№25 როგორ აისახება საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე აშშ-ში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირება
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
აშშ-ში, რომელიც ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და რაც არის, იმ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, არეულობაა, ისევე, როგორც ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში. თავისთავად, არეულობა უსიამოვნოა (თუმცა ნებისმიერი წინაღობა განვითარების საწინდარია, თუ მას სწორად დაძლევ), თუმცა უფრო დიდი პრობლემა მაინც ისაა, რომ მსოფლიოში აქამდე არსებული მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული თამაშის წესები იცვლება. პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ, როგორ აისახება ჩვენს მთავარ მოკავშირე სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები მსოფლიოზეც და, უპირველესად, ჩვენზე.
– აშშ-ში, რომელიც დედამიწაზე ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო და რომლის სტაბილურობაზეც ვიყავით დამოკიდებული, არამყარი პოლიტიკური გარემო შეიქმნა, როგორ აისახება ეს პროცესი ჩვენზე?
– ცოტა ნაადრევი მგონია ევრო-ამერიკული ცივილიზაციის კრახი და ხალხთა დიდი გადასახლების პროცესის შეუქცევადობა. მგონია, ამ ცივილიზაციას კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, მაგრამ, რაც ხდება, იმის მომასწავებელია, რომ ჩინელებს, ინდოელებს, აფრიკელებსაც და აზიელებსაც აქვთ განვითარების რეალური პერსპექტივის უფლება და ისინი აღარ ემორჩილებიან მოწინავე დასავლური ცივილიზაციის დიქტატს და ცდილობენ, რომ თანამონაწილენი იყვნენ. გლობალიზაცია არის გარდაუვალი, მსოფლიო იქნება ერთიანი, მაგრამ ეს არ იქნება ერთფეროვანი, უეროვნებო მსოფლიო, რადგან თუ ბაბილონის გოდოლი არასწორი მიმართულებით წავიდა, უფალი ისევ აურევს მთელ მსოფლიოს გონებას. ტრამპმა, რომელიც მსოფლიო კრიზისის დროს მოვიდა ხელისუფლების სათავეში, სხვა ხედვა შესთავაზა ამერიკულსაც და მსოფლიო საზოგადოებასაც, მან შეააჩერა გლობალიზაციის მცდარი, დიდი ხარვეზების შემცველი პროცესი, რომელიც ვერ წყვეტდა ვერც სოციალურ, ვერც ეკონომიკურ, ვერც გეოპოლიტიკურ, ვერც სამხედრო კონფლიქტებს და მსოფლიოს განვითარების რეგიონულ-ეროვნული მოდელები შესთავაზა. ძალიან ცუდია, რომ ეს შეთავაზება გარკვეულწილად ეხმიანება პუტინისა და მისი იდეოლოგების მიერ შემოთავაზებულ მრავალპოლუსიანი მსოფლიოს იდეას და, ამასთან, მათ მიერ სპეციფიკურად გაგებული რეგიონალიზმის პრინციპს ჰგავს და, ეს რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ, რეალურად, ტრამპი ამბობს, ყველამ მივხედოთ ჩვენს-ჩვენს ქვეყნებს და გავითვალისწინოთ ერთმანეთის ინტერესები, იმიტომ რომ, თუ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით იხელმძღვანელებ, წინა პლანზე აყენებ არა ზოგადსაკაცობრიო მითებსა და იდეალებს, როგორც ამას აკეთებენ ჩვენი ლიბერალური მიმართულების იდეოლოგები და არასამთავრობოების წარმომადგენლები, არამედ შენი ხალხის, შენი მეზობლების ინტერესებს და ამის შემდეგ დავიწყოთ ერთიან მსოფლიოზე საუბარიო. ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ამერიკა უნდა იყოს ლიდერი მომავალშიც, თუმცა აქვს თუ არა ამის რესურსი ამერიკას, ამას გამოაჩენს უახლოესი მომავალი, მაგრამ ტრამპი ამას სთავაზობს და შეერთებულ შტატებში დაინახეს, რომ, თუ მწარმოებელი ერი აღარ იქნებიან, რაგინდ მოწინავე ტექნოლოგიების ქვეყანა თუ გახდება მომხმარებელი საზოგადოება, რაღაც ახალი რომის მსგავსი, სამხედრო და ფინანსური ძლევამოსილებით ვერ შეძლებენ პროცესების ძველებურად მართვას. ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება, თუმცა მე და ჩემი მეგობრები სულ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ამ პროცესებს წინ უძღოდა ის, რომ შეერთებულ შტატებში დეინდუსტრიალიზაციიდან, რაც იყო ბოლო 20-30 წლის დევიზი, ალაპარაკდნენ რეინდუსტრიალიზაციაზე.
