№24 ორგვარი სამართალი
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
ყველა ოჯახს თავისი ისტორია აქვს, ოღონდ, მინიმუმ ორი (უფრო სწორად, ორი ვერსია), მაქსიმუმ კი იმდენი, რამდენი ცნობისმოყვარე ახლობელი, გულშემატკივარი, სტუმართმოყვარე თუ „კეთილის მსურველიც“ ახვევია გარს. ამ გულშემატკივრების, უბრალო ნაცნობებისა თუ მტერ-მოყვრების ვერსიები ძირითადად ჭორებისა და საკუთარი ფანტაზიებისგან შედგება, თუმცა ხანდახან რეალურ ფაქტებსაც შეიცავს; ის ორი მთავარი ვერსია კი, პრაქტიკულად, ერთი და იგივე ისტორიაა, ოღონდ, სხვადასხვა რაკურსიდან დანახული. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ხსენებული ორი ვერსიიდან ერთი ცოლსა და მის ეგრეთ წოდებულ „მხარდამჭერებს“, ანუ უახლოეს სანათესაოსა და ზოგიერთ მეგობარს (ხაზს ვუსვამ: ზოგიერთს) ეკუთვნის, მეორე კი – ქმარსა და მის საახლობლოს.
ჩემს მესამე მოთხრობაში ერთი ოჯახური ისტორიის ორ ვერსიას შემოგთავაზებთ და თავად გამოიტანეთ დასკვნა, ვინ არის გულწრფელი, ვინ ცრუობს და ვინ მართალს ამბობს. ამ ვერსიების ავტორები, როგორც მიხვდით, მეუღლეები არიან. ცოლი 33 წლისაა, ქმარი – 35-ის. ჩემი მხრიდან, წინასწარ იმას გეტყვით, რომ 15 წლის წინ მათი შეუღლება არაორდინარული სიყვარულის ბედნიერი დაგვირგვინება იყო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მახსოვდა. ასე მახსოვდა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ამ წყვილს ჯერ კიდევ მათ დაქორწინებამდე ვიცნობდი, რადგან მათი მშობლების ოჯახები ჩვენი ყოფილი მეზობლები იყვნენ და ნიასა და რატის ბავშვობამ, სიყმაწვილემ და შეყვარებულობის პერიოდმა, შეიძლება ითქვას, ჩემ თვალწინ ჩაიარა. მათ ქორწილშიც ვიყავი და მათი უჩვეულო სიყვარულის შესახებ მოარული ლეგენდებიც ხშირად მომისმენია. იმასაც ამბობდნენ ხოლმე, რომ თავიდან ნიას რატი არ უყვარდა, უარს ეუბნებოდა და ხანდახან ცოტ-ცოტას დასცინოდა კიდეცო (როგორც ზედმეტად გათამამებულ და ბიჭების ყურადღებით განებივრებულ გოგოებს სჩვევიათ). ბიჭი ძალიან იტანჯებოდა, მაგრამ მაინც არ ყრიდა ფარ-ხმალს და, ერთ დღესაც, მთელი ეზო აწიოკდა სიხარულით – როგორც იქნა, ნიაკო გონს მოეგო და რატისთან ერთად გაიპარაო; ეტყობა, ასეთმა ერთგულმა სიყვარულმა მისი გული გაათბო და თვითონაც შეუყვარდაო; ცოტა ჭორიკანა და ბოროტმა ადამიანებმა კი მალე სხვა ხმები გაავრცელეს: ვინც თვითონ უყვარდა, იმან არ შეირთო და რატის იმის ჯინაზე გაჰყვაო; ცუდი რამე შეემთხვა და რატის შეასაღა თავიო; რატი შეეცოდა და იმიტომ მისთხოვდაო; რატიმ ქონების გამო შეირთო ნაგულავები გოგოო... რას აღარ ამბობდნენ, მაგრამ ამ არაკეთილმოსურნე ადამიანების ჯინაზე, ნიაკომ და რატიმ თბილი ოჯახი შექმნეს. ამაში ძალიან მალე დარწმუნდა ყველა და ჭორებისა და ბოროტი დასკვნებისა თუ მოსაზრების ნიაღვარი ერთხელ და სამუდამოდ შეწყდა. მე კი, რადგან სხვა უბანში გადავედი საცხოვრებლად, ნიას და რატის ძალიან იშვიათად ვხედავდი – ათასში ერთხელ თუ შევხვდებოდი რომელიმეს ქუჩაში და ყოველი ასეთი რამდენიმეწუთიანი შეხვედრის შემდეგ არაჩვეულებრივ ხასიათზე ვდგებოდი, რადგან ყოფილი მეზობლებისგან, ნაცნობებისგან მხოლოდ ის მესმოდა, როგორი ბედნიერი ოჯახი შექმნეს, როგორ უყვართ ერთმანეთი და რა კარგად ზრდიან შვილებს.
