№23 გაქნილი არამზადა
ჟორჟ სიმენონი
უყურებდა წიგნებით მოვაჭრეს და ფიქრობდა: „ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიფათშიც ვერ შემოჰკრავ, იმიტომ რომ შეგეშინდება, ხელი არ გაგესვაროსო“. არადა, დიდი სურვილი ჰქონდა, მისთვის ცხვირ-პირი გაელამაზებინა. მას ეჟენ ლაბრი ერქვა. მსუქანი, უფრო სწორად, გასიებული. მუქი თვალები ისე საზიზღრად უბრწყინავდა, კომისარს შეაჟრჟოლა. იცოდა, რომ ლაბრი პოლიციის „სპეციალური“ აგენტიც იყო. „ჩამშვების“ საპატიო საქმესაც არ თაკილობდა. კომისარს ასეთებზე ყოველთვის გული ერეოდა. ერჩივნა, ყაჩაღებისთვის ედევნა ან ყალბი ფულისმჭრელები აღმოეჩინა, ვიდრე საქმე ამ არარაობასთან ჰქონოდა, მაგრამ ვერაფერს შეცვლიდა. იმ წიგნის ბუტიკის მფლობელი, სადაც ტრაგედია მოხდა, სწორედ ლაბრი იყო და სხვა არავინ.
ლაბრის ბუტიკი ძეხვეულის მაღაზიასა და საპარიკმახეროს შორის მდებარეობდა. ლაბრიმ რკინის ჟალუზი გახსნა და მაღაზია გააღო. იქ გამოეფინა წიგნები მაცდუნებელი სათაურებით, ბევრს რომ გპირდებიან ხოლმე, ისეთები... ცელოფანში გამოხვეულები, პრიალა ყდებში, თვალსაც რომ მოგტაცებენ და ცნობისმოყვარეობასაც გაგიღვივებენ.
საღამოს ხუთი საათი იქნებოდა. ტრაგედია წინა საღამოს, ზუსტად ამ დროს მოხდა. ყოველ შემთხვევაში, სასამართლო ექსპერტმა გარდაცვალების დრო ასე დააფიქსირა.
კომისარმა კარი შიგნიდან ჩაკეტა.
– მაჩვენე შენი კაბინეტი...
ოთახის სიღრმეში, სავაჭრო დახლს მიღმა, ვიწრო კიბე გამოჩნდა, რომელსაც საკმაოდ უცნაურ, პაწაწინა ოთახისკენ მიჰყავდით. ბუდუარს ჰგავდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ კედლებზე წიგნები იყო მოთავსებული. იდგა წითელი დივანი, ეკიდა უზარმაზარი სარკე და წითელი ფარდაც კი იყო ჩამოფარებული. ამ ფარდის მიღმა მდებარეობდა კარი, რომელზეც კლიენტებს წარმოდგენა არ ჰქონდათ. მას მაღაზიის მეპატრონის ერთ ციდა კაბინეტში გაჰყავდით. იქ იდგა უბრალო, კანტორის ტიპის მაგიდა, ზედ დაწყობილი ქაღალდებით, სკამი, მარცხნივ პატარა გაზის ქურა, ჩაიდანი, ფინჯნები...
კომისარმა ლაბრის ზიზღით შეხედა.
– მაჩვენე საიდან უყურებდი, რა ხდებოდა მეორე ოთახში. ლაბრიმ გადასწია კედელზე დაკიდებული კალენდარი და მონეტისხელა სათვალთვალოში ბუდუარი დაინახა. ისევ არანორმალურად მოუნდა, ამ ნაძირლისთვის ცხვირიდან სისხლი ედინა... დიახ, ლაბრი არამზადა იყო. მას კლიენტის მიზიდვის თავისი ხერხი ჰქონდა: „მადმუაზელ ემილენა თავად გიჩვენებთ განსაკუთრებულ ეგზემპლარს“ – შემპარავი ჩურჩულით ეტყოდა ხოლმე კლიენტს და მართლაც, მადმუაზელ ემილენას კლიენტი ბუდუარში ჩაჰყავდა... ლაბრი კი ამ დროს თავისი სათვალთვალოთი სარგებლობდა... კომისარს ზიზღით შეაჟრჟოლა. ორი დღის წინ ლაბრიმ თავისი საქმე გაყიდა. რვა დღის შემდეგ კი, წიგნების მაღაზია თავის გამყიდვლიანად ახალ მფლობელს უნდა გადასცემოდა. წინა ღამით, თერთმეტ საათზე, პოლიციელმა, რომელიც ქუჩაზე პატრულირებდა, შეამჩნია, რომ ბუტიკში სინათლე ენთო. შიგნით შევიდა. პირველ სართულზე არავინ დაუხვდა. ბუდუარში ჩასულმა იატაკზე გართხმული მკვდარი მადმუაზელი აღმოაჩინა. ლაბრი ჯერ კიდევ დილით დაჰკითხა ოლქის გამომძიებელმა, მაგრამ მასზე ეჭვი არ მიუტანია. თუმცა, კომისარი განსხვავებული აზრის იყო. მან ლაბრის მოსთხოვა, წინა დღე დეტალურად აღედგინა.
