№24 რით უნდოდა ნანა დედოფალს მადლობა გადაეხადა წმიდა ნინოსთვის მისი განკურნების გამო, რა აუხსნა მან მეფე მირიანს და როგორ ირწმუნა მეფემ ქრისტე
ნინო კანდელაკი გიორგი მახობეშვილი
წმიდა მირიან მესამის შთამომავლის, ბაკურ იბერიელის მიერ მოთხრობილი, ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ამბავი ჩაუწერია ცნობილ მოღვაწესა და საეკლესიო მწერალს, 367–373 და 379–395 წლებში კესარიის (ზღვისპირა, პალესტინის კესარიის) ეპისკოპოსს – გელასი კესარიელს, თავის თხზულებაში, რომელიც იყო ევსები კესარიელის „საეკლესიო ისტორიის“ გაგრძელება. გელასი კესარიელის თხზულება შემონახული არ არის, მაგრამ მის საფუძველზე რამდენიმე ადამიანს აქვს გადმოცემული ქართლის გაქრისტიანების ამბავი.
მცხეთას მოსვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდა ნინომ განკურნა რაღაც სენისგან ლოგინად ჩავარდნილი დედოფალი ქართლისა – ნანა.
ნანა დედოფალს თავისი მეუღლისთვის, მეფე მირიან მესამისთვის უამბნია ყველაფერი და უთხოვია, დაესაჩუქრებინა ტყვე-ქალი. ასე უწოდებდნენ წმიდა ნინოს. თვითონაც ასე მოიხსენიებდა თავს ჩვენი მოციქულთა სწორი. მეფეს გაუხარდა და გადაწყვიტა, ფულით დაესაჩუქრებინა ტყვე-დედაკაცი. მაგრამ დედოფალმა აუხსნა იბერიის მბრძანებელს (გელასი კესარიელის ვერსია):
„ტყვე-ქალი იგი, მეფევ, არც ვერცხლისთვის ილტვის და არა ოქროსთვის იღწვის. ის მოითხოვს ჩვენგან ღირსეულ საჩუქარს: ის მოითხოვს მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ვირწმუნოთ, რომ ქრისტე არის ძე მაღალი ღმერთისა. მისთვის მთელი სიცოცხლე მარხვა და განდეგილობაა, ხოლო ოქროს და ვერცხლის განძები – ზედმეტია. მე გამოვცადე ის სათნო მოყვარე ქალი. ჭეშმარიტებას მოგითხრობს, მეფევ, ასე რომ, თუ შენ ზრუნავ ჩემს ცხონებაზე, განსაკუთრებულად დავასაჩუქროთ ის დედაკაცი და თაყვანი ვსცეთ მის ქრისტეს“.
მეფე კარგა ხანს გადაწყვეტილებას არ იღებდა. ადვილი ხომ არ არის ახალი სარწმუნოების მიღება.
„ერთხელ, როდესაც ის ნადირობდა მრავალ ჭალიან უღრან ტყეში, დღისითვე ჩამოუღამდა მოულოდნელად. უცბად შუადღეს ღრმა ბურუსმა მოიცვა მთელი ტყე, სადაც მეფე იყო. ხოლო რადგან მისი მხლებლები იქ იყვნენ სანადიროდ გაფანტული, უდიდესმა შიშმა მოიცვა მეფე და სრულებით ვერ მოესაზრა საშუალება, თუ როგორ აეცდინა თავიდან უბედურება, ხოლო რადგან მისი ყველა თანმხლებელი იმავე გასაჭირში იყო და ყოველი მათგანი, რომელნიც მეფესთან მისვლას ისწრაფვოდნენ, წყვდიადმა გააშეშა იმ ადგილას, სადაც ისინი იდგნენ, ამიტომ მათ არ შეეძლოთ წინ წაწევა ერთმანეთის დასაძახებლად.
მაშინ მეფეს მოაგონდა მეუღლე და ის ტყვე-ქალი, რომელმაც განკურნა მისი, უკურნებელი სენით შეპყრობილი მეუღლე, შესძახა და თქვა:
„ქრისტე, უფალო ტყვე-ქალისაო, მეოხმეყავაწ, რათა ავიცდინო მოწეული უბედურება; მე უკვე მაქვს მეტად ნათელი შედეგი შენი ღვთაებრივი ძალის მოქმედებისა, სახელდობრ, ჩემი მეუღლე“. და როგორც კი მან გაათავა ლოცვა, მაშინვე გაიფანტა ბურუსი, დღის შუქმა წინანდელზე უფრო მძლავრად გაანათა მთელი ტყე, სადაც ისინი სვეტივით იყვნენ გაშეშებულნი.
ქართული წყაროებით ვიცით, რომ ეს ამბავი მოხდა თხოთის მთაზე. მეფე გადარჩა, დაბრუნდა სასახლეში და ბრძანა, გადაეცათ წმიდა ნინოსთვის, რომ ამიერიდან სხვა ღმერთს აღარ სცემდა თაყვანს, გარდა ქრისტესი.
