№24 როგორ იქცნენ კლასიკური „ცივი ომის“ პერიოდის სუპერსახელმწიფოები – აშშ და სსრკ ოცდამეერთე საუკუნეში მხოლოდ დიდ სახელმწიფოებად
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ვლადიმირ პუტინმა სულ ახლახან განაცხადა, რომ, თუკი საბჭოთა დროს ჩვენ ვიყავით მდევრის როლში და მხოლოდ აშშ-ის შემდეგ ვავითარებდით ტექნოლოგიებს (ატომური იარაღის მაგალითი მოიტანა, ბერიამ რომ ცხვირწინ ააწაპნა ამერიკელებს მეცნიერი), აწ უკვე წინ გავიჭერით და ისეთი შეიარაღება გვაქვს, ყველანი უკან ჩამოვიტოვეთო. თუმცა ცნობილია, რომ როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო სიძლიერისა და გავლენის თვალსაზრისით, დღევანდელი რუსეთის ფედერაცია დიდად ჩამორჩება საბჭოთა კავშირს. ვლ. პუტინის ნათქვამში, პირადად მე უფრო სტალინთან ქიშპობა ამოვიკითხე, ვიდრე აშშ-სთან. შეესაბამება თუ არა სინამდვილეს, რასაც რფ-ის პრეზიდენტი ამბობს და რატომაა მისთვის ამდენად მნიშვნელოვანი, დაეწიოს და გაუსწროს სტალინს? – ამ თემას ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიასთან ერთად განვიხილავთ.
ვახტანგ მაისაია: ძალიან საინტერესო კითხვაა და საკმაოდ რთული პასუხგასაცემიც. რამდენიმე ასპექტს გამოვყოფდი. პირველი – პუტინმა, როგორც ჩანს, კარგად არც საბჭოთა კავშირის ისტორია იცის. საბჭოთა კავშირი კლასიკური „ცივი ომის“ პერიოდში არასდროს ყოფილა მაჩანჩალის როლში აშშ-სთან, იმიტომ რომ პირველი სადაზვერვო და, მათ შორის, სამხედრო-სადაზვერვო თანამგზავრი სწორედ საბჭოთა კავშირმა გაუშვა 1957 წელს და საბჭოთა კავშირი იყო ბალისტიკური რაკეტების შექმნის პიონერი. ამერიკელებმა პირველი ბირთვული იარაღი სატესტო რეჟიმში ალაბამას უდაბნოში პირველად 1945 წელს გამოსცადეს, საბრძოლო ვითარებაში კი – იმავე წლის 6-9 აგვისტოს ხიროსიმასა და ნაგასაკში. საბჭოთა კავშირმა 1949 წელს გამოსცადა ატომური იარაღი სატესტო რეჟიმით სემიპალატინსკის პოლიგონზე, ყაზახეთში. ნაკლებად ცნობილი ფაქტია ქართველი მკითხველისთვის, მგონი, თქვენთვისაც დიდი სიახლე იქნება, რომ საბჭოთა კავშირმა, ასევე, გამოსცადა ბირთვული იარაღი საბრძოლო ვითარებაში. იცით ეს ამბავი?
– არა, პირველად მესმის.
– ეს მოხდა 1954 წელს, ჩელიაბინსკთან ჩატარდა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც 50 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და აი, ამ ჩელიაბინსკის სამხედრო წვრთნების დროს, მარშალ ჟუკოვის მითითებით, საბჭოთა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ჩამოაგდო ტაქტიკური ბირთვული ბომბი შეტევაზე გადასულ თავისივე, ანუ საბჭოთა მეომრების წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში გამოსცადა საბჭოთა კავშირმა ბრძოლაში ბირთვული იარაღი.
– დაღუპულები იყვნენ?
– რა თქმა უნდა, 10 000 ადამიანი დაიხოცა ერთი დარტყმით და დანარჩენები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იხოცებოდნენ. ჩელიაბინსკიც კარგა ხანს იყო პოსტბირთვული დარტყმის პანდემიის ქვეშ. იქ გავრცელდა ონკოლოგიური დაავადებები და, როგორც ვიცი, ჩელიაბინსკის მხარე სიკვდილიანობით პირველ ადგილას იყო საბჭოთა კავშრში. ანუ, თუ ამერიკელებმა ბირთვული იარაღი საბრძოლო ვითარებაში გამოსცადეს მტრულ ქვეყანაზე, რაც არაჰუმანური და საძაგელი ქმედებაა, საბჭოთა კავშირი უფრო უარესად მოიქცა, საკუთარ მოქალაქეებზე გამოსცადა ატომური იარაღი საბრძოლო ვითარებაში. წარმოიდგინეთ, რა საშინელ იმპერიაში ვცხოვრობდით, მაგრამ დავანებოთ თავი ამ რიტორიკას. საბჭოთა კავშირმა პირველმა გაუშვა კოსმოსური თანამგზავრი კოსმოსში, პირველმა გაუშვა კოსმონავტი კოსმოსში, პირველი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა სწორედ საბჭოთა კავშირში დაინერგა, როდესაც ჩამოაგდეს პაუერის სადაზვერვო თვითმფრინავი. არის ვერსია, რომ პირველი გამომთვლელი მანქანაც 1965 წელს, სწორედ, საბჭოთა კავშირში შეიქმნა და შემდეგ უკვე, 1970-1972 წელს – ამერიკაში. მთლად ისე არ იყო საქმე, რომ საბჭოთა კავშირი მაჩანჩალა იყო. სსრკ და აშშ იყო ორი უძლიერესი სუპერსახელმწიფო. დღეს არიან დიდი სახელმწიფოები და არა სუპერსახელმწიფოები. რატომ? იმიტომ რომ სუპერსახელმწიფოებს ჰქონდათ ძალიან მყარი იდეოლოგიური საფუძველი, ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები და ისინი პლანეტის ყველა წერტილში ატარებდნენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. მეორეც – არც დღევანდელი ამერიკაა ძველი ამერიკის მეათედიც კი. რა თქმა უნდა, კლასიკური „ცივი ომისდროინდელი“ ამერიკა გაცილებით ძლევამოსილი იყო, ვიდრე დღევანდელია. ტრამპის ამერიკას ვერ შევადარებ რეიგანისა და კარტერის ამერიკას, თუნდაც, იმიტომ რომ რეიგანის ამერიკას შეეძლო, მოეხდინა ინვესტიცია კოსმოსში სტრატეგიული შეიარაღების განთავსების და კოსმოსიდან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს ქმნიდა. თუმცა საბჭოთა კავშირმაც შეიმუშავა ანალოგიური პროექტი: „ფარი და მახვილი“, მაგრამ სტრატეგიული შეიარაღების რბოლაში გაიმარჯვა ამერიკამ, საბჭოთა კავშირს არ ეყო პოტენციალი. თუმცა ფიქრობენ, რომ ბლეფი პროექტები იყო, მაგრამ აშშ-მაც და საბჭოთა კავშირმაც მაინც ბევრს მიაღწიეს. როდესაც პუტინი დღეს ლაპარაკობს ლაზერული თავდაცვის სისტემაზე, რომელსაც „პერესვეტი“ ჰქვია, ეს არის იმ პროექტის - „ფარისა და მახვილის“ გაგრძელება. ამასთან, შევადაროთ, რამდენს ხარჯავდა შეიარაღებაზე კლასიკური „ცივი ომის“ ამერიკა და რამდენს ხარჯავს დღეს. მაშინ ისინი მთლიანი შიგა პროდუქტის 20-25 პროცენტს ხარჯავდნენ, დღეს კი – მხოლოდ 4 პროცენტს. თითოეულს მაშინ ჰქონდა თავისი სამყარო, რომელიც გამოკვეთილი იყო, პირობითად, ბერლინის კედლით. აღმოსავლეთში დომინირებდა საბჭოთა კავშირი, დასავლეთში – აშშ. მათ ორი სისტემა ჰქონდათ შექმნილი: აქეთ იყო ვარშავის პაქტი და ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო და იქით – „ნატო“ და ევროპის ეკონომიკური კავშირი, რომელსაც შემდეგ შეემატა „სიატო“, აღმოსავლეთში „ნატოს“ ტიპის აზიური სამხედრო ბლოკი, „სენტო“ და ასე შემდეგ. დღეს ამერიკა, ფაქტობრივად, გამოდის ცენტრალური აზიიდან, მაშინ კი ის ებრძოდა საბჭოთა კავშირს ცენტრალურ აზიაშიც, აფრიკის კონტინენტზეც, ჩრდილო ყინულოვან ოკეანეშიც კი მიდიოდა დაძაბული ბრძოლა გავლენებისთვის. ხუთივე კონტინენტზე იბრძოდა ორივე სამკვდრო-სასიცოცხლო ინტერესებისთვის. ამდენად, დღეს არც ერთი აღარ არის ის თამრო. თუ მაშინდელი სისტემა იყო ბიპოლარული, დღეს ვხედავთ, რომ სამყარო მულტიპოლარულია და სამპოლუსიანი მსოფლიო წესრიგია, რომელშიც, ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ რჩება მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელ მთავარ პოლუსად, ამერიკასთან და ჩინეთთან ერთად.
– სტალინის კომპლექსი რატომ აქვს პუტინს, რატომ უნდა, რომ აჯობოს?
