№24 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: მაქვს ცხიმიანი და გაღიზიანებისკენ მიდრეკილი სახის კანი. მითხრეს, რომ პიტნის ლოსიონი შველისო. იქნებ მასწავლოთ, როგორ მოვამზადო?
პასუხი: 2 სუფრის კოვზ პიტნის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30 წუთი და გაწურეთ. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. გაიწმინდეთ სახე დილას და საღამოს. ძალიან უხდება გაღიზიანებულ და ცხიმიან კანს.
კითხვა: ვარ 35 წლის. ბოლო დროს, საკმაოდ ბევრი ნაოჭი გამიჩნდა სახეზე. რომელი ბუნებრივი საშუალება დამეხმარება, რომ ეს პროცესი შევაჩერო?
პასუხი: კვირაში 2-3-ჯერ გაიწმინდეთ სახის კანი ალოეს წვენით, ხოლო ნაოჭების ასაცილებლად დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული საფენები და გაიჩერეთ 10 წუთი. ალოეს წვენში არსებული ბიოსტიმულატორები აახალგაზრდავებენ სახის კანს.
კითხვა: შეგიძლიათ, სახის საწმენდი ისეთი საშუალების რეცეპტი მითხრათ, რომელიც კომბინირებულ კანს უხდება და თან, უსაფრთხოა?
პასუხი: ასეთია, ლიმონის წვენი გლიცერინით. ერთი ცალი ლიმონიდან გამოწურულ წვენს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი გლიცერინი და ნახევარი ჩაის ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი. ეს ლოსიონი-სითხე კარგად წმენდს სახის კანს.
კითხვა: გავიკეთე პირსინგი და როცა საყურეს ვირგებ, ძალიან მტკივა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თუ ახალი პირსინგი გაქვთ ან ჯერ კიდევ მტკივნეულია საყურის გაკეთება, მის უმტკივნეულოდ მორგებაში ვაზელინი დაგეხმარებათ.
კითხვა: მე და ჩემს დას განსხვავებული სახის კანი გვაქვს. ნებისმიერი ტიპის კანისთვის განკუთვნილი რომელი ტონალურის შეძენა სჯობს, რომ ორივემ გამოვიყენოთ?
პასუხი: ნებისმიერი ტიპის კანისთვის კარგია თხევადი ტონალური.