– მეც ვწერდი მასალებს ამ თემაზე.
– დიახ, დაიწყო გატანილი წარმოებების დაბრუნება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ძველი მოდელით წარმოებები გადაიქაჩა აზიაში, სადაც იაფი მუშახელია და მათ ძალიან სწრაფად შეძლეს კვალიფიკაციის ამაღლება, რითაც თავიანთ ქვეყნებში დაამარცხეს შიმშილი, ეკონომიკური ზრდით გავიდნენ პირველ ადგილზე, ეკონომიკის მოცულობით კი – შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილზე. ტრამპმა კი უკან გადაქაჩვა დაიწყო და ახალი მოდელები შემოიტანა – განაცხადა, რომ ყველამ, „ნატოს“ წევრმა სხვა ქვეყნებმა, უნდა გადაიხადოს თავისი უსაფრთხოებისთვის. შეერთებული შტატების მაღალმსყიდველობითუნარიან ბაზარს რომ იყენებ, გლობალური პრობლემების გადაჭრაში მეტი წვლილი უნდა შეიტანოთო. აი, ასეთი რეალისტური მოდელები წამოაყენა და აამუშავა, რამაც გამოიწვია აღშფოთება ამერიკის ტრადიციული პოლიტიკური კლასის წევრებს შორის, რომლებიც ჩამოყალიბდნენ თვითკმარ სიდიდედ და ტრამპის მოდელები მათ მარადიულ კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის. რადგან ეს სულ სხვა მიდგომებია, ტრადიციულმა, ძველმა ამერიკამ გამოიღვიძა და მე არ ვგულისხმობ კანის ფერის მიხედვით დაყოფილ საზოგადოებას.
– თუმცა იმთავითვე ითქვა, რომ ტრამპს გაამარჯვებინა საშუალო სტატისტიკურმა თეთრმა ამერიკელმა.
– ასე ვთქვათ, გამოიღვიძა ამერიკის საშუალო კლასმა, რომელიც უოლ-სტრიტის ბატონობის პირობებში იყო შეზღუდული და მათ მხარი ტრამპს დაუჭირეს. ახლა მოხდა ისე, რომ ტრამპმა მიაღწია გარკვეულ შედეგებს ეკონომიკის მიმართულებით: უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზე დაიყვანა და ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ამ წლის იანვარში მას მომავალი არჩევნები მოგებული ჰქონდა, რასაც ახლა უკვე ვერ ვიტყვით. ბოლო გამოკვლევაც ადასტურებს, რომ შანსი, როგორც ტრამპი უწოდებს, მძინარა ბაიდენსაც კი მიეცა და აქ სწორედ მოხდა ის, რაც მოხდა. გამოვიდა არენაზე კორონა, რომელმაც ტრამპს შეურყია მდგომარეობა. ამას დაემატა გამოსვლები რასიზმის წინააღმდეგ, რომელიც პოლიციელის მიერ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა და მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ტრამპიც და ის წრეებიც, რომლებიც ტრამპს უჭერენ მხარს, ამან გამოიწვია ის უზარმაზარი ლავა, რომლის შეჩერება ახლა შესაძლებელია ფიზიკურად, მაგრამ უკვე ინიციატივა გადასულია დესტრუქციული ძალების მხარეს, რომელთაც მხარს უჭერს ამერიკის ტრადიციული პოლიტიკური კლასი. საერთოდაც, თუ ტრამპს დაეჯერება, მოძრაობა „ანტიფა“, რომელიც მხარს უჭერს ამ გამოსვლებს, ფაქტობრივად, დაფინანსებულია ანტიტრამპისტული ძალების მიერ. მილიარდერების კონკრეტულ გვარებსაც ასახელებენ, მე არ გავიმეორებ გვარებს, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასეა. მაგრამ ფაქტია, რომ ის მიძინებული, მინავლებული რასიზმი, რომელიც შეერთებულ შტატებს ახასიათებდა თავის დროზე და გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან დაიძლია და თითქოსდა გაქრა, აღმოჩნდა, რომ შინაგანად ღრმადაა ფესვგამჯდარი. დღეს „კუკლუკსკლანი“ და სხვა მსგავსი ორგანიზაციები, მათ შორის, „ოქროს წრის რაინდები“, ვეღარ პარპაშებენ, მაგრამ ასეთი ტრაგიკული მოვლენა ამ ძალებმა კარგად გამოიყენეს და საბოლოოდ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ბუნებრივია და არ ვიტყოდი, რომ რაღაც ძალების მიერაა დაგეგმილი, მაგრამ მიცემულია მიმართულება, მასშტაბი. ამას ხელს უწყობს რაღაც ძალა და, ჩემი აზრით, გარკვეული გამოხატულებაა სამოქალაქო ომის თუ არა, სამოქალაქო დაპირისპირების შეერთებულ შტატებში, როდესაც კონსერვატიულ ამერიკას ებრძვის გლობალისტური ამერიკა. ამ დაპირისპირების შედეგი გამოჩნდება ნოემბერში, როდესაც ამერიკის ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვის დაუჭერს მხარს – ტრამპს თუ ბაიდენს და დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვინ იქნება ბაიდენთან ერთად ვიცე-პრეზიდენტი, რადგან ბაიდენი ძალიან ასაკოვანი ადამიანია, პრეზიდენტობას კი დიდი ენერგია სჭირდება.
– ვვარაუდობ, რომ მანდ რაღაც სქემაა და სწორედ ვიცე-პრეზიდენტს უპირებენ გაპრეზიდენტებას, რომელიც ჯერჯერობით დაფარულია ბაიდენის უკან. მე მგონია, ბაიდენის გამარჯვება სჭირდებათ სულ სხვა პერსონის გამოსაყვანად ავანსცენაზე, რომლის ვინაობაც ჩვენ არ ვიცით.
– შესაძლოა, ასეთი ვერსიაც იყოს რეალური. გონებასთან ერთად ფიზიკური ენერგიაც სჭირდება ამერიკის პირველპირობას. იქ, სხვათა შორის, ასაკი არ მიიჩნევა პოლიტიკოსისთვის ნაკლად, განსხვავებით მესამე სამყაროს ქვეყნებისგან, რომლებსაც, სამწუხაროდ, საქართველოც მიეკუთვნება, მაგრამ ქვეყნის სათავეში მთლად დაჩაჩანაკებული კაცის ყოფნაც არ იქნება იოლი.
თქვენ სწორად ბრძანეთ შეკითხვაში, როგორ აისახება ჩვენზე ამერიკაში მიმდინარე პროცესები. რაც ხდება, ორ გაკვეთილს გვაძლევს: ერთი, რომ არ უნდა ვიყოთ, რაოდენ ძლიერიც უნდა იყოს, სტრატეგიული პარტნიორის იმედად და ყველაფერს თავად უნდა მივხედოთ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩათვლით. ერთ-ერთი ჩემთვის პატივსაცემი ახალბედა პოლიტიკოსი გამოვიდა არენაზე და თქვა, ჩვენ არ უნდა ველაპარაკოთ რუსეთს, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ რუსეთს ამერიკელებთან და ევროპელებთან ერთად.
– ძალიან ცუდი სტერეოტიპია დამკვიდრებული, რომ მარტო და დამოუკიდებლად არაფერი შეგვიძლია, რაც არა მხოლოდ მხდალი, არასახელმწიფოებრივი მიდგომაც მგონია და წარუმატებლობისთვის სწირავს ქვეყანას. თუ ერთი ერთზე ვერ რჩები შიშით, მაშინ დანებდი და ეგ იქნება.
– ჩვენთვის ისაა მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომ მას, ვინც შენ გეიმედება, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, ისეთი პრობლემები გაუჩნდეს, ვერ დაგეხმაროს და შენ პირისპირ რჩები შენს მეზობლებთან. სხვათა შორის, საბოლოოდ, ყველას ქცევა შეიძლება მოკეთედ და მეგობრად, მუშტების ქნევის მომხრე არ ვარ არც ერთი ჩვენი მეზობლისადმი. უნდა იცოდე, რომ რაღაც მომენტში ყველას პირისპირ უნდა ელაპარაკო და, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ნაცარქექიას ქვეყანა ვართ, რომელიც დევებს ელაპარაკება და ამას ისე აკეთებს, რომ თვითონ უსაფრთხოდ რჩება. თავის დროზე, ამას ბატონმა ზვიად გამსახურდიამ მიაქცია ყურადღება და ნაცარქექიაობა სულაც არ არის სალანძღავი. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ერთგულებისთვის, გვინდა თუ არა, შეერთებული შტატები ამ წუთას არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გარანტი და მე ვიტყოდი, ჩვენი დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტი, მაგრამ ამავე დროს, უფალი გეუბნება, ხელი გაანძრიე, მაშინ ყველა მოგეშველება და მეც მოგეშველები, მათ შორის. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ყველას და, მეორე მხრივ, ჩვენ მუდამ უნდა გვქონდეს დიალოგი შეერთებულ შტატებთან და არა ისე, რომ მოითმინო და 2 წელი არ გყავდეს ელჩი, რაც იმის მანიშნებელია, რომ აშშ-ს ადმინისტრაციას რეგიონში არ აქვს პოლიტიკა, არათუ საქართველოში. ახლა ჩამოვიდა ეს ქალბატონი და სიტუაციასაც პოზიტიურად დაეტყო.