ამ ორიოდე თვის წინ ნიაკო შემხვდა. ისე გაუხარდა ჩემი დანახვა, ცრემლი ვერ შეიმაგრა. გადავეხვიეთ ერთმანეთს. მერე იქვე, სკვერში შევედით და სკამზე ჩამოვსხედით. რატი და ბავშვები მოვიკითხე.
– უკვე ოთხი შვილი გვყავს, ორი გოგო და ორი ბიჭი, – რატომღაც სევდიანი ღიმილით მიპასუხა.
რატი ბავშვობიდან ძალიან მოკედლებული იყო ჩემზე. მიუხედავად ჩვენ შორის საკმაოდ სოლიდური ასაკობრივი სხვაობისა, მეგობრად მივაჩნდი და თითქმის ყველა პრობლემაზე მელაპარაკებოდა, რჩევას მეკითხებოდა. ჩვენი ასეთი ურთიერთობა მას მერე შეწყდა, რაც მე საცხოვრებელი შევიცვალე. იმ ეზოდან გადასვლის შემდეგ ერთხელაც არ დაურეკავს, ჩემთან მოსვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მხოლოდ ქუჩაში თუ შევხვდებოდით ერთმანეთს შემთხვევით. ამიტომაც ვკითხე ნიაკოს, რატომ დამეკარგა, რატომ არ მეხმიანება-მეთქი. მან კი მხოლოდ მხრები აიჩეჩა – აბა, რა გითხრათ, საერთოდ, ამ ბოლო დროს ძალიან მოუცლელი გახდაო. მერე კი თითქოს გაამართლა ქმარი: თქვენი არც მისამართი ვიცოდით და არც ტელეფონის ნომერი, თორემ რამდენი ხანია, მე თვითონ მინდოდა თქვენი ნახვაო.
– ხომ კარგად შეეწყვეთ ერთმანეთს? მიხარია, რომ ბედნიერი ხარ მასთან. გავიგე, რომ დღემდე ისე გიყვართ ერთმანეთი, როგორც ამ თხუთმეტი წლის წინათ, დაქორწინებისას. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რატი იდეალური ქმარი იქნებოდა. რომ იცოდე, როგორ უხდებით ერთმანეთს! – მოვაყარე ტყვიამფრქვევივით.
– მართლა? – ისეთი უცნაური ხმით იკითხა ნიაკომ, ვერ მივხვდი, გაუხარდა, არ დამეთანხმა თუ ეჭვი შეეპარა ჩემს გულწრფელობაში. მერე ორივე ხელი სახეზე აიფარა და უცებ მის მაჯასთან ოცთეთრიანი ზომის სისხლჩაქცევა დავინახე.
– ეს რა არის? – ვკითხე შეშფოთებულმა და თვალით ჩალურჯებულზე მივუთითე.
– ა, ეს? არაფერი, ზოგჯერ ხან სად გამიჩნდება ხოლმე ასეთი სისხლჩაქცევა და ხან სად. არ ვიცი, რისი ბრალია, – თქვა მოწყენილი ხმით.
