№23 როგორ განვითარდა ქვა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი მინდია უგრეხელიძე იხსენებს: „სტრასბურგში რომ მოსამართლედ ვმუშაობდი, რეზო გაბრიაძის თეატრი ჩამოვიდა. ქალაქგარეთ შესაფერისი შენობა ვიპოვეთ და ჩატარდა სპექტაკლი „სტალინგრადის ბრძოლა“, რომელიც მაყურებელს ძალიან მოეწონა. რეზოს სცენიდან არ უშვებენ და ათასნაირ კითხვას უსვამენ. ფაქტობრივად, იმპროვიზირებული პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ზურა კაჭკაჭიშვილი შესანიშნავად თარგმნიდა. რეზოს ჰკითხეს:
– ამდენ ლიტერატურას რომ იყენებთ, რომელი ენა მიგაჩნიათ საუკეთესოდო.
დაფიქრდა რეზო, ხომ უნდა გამოძვრეს. მიაგნო პასუხს და უთხრა:
– ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ საფრანგეთში ვიმყოფები. ყველაზე მეტად ფრანგული ღვინის ენა მომწონსო.
დარბაზი ოვაციებისგან ლამის დაინგრა.
მეორე კითხვა.:
– მართალია, რომ უძველესი ერის წარმომადგენელი ხართ?
– მართალია, – უპასუხა რეზომ.
არ ეშვებიან და ეკითხებიან:
– ამის რა საბუთი გაგაჩნიათ?
რეზო პასუხობს:
– შემხვედრ კითხვას დაგისვამთ. დამისახელეთ ამქვეყნად უძველესი საგანი?
უპასუხეს:
– ქვა.
რეზომ მიუგო:
– ქვა ქართველების გამოგონილიაო.
რეზოს არ ეშვებიან.
– როგორ მოხდა ქვის განვითარება?
რეზო პასუხობს:
– ლითონიც ქართველების გამოგონილია და ქვის გამოყენება, ანუ განვითარება ასე მოხდა, – გაღუნულ ლურსმანს ქვაზე დებდნენ და მეორე ქვით ასწორებდნენო.
მიხვდნენ, რომ რეზო ხუმრობდა და ჰკითხეს.
– ახლა როგორღა ხდება ქვის გამოყენებაო, რაზეც რეზომ უთხრა.
– ქართველებმა ქვები ერთმანეთს დავუშინეთო“.