– ჯერ ერთი, საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში სტალინი ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო ქვეყნის სათავეში, სტალინს უკავშირდება ის, რომ 1924 წელს მან ჩაიბარა გუთნის დონის საბჭოთა რუსეთი და 1953 წელს გადააბარა ბირთვული სახელმწიფო საბჭოთა კავშირი, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი. ლენინმა სტალინს გაპარტახებული წითელი რუსეთი დაუტოვა, რომელიც რუსეთის იმპერიის ნანგრევებიდან გამოვიდა და იყო უსუსტესი სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომში შეძლო თეთრგვარდიული წინააღმდეგობის დაძლევა და ანტანტის ძალების დამარცხებაც. ეს პარალელი იმიტომ გავავლე, რომ პუტინსაც უნდა, აჩვენოს ყველას, რომ მანაც გაძვალტყავებული, დანგრეული რუსეთი ჩაიბარა, ოღონდ ამ შემთხვევაში ლენინის ფუნქციას ელცინი ასრულებდა და დღეს რუსეთი არის საკმაოდ ძლევამოსილი სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი წონა მსოფლიო პოლიტიკურ სისტემაში. არის თუ არა ეს რეალობა, სხვა საქმეა, მაგრამ პუტინს ამ პარალელის გავლება უნდა, მეორე მხრივ, პუტინიც სტალინის ეპოქიდანაა, იმ დროსაა გაზრდილი, როცა საბჭოთა უშიშროების კომიტეტში ისევ სტალინისა და ძერჟინსკის კულტი იყო გამჯდარი. სუკის სპეციალიზებულ სკოლებში იდეოლოგიით ურეცხავდნენ ტვინებს და თვითონ ეს სტრუქტურაც იყო კომპარტიის მახვილი და, როგორც კი პრეზიდენტი გახდა, პუტინმა აღადგინა საბჭოთა კავშირის სამხედრო დროშა, შემოიღო ისევ ტერმინი „ამხანაგო“, თუმცა ელცინის დროს ინერგებოდა „ბატონო“, აღადგინა ალექსანდროვის საბჭოთა ჰიმნი და დაიწყო საბჭოური სტრუქტურების შექმნა. ევრაზიული კავშირი არის მსგავსი სისტემა. დააკვირდით, ის სახელმწიფოები, რომლებმაც დააფუძნეს საბჭოთა კავშირი, გახდნენ მთავარი წევრები ევრაზიული კავშირის. პუტინს აქვს მისტერიული და ეზოთერული მიდრეკილებებიც კი. როგორც ჩანს, სჯერა ეზოთერიზმის და ის გეოპოლიტიკურ ეზოთერიზმს ახორციელებს. უფრო მეტიც, მან სომხეთიც კი გახადა ევრაზიული კავშირის წევრი და ახლა ყველანაირად ცდილობს აზერბაიჯანის შეყვანას და აქეთკენ მიდის პროცესები. ისიც ფაქტია, რომ პუტინი არ ელევა საქართველოსაც.
– ძალიან რთული შესალევია. ეჯიბრება სტალინს, ყველაზე დიდ მმართველს ბოლო ასი წლის განმავლობაში, რომელმაც რუსეთი ბირთვულ ზესახელმწიფოდ აქცია, რომელიც არის ეთნიკური ქართველი, იმპერიისთვის არ აქვს მნიშვნელობა მმართველის ეთნიკურობას, თუ ის ეთნოსი იმპერიის ხალხია, მაგრამ ქართველები არ არიან არანაირ რუსულ გაერთიანებაში, ამდენად, ცოტა დამამცირებელი უხერხულობა იგრძნობა, მგონი.
– პუტინის მიერ დაარსებული რბილი ძალის პოლიტიკის გამტარებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელად ინიშნება ევგენი პრიმაკოვი, აი, იმ ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი. ის არის „ედინაია როსიას“ წევრი, „დუმის“ დეპუტატი.
– გავახსენოთ მკითხველს, რომ ევგენი პრიმაკოვი თბილისელი იყო.
– ანუ პუტინს უყვარს სიმბოლიზმი. ყველაზე საინტერესოა, რომ როგორც სტალინმა, ისე პუტინმა, თუმცა ორივეს ეკონომიკურად საკმაოდ მძიმე ვითარება ჰქონდა ქვეყანაში, დიდი თანხები გადაისროლეს სამხედრო საქმეში. მეორეც, პუტინი იმეორებს სტალინის ანალოგიას, როდესაც აშშ-მა საბჭოთა კავშირს შესთავაზა 22-მილიარდიანი დახმარება ომისშემდგომი აღდგენისთვის, სტალინმა უარი თქვა. პუტინმაც იგივე გააკეთა, მან, უპირველესად, გაისტუმრა დასავლეთისადმი დავალიანება. ანუ პუტინმა გაიმეორა სტალინის ჟესტი. უარი თქვა დასავლეთის ყველანაირ დახმარებაზე, გადაიხადა ელცინისდროინდელი ვალები და დაიწყო საკუთარი გზით სვლა და დღეს, მოგეხსენებათ, აშს-სა რუსეთს შორის არის ახალი „ცივი ომი“, რომელიც სტალინმა დაიწყო ბერლინის კრიზისიდან მოყოლებული.