– აუცილებლად მიდი ექიმთან, გულის ან სისხლძარღვების ბრალი არ იყოს, – რატომღაც ძალიან შემეშინდა, – თუ გინდა, მე წამოგყვები ან ბავშვებს დავიტოვებ და რატი გაიყოლე.
– არა, გმადლობთ, თვითონ მოვახერხებ.
– კარგი, როგორც გინდა. ახლა ის მითხარი, თქვენი კარიერის საქმეები როგორ მიდის? – ვკითხე ინტერესით.
– ჩემი – არანაირად, აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვიჯექი ინსტრუმენტთან, რატიმ კი კარგად ააწყო თავისი საქმიანობა. ახლა საკუთარი ბიზნესი აქვს, მართალია, ეგრეთ წოდებული, „საშუალო ბიზნესი“, მაგრამ ჩვენ გვყოფნის.
– არ გადამრიო! შენ რატომ დაანებე თავი მუსიკას? მეგონა, მეორე ელისო ვირსალაძე გვეზრდებოდა!
– რა ვიცი, ასე მოხდა. შვილები თითო წლის შუალედით გავაჩინე და ჩემს საქმიანობას თავისთავად დავანებე თავი. ჩამოვშორდი. თან, რატიმაც მითხრა, არჩევანი უნდა გააკეთოო.
– რისი არჩევანი?
– ან შვილები, ან შენი პიანისტობაო. ჰოდა, მეც გავაკეთე.
– ესე იგი, ახლა სახლში ზიხარ?
– თან ქმარს ვუწყობ ხელს, რომ წარმატებით წაიყვანოს თავისი საქმიანობა.
– გული არ გწყდება?
– არა. მართალია, დაკვრა მომენატრება ხოლმე, მაგრამ შვილებთან ყოფნაზე უკეთესი რა უნდა იყოს! – ძალიან შეეცადა, რომ დამეჯერებინა, მაგრამ მაინც შევნიშნე მით თვალებში ჩალექილი სევდა.
– სახლში, ბავშვებისთვის მაინც რომ დაუკრა, არ გიცდია? ეს ხომ მათთვისაც კარგი იქნება!
– ინსტრუმენტი აღარ მაქვს.
– რატომ?
– პირველი შვილი რომ გაგვიჩნდა, ცოტა გაგვიჭირდა მატერიალურად და ჩემი როიალი გავყიდეთ.
– შენი ინიციატივა იყო? – რატომ გამიჩნდა ეჭვი, ახლაც არ ვიცი.
– არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. როგორც კი მითხრა რატიმ, მაშინვე დავთანხმდი.
– რომ არ დათანხმებოდი, რას იზამდა?
– რატომ არ უნდა დავთანხმებოდი? – ცოტა არ იყოს, შიშით იკითხა ნიაკომ, – თანაც რატის არ უყვარდა, როცა სახლში ვუკრავდი – შინ ძალიან დაღლილი ვბრუნდები სამსახურიდან და არ მსიამოვნებს კლავიშებზე ბრახუნის მოსმენაო.
მე აღარ ვიცოდი, რა მეთქვა და გავჩუმდი. ძალიან მეტკინა გული. ნიაკოს დაკვრა რატისთვის ბრახუნი თუ იყო, ვერ ყოფილა კარგად მათი საქმე. ერთი-ორი წუთის შემდეგ ნიაკო წამოდგა და თითქოს დამორცხვებულმა მითხრა:
– თუ არ გეწყინებათ, მე წავალ, ბავშვები უკვე მოვიდოდნენ სკოლიდან და სახლში უნდა დავხვდე, – მერე საათს დახედა და თვალებში შიში ჩაუდგა: – ღმერთო, როგორ დამაგვიანდა! ნახვამდის, გავიქეცი! – და მართლაც მოსწყდა ადგილს. მე დავედევნე, მივაძახე, ეს გამომართვი-მეთქი და ჩემი სავიზიტო ბარათი ჩავუდე ხელში.
