№23 ნინო კალანდაძე: მამა, თავად ურთულესი ოპერაციების დიდოსტატი, ჩემთან ძალიან რბილი ბუნების იყო
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ნინო კალანდაძე, რომელსაც ქართული პოლიტიკიდან ყველა კარგად ვიცნობთ, ძალიან წარმატებული და სახელგანთქმული ექიმების ოჯახიდანაა. ნინოს მამა საკუთარი მიღწევებით მსოფლიო ყურადღების ცენტრში იყო, დედის გარდაცვალებას კი ოჯახს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტიდან უსამძიმრებდნენ, სადაც მას კარგად იცნობდნენ და აფასებდნენ.
ნინო კალანდაძე: მამა, ზურაბ კალანდაძე, პროფესიით ფთიზიატრ-პულმონოლოგი იყო, ხალხურ ენაზე – ფილტვის ექიმი, თავისი დროