კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რაზე მიგვანიშნებს დედამიწაზე მომხდარი ბუნებრივი კატაკლიზმები და არის თუ არა ეს ადამიანების დასჯა არასწორი ცხოვრებისთვის

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  როგორც უფოლოგი ერეკლე შონია ამბობს, დედამიწაზე პოლიტიკურ დაძაბულობასა და მთელ რიგ მოვლენებს, წინ უსწრებს მასშტაბური ბუნებრივი კატაკლიზმები – მიწისძვრის, ცუნამის, ხანძრის სახით. მისივე თქმით, უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებიც, სწორედ მაშინ იწყებენ დედამიწაზე გააქტიურებას, როდესაც მთელი რიგი ცვლილებებია მოსალოდნელი.
  ერეკლე შონია: კაცობრიობას ჰგონია, რომ ანომალიური მოვლენების კვლევის ნაწილი, კონკრეტულად კი, უფოლოგია, ახალი მეცნიერებაა, რომელსაც მხოლოდ უცხო ცივილიზაციების არსებობის დოკუმენტური მასალების ძიება ევალება. სინამდვილეში, ქართული უფოლოგია ტრანსდისციპლინარული მეცნიერებაა, სადაც განსაკუთრებული როლი ფიზიკას, გეოფიზიკას, მედიცინას, ფსიქოლოგიას, ატმოსფერული მოვლენებისა და ბუნების ფენომენების შესწავლას უკავია. შეუძლებელია, ერთი კერძო ფენომენი, როგორიცაა ანომალიური მოვლენების გააქტიურება ქვეყნის რომელიმე რეგიონში, ერთი სამეცნიერო მიმართულებით ან ვიწრო თვალთახედვით ამოიხსნას.
– მართალია, რომ კავკასია, ატმოსფერული და გეოფიზიკური კატასტროფების კუთხით, განსაკუთრებული დაძაბულობის რეგიონად მიიჩნევა?
– კავკასიონი ახალგაზრდა მთათა სისტემაა, რომელიც გეოლოგიური ფილების მიჯნაზე მდებარეობს, რის გამოც კავკასია განსაკუთრებული დაძაბულობის რეგიონად ითვლება. თუ განვიხილავთ დედამიწას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, ამ ტერიტორიაზე ადამიანების მიერ გენერირებული დაძაბულობა აღაგზნებს გარემოს, რეზონანსში ექცევა დედამიწის ნატიფ ველებთან. ამის პასუხად დედამიწა რეაგირებს და ხდება გეოფიზიკური, ატმოსფერული ან ტექნოგენური კატასტროფები. სპიტაკის მიწისძვრის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ამიერკავკასიის რეგიონში  პოლიტიკური დაძაბულობა, ეროვნული მოძრაობების გააქტიურება სახელდება. ყველას გვახსოვს  სუმგაითის მოვლენები, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასაწყისი და მრავალათასიანი მიტინგები. 1986-90 წლებში, საქართველოში ანომალური მოვლენების არნახული გააქტიურება დაფიქსირდა. კავკასიის რეგიონი არამიწიერი ცივილიზაციების აქტიური დაკვირვების ქვეშ მოექცა. ისინი თვითმხილველების, კონტაქტორების მეშვეობით გვაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და გვაძლევდნენ მიმართულებას, თუ როგორ წარგვემართა ჩვენი ენერგია სიმშვიდის, სიყვარულის, მეგობრობის გზით, როგორ შეგვემცირებინა უარყოფითი ენერგიისა და აზრების გენერირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესები შეუქცევადი და უმართავი გახდებოდა. თალეს შონია მიღებულ ინფორმაციას უზიარებდა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასა და საზოგადოებას.  სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ  ვერ შევძელით ზნეობრივი ზრდა და ჰარმონიული განვითარების ნაცვლად მასობრივ ფსიქოზს ავყევით.  ძმა ძმას დაუპირისპირდა, დაიწყო სისხლიანი კონფლიქტები, ნგრევა, სამშობლოს ნაკუწ-ნაკუწ გლეჯა და გაყიდვა. სიყვარულის ნაცვლად  ერთმანეთს აგრესიით ვუპასუხეთ. შედეგად, გეოლოგიური კატასტროფა, სამხედრო კონფლიქტები, შიმშილი მივიღეთ. ენერგეტიკის, საწარმოო და სამეცნიერო პოტენციალის განადგურება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადინება მოხდა. ოდესღაც 15 საბჭოთა რესპუბლიკიდან უმდიდრესი რესპუბლიკა – საქართველო „ქვის ხანის“ პერიოდში აღმოჩნდა. ამ შედეგების გამოსწორებას დღესაც წარუმატებლად  ვცდილობთ.