– ან დამირეკე, ან გამომიარე, – ვუთხარი თბილად და თვალებში ჩავხედე. შევატყვე, რომ გაუხარდა:
– რომც არ გეთქვათ, მაინც ვაპირებდი დარეკვას ან მოსვლას. ძალიან მჭირდებით.
– გელოდები, – ვუთხარი და ისე დავშორდით ერთმანეთს, ნიაკოსთვის ტელეფონის ნომრის გამორთმევა დამავიწყდა.
იმავე ღამით, 12-ის ნახევარზე, ჩემს მობილურზე უცნობმა ნომერმა დარეკა. რატომღაც, ძალიან შემეშინდა.
– გისმენთ! – მაშინვე ვუპასუხე.
– მე ვარ, რატი ვარ... – მომესმა გაუბედავი ხმა.
– რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასახსენებლად, ვინ იყო რატი. როცა გამახსენდა, მხოლოდ მაშინ გამიკვირდა:
– გამარჯობა, რატი! საიდან გაიგე ჩემი ნომერი?
– შემთხვევით გავიგე. ნიაკოს ედო თქვენი ვიზიტკა პიჯაკის ჯიბეში და... ბოდიშს გიხდით, ასე გვიან რომ გირეკავთ...
– ხომ მშვიდობაა? – შევაწყვეტინე შეშინებულმა, გულში კი გავიფიქრე: პიჯაკის ჯიბიდან შენს ხელში შემთხვევით როგორ აღმოჩნდა ჩემი ბარათი-მეთქი.
– პრინციპში, ჰო, მაგრამ თქვენი ნახვა მინდა, თანაც, რაც შეიძლება მალე.
– როცა გინდა, მაშინ მოდი, ოღონდ, წინასწარ დამირეკე, რომ სახლში დაგხვდე.
– ნიაკომ რატომ დაგირეკათ, რატომ შეგხვდათ?
– ნიაკოს არ დაურეკავს, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. რადგან ჩემი კოორდინატები არ იცოდა, მე მივეცი ჩემი სავიზიტო ბარათი და ვთხოვე, ან დამირეკე, ან გამომიარე-მეთქი.
– მერე, დაგირეკათ?
– არა. დღეს შევხვდით და ასე მალე ხომ არ დამირეკავდა!
– რაზე გელაპარაკათ?
უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა – ეს უკვე დაკითხვას ჰგავდა. მაინც მშვიდად ვუპასუხე:
– კონკრეტულად არაფერზე, ერთმანეთი მოვიკითხეთ. არც კი ვიცოდი, ოთხი შვილი თუ გყავდათ.
– მართლა? კარგი, თუ არ შეგაწუხებთ, ამ დღეებში გინახულებთ, – მითხრა ნერვიულად და ტელეფონი გათიშა.
სერიოზულად შევწუხდი. ძალიან დამაფიქრა ნიაკოსთან და რატისთან მოულოდნელმა საუბარმა. თხუთმეტი წლის წინ ვნახე ისინი ბოლოს (თუ არ ჩავთვლი, ქუჩაში შემთხვევით შეხვედრას) და მას შემდეგ მხოლოდ სხვებისგან თუ ვიგებდი ხოლმე მათი ბედნიერი ოჯახის შესახებ, მაგრამ ახლა რატომღაც ეჭვი შემეპარა, უფრო მეტიც, შემეშინდა, რამე უბედურება ხომ არ ხდება მათ ოჯახში-მეთქი. ყველაზე უფრო გასაკვირი კი ის იყო, ამდენი წლის შემდეგ საიდან გავახსენდი ან ერთს, ან მეორეს და ასე ერთდროულად რატომ მოინდომეს ჩემთვის გულის გადაშლა. გასაგებია, რომ ოდესღაც ძალიან ახლო მეზობლები ვიყავით და ბავშვობაშიც და ახალგაზრდობაშიც ხშირად მოდიოდნენ ხოლმე ჩემთან როგორც უფროს მეგობართან და თავიანთ ბავშვურ თუ ახალგაზრდულ საიდუმლოებებს მიზიარებდნენ, მაგრამ ახლა, ამდენი წლის შემდეგ, რისი მოყოლა გადაწყვიტეს ჩემთვის, თავიდან გაუგებარი იყო; ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ კი ერთადერთი ახსნა მოვუძებნე ამ ყველაფერს: „მაშინვე როგორ ვერ მივხვდი! რა თქმა უნდა, ისევ და ისევ „ოჯახური ისტორიები“! ალბათ, რომელიმემ წაიკითხა (უფრო ნიაკომ) და...“ მაგრამ ნამდვილ მიზეზს რომელიმეს მოსვლამდე მაინც ვერ გავიგებდი და ამიტომ იძულებული ვიყავი, მომეთმინა და მომეცადა.