მივიდა მეფესთან მოციქულთა სწორი ნინო და უხსნიდა მეფეს ქრისტიანობას: „შეიქნა მასწავლებელი მეფისა და ასწავლიდა მას ყველაფერს, რაც რწმენას შეეხებოდა.
მეფე გახარებული იყო და მას არ რცხვენოდა ღვთის მოყვარების სწავლა უბრალო დედაკაცისგან; პირიქით, მას თავი მოჰქონდა იმის წინ, და უბრძანა, შუა ხალხში გამოეყვანათ ტყვე-ქალი და მოურიდებლად თქვა მის შესახებ:
„ჩემმა მეუღლემ სიკვდილი აიცდინა ამისი ლოცვის წყალობით ქრისტეს მიმართ, ყოველთა უფლისა“. და არწმუნებდა ქვეშევრდომებს, „თუ ცხონება სურთ, გაიზიარეთ ეს, აირჩიეთ ქრისტეს თაყვანისცემა და კერპები უკუაგდეთო“. ხოლო როდესაც ისწავლა იმ წმიდა დედაკაცისგან, რომ საჭიროა ეკლესიების დაფუძნება ქრისტეს თაყვანისცემისათვის, აგრეთვე წარმატებით შეუდგა ამისთვის ზრუნვას.
როდესაც ღვთის სახლის გალავანს აშენებდნენ, საჭირო იყო სხვათა შორის შუაში სვეტების აღმართვაც მამაკაცებსა და დედაკაცების შესაკრებთა გასაყოფად. და ღმერთმა მოისურვა, მტკიცე აზრი ჩაენერგა მეფისა და მისი ქვეშევრდომებისთვის ტყვე-ქალის საშუალებით უწყებული ევანგელიონისა იესო ქრისტესისა, ძისათვისისა, და ის აკეთებს შუაში აღმართულ მესამე სვეტს, რომელიც ჯერ კიდევ მრუდედ იდგა, ისე, რომ ის საბოლოოდ არ გასწორდეს, როგორც სხვა ორი სვეტია გასწორებული. ბევრს ეწვალნენ ხელოსნები, დახიეს და დაფხრიწეს აფრები ყველა მანქანებითურთ და უკან გამოიქცნენ შეშინებულნი, რომ იქ დარჩენით არ დახოცილიყვნენ სვეტის მიერ მიწაზე დამარცხებულნი, რადგან სვეტი იდგა ჰაერში მრუდედ დაკიდებული და წინააღმდეგ ხელოსანთა ჩვეულებისა, ვერავითარი საშუალება ვერ იქნა მათი მხრიდან მოაზრებული.
ესმა ეს ტყვე-ქალს და ძალიან შეშფოთდა, რომ ხალხი ისევ არ მისცემოდა კერპთა თაყვანისცემას; მზის ჩასვლისას ის მიდის იმ ადგილას და მუხლმოდრეკით იყო დილამდე ღმერთის წინაშე; თავისი ლოცვის საშუალებით მან აღადგინა სვეტი, არა ხარისხზე მდგომარე, არამედ სწორად ჩამოკიდებული ხარისხს ზემოთ დაახლოებით ერთი წყრთის მანძილზე, და ღმერთმა განაწესრიგა ისე, რომ ტყვე-ქალი არ წასულიყო შინ ხალხის მოსვლამდე, რათა მათ შეეცნოთ იგი მის მიერ ქადაგებული ჭეშმარიტი ღმერთის რწმენაში.
რიჟრაჟზე ხალხი მეფესთან ერთად მივიდა და რომ დაინახეს სწორად დაკიდებული ამხელა სვეტი, გაუკვირდათ. ზოგი მაინც არ იჯერებდა და ფიქრობდა, რომ როდესაც ტყვე-ქალმა ლოცვას თავი დაანება და ადგა, სვეტი მაშინვე ვიღაც ხელოსნებმა რაც შეიძლება კარგად მიაკრესო. მაგრამ ერთი ფაქტი იყო: იმ სვეტს მანამდე და შემდეგ აღმართულ სვეტებთან შედარებით უდიდესი ურყევობა ჰქონდა. ამის გამო მეფის ირგვლივ შეკრებილმა ხალხმა გაიზიარა მეფის რწმენა. მაშინ მან მოუწოდა ხალხს, მათაც მიეღოთ მონაწილეობა ლოცვაში.
შემდგომად ეკლესიის დასრულებისა ტყვე-ქალი წინადადებას აძლევს მეფეს და დედოფალს, რათა მათ გაგზავნონ ერთმორწმუნე მეგობართან და ღვთის მოყვარე კონსტანტინე მეფესთან მოციქულები და სთხოვონ, რათა მან გამოუგზავნოს მათ ვინმე ამ ეკლესიის საკურთხევლად“.
დიდი ცვლილებები იწყებოდა კავკასიის გეოპოლიტიკაში.