– ჩვეულებრივი დღე იყო. საღამოს ხუთზე ჩაი ავადუღეთ. ემილენამაც დალია... მე ქალაქში საქმეები მქონდა და ადრე წავედი. მაღაზიის დაკეტვა მადმუაზელ ემილენას მივანდე. მე მას სრულიად ვენდობოდი.
– ანუ, როცა მიდიოდით, მადმუაზელი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
– ჰო. რომ მომკვდარიყო, მე ამას შევნიშნავდი... აშკარად ცოცხალი იყო.
კომისარი გაცოფდა.
– ნაძირალავ, აბა, მოყევი, როგორ იყო სინამდვილეში! არ გაბედო და წინააღმდეგობა არ გამიწიო, თორემ მერე სხვანაირად დაგელაპარაკები.
ლაბრიმ დაფეთებულმა დააცეცა თვალები.
– მე... მე... ის ბუდუარში ვიპოვე. გაუნძრევლად იწვა. ვიფიქრე, დაიღალა და წამოწვა-მეთქი. საქმეზე გავედი, უკან დაბრუნებას ვაპირებდი...
– კრეტინო, რატომ ექიმს არ დაუძახე?
– არ მეგონა, საქმე ასე სერიოზულად თუ იქნებოდა. გეფიცებით, არაფერი დამიშავებია მისთვის. მე რომ მას ცუდად მოვპყრობოდი, ჩემთან ამდენი წლის განმავლობაში იმუშავებდა? ბუდუარში ცუდი არაფერი ხდებოდა, გეფიცებით. ზოგიერთი კი ცდილობდა თავისას, მაგრამ ემალენამ იცოდა, როგორ მიეცა ამისთანებისთვის საკადრისი პასუხი და ძვირად ღირებული წიგნიც მიეყიდა.
ლოგიკურად განსაჯეთ, რაში მჭირდებოდა მისი სიკვდილი, რისთვის? მე ხომ საკუთარი თავის მტერი არ ვარ. ცხოვრების დარჩენილი დღეების გატარებას მშვიდად ვაპირებ.
კომისარი ხვდებოდა, რომ ეს ნაძირალა რაღაცას მალავდა. მაგიდის უჯრა გამოსწია და საბუთებში ქექვა დაიწყო. იპოვა კიდეც, რასაც ეძებდა – სასიყვარულო ბარათები. ერთი აიღო და წაიკითხა: „ძვირფასო, უკვე სამი დღეა, არ მინახავხარ. ჩემო საყვარელო, არ შემიძლია უშენობა. ვგრძნობ, როგორ მეკვრება სუნთქვა და ვიხრჩობი...“
კომისარმა ბარათი ცხვირწინ აუფრიალა ლაბრის.
– აბა, ეს რა არის? სასიყვარულო დრამა?
ლაბრიმ მხრები აიჩეჩა.
– რატომაც არა?! მაგრამ მე ის არ მომიკლავს.
– ტყუი, საყვარლები იყავით...
– კომისარო, გააჩნია, რა აზრს ჩადებთ მაგ სიტყვაში. მე ცოლიანი კაცი ვარ...
კომისარმა ვეღარ მოითმინა. მუშტი მთელი ძალით შემოსცხო ცხვირში და ფურთხიც მიაყოლა, – აი, ასე... ახლა შეგიძლია თქვა, რომ კიბეზე დაგორდი. მოწმეც გვყავს.
– ჰო, ნამდვილად ასე იყო, – დაუდასტურა ოლქის გამომძიებელმა. მერე კომისრისკენ დაიხარა და წასჩურჩულა, – ბატონო კომისარო, სასამართლო ექსპერტმა თქვა, რომ მადმუაზელი ქალწული იყო.
კომისარი ცარცივით გათეთრდა.
– ნაძირალა. ასეც ვიცოდი. ლაბრი, შე ნაბიჭვარო. შენ დაარწმუნე ის საცოდავი არსება, რომ სიყვარული ფიზიკური სიახლოვის გარეშეც შეიძლება. მას შენ სისტემატურად აძლევდი ტრანკვილიზატორებს. აქ, ამ ნახევრად სარდაფში გყავდა გამოკეტილი. იმიტომაც იყო ასეთი ფერმკრთალი და მელანქოლიური... კლიენტებსაც ეს იზიდავდა... ყველაფერი ზუსტად გათვალე. აღიარე, რომ წამლის მაგივრად შხამი მიეცი... მაგრამ ძალიან დიდხანს კვდებოდა და შენც წახვედი, უპატრონოდ მიაგდე... ბინძურო ნაძირალავ!
ლაბრი დაფეთებით აცეცებდა თვალებს.
– მან თავი მოიწამლა, გეუბნებით, თავი მოიწამლა...
– რა თქმა უნდა, შხამი თვითონ დალია, როცა უთხარი, რომ გააჩუქე, როგორც უსარგებლო ნივთი... მაღაზიასთან ერთად გადაულოცე ახალ მეპატრონეს. რაღაში გჭირდებოდა, ხომ მართალია?! მისი უმანკოებით ვაჭრობდი, არაკაცო! ემილენამ მწუხარებისგან გონი დაკარგა და სიცოცხლეს სიკვდილი ამჯობინა. დაპატიმრებული ხარ!
თარგმნა
ნინო წულუკიძემ