– პარანორმალური მოვლენები მას შემდეგაც ხომ გააქტიურდა?
– დიახ, ამ მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ მსოფლიოში და, განსაკუთრებით, საქართველოში კვლავ ხდება პარანორმალური აქტივობის გახშირება. გავიხსენოთ 2016 წლის ზაფხული. მოვლენები დაიწყო ქვემო ქართლის სოფელ კუმისში, გადაინაცვლა კახეთში, სამეგრელოში, თბილისის მიდამოებში და რამდენიმე შემთხვევა დედაქალაქშიც დაფიქსირდა.  2016 წელი პოლიტიკური ვნებათაღელვებით გამოირჩეოდა. ქვემო ქართლისა და სამეგრელოს მოვლენებმა, როგორც ჩანს, უცხო ცივილიზაციების ყურადღება მიიქცია. ასობით თვითმხილველმა მიმართა სამართალდამცავ სტრუქტურებს დახმარებისთვის. შეშინებული მოსახლეობა აღწერდა სხვადასხვა ტიპის უცნაურ არსებებს, რომლებიც მათ საცხოვრებელ სახლებში შეუმჩნევლად აღწევდნენ და ადამიანისგან განსხვავებულ თვისებებს ავლენდნენ. აღწერდნენ არსებებს, რომლებიც უცნაური მოწყობილობებით, თითქოს, იკვლევდნენ გარემოს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამავე პერიოდში მსოფლიოში გეოლოგიური კატასტროფები ხდება: თითქმის იგივე პერიოდში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა იტალიაში, ხოლო რამდენიმე თვით ადრე – იაპონიასა და ეკვადორში. შევეცადე ერთი რეგიონის, კავკასიის, მაგალითზე, მეჩვენებინა, თუ როგორ ებმის ერთმანეთს ადამიანისა და გარემოს ურთიერთმოქმედება, რამდენად დამანგრეველია ჩვენ მიერ გაკეთებული აგრესიისკენ მიმართული არასწორი არჩევანი; თუ როგორ ძლიერდება ეს უარყოფითი მუხტი ისეთი განსაკუთრებული ველების მქონე დედამიწის ამ რეგიონში, თუ როგორი მნიშვნელოვანია  მშვიდი, სამართლიანი, მოაზროვნე საზოგადოების შექმნა და ბუნებასთან ჰარმონიით ყოფნა. დედამიწას, ზოგადად, ახასიათებს მსგავსი რეაქცია ადამიანების მოქმედებაზე. დიდი  ცვლილებების დროს, მოსალოდნელი ომების წინ,  საზოგადოება აღიგზნება, ფიქსირდება მასობრივი ფსიქოზი.  ეს მდგომარეობა გარემოს გადაეცემა: ადამიანისა და გარემოს ენერგია რეზონანსში ექცევა და დამანგრეველ შედეგებს გვაძლევს. ხდება ტექნოგენური კატასტროფები, ბუნებრივი კატაკლიზმები. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის წინ, დედამიწაზე მიმდინარე რევოლუციური დუღილის, სოციალური უთანასწორობის ფონზე, 1912 წლის 15 აპრილს, ზუსტად ნოტერდამის ტრაგედიამდე 107 წლით ადრე, იმავე დღეს,  ადამიანის მიერ შექმნილ უდიდეს ტექნოგენურ მოწყობილობას, საოკეანო ლაინერ „ტიტანიკს“ წინ აღუდგა ბუნების სტიქია, აისბერგის სახით. აზრი აღარ აქვს კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს, იყო ეს ფოლადის ხარისხი, გემის გადატვირთულობა, არასაკმარისი სამაშველო ნავები, კაპიტნის დაუდევრობა – მთავარია, რომ ბუნებამ შექმნილ დაძაბულ ფონს, ადამიანების შეცდომებს მტკივნეულად  