***
დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია, რატიმ მეორე დღესვე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. წინა რესპონდენტივით, ისიც სახლში დავიბარე.
ისეთი აქოშინებული მოვიდა, მეგონა, მთელი გზა სირბილით გამოიარა-მეთქი. მინდვრის პატარა, მაგრამ ლამაზი თაიგული და კოლოფით „რაფაელო“ მომართვა.
გამიხარდა ამდენი წლის შემდეგ მისი დანახვა და ჩავეხუტე. საჩუქარი გამოვართვი და სტანდარტული ფრაზა წარმოვთქვი:
– ასე რატომ შეწუხდი, არ იყო საჭირო!
– რა შეწუხებაა, უბრალოდ, მახსოვდა, რომ მინდვრის ყვავილები და „რაფაელო“ გიყვარდათ. ბავშვობაში თქვენთან რომ მოვდიოდი ხოლმე, ყოველთვის გედგათ მაგიდაზე ლარნაკი ამდაგვარი თაიგულით, მის გვერდით კი „რაფაელოს“ კოლოფი იდო. ეს კანფეტი პირველად თქვენთან გავსინჯე და მას შემდეგ ისე შემიყვარდა, რომ დღემდე ხშირად ვყიდულობ და ყოველი ყიდვისას თქვენ მახსენდებით.
– მართლა? – ამიჩუყდა გული. მერე ერთმანეთის პირდაპირ მდგარ სავარძლებში მოვკალათდით და ყოველგვარი მოკითხვისა და საკუთარი ამბების მოყოლა-გამოკითხვის გარეშე ვუთხარი:
– აბა, გისმენ.
რატი კარგა ხანს დუმდა. ისედაც გაფითრებული სახე ნერვიულობისგან ქაღალდივით გაუთეთრდა. უჭირდა დაწყება, მაგრამ მე არ ვაჩქარებდი, რომ არ დამეფრთხო. ვიგრძენი, რომ აუცილებლად სჭირდებოდა მსმენელი. ნათქვამია, ჭურჭელი რომ არ აფეთქდეს, ორთქლი უნდა გამოუშვაო. რატის ეტყობოდა, რომ ისე ჰქონდა ნერვები დაჭიმული, აფეთქებას აღარაფერი უკლდა, ამიტომ ძალიან ფრთხილად შევახსენე მოსვლის მიზანი, რათა „ორთქლის გამოშვება“ დამეჩქარებინა.
– რატი, მგონი, ჩემთვის რაღაცის მოყოლა გინდოდა!
– ჰო, – გამოფხიზლდა უცებ და პირდაპირ მკითხა: – ნიაკომ რამე გიამბოთ გუნშინ?
– რას გულისხმობ? – მინდოდა, თვითონ მიახლოებოდა მთავარ თემას.
– ჩვენზე, ჩვენს ურთიერთობაზე რა მოგიყვათ?
– მხოლოდ ის, რომ შენ კარგად უძღვები შენს ბიზნესს, თვითონ კი შვილების აღზრდით არის დაკავებული.
– მეტი ნამდვილად არაფერი უთქვამს? – მომეჩვენა, თითქოს დამშვიდდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში