№24 როგორ „აიყვანეს“ ბორის პაიჭაძე ჩეკისტებმა ბერიას ბრძანებით
ომი ახალი დამთავრებულია და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიც აღდგა. თბილისის „დინამომ“ ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა მოსკოვში და თამაშის მეორე დღეს მატარებლით უკან, თბილისისკენ მოემგზავრებოდა. გამგზავრების წინ ბორის პაიჭაძეს მანქანამ მოაკითხა და ბერიასთან შესახვედრად წაიყვანა. როცა მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ ბერიას სასწრაფოდ მოუწვევია გაფართოებული თათბირი, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში მატარებელი უნდა გასულიყო, ბორიამ ადიუტანტს ბოდიშის მოხდით უთხრა, რომ მატარებელზე აგვინდებოდა და ბერიას შემდგომი ჩამოსვლისას შეხვდებოდა. ადიუნტატმა გამოიძახა მანქანა და ბორია რკინიგზის სადგურზე მიიყვანეს. როცა მატარებელი ვლადიკავკაზში ჩავიდა, ის დიდი ხნით გააჩერეს. ყველა კითხულობდა, რატომ არ იძვროდა მატარებელი და რა იყო ამის მიზეზი. გარკვეული პერიოდის შემდეგ სადგურში მოვიდა მანქანა, რომლიდანაც გადმოვიდნენ ჩეკისტები და დაიწყეს გამოკითხვა, თუ რომელ ვაგონში იმყოფებოდა ბორის პაიჭაძე. როცა ფეხბურთელებმა გაიგეს, რომ ბორიას კითხულობდნენ, ძალიან შეეშინდათ და ბორიასთან მივარდნენ, ჩეკისტები შენ გკითხულობენო. იმ პერიოდისთვის, მათი გამოჩენა ყოველთვის დაპატიმრებასთან ან რაიმე უსიამოვნო შემთხვევასთან იყო დაკავშირებული. ბორია გამოემშვიდობა თავის თანაგუნდელებს და დედასთანაც დააბარა, რომ არ ენერვიულა. ჩეკისტებმა ის მატარებლიდან ჩამოიყვანეს, ყოველგვარი კითხვა-პასუხის გარეშე ჩასვეს მანქანაში, მიიყვანეს სამხედრო აეროდრომზე და სპეცთვითმფინავით მოსკოვში გადააფრინეს. მოსკოვში მას ტრაპთან დახვდა მანქანა, რომელმაც მიიყვანა ბერიასთან. ბორია იხსენებდა, როცა ბერიას კაბინეტში შემიყვანეს და იქ გაღიმებული ბერია დავინახე, ფეხები მომეკეცა და კინაღამ წავიქეციო. იუმორით უკითხავს: არ გრცხვენია, რატომ არ დამელოდეო? ბორიას უთქვამს, მატარებელი გადიოდა და შემეშინდა, არ დამეგვიანაო. რაზეც ბერიას გაუცინია და უთქვამს: ბიჭო, მატარებელს ვინ ეკითხებოდა გასვლასო? იმ დღეს გვიანობამდე უსაუბრიათ, ზოგადად, სპორტისა და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. გვიან ღამით კი მიუყვანიათ ბორია აეროდრომზე და ასევე სპეცრეისით ჩამოფრენილა თბილისში.