№23 ექიმის რჩევები
კითხვა: 5 წელია, რაც საშვილოსნოში სპირალი მაქვს. ამ დროის განმავლობაში არაფერს შევუწუხებივარ. ამ თვეში კი ველოდები ციკლს, უკვე 32-ე დღეა. არის თუ არა რისკი, რომ დავორსულებულიყავი? ერთი კვირის წინ ტესტი უარყოფითი იყო, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ ორსულად ვარ. გულისრევები და მუცლის ტკივილი მაწუხებს.
პასუხი: სპირალი კარგი დამცველია, თუმცა იშვიათად, მისი ექსპულსიის ან მდებარეობის ცვლილების შემთხვევაში, მაინც ხდება ხოლმე ორსულობა. ტესტი უნდა გაიმეოროთ, ჩაიტაროთ ექოსკოპიური კვლევა და მიმართოთ გინეკოლოგს.
კითხვა: ამბობენ, რომ დილას ვარჯიში არ შეიძლება, რადგან ორგანიზმი არ არის კარგად გაღვიძებული. არის თუ არა სიმართლე და ასევე, მაინტერესებს რამდენად რეკომენდებულია ჭამის დროს წყლის დალევა?
პასუხი: დილით უზმოზე ვარჯიში დაუშვებელია, რადგან ვარჯიში დიდ ენერგიას მოითხოვს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ადრე ადგებით, ისაუზმებთ და 1-2 საათში სავარჯიშოდ წახვალთ, პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება ჭამის დროს წყლის დალევას, ის თქვენს კუჭში დიდხანს არ რჩება, ატენიანებს მას და ძალიან სწრაფად ტოვებს, ხოლო თბილი სითხეები ხელსაც კი უწყობს ცხიმიანი და კალორიული საკვების მონელებას.
კითხვა: მყავს 8 წლის ძმა, რომელსაც ძალიან ხშირად უხურდება და უწითლდება ყურები, სტკივა და ამის გამო ძალიან წუხს. იქნებ გვითხრათ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ასეთი ჩივილი შეიძლება, დაკავშირებული იყოს ალერგიასთან, მიმართეთ ალერგოლოგს.
კითხვა: ვარ 27 კვირის ორსული, მაწუხებს უჰაერობა. რა გავაკეთო? რამე საშიში ხომ არ არის?
პასუხი: თუ ორსულს აქვს ჰაერის უკმარისობა, ნაყოფსაც ექნება ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა). აუცილებლად აიღეთ სისხლის ანალიზი და შეიმოწმეთ ჰემოგლობინი. დროულად ეწვიეთ კონსულტაციის ექიმს და საქმის კურსში ჩააყენეთ. ჰიპოქსიის გამოსწორება შესაძლებელია.
კითხვა: შეიძლება თუ არა, 3 თვის ბავშვს მივცე სტაფილოს წვენი, დღეში 3-4 წვეთი?
პასუხი: თუ ბავშვი იმყოფება ბუნებრივ კვებაზე 6 თვემდე დამატების მიცემა არ სჭირდება, მათ შორის, არც ხილის ფაფა არც წვენი. ხოლო თუ ხელოვნურზეა ან შერეულზე – 4-5 თვემდე. დანამატის მიცემის ასაკი და მიმდევრობა ბავშვის ჯანმთელობაზეა დამოკიდებული. მიმართეთ პედიატრს, რომელიც ბავშვს მეთვალყურეობს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე