელს.
– ეს მხოლოდ ჩვენ გვემუქრება, თუ სხვა ქვეყნების ეკონომიკაც დიდწილად იყო განპირობებული ტურიზმით?
– ეს სუფთა ქართული მოვლენა არ არის. წელს მსოფლიოში ტურისტული სექტორის ბრუნვა იქნება წინა წლის 20-25 პროცენტი. თანაც, რაც უფრო მაღალი წილი ეკავა ტურიზმს ქვეყნის ეკონომიკაში, მით მეტი იქნება იმ ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა. მაგალითად, აშშ-ში ტურიზმი მთლიან შიგა პროდუქტში, დაახლოებით, 8 პროცენტი იყო, ესპანეთში – 15 პროცენტი, იტალიაში – 18 პროცენტი და ვარაუდობენ, რომ ეკონომიკა აშშ-ში შემცირდება 6 პროცენტით, ესპანეთში – 8 პროცენტით, იტალიაში – 9 პროცენტით. სად ვიყავით ჩვენ და როგორია პერსპექტივა: 11 პროცენტამდეა ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში. თუ მონაცემებს გადავხედავთ ხარჯების მიხედვით, დაახლოებით, 3.3 მილიარდი ლარი დახარჯეს ტურისტებმა გასულ წელს საქართველოში. უფრო მეტიც იქნებოდა, მაგრამ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ რუსეთის მიერ სანქციების შემოღებამ 200 მილიონი გვაზარალა. რუსი ტურისტები ვახსენე და ერთი საინტერესო ფაქტია: თითქოს მათი წილი მაღალი არ არის ტურისტების საერთო რაოდენობაში, მაგრამ რუსეთიდან შემოსულთა 90 პროცენტი არის ტურისტი, ხოლო სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოსულთა დიდი ნაწილი ვიზიტორია, რომლებიც ან ტრანზიტად იყენებენ საქართველოს ან 24 საათზე ნაკლები დროით რჩებიან ნათესაური კავშირების გამო, ამიტომ მათი გადახდისუნარიანობის მოთხოვნა შედარებით დაბალია. თუ სუფთა ტურისტებს ავიღებთ, რომლებიც საქართველოში მხოლოდ ტურიზმის გამო შემოვიდნენ, საერთო რაოდენობაში რუსი ტურისტების წილი, დაახლოებით, 40 პროცენტი იყო და ისინი ხარჯავდნენ ტურისტული ხარჯების თითქმის მესამედს, რაც საკმაოდ შემცირდა წლის მეორე ნახევარში, ეგრეთ წოდებული, „გავრილოვის ღამის“ გამოწვეული პროცესების გამო.
– როგორი იქნება მოქალაქეების ყველაზე მართებული სახელმწიფოებრივი მოქმედება ამ ზაფხულის სეზონზე? არიან ძალიან მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებიც, რომელთა შემოსავლის გამო საქართველოში საშუალო ხელფასი არც თუ დაბალია. თუ ისინი საქართველოში დახარჯავენ ფულს, ეს იქნება შეღავათი? მართალია, ჩვენთან მიღებულია, რომ ყველაფერი სახელმწიფოს ვალდებულება და თავსატეხია, მაგრამ მოქალაქეებსაც გვაქვს ვალდებულება. როგორი ქცევით დავეხმარებით ქვეყანას, ანუ საკუთარ თავებს?
– საქართველო ტურისტებისადმი გახსნილი დამოკიდებულებითა და კეთილგანწყობით, ბოლო მონაცემებით, პირველ ხუთეულშია, რუსეთი, მაგალითად, 104-ე ადგილზეა. ჩვენთან ტურისტებს იზიდავს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობა, შედარებითი სიიაფე. 600 დოლარზე ოდნავ ნაკლებს ხარჯავს თითოეული უცხოელი ტურისტი საქართველოში ერთი ვიზიტის დროს, მაშინ როდესაც გერმანიაში ხარჯავს 1 267 დოლარს, ამერიკაში – 1 880 დოლარს, თურქეთში ხარჯავდნენ 800 დოლარს, მაგრამ იქ ბოლო წლებში ლირამ დევალვაცია განიცადა და ეს თანხა 650 დოლარამდე შემცირდა, იმიტომ რომ ადგილობრივი ვალუტა გაიაფდა. იგივე ითქმის ჩვენზეც. რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს: უნდა განვითარდეს მომსახურების სხვა ფორმებიც, ანუ ტურიზმის ალტერნატივა: რელიგიური, ექსტრემალური, გასტრონომიული ტურიზმი, რომლებიც დააინტერესებს ამა თუ იმ იდეითა და განწყობით ჩამოსულ ტურისტს. უნდა მოხდეს მაქსიმალური დივერსიფიცირება, რომ ტურიზმმა მიიღოს არა ზოგადი ხასიათი, არამედ სპეციალიზაცია. ამდენად, მოსამზადებელი იქნება კადრები და თუ დღეს მსოფლიოში რამე ფასობს, ეს არის პროფესიონალიზმი ნებისმიერ საქმიანობაში, მათ შორის, ტურიზმის ორგანიზებასა და მომსახურებაში.
– მაგრამ ჩვენთან ფასებია ძალიან მაღალი, ძვირად ღირებული სასტუმროები როგორ მოიზიდავენ კლიენტებს?
– არსებობს ოჯახური სასტუმროები, სადაც შედარებით დაბალ ფასადაა შესაძლებელი დასვენება სხვადასხვა სეზონის დროს. ბოლო წლებში ორიენტაცია აღებული იყო საშუალოზე მაღალი დონის ტურისტული ობიექტების მშენებლობაზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში პანდემიის მიზეზით შემოსავლების კლების გამო გაიზრდება მოთხოვნილება შედარებით იაფფასიან სასტუმროებზე, იმას გარდა, რომ ტურიზმი გართულდება, მომსახურება გაძვირდება, მინიმუმ, 20-20 პროცენტით მაინც, ამიტომ  მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი გადასროლილი აღმოჩნდება, ხატოვნად რომ ვთქვათ, სენკევიჩის ეპოქაში – მას გადაცემა „კინომოგზაურთა კლუბი“ მიჰყავდა 30 წლის განმავლობაში. ფიზიკურად მოგზაურობის ნაცვლად ტელევიზიით მოგზაურობით ჩანაცვლდება და მერე, ალბათ, თანდათანობით დავიბრუნებთ დაკარგულ პოზიციებს.

скачать dle 11.3