კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ღალატის ანატომია

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #18-22(1013)
თეონა ჩუმად შეჰყურებდა ქმარს. თან, ნელა იხდიდა ღია იისფერ, თხელ საგაზაფხულო პალტოს. დათომ ხელი მიაშველა. პალტო გამოართვა და საკიდზე ჩამოკიდა. თან მოლოდინით შეჰყურებდა ცოლს. ქალმა ნელ ნელა გახსნა შუბლი და გაიღიმა.
– რა მოამზადე?
– ყველაფერი ის, რაც გიყვარს, – გულზე მოეშვა კაცს, – იმედი მაქვს, მოგეწონება.
თეონამ ცნობისმოყვარედ შეიხედა სამზარეულოში და სუფრას დახედა.
– ოჰო, მაოცებ. ასეთი კულინარიული შესაძლებლობები გქონდა და აქამდე არ ვიცოდი?
– ვაღიარებ. მე მხოლოდ შევუკვეთე. მაგიდაც კი მართამ გააწყო და წავიდა. ღვინოც დავლიოთ ცოტა. ხვალ სამსახურიდანაც გავეთავისუფლე. მინდა, მთელი დღე ერთად გავატაროთ. რომ დამპირდი, ქალაქში ექსკურსიას მომიწყობდი, ახლა გეძლევა ამის საშუალება.
ქალაქში ექსკურსიამ თეონას ვახო გაახსენა და მოიღუშა.
– რა მოხდა, თუ გეზარება, სხვა რამე მოვიფიქროთ.
– არა, საქმე მაგაში არ არის. წავიდეთ, სუფრა კი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება. ხელებს დავიბან.
***
მარიშკამ ყავა მოსვა. ტელეფონი აიღო და ერთ სურათს დააშტერდა. ამ ფოტოზე ქალს შიშველ ტანზე დათოს მაისური ჰქონდა გადაცმული. სწორედ ის მაისური, რომელიც მას ცოლმა უყიდა...
ხელებს რომ იბანდა, თეონას ორსულობის ტესტი გაახსენდა. გაიფიქრა, რატომაც არაო და ჩანთიდან მის ამოსაღებად შემოსასვლელში გავიდა.
– თეონა, არ მოდიხარ? გაცივდება ყველაფერი. ღვინოც გავხსენი და გელოდები.
– ახლავე, ახლავე მოვალ! – გასძახა ქმარს და ტუალეტში შეიკეტა.
მერე დიდხანს გაოგნებული დასცქეროდა ტესტზე გამოკვეთილ ორ პაწაწინა წითელ ხაზს. ფერი დაეკარგა და გულმა გამალებით დაუწყო ცემა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, ტესტი მცდარიც აღმოჩენილიყო, მაგრამ ამის ალბათობა იმდენად დაბალი იყო, რომ გადაწყვიტა, ქმრისთვის მაინც ეთქვა. გაუკვირდა, რომ სიხარულის მაგივრად მოუსვენრობამ შეიპყრო. სარკეში საკუთარ გამოსახულებას მიაშტერდა. ტუჩები ოდნავ უთრთოდა. მერე ხელი მუცელზე დაიდო. არაფერი განსაკუთრებული. ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურად იყო, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად. მაგრამ ის პაწაწინა ნივთი ხელისგულზე რომ ედო, ჯიუტად იუწყებოდა საპირისპიროს – მისი ცხოვრება აუცილებლად შეიცვლებოდა. კარზე კაკუნის ხმამ გამოარკვია..
– თეონა, კარგად ხარ? რატომ არ გამოდიხარ?
– კარგად ვარ. მიდი და მოვალ.
დათო სამზარეულოში დაბრუნდა. მაგიდასთან აპირებდა დაჯდომას, რომ თეონას მობილური ტელეფონის ეკრანი წამით განათდა. მესიჯი ნებისმიერი შინაარსის შეიძლებოდა ყოფილიყო. ყოველდღე თავადაც უამრავ მესიჯს იღებდა – საქმიანს, სარეკლამოს, მეგობრებისგან... რა იყო უჩვეულო იმაში, რომ თეონასაც მოსვლოდა მესიჯი, თუნდაც გვიან საღამოს. გადაწყვიტა, ყურადღება არ მიექცია, მაგრამ მარიშკასთან ურთიერთობამ ეჭვიანი გახადა. წამოხტა, მობილურს ხელი სტაცა და ის იყო, შეტყობინება უნდა გაეხსნა კიდეც, რომ სამზარეულოში თეონა შემოვიდა უცნაური ღიმილით და დაბნეულმა შეხედა ქმარს.
– რაღაც მინდა გითხრა... – ჩაილაპარაკა ენის ბორძიკით.
კაცმა მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ ქალს ხელში რაღაც ეჭირა. მობილური ტელეფონი შეუმჩნევლად ჩაიდო ჯიბეში და ცოლს მიუახლოვდა.
– ეგ რა არის?.
– არ ვიცი, ეს როგორ გამოვიდა, რანაირად, მაგრამ... – თეონამ ტესტი გაუწოდა. დათომ დახედა და გველნაკბენივით შეხტა.
– რისი თქმა გინდა?
– ფეხმძიმედ ვარ. შვილი გვეყოლება... ჰო, მესმის, ახლა შეიძლება, ამის დრო არ არის, მაგრამ ჩვენ თუ ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება გვინდა, ეს მხოლოდ დაგვეხმარება. რატომ არაფერს ამბობ? გამიგია, რომ მამაკაცებს ცოლის ორსულობის ამბები შოკში აგდებთ, მაგრამ ეს ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო.
დათო ერთიანად გაფითრდა და სახეზე აიფარა ხელები. მუხლებში სისუსტე იგრძნო და სკამზე ჩამოჯდა.
– თეონა, საქმე იმაშია, რომ... მოკლედ, ეს, ალბათ, ადრეც უნდა მეთქვა შენთვის. მე არ ვიცი, როგორ მოახერხე დაფეხმძიმება, მაგრამ შენი მომავალი შვილის მამა მე ვერაფრით ვიქნები.
– რას ამბობ?! – თეონა გაშრა. ტესტიანი ხელი აუკანკალდა და ტესტი ძირს დაუვარდა.
– ასეა. მე შვილი არასოდეს მეყოლება. უნაყოფო ვარ. ჩემი სპერმა შეიძლება, ინ ვიტრო განაყოფიერებისთვისაც კი არ გამოდგეს.
თეონა გაშეშებული იდგა. გამშრალი ტუჩებით რაღაცის თქმას ცდილობდა. ქმარს არ უყურებდა, თუმცა სულ ახლოს გრძნობდა მის სუნთქვას. დათომ გაიცინა.
– ჰო, ვერ გამოვიდა ჩვენი საღამო ისეთი, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა. მგონი, რაღაც უნდა ამიხსნა. ასე არ ფიქრობ?
– წყალი დამალევინე, – ჩამწყდარი ხმით წარმოთქვა თეონამ. თავი ცუდ სიზმარში ეგონა. რა იყო ეს, ბედის დაცინვა? ღმერთი გამოცდას უწყობდა?
კაცმა წყლიანი ჭიქა გაუწოდა. გვერდით მიუჯდა და ისევ გაუმეორა:
– თეონა, შეიძლება, გავიგო, ვინ არის ის ბედნიერი? თეონა, მაგ სიჩუმით შეურაცხყოფას მაყენებ. ოღონდ არ მითხრა, რომ წარმოდგენა არ გაქვს, რა მოხდა და როგორ.
– რა მნიშვნელობა აქვს. მე ახლა ჩემს ნივთებს ჩავალაგებ და წავალ.
– მოიცა, რას ნიშნავს, წახვალ. მე ჯერ კიდევ შენი ქმარი ვარ. მოდი, დავილაპარაკოთ. მინდა, ვიცოდე, რა მოხდა.
– ძალიან მიკვირს, როგორ ახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას.
– ჰმ, აბა რა გინდა, რომ გავაკეთო. ჭურჭელი და ავეჯი დავლეწო? გიყვირო? გცემო? სახლდან გავიქცე? შენ გაგაგდო?
– მე თვითონ მივდიოდი.
– არა, ასე არ გამოვა... – დათო ნელ ნელა უკეთ აცნობიერებდა რეალობას. მის გონებაში „ხორცი შეისხა“ იმ აზრმა, რომ ცოლმა უღალატა, – ვინ იყო. მე ვიცნობ? ღმერთო, როდის მოასწარი? – კაცმა იგრძნო, რომ ბრაზი ერეოდა, – ყოჩაღ! გამაოცე...
– საკუთარ თავზე რას იტყვი? – თეონამ ირონიულად გაიღიმა, – როგორ მიმალავდი საკუთარ უნაყოფობას? აი, თურმე, რატომ არ მომყვებოდი ექიმთან. კიდევ რა გქონდა დამალული ჩემგან ამ ხნის განმავლობაში?
– თეონა, ნუ ცდილობ მთავარი თემიდან ყურადღება გადაიტანო. შენ მე მიღალატე. ეს... ეს როგორ გააკეთე? კიდევ უარესი, ცდილობდი, სხვისი შვილი ჩემთვის მოგეჩეჩებინა.
– გაჩუმდი, ამას როგორ ამბობ?! – შეჰყვირა ქალმა, – სინდისი სულ დაკარგე?
– შენ ლაპარაკობ ჩემს სინდისზე? შენ? ბედნიერი სახით გამოხვედი და გამომიცხადე, შვილი გვეყოლებაო. ამაზე რას იტყვი?
– ნაძირალა ხარ, – თეონამ წყალი მოსვა და ქმარს მზერა მოარიდა, – კარგი, რადგან ყველაფერზე გულახდილად დავიწყეთ საუბარი, გეტყვი, – ვიწექი სხვა კაცთან. მაგრამ მხოლოდ ერთხელ. ძალიან ცუდად ვიყავი და ეს შენ გამო მოხდა.
– რა? გინდა, მე დამაბრალო? ვის გვერდით მიცხოვრია. როგორ დაეცი, ხვდები მაინც?
– გაჩუმდი. ჯერ შენი, ეგრეთ წოდებული, მივლინებების ამბავი გავარკვიოთ. ბოლოს რომ იყავი, დილით ქალმა დამირეკა და მითხრა, რომ შენ მის გვერდით გეძინა.
დათო გაშრა, მაგრამ დანებება არც უფიქრია. თეონას ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდა. მარიშკას რომც დაერეკა მისთვის, ამას ვერ დაამტკიცებდა. სამაგიეროდ, ორსულობა იყო გამანადგურებელი ფაქტი და კაცი მოტყდა. სკამზე დაეშვა და სახეზე ხელები აიფარა.
– ეს როგორ გამიკეთე, როგორ?
– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა თეონამ, – მანჩოსთან წავალ და იქ დავრჩები. აზრი აღარ აქვს ჩემს აქ ყოფნას. მერე მდგმურს ვეტყვი ბინა დაცალოს და იქ გადავალ.
– მითხარი, ვინ არის. რატომ პირდაპირ იმასთან არ მიდიხარ? ჰო, მივხვდი, ცოლიანია.
ქალმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. მერე იქაურობა მოათვალიერა. ჩემი მობილური ტელეფონი სად არის?
დათომ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და გაუწოდა. ქალმა გამოართვა. მისმა სიცილმა კაცს ეჭვები აუშალა და უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა. თეონამ ტელეფონის ეკრანზე გახსნილი სურათი დაანახვა.
– მგონი ამას კომენტარიც არ სჭირდება. ოღონდ არ მითხრა, რომ ეს შენი მაისური არ არის. სწორედ ის მაისური, პარიზში რომ გიყიდე და იმ თავშალისგან განსხვავებით, შენ რომ მივლინებიდან „ჩამომიტანე“, თბილისში არცერთ მაღაზიაში არ გაყიდულა. შენი საყვარელია. ალბათ, გააბრაზე და შურისძიება გადაწყვიტა. არ იცის, რომ მისი მცდელობის გარეშეც მორჩა ყველაფერი. ისე, შეგიძლია, ახლავე დაურეკო და უთხრა, ცოლს რომ გაშორდი. იქნებ შეგირიგდეს კიდეც.
– შენ ჩემზე ნუ იდარდებ. მარტო არ დავრჩები, – გესლიანად ჩაილაპარაკა კაცმა.
– ეჭვიც არ მეპარება. ყოველ შემთხვევაში, იმაში მაინც ვიქნები დარწმუნებული, რომ დილით აღარავინ გამაღვიძებს, შენი ქმარი ჩემთან წევსო.
დათო ერთიანად გაწითლდა და ცოლს ავად შეუბღვირა.
– შენ მაინც აღარაფერი გაქვს სათქმელი.
– ჰო, რა თქმა უნდა. ახლა უკვე აღარ. ძალიან გაგიმართლა. თუმცა, იქნებ მე გამიმართლა? ასეა თუ ისე, ამას დრო გვიჩვენებს.
***
მანჩომ კარშივე გამოართვა მეგობარს ჩანთა და ოთახში შეუძღვა.
– ძალიან მოულოდნელი იყო შენი ზარი. შეგიძლია ამიხსნა, რა მოხდა?
თეონა მძიმედ დაეშვა სავარძელზე.
– გრძელი ამბავია. მე კი ძალიან დავიღალე. შეგიძლია, ჩაი დამალევინო?
მანჩომ თავი დაუქნია. რამდენიმე წუთში თეონას წინ პატარა მაგიდაზე სურნელოვანი ჩაით სავსე ჭიქა და სახლში გამომცხვარი ორცხობილები ეწყო. მასპინძელიც იქვე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარედ მიაჩერდა სტუმარს. თეონამ ვერ გაუძლო მის გამომცდელ მზერას.
– სახლიდან წამოვედი. მე და დათო დავშორდით ერთმანეთს.
– მაგას კი მივხვდი. მიზეზს – ვერა.
– დათოს საყვარელი ჰყავს. მე კი... ორსულად ვარ.
მანჩოს თვალები დაუმრგვალდა გაოცებისგან.
– მოიცა, ორსულად ხარ, იმას საყვარელი ჰყავს და სახლიდან შენ წამოხვედი?
– ჰო, ოღონდ არ მკითხო, რატომ. ორი სამი დღე დავრჩები, სანამ ჩემი მდგმური ბინიდან გადავა. ხვალვე დავურეკავ. დიდხანს არ შეგაწუხებ.
– რამდენ ხანსაც გინდა, დარჩი. მაგრამ...
– მანჩო, ძალიან გთხოვ. ერთი დღისთვის მეტისმეტია. ვეღარ გავუძლებ. დავიძინებ, კარგი?
***
... ვახო სადარბაზოს წინ გადაჭრილ ხეზე იჯდა. ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჰქონდა ჩაყოფილი და მოუსვენრად ცმუკავდა. თეონას დანახვაზე სახე გაუნათდა.
– იმედი აღარ მქონდა, რომ დამირეკავდი.
– სიმართლე რომ გითხრა, არც მე მეგონა, – თეონამ ბიჭს შეხედა და ამოიოხრა, – ვახო, რაღაც უნდა გითხრა. მე ბევრი ვიფიქრე, უნდა გცოდნოდა თუ არა შენ ეს და მივხვდი, უფლება არ მაქვს სიმართლე დაგიმალო. არც შენთან ვიქნები მართალი და არც საკუთარ თავთან.
– ვიცი, რომ ქმრისგან წამოხვედი. ჩვენი ჭორიკანა მეზობლებისგან ვერაფერს დამალავ. მაშინვე მინდოდა მენახე, მაგრამ ვიფიქრე, ასეთ დროს მარტო გენდომებოდა ყოფნა. თქვენი დაშორების მიზეზი მე ვარ?
ქალმა შეხედა.
– შეიძლება, ასეც ითქვას... მე ბავშვს ველოდები.
ვახოს გაეღიმა. მაგრამ ეტყობოდა, ბოლომდე ვარ გააცნობიერა თეონას ნათქვამი. ქალიც მიხვდა ამას და დაუკონკრეტა.
– ბავშვს ველოდები, შენგან.
– მერე? – ანგარიშმიუცემლად იკითხა ბიჭმა და ერთბაშად გამოფხიზლდა, – მაპატიე ისეთი მოულოდნელი იყო. მაგრამ... ახლა უკვე მზად ვარ და მითხარი, რა გავაკეთო შენთვის.
– რა უნდა გააკეთო? უფლება გქონდა, გცოდნოდა. მე ბავშვს გავაჩენ.
– გასაგებია, – ვახო თეონას მიუახლოვდა და ხელზე ფრთხილლად მოჰკიდა ხელი, – მომცემ უფლებას თქვენზე ვიზრუნო? მე ვერ დაგპირდები, რომ ახლავე ისეთ ცხოვრებას შეგიქმნი, როგორსაც შეჩვეული ხარ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბედნიერი იყო. ცოლადაც შეგირთავ, თუ, რა თქმა უნდა, შენ ამის წინააღმდეგი არ იქნები.
– არც კი იცი, რას ლაპარაკობ. ღმერთო, ეს რა ჩავიდინე? – სახეზე აიფარა ხელები თეონამ და ატირდა.
– ნანობ, რომ ქმრისგან წამოხვედი?
– არა. იმას ვნანობ, შენ რომ გაგხვიე ამ ყველაფერში...
ვახომ უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია.
– ამის თქმის უფლება არ გაქვს. ჩემი სურვილიც იყო, რაც მოხდა. რატომ არ მეკითხები, რას ვფიქრობ შენზე. ჩვენს ურთიერთობაზე, მომავალზე...
თეონამ ამოიოხრა.
