კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ზურაბ ცინცქილაძე: თეატრიდან გამომაგდეს, ხელფასს დროულად არ იღებსო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ქართული ფილმის, „მევლუდის“ 35 წლის იუბილეზე მისი ჩვენება გაიმართება იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე, ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა. მაგრამ ამჯერად მაყურებელი გაცილებით მეტს ნახავს – იმას, რისი ჩვენებაც აქამდე ვერ მოხერხდა. ამ ფილმსა და მსახიობ ზურაბ ცინცქილაძეს, რომელიც მთავარი გმირის როლს ასრულებს, თავს არაერთი საინტერესო ისტორია გადახდა.
  ზურაბ ცინცქილაძე: 1980 წელს ნიკოლოზ სანიშვილი მოსკოვში იღებდა ფილმს – „სახლი ლესნაიას ქუჩაზე“. ოთხი ქართველი გმირი რევოლუციონერის შესახებ. ამ ფილმში ოთხივე მსახიობს წვერი გვქონდა. ისე მოხდა, რომ ფილმიდან ჩემი რამდენიმე კარგი ეპიზოდი ამოიღეს. ამაზე არტისტები ბრაზდებიან ხოლმე. მაშინ გაბრაზების უფლება არ მქონდა, მაგრამ ძალიან მეწყინა. კოლიამ მითხრა, მე შენ კარგი როლი უნდა გათამაშოო. ვფიქრობდი, რომ კარგი ალბათ, მევლუდის როლი იქნებოდა. მაშინ ცნობილი იყო ლეგენდა მის შესახებ. ეს იყო აჭარელი გმირი, რომელიც 1903 წელს სიკვდილით დასაჯეს. მევლუდი ყაჩაღად იყო გასული, რისი მიზეზიც იმდროინდელი ისტორიული მდგომარეობა გახდა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში აჭარა ოსმალეთს რუსეთმა წაართვა. „უკაზი“ იყო, ეს ადგილი რუსებს თავისთვის სანდო ხალხით უნდა დაესახლებინათ. ესენი იყვნენ ბერძნები, დუხაბორები, ესე იგი, სექტანტი რუსები და სომხები. ეს ტერიტორია ადგილობრივი მოსახლეობისგან პირწმინდად უნდა გაწმენდილიყო – ასეთი იყო გეგმა. საქონელს, ხეებს, ეზოებს, თან ხომ ვერ წაიღებდა ხალხი და ყვებიან, როგორ ეხუტებოდნენ ყველაფერს გამოთხოვებისას. აკვანში ჩაწვენილი ბავშვები მიჰყავდათ. აჭარელისთვის, ჩემი კუთხის კაცისთვის, ძალიან ძნელია საკუთარი მიწიდან მოწყვეტა. მიწა ჩვენი მთავარი სალოცავია. მაგრამ ახალმა პატრონმა, რუსეთის იმპერიამ, ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა ხალხი, რომ იძულებული იყვნენ, საკუთარი სახლებიდან წასულიყვნენ. ამ ყველაფრის წინააღმდეგ იბრძოდა გმირი მევლუდი. წასულებს უკან აბრუნებდა, წამსვლელებს მშობლიური მიწის დატოვებას არ ანებებდა. არ იყო „სანდო“ ეს ადამიანი იმპერიისთვის და აუცილებლად უნდა დასჯილიყო. აჭარას ამ დროს რუსეთის გენერალი, თავადი შერვაშიძე მართავდა. ფილმში ის დადებით გმირად გვყავს გამოყვანილი, იმიტომ, რომ ეს ის პერიოდი იყო, როცა რუსი დადებითი პერსონა უნდა ყოფილიყო. საბჭოთა დროს ფილმის მთავარი დანიშნულება იდეოლოგია იყო. მაშინ იმიტომაც ვიღებდით იმდენ ფილმს, გეგმა უნდა შეგვესრულებინა. ფულს იძლეოდნენ, ოღონდ ფილმები გადაგვეღო. რასაკვირველია, ჩვენ ვერ წამოვწევდით ყაჩაღობის რეალურ მიზეზს, მაგრამ სოციალური საკითხი დასაშვები იყო და ვითომ  იმიტომ წავიდა მელუდი ყაჩაღად, რომ გაჭირვებულებს დახმარებოდა. რეალურად კი, მევლუდის ყაჩაღობის მთავარი მიზეზი მუჰაჯირობის წინააღმდეგობა იყო. მუჰაჯირობა კი სამშობლოს მიწის დაცლას ნიშნავდა. როგორც მევლუდამდე 50 წლით ადრე მესხეთში მოხდა.
  მევლუდის დასჯა უნდოდათ, მაგრამ ვერ პოულობდნენ. მივიდნენ მის ოჯახში და მისი ცოლი, მაშინ, როცა ქალი ხელშეუხებელი იყო და მცირეწლოვანი შვილი, ციხეში ჩაყარეს. ამას, რასაკვირველია, მევლუდი და კაცის მაშინდელი თუ ახლანდელი ზნეობა, ჩამდენს არ აპატიებდა. ამიტომ ყველაფერი ქნეს. დაიჭირეს და ღალატისთვის ჯერ ათი წლით გადასახლება მიუსაჯეს,  ბოლოს კი – სიკვდილით დასჯა.