უპასუხა. პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიშალა მსოფლიოს ოთხი უძლიერესი იმპერია: რუსეთის, ავსტრია-უნგრეთის, გერმანიისა და ოსმალეთის. მეორე მსოფლიო ომის წინ, 1937 წელს, ხანძრის ალში გაეხვა მსოფლიოში უდიდესი დირიჟაბლი „გინდენბურგი“. ამ ტექნოგენურმა კატასტროფამ დირიჟაბლების ერა დაასამარა. საბჭოთა კავშირის დაშლას წინ კიდევ ერთი ტექნოგენური კატასტროფა უძღოდა: 1986 წლის 26 აპრილს, ტრაგედია დატრიალდა – აფეთქება მოხდა ჩერნობილის ატომურ სადგურზე. ტექნოგენურმა კატასტროფამ მსოფლიოში ეკოლოგიური ცვლილებები გამოიწვია, რომლის შედეგების გამოსასწორებლად კაცობრიობას რამდენიმე ათასი წელი დასჭირდება. რაზე მიგვანიშნებს მიმდინარე ანომალიური მოვლენები, მიწისძვრები, ხანძრები, ტექნოგენური კატასტროფები, ცუნამი, ტორნადო, ვულკანი? იქნებ კაცობრიობა ცვლილებების, ომების, დედამიწაზე ძალთა და ბუნებრივი რესურსების გადანაწილების ახალ გადამწყვეტ ფაზაში შედის? იქნებ, სწორედ ეს არის, რაც ქვეცნობიერად იწვევს საზოგადოებრივ დუღილს, აგრესიას, ყოველგვარი უკეთურების გამოვლენასა და ნორმად ქცევას? საით მიექანება კაცობრიობა?! იქნებ, სამყარო დღესაც ცდილობს, თვალი აგვიხილოს, შეგვაჯანჯღაროს, გამოგვაფხიზლოს, სანამ ძალიან გვიანი არ არის – თუნდაც, პარიზის ღვთისმშობლის დაფერფლილი ტაძრის კედლებით? კაცობრიობა დიდ რესურსს ხარჯავს იმისთვის, რომ სადღაც ძალიან შორს იპოვოს ჭეშმარიტება. ხშირ შემთხვევაში ეს ძიება წარუმატებელია, ეს წარუმატებლობა მოუმზადებელ ადამიანებს იმედს აკარგვინებს, აგრძნობინებს მათ, რომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს. სწორედ ამ დროს გამოჩნდებიან დარვინისტი მეცნიერები, რომლებიც თავის ნაშრომში  ღმერთს ადგილს არ უტოვებენ, ამით ისინი ახალ უსულგულო მიმართულებას ქმნიან საზოგადოების აზროვნებაში, ადამიანის ღვთაებრივ დანიშნულებას ხაზს გადაუსვამენ და სულიწმინდის არსს პრიმიტიული ორგანიზმის თვითგადარჩენის ინსტინქტით ცვლიან. შედეგად ვიღებთ ადამიანის მთლიანობის დამანგრეველ მოძღვრებებს. ერთიან სამყაროს ყოფენ იდეალისტურ და მატერიალურ სისტემებად, თანაც, მატერიალისტური იდეოლოგიის წინ წამოწევით. ამკვიდრებენ აზრს, რომ ღალატი, მომხვეჭელობა, ამპარტავნება, სამშობლოს გაყიდვა, ქედმაღლობა, გაუტანლობა, სოციალური უთანასწორობა, მონობა, უგულოება... ყველაფერი დასაშვებია საკუთარი კეთილდღეობისთვის, საკუთარი მიზნის მისაღწევად. კაცობრიობა დაემსგავსა იმ პრიმიტიულ მომხმარებელ არსებას,  რომელიც მხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრობს და მომავალი სავსებით არ ადარდებს. გამძვინვარებული დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი საზოგადოება ამბიციურად გაიძახის, რომ სამყაროში მარტო ჩვენ ვართ, ჩვენ გვეკუთნის დედამიწა და ჩვენ გარდა არაფერი არსებობს. 70-წლიანმა ათეიზმმა ჩვენს აზროვნებას, მეცნიერებას, საზოგადოებრივ წყობას კვალი დაატყო: დაიკარგა ადამიანისა და ღვთაებრივი გარემოს ერთობლიობის შეგრძნება. რწმენა მოდად მივიღეთ და რელიგიურობა – პარტიულ ნიშნად. სიბნელით, გონებისა და სულის დახშულობით ვანგრევთ საკუთარ თავს, ოჯახებს, მოყვასს, სამშობლოს, ეკოლოგიას, დედამიწას,  ვარღვევთ სამყაროში დაწერილ და დაუწერელ ყველა კანონს, რის გამოც ღვთაებრივი პლანეტა დედამიწა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებით გვპასუხობს – გვაფხიზლებს. ამ ბაკქანალიით სხვა პლანეტების კოლონიზაციისა და შავი ხვრელის საიდუმლოების შეცნობის ამბიციური სურვილი გვაქვს. ეტყობა, ჩვენს მოუმზადებლობას უფალი ხედავს და მასთან ერთად ის სხვა სამყაროს წარმომადგენლებიც, რომლებიც განვითარებით ჩვენზე გაცილებით მაღლა დგანან. სწორედ ამის გამო ჯერ ვერ ხერხდება შორეულ კოსმოსში ჩვენი გასვლა. ჯერ ადრეა! ჯერ აცდენილები ვართ ჩვენი განვითარების სწორ გზას! ჯერ ჩვენი ზნეობრივი მხარე ძლიერ ჩამოუვარდება ჩვენს ტექნიკურ განვითარებას! ადამიანმა, იარაღის მკეთებელმა არსებამ, უკვე შექმნა საკუთარი სახლის, ცისფერი დედამიწის, მრავალჯერ განადგურების იარაღი. ეს იმ ფონზე, რომ მას ჯერ მისი გამოუყენებლობის არც მორალი გააჩნია, არც გონება. დღევანდელი ატომური პარიტეტი უბრალო  ცხოველურ შიშზე დგას. კაცობრიობის ბედი დამოკიდებულია  იმაზე, თუ რომელი სახელმწიფოს წინამძღოლი აღმოჩნდება უფრო შეურაცხადი და პირველი გამოკრავს სასხლეტს. დედამიწელებმა უნდა გავითვალისწინოთ საუკუნეებით დაგროვილი ცოდნა-გამოცდილება. გავაღვიძოთ საკუთარი სული და გონება, გავამთელოთ მრავალი ათწლეულის გახლეჩილი აზროვნება. გავხდეთ მეტად მორწმუნენი და კაცთმოყვარენი, დავთრგუნოთ შიში და სისუსტე. ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, შევქმნათ სამართლიანი, მოაზროვნე ადამიანისა და გარემოს ჰარმონიაზე ორიენტირებული  საზოგადოება და საზოგადოებრივი ინსტიტუტები. ჯერ ჩვენ ვისწავლოთ და მერე შვილებს ვასწავლოთ, რომ თავისუფლება, პირველ რიგში, დიდ პასუხისმგებლობას, ჭეშმარიტებას, სამართლიანობას,  სიყვარულს, შრომის უნარს, რაინდობას, აზროვნებას, მეგობრობას, შემეცნებას, სიკეთის კეთებას, სამშობლოს,  ბუნებისა და დედამიწის გაფრთხილებას ნიშნავს. ამ დიდ და რთულ გზაზე საჭიროა ყოველი ადამიანის პოტენციალის გამოყენება-განვითარება, ხოლო მიღებული რაციონალური შედეგის ერისა და კაცობრიობის სამსახურში ჩაყენება. ასე რომ, შეცვალეთ საკუთარი თავი ხარისხობრივად! გახსოვდეთ, რომ არ არსებობს ერთი დადგენილი მომავალი! რომ ღმერთი თქვენშია და თქვენ ღმერთში ხართ! გააღვიძეთ მარადიული ღვთაებრივი თქვენში! გახადეთ სამყარო უფრო კეთილი და უკეთესი!

скачать dle 11.3