№23 როდის ვარდება დეპრესიაში იაკო ჭილაია და რა მოთხოვნა აქვს ოჯახს მის მიმართ
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სერიალ „იდეალური დედის“ მესამე სეზონი იწყება. საზოგადოების ნაწილი მოუთმენლად ელოდებოდა ახალ სერიებს და ბუნებრივია, დიდი ინტერესიც აქვს, როგორ განვითარდება მოვლენები. რა სიახლეები ელის მაყურებელს ახალ სეზონში და რა ცვლილებებით დაუბრუნდება ეკრანს მთავარი გმირი, ამ და სხვა საინტერესო ამბებზე, სწორედ, მთავარი პერსონაჟის როლის შემსრულებელი, მსახიობი იაკო ჭილაია გვესაუბრა.
იაკო ჭილაია: მესამე სეზონს ვიწყებთ და ბევრი სიახლე იქნება, თუმცა, ჯერ ყველაფერი თავადაც არ ვიცი. ახლახან დავიწყეთ გადაღებები და ნელ-ნელა მივყვებით სცენარს. გეტყვით იმას, რომ მეორე სეზონისგან განსხვავებით, მესამე სეზონი ბევრად უფრო სასაცილო, გასართობი და სახალისო იქნება. ვერ დავწვრილმანდები, მაგრამ ბევრ სახუმარო მომენტს იხილავთ. თვითიზოლაციაში არა მარტო მე, ყველანი, ძალიან მონატრებული ვიყავით გადაღების პროცესს, ერთი სული გვქონდა, როდის დავიწყებდით მუშაობას. გადაღებები კორონას გამო შევწყვიტეთ. რეალურად, ბევრად ადრე უნდა დაგევწყო მუშაობა და რაღაც თითქოს ტყუილებივით გამოგვივიდა – ვიწყებთ, არ ვიწყებთ, მერე ისევ ვიწყებთ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ისეთი ამბავი იყო ქვეყანაში, არ გვქონდა მუშაობის გაგრძელების უფლება. როცა დაგვირეკეს და თქვეს, ნამდვილად ვიწყებთ გადაღებასო, ძალიან გაგვიხარდა ყველას.
– მესამე სეზონია, მთავარ გმირს თამაშობ, რა გავლენა მოახდინა შენზე, როგორც მსახიობზე, ამ როლმა?
– ძალიან რთული სათქმელია, თან, ეს ისეთი როლიც არ არის, ძალიან რომ განსხვავდებოდეს ჩემგან. რაღაცებით ვგავარ მაკას, რაღაცებით – არა. სხვათა შორის, ზოგი რამით დავიმსგავსე კიდეც. რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟი არ არის. ჩემი ცხოვრების სტილი და დღის რეჟიმი ძალიან ჰგავს მაკასას. ვგულისხმობ იმას, რომ მეც ოჯახი მაქვს, მყავს ორი შვილი. სახლში ჩვენც, ყველანი, ერთად ვცხოვრობთ, ოღონდ ჩვენთან ბებიაა. განსხვავებულია მხოლოდ ის, რომ სიძესა და სიდედრს მსგავსი დამოკიდებულება არ აქვთ. მე, როგორც სერიალში, ასევე, რეალურ ცხოვრებაშიც მთელი დღე გადარბენა მაქვს და ამ ყველაფრით ჩემი და მაკას ცხოვრება ნამდვილად ჰგავს ერთმანეთს.
– რა არის ყველაზე საინტერესო შენთვის მაკას პერსონაჟიდან?
– ძალიან მომწონს მაკას სიმშვიდე და ეს დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ: „არაუშავს“, „რა მოხდა მერე“, „რა პრობლემაა“, „დამშვიდიდი“... ეს არის, რაც განგვასხვავებს ჩვენ. რეალურ ცხოვრებაში პირიქით ვარ – ძალიან ემოციური. მაკა ბევრად გაწონასწორებულია, მე – ნაკლებად. სხვათა შორის, ვცდილობ, სწორედ ეს გადავიტანო ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ოჯახის მოთხოვნაცაა: მეუბნებიან, იქნებ, ცოტა დაემსგავსო მაკასო (იცინის). მეც მაქვს ამის მცდელობა, რადგან მომწონს და მაოცებს, ორი შვილის დედა, რომელსაც ოჯახი, სამსახური და კიდევ სხვა ვალდებულებები აქვს, როგორ შეიძლება, ღიმილით ხვდებოდეს ყოველ ახალ პრობლემას. ეს აღმაფრთოვანებს და მისგან ამ თვისების გადმოღებას ვცდილობ.
– მაკას არ უყვარს გაპრანჭული და ზედმეტად მოწესრიგებული ქალები, იაკოს რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ?
– სერიალში ახლა რაღაცები იცვლება და ასე ხაზგასმით ვერ ვიტყვი, მაკას რა უყვარს და რა არა, მაგრამ მე ყოველთვის ისე დავდივარ, როგორც მაკა. არც მე მიყვარს ქუსლები და ზედმეტად გაპრანჭული ტანსაცმელი – თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. თავისუფალი, სპორტული და ყოველდღიური სტილი მირჩევნია.
– სერიალში შენი პერსონაჟი ყოველთვის ახერხებს დრო გამონახოს მეგობრებისთვის. შენს შემთხვევაში როგორაა?
– ეს არის აუცილებელი, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ვახერხებ მათ ნახვას. არ შემიძლია მათ გარეშე. ზოგადად, ხალხთან ურთიერთობა მიყვარს და თუ ის ადამიანი შემიყვარდა, ვისთანაც ვურთიერთობ, მერე მის გარეშე ვეღარ ვძლებ. ეს რომ არ გავაკეთო და მეგობრები არ ვნახო, ძალიან ცუდად ვარ, ვითრგუნები, თითქოს დაცარიელებულად ვგრძნობ თავს და დეპრესიაშიც კი ვვარდები. ამიტომ, არ არსებობს, დრო არ გამოვნახო მათთვის – ეს ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრების წესია.
– რამდენად ელოდებოდი შენი გმირის ასეთ პოპულარობას?
- ძალიან ვღელავდი და მაინტერესებდა, როგორ მიიღებდა მაყურებელი მაკას. ინტერესითა და გულისფანცქალით ველოდებოდი. მინდოდა, რომ ეს პერსონაჟი ყოფილიყო ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული იმ ადამიანებისგან, ვინც გვიყურებს და პირველ რიგში, ჩემგან. არასოდეს ყოფილიყო ზედმეტად გადაპრანჭული. მსურდა, ყველას გასჩენოდა შთაბეჭდილება, რომ პირადად იცნობს მაკას, მისი მეზობელია, მეგობარია, ნაცნობია... თითქოს მივაღწიეთ ამას, რადგან ხშირად მეუბნებიან: „მგონია, რომ გიცნობ“, „მართლა ისეთი ხარ“. სწორედ ეს მინდოდა – უბრალო გოგო ვყოფილიყავი, რომელიც „გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს“. ვაღიარებ, ვინერვიულე, სანამ ხალხის რეაქციას გავიგებდით.
– რამდენად ხშირად გეძახიან მაკას?
– „სეტზე“ მეძახიან ხოლმე, სახლში – არა, საზოგადოებაში, ვინც არ მიცნობს, მაკათი მომმართავს. გადაღების დროს „მაკაიაკოს“ მეძახიან. უცხო ადამიანი მაკას რომ მეძახის, მსიამოვნებს და უკვე იმდენად გამიჯდა ეს სახელი, დაძახებაზე ინსტინქტურად ვიხედები. ეს ნიშნავს იმას, რომ ზუსტად იმას მივაღწიე, რაზეც ვსაუბრობდი, გავხდი მათთვის ახლობელი და მეგობარი. საზღვარი ტელეეკრანსა და მაყურებელს შორის თითქოს მოიშალა, რაც ძალიან სასიამოვნოა.
– თავად რამდენად იდეალური დედა ხარ?
– საერთოდ არ ვარ იდეალური დედა. ვერ ვაქცევ შვილებს იმდენ ყურადღებას, რამდენიც საჭიროა და ვერც იმდენ დროს ვუთმობ, რამდენიც მინდა – ისევ ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე. თუმცა, ვცდილობ, ვემეგობრო. მინდა დედაშვილობაზე მეტად მათი მეგობარი ვიყო. შეიძლება, ვცდები, მაგრამ სურვილი მიჩნდება, ყოველთვის ყველაფერზე მათ ვკითხო აზრი და გავიგო, რას ფიქრობენ. უფროსი შვიდი წლის არის და სულ მიყურებს, მოსწონს და მგულშემატკივრობს. თეატრშიც დამყავს, თითქმის ჩემი ყველა სპექტაკლი აქვს ნანახი. ჩართულია ჩემს მოღვაწეობაში და შენიშვნებსაც კი მაძლევს (იცინის). თავადაც სურვილი აქვს, ამ სფეროში გააგრძელოს მოღვაწეობა, ოპერატორობა და რეჟისორობა უნდა, ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.