  მაგრამ, შარშან, როცა ამ ფილმის 35 წლისთავის შესახებ გავახმაურეთ, საინტერესო ცნობა მივიღეთ. დაგვიკავშირდა ერთი ახალგაზრდა თურქეთიდან და გვეუბნება, მე მევლუდ დიასამიძის შვილიშვილი ვარ. ის ჩემი ბაბუის მამა იყოო. ეს შესაძლებელია – არსებობს თქმულება, რომ მევლუდი გაიქცა და სიცოცხლე თურქეთში დაასრულა. დაგეგმილი გვაქვს, პანდემიის დასრულების შემდეგ, იქ წასვლა და მისი საფლავის მონახულება. ასე რომ, მგონი, ახალ ისტორიებს ჩამოგიტანთ.
– თურმე, თავად ამ ფილმზე მუშაობასაც საინტერესო ისტორიები ახლდა...
– მევლუდის მაგივრად, მეც გადამხდა ისტორია, მეც გამომასახლეს ვარდების რევოლუციის შემდეგ აჭარიდან. აქ რომ შემოვიდნენ 2004 წლის მაისში, დაიწყეს იმით, რომ სანდო არ ვიყავი, რადგან 1988 წელს სპექტაკლში ასლან აბაშიძის ბაბუის როლი მქონდა ნათამაშები. წარმოგიდგენიათ, მაშინ სულ არ ვიცოდი, ასლან აბაშიძე ვინ იყო. საუბარია მემედ აბაშიძეზე, რომლის ღვაწლია ის, რომ აჭარა დღეს საქართველოს შემადგენლობაშია. მევლუდის ღვაწლიცაა ეს და მემედ აბაშიძისაც. მემედ აბაშიძე დიდი პიროვნება იყო. ის იყო მეჯლისის თავმჯდომარე და მისი ერთი ხელმოწერა წყვეტდა, რომელ მხარეს უნდა ყოფილიყო აჭარა – რუსეთის თუ თურქეთის. თურქეთის მხრიდან უამრავ თანხას სთავაზობდნენ – შენს წონა ოქროს მიიღებო. ამ დროს თურქეთშიც იყო იგივენაირი მეჯლისი ქართველების შემადგენლობით. მის შემადგენლობაში შედიოდა დიდებული პიროვნება, გვარად ირემაძე, რომელმაც შემოუთვალა რუსეთის მხარეს მყოფ მემედ აბაშიძეს, დელეგაცია ჩამოვა და არაფრით დათანხმდეთ მათ შემოთავაზებულ წინადადებას, რომ თურქეთის მხარეს უკეთესად იცხოვრებთო. აჭარაში კარგი გამოთქმაა „ჭლიკები დაატეხეთ“, ასე შემოუთვალა და ასეც მოხდა, უკან გაწბილებულები გაუშვეს. მე, სწორედ, ამ მემედ აბაშიძის როლი ვითამაშე. მაშინ პირველ არხზე ვაკეთებდით სატელევიზიო პროექტს სახელწოდებით – „ერისკაცები“ და მინდოდა, მემედ აბაშიძეც ერისკაცებში ყოფილიყო. გადავიღეთ სპექტაკლი 1987 წელს, მაგრამ მაშინაც კი არ გაუშვეს ეთერში. 1988 წელს პატიაშვილის წყალობით იხილა ეს სატელევიზიო სპექტაკლი მაყურებელმა. საღამოს დამირეკა ასლან აბაშიძის მეუღლემ. მაშინ არ ვიცოდი, ასლან აბაშიძე ვინ იყო და პაუზის შემდეგ დააყოლა, მემედ აბაშიძის შვილიშვილზე გესაუბრებითო. მადლობა გადამიხადა და აქედან გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ დავაფუძნე კინოსტუდია „აჭარა“, დღეს თურქების ხელში რომაა რესტორნად. სხვათა შორის, იმ გვარის კაცმა წამართვა, რა გვარის კაცმაც კინაღამ მევლუდი ჩამოახრობინა. ასლან აბაშიძესთან ეს კონტაქტი გახდა მიზეზი ჩემი დევნისა 2004 წლის მაისში. აქ ოფისი მქონდა ზედ რუსთაველზე და სამსახურში მიმავალი ასლან აბაშიძე რომ გამოივლიდა, თუ გარეთ დამინახავდა, მანქანას გააჩერებდა, ხელს ჩამომართმევდა და მომიკითხავდა, ეს იყო სულ ჩვენი ურთიერთობა. ამის გამო თეატრიდანაც კი გამაგდეს. მიზეზი არ გაინტერესებთ? დროულად ხელფასს არ იღებსო. გათავისუფლდეს, სისტემატიურად ხელფასის დროულად არაღების გამოო.
– რაც შეეხება „მევლუდს“,  ბევრი რამ ცენზურის ქვეშ მოექცა...
– კოლია სანიშვილმა რომ მითხრა, მე შენ კარგი როლი უნდა გათამაშოო, მივუგე, ბატონო კოლია, ჩემთვის კარგი როლი მევლუდია და იმას ხომ არ მათამაშებთ-მეთქი. დაინტერესდა, ვინ იყო მევლუდი და მოვუყევი ლეგენდები მის შესახებ. მოეწონა. სცენარი ბატონ ნუგზარ შატაიძეს გააკეთებინეს და გადაღებები სინჯების გარეშე დავიწყეთ. მთავარ როლზე სინჯის გარეშე დამტკიცება, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო. რეჟისორს ვუნდოდი, რეზო ჩხეიძესაც ჩემი სპექტაკლები ჰქონდა ნანახი და კეთილგანწყობილი იყო ჩემდამი. შუა გადაღებების დროს, ძალები, რომლებიც მერე ჩემს გაგდებაში აქტურად იყვნენ ჩართული, აფუთფუთდნენ: ცინცქილაძე არა და სხვა ვინც გინდათ, იყოსო. კინოსტუდიას წერილი მისწერეს, თან, სინჯების გარეშე, კანონდარღვეით იქნა დამტკიცებულიო. და იყო სინჯები. მაგრამ ღვთის წყალობითა და რეზო ჩხეიძისა და კოლია სანიშვილის ძალისხმევით გადაღებები გავაგრძელეთ.
ფილმში ერთი უპრეცედენტო შემთხვევაა, გმირს ტყვია ხვდება, ძირს ვარდება და სიკვდილის პირას მყოფი ლექსს ამბობს „ჰოიდა ნანა...“ ესაა ზურაბ გორგილაძის ლექსი. ვიცოდი, ბატონ ზურაბს წუხილით ასეთი ლექსი ჰქონდა დაწერილი: „მე კი ბავშვურ თამაშით ვჩხიბავ სათამაშოებს, ჩემი ლექსი ქართული, ჩოლოქს ვერ გავაშორე“. სანიშვილს ვუთხარი, ბატონო კოლია, ასეთი ლექსია და იქნებ სადმე თქვას ფილმში მევლუდმა-მეთქი. სად გაგიგონია, ყაჩაღი ლექსს ამბობდესო?! სიკვდილის წინ ვცადოთ, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ადამიანისგან ემოციური იქნება-მეთქი. ახლა კიდევ უარესს ამბობო, მითხრა, მაგრამ დავარწმუნე, გვეცადა. ამ ლექსს მაშინვე ტაში მოჰყვა მაყურებლისგან და ფილმშიც, ჩემი აზრით, ეს ყველაზე ემოციური მომენტია. ის ისტორიული პერიპეტიები, რომელზეც ვისაუბრე, ცხადია, ფილმში არ ჩანს. მას, სამწუხაროდ, ამდაგვარი ღირებულება არ გააჩნია, სხვანაირად მას რუსული ცენზურა არ გაუშვებდა. ამ ცენზურის გამო ძალიან კარგი კადრები ამოიღეს ფილმიდან. გადაღებისთვის სპეციალურად ლიანდაგები დავაგეთ, ვაგონები ჩამოვიყვანეთ, ნახევარი ბიუჯეტი თითქმის მას მოხმარდა. სცენაში, რომელშიც მევლუდი მისდევს გენერლების ვაგონს, ცხენიდან პირდაპირ დაძრულ მატარებელში გადავდიოდი. მიმავალი მატარებლიდან კი ისევ ცხენზე ვჯდებოდი. რუსებმა კი, მიზეზით, ამერიკულ ვესტერნს ჰგავსო, ეს სცენები ამოიღეს. სინამდვილეში, რუსი გენერლების ძარცვა არ მოეწონათ, მაგრამ პირდაპირ ასე ხომ არ იტყოდნენ. არადა, ეს მომენტი ფილმს სულ სხვანაირ ეფექტს აძლევდა.
ახლა, 35 წლისთავთან დაკავშირებით, მეგობრებმა გარკვეული თანხა გაიღეს ამ ფილმის აღსადგენად. ესაა ამ ფილმის მეორე სიცოცხლე. ამ იდეის განხორციელებაში  ჩემი მეგობრები ლევან მჟავანაძე და მერაბ აბულაძე დამეხმარნენ და მათი დიდად მადლობელი ვარ. როგორც კი მდგომარეობა შემსუბუქდება, ყველას შევეხმიანებით და ამ ფილმს ყველგან ვაჩვენებთ. მოსახლეობა დიდი სიხარულით ელოდება ამ დღეს. ვაჩვენებთ იმასაც, რაც ამ ფილმში უნდა ყოფილიყო და არ არის, რაც გვინდოდა და ვერ განვახორციელეთ. ვფიქრობ, ფილმი უფრო საინტერესო გახდება, როცა ეცოდინებათ, მის უკან რა ისტორია დგას.

скачать dle 11.3