– არ ვიცი, რამდენად მაქვს ამ კითხვის დასმის უფლება.
– გაქვს. იმიტომ, რომ მიყვარხარ და ჩემთვის ეს თამაში არ არის. შენ არ იცი, რა დამემართა იმ დღეს, როცა მომესალმე და მანქანით წაყვანა შემომთავაზე. მე ხომ იმ წუთიდან მომწონხარ, როცა პირველად დაგინახე.
– ღმერთო, ვახო, გესმის, რას ამბობ?
– რა თქმა უნდა, მესმის და ჩემი ასაკი ნუ გაშინებს. პატარა ბავშვი არ ვარ. ყველა სიტყვა და ყველა ნაბიჯი გააზრებული მაქვს. მე ახლა წავალ, მაგრამ ძალიან მალე დავბრუნდები და შენთან დავრჩები.
თეონას არაფერი უთქვამს, მაგრამ იგრძნო, რომ მის წინ იდგა მამაკაცი, რომლის იმედი შეიძლება, ჰქონოდა.
***
ქალი გაცეცხლებული გამოვარდა ოთახიდან და ტელევიზორის წინ პულტით ხელში მჯდარ ქმარს მივარდა.
– ბოლოს და ბოლოს ხმას არ ამოიღებ? არაფერს ეტყვი? მე უნდა ვიჩხუბო და შენ ასე ბედნიერი ღიმილით უნდა იჯდე? შედი, შედი ახლავე და დაელაპარაკე. უთხარი, რომ თავს იღუპავს. უთხარი, რომ თუ ახლა წავა, უკან ვეღარ დაბრუნდება! თემო, ჭკუიდან არ გადამიყვანო. ის... ის... კახპა... ქმარი ჰყავდა და ამ ლაწირაკთან გორაობდა საწოლში და, კიდევ... არ მესმის, რატომ არის ეს დარწმუნებული, რომ ბავშვი მისია.
– მარინა, გეყოფა ბოლოს და ბოლოს. სხვისი ცხოვრების ბევრი არაფერი ვიცით, ამიტომ ისეთ რამეს ნუ იტყვი, მერე შეგრცხვეს. თუ მართლა ამისგან არის ის გოგო ორსულად, რა ვუთხრა, არაკაცივით მოიქეცი-მეთქი?
– რა გოგო? რა გოგო? ლამის ჩემი ასაკის არის. მოუნდა ქალბატონს გართობა და იპოვა სულელი? ერთ მშვენიერ დღეს რომ მოუვარდეს მისი ქმარი და დანა გაუყაროს, სად მიდიხარ მერე? ამ სირცხვილს შეიძლება, ყველაფერი სჯობია, მაგრამ საკუთარ შვილს სიკვდილს ვერ ვუსურვებ.
– მარინა, გაჩუმდი! – დაიყვირა კაცმა და საძინებლიდან მოზრდილი ჩანთით გამოსულ შვილს მიუბრუნდა.
– ალბათ გააზრებული გაქვს, რასაც აკეთებ. შვილი და ოჯახი თამაში არ არის. თუ, რა თქმა უნდა, ნამდვილად შენი შვილია.
– ჩემი შვილია. დარწმუნებული ვარ. მაგრამ თეონასთვის ოჯახი მე არ დამინგრევია. როდისმე, თუ ამის სურვილი გექნებათ, ყველაფერს მოგიყვებით.
– შენი დანახვაც არ გვინდა! – უყვირა მარინამ, – არ დამანახვო ის ქუჩის ქალი აქ და არც შენ დამენახვო! ყველა მეზობელი ჩვენზე ჭორაობს. საქვეყნოდ მოიჭერი თავი.
– რატომ, განათხოვარი ქალი ცოლად არავის მოუყვანია? – მშვიდად იკითხა ვახომ.
– გაჩუმდი, გაჩუმდი! - იწივლა ქალმა და ხელი გულზე დაიდო, – თემო, წამალი ჩქარა.. ვკვდები...
ვახომ ჩანთა შემოსასვლელში მიაგდო. მაგრამ მამამ შეაჩერა.
– ნუ გეშინია. კარგად იქნება. შენ წადი, წადი...
ბიჭმა მადლიერებით გაუღიმა.
– შეიძლება, დავრეკო, ხოლმე?
– რა თქმა უნდა, – თემომ მხარზე დაარტყა ხელი შვილს, – მოკითხვა გადაეცი ჩემს რძალს. უთხარი, რომ აუცილებლად გინახულებთ.
დასასრული
скачать dle 11.3