კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 სად მიაღებინა ემოციური შოკი ჯონი თითირაშვილს სტივ უანდერმა და როგორ გახდა ის ამერიკაში მოთხოვნადი კომპოზიტორი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  36 წლის ჯონი თითირაშვილი მუსიკალურ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მართალია, მისი ნიჭის გამო ბავშვობიდან მუსიკოსობას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, თავად პილოტობა უნდოდა და ამბობს, რომ ამ ოცნების ასრულებაც არ არის გვიან. ჯონი ხუთი წელია, ამერიკაში ცხოვრობს და ამერიკული ფილმებისთვის, რეკლამებისთვის, მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის, რადიოს ქუდებისთვის საოცარ მუსიკას წერს. ახლა ის თბილისშია და ქართველი მომღერლების სიმღერებზე მუშაობს, რომლებსაც სულ მალე მოვისმენთ.
  ჯონი თითირაშვილი: მამა კომპოზიტორია, დედა – პიანისტი და თეორეტიკოსი. ჩემი ბავშვობა მთლიანად მუსიკას უკავშირდება, რადგან რაც დავიბადე, იმ დღიდან სულ მუსიკა მესმის. თუმცა, პილოტობაზე ვოცნებობდი და დღესაც მინდა, უბრალოდ, ასაკი აღარ მიწყობს ხელს, თუმცა დაგვიანებული არაფერია (იცინის).
– მუსიკალურ ოჯახში გაზრდილს პილოტობა რატომ გინდოდა?
– ფრენა მიყვარს არანორმალურად. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს, როცა თვითმფრინავში ვზივარ, შორ გზაზე მივფრინავ და ღრუბლებს ზემოდან დავყურებ. ხუთი წელია, ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ და თბილისიდან იქ ჩაფრენას 23 საათი უნდა. როცა ამხელა გზაზე მიწევს ფრენა, უბედნიერესი ვარ, თან, უფრო მეტი ფიქრის დროც მაქვს და მუზებიც მოდის. სივრცე მიყვარს და ამიტომ ვგრძნობ ცაში თავს კომფორტულად. თან, ორი შვილი მყავს და ხშირად მიწევს ამერიკა-საქართველოში მისვლა-მოსვლა. ისინიც მუსიკალურ გზას ადგანან და მიხარია რომ, ეს გზა აირჩიეს და უკან მომყვებიან (იცინის).
– ფაქტობრივად, რომ გადავთვალოთ, შენი ცხოვრების ნახევარი ცაში გაატარე...
– ასე გამოდის (იცინის). მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაქვს ურთიერთობები და ხშირად მიწევს ჩასვლა, სულ ვმოგზაურობ. ბევრი ფული რომ მქონდეს, ისე მჭირდება, საკუთარ თვითმფრინავს ვიყიდდი (იცინის). ჰოდა, თუ ვიყიდე და პილოტობაც ვისწავლე, აუცილებლად გაგასეირნებთ, მთავარია, მანამდე ღრუბლებზე შუქნიშნები არ დააყენონ (იცინის).
– ჯონი, ოცნება – გამხდარიყავი პილოტი ჯერ ვერ აიხდინე, თუმცა, როგორც მუსიკოსი, არა მარტო საქართველოში, ამერიკაშიც წარმატებული ხარ. თან, როგორც ვიცი, საოცრად მოკლე ხანში წერ მუსიკას...
– დიახ, ასეა. პილოტი ვერ გავხდი, მაგრამ შევდექი როგორც მუსიკოსი და ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი. მის გარეშე არც სუნთქვა შემიძლია, არც სიარული, არც ძილი და არც ცხოვრება. მუსიკას რომ საკმაოდ სწრაფად ვწერ, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ამოუხსნელი ფენომენია. არასოდეს ვწვალობ მუსიკის დაწერის დროს – ვჯდები და შემიძლია, კინომუსიკა, თავიდან ბოლომდე, ერთ დღეში დავასრულო. ყველა სიმღერის თუ სიმფონიური ნაწარმოების დაწერისთვის ერთი კვირა არ დამჭირვებია, მაქსიმუმ – ორი-სამ დღეს, მინიმუმ – ერთი დღეს ვანდომებ, თავისი გასუფთავებით. დამცინიან: შენ, მგონი,
მალე გინესების წიგნში შეხვალო (იცინის). ყველაფერი შესაძლებელია, ვნახოთ (იცინის). ზოგადად, რომ ამბობენ შემოქმედ ადამიანებს უცნაურობები ახასიათებთო, მეც ასე ვარ. მაგალითად, ამოჩემება ვიცი და, მაგალითად, წყალი აუცილებლად ერთი ჭიქიდან უნდა დავლიო. „ტრუბაზეც“ ვუკრავ, პიანისტიც ვარ და თან, კომპოზიტორიც. საიდანაც „ტრუბას“ ვუბერავ, ანუ მუნდშტუკი თუ არ დგას ზუსტად ისე, როგორც მე მომწონს, დისკომფორტში ვარ და ვერ ვუკრავ. შეიძლება, ამას „წიკიც“ ჰქვია, მაგრამ ინსტუმენტი თუ ჩემზე ვერ მოვირგე და დავიმორჩილე, ვერ დავუკრავ და ვერც მუსიკას შევქმნი.
– წლებია, ამერიკაში ცხოვრობ. ამბობენ, თუ ამ ქვეყნის ტემპს ერთი ნაბიჯით ჩამორჩი, „ჩაყვინთული“ გაქვსო. რამდენად აჰყევი იქაურ ტემპს და რას ნიშნავს შენთვის ამერიკული ოცნება?
– ზოგადად, ბავშვობიდან დატვირთული ცხოვრება მქონდა. იყო შემოქმედებითი მუშაობა, უძილო ღამეები და სულ ფიქრი. პრინციპში, ამ მხრივ, ამერიკაში არაფერი შეცვლილა. ერთადერთი, გაიზარდა მსმენელთა რაოდენობა. ამერიკაში, შემოქმედებითად მეტად პროდუქტიული ხდები, ბევრ ისეთ ადამიანს და პერსონას ეცნობი, ვინც მხოლოდ ტელევიზორში გყავს ნანახი და ვერც კი წარმოიდგენ, რომ მის გვერდით აღმოჩნდები. მაგალითად, ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჯორდან რუდესსა და სტივ უანდერს შევხვდებოდი, ხელს ჩამოვართმევდი და გავესაუბრებოდი. ლოს-ანჯელესში ყოველწლიურად ტარდება უზარმაზარი შოუ – „ნემ შოუ“, სადაც ათი ათასზე მეტი წარმატებული  მუსიკოსი ჩამოდის ყველა ქვეყნიდან. არ არის თავისუფალი დასწრება, უნდა წარგადგინოს რომელიმე კომპანიამ ან შენს საქმეში ძალიან წარმატებული უნდა იყო და თავად შოუს ხელმძღვანელობამ მოგიწვიოს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა – პირველ წელს ჩვეულებრივი სტუმარი ვიყავი, ბოლო ორი წელი კი – სპეციალური სტუმარი. სწორედ, იქ გავიცანი სტივ უანდერი უცნაურ ვითარებაში – ინსტრუმენტს მივუჯექი დასატესტად, ბევრი ხალხი შეგროვდა და აღმოჩნდა, რომ ჩემ უკან სტივ უანდერი იდგა. მოვტრილდი და კინაღამ გული გამიჩერდა, ნამდვილი ემოციური შოკი მივიღე. ხელზე რომ შევეხე, ასე მეგონა, 220-მა ვოლტმა გამიარა (იცინის). რის გამოც თავის დროზე ამერიკაში ჩავედი, იყო ფილმი „ჯი 4“, რომელიც აბა ბიანმა გადაიღო, მე კი ამ ფილმისთვის ერთ დღეში დავწერე საუნდტრეკი. ურთულესი იყო, რადგან მუსიკა ცეკვისთვის უნდა დამეწერა და რომ გაიგეს, ეს მხოლოდ ერთ დღეში მოვახერხე, გადაირივნენ, არ იჯერებდნენ – ეს წარმოუდგენელიაო. მოკლედ, იმდენად მოეწონათ, მუსიკის გაგზავნა და დამტკიცება ერთი იყო. მუსიკა რომ მოისმინეს, შოკში ჩავარდნენ და რომ გაიგეს, რამდენ ხანშიც შევქმენი, ეს მათთვის დამატებითი შოკი აღმოჩნდა (იცინის). არ იჯერებდნენ და შემდეგ, როცა უკვე შემოქმედებითი თანამშრომლობა დავიწყეთ, მიხვდნენ, რომ მუსიკას მართლა უმოკლეს დროში ვწერ. ამას მოჰყვა უამრავი კონტრაქტი, შემოთავაზება „ჰოლივუდში“, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში – დიდ სტუდიებში მუშაობა. უამრავი ცნობილი მსახიობი და მუსიკოსი გავიცანი. რადიკალურად სხვანაირი მუსიკალური ცხოვრებაა ამერიკაში. თუმცა, ამერიკამდეც შემდგარი მუსიკოსი ვიყავი და საქართველოშიც საკმაოდ სერიოზული შემოქმედება მქონდა და მის ფარგლებს გარეთაც.
– მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მაინც ახერხებ და წერ სიმღერებს, ქართველი მომღერლებისთვის. ახლაც, დიდი ხანი მოგიწია სამშობლოში დარჩენა. ეს ვირუსულ ამბებს უკავშირდება თუ შემოქმედებას?
– დიახ, ბევრი ნიჭიერი ქართველი მომღერალი გვყავს და მინდა, მათ შემოქმედებაშიც დავტოვო კვალი. მათთვის ვწერდი, ვწერ და ყოველთვის დავწერ, რადგან ვთვლი, რომ არავისზე ნაკლები ნიჭიერები არ არიან, თუ მეტი არა. ახლა სალომე ბაკურაძის სიმღერაზე ვმუშაობ „სანო სტუდიაში“. ვაპირებ, კიდევ რამდენიმე მომღერალს დავუწერო სიმღერა. საქართველოში შემოქმედებითად დატვირთული პერიოდი მაქვს. სალომე ბაკურაძის მერე, ნოდიკო ტატიშვილთან ვიწყებ მუშაობას. ასევე, მოლაპარაკებები მიდის ნუცა ბუზალაძესთან და უამრავ ქართველ მომღერალთან. სიმღერა დავუწერე, მეგი გოგიტიძეს – „ნუ გეშინია“, რომელსაც უკვე 18 მილიონი ნახვა აქვს.
– ჯონი, წარმოშობით ქართლელ-კახელი ხარ. ამ კუთხის ადამიანები, ცოტა მძიმე ხასიათის არიან და შენკენ როგორ არის საქმე?
– მამით ქართლელი ვარ, დედით – კახელი, თუმცა, ეს ქართლურ-კახური „მიქსი“ ნამდვილად არ არის მძიმე (იცინის). კახელებისგან იუმორი დამყვა, ქართლელებისგან კი – ხასიათის სიმტკიცე და ყველაფერთან ერთად, მიზანდასახულობა. თუ გადაწყვეტილება მივიღე, ბოლომდე რქებით ვაწვები (იცინის). თან, ზოდიაქოთი „სასწორი“ ვარ, თუმცა მერყევი არ ვარ. ყველაზე მეტი, რაც ჩემი ზოდიაქოთი გამომყვა, არის ის, რომ მიყვარს ბევრი ფიქრი, თუმცა არ ვარ მერყევი. საეჭვო გადაწყვეტილებებიც ძალიან სწრაფად მიმიღია, მაგრამ არ წამიგია. რისკიანი ვარ. ყველაზე მეტად კი უაზროდ გაფლანგულ დროს ვნანობ. კი ვამბობ უაზროდ, დაკარგული დრო მენანება-მეთქი, მაგრამ სკოლის მერე ნიჭიერთა ათწლედი დავამთავრე, მერე – კონსერვატორია, მერე – მაგისტრატურა, დოქტურანტურა და 25 წლის ასაკში მუსიკის დოქტორი ვიყავი. წარმატებაში იღბალი და ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებაც მიწყობს ხელს, გამიმართლა. ვთვლი, რომ ყველა ადამიანი რაღაცაში გენიალურია, აქვს შესაძლებლობები, მაგრამ ბევრი საკუთარ თავში ნიჭს ვერ პოულობს ან არ ავითარებს. ჩემს შემთხვევაში, გამოხატული ნიჭი მქონდა, გენშიც მეჯდა და ბევრი არ მიწვალია (იცინის).
– ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება რთული დრო. შენ თუ გქონდა პერიოდი, როცა მუსიკის წერა კი არა, შეხებაც არ გინდოდა?
– მუსიკას აქვს ერთი არაჩვეულებრივი თვისება –  ის არის ყველაზე დიდი მეგობარი, თუ შეიძლება, ვინმე გყავდეს. უდიდეს ტრაგედიასაც კი ისე გადაგატანინებს, ერთ წამში მიხვდები, ამისთვისაც ღირს ცხოვრება. უამრავი მეგობარი დავკარგე  და ეს ტკივილი მუსიკამ გადამატანინა. მუსიკაში იმ ტკივილსა და გრძნობასაც ვდებ და ეს ჩემი ემოციის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. მუსიკა, რომელიც არ გეხება და ემოცია არ მოაქვს, მუსიკა არ არის.

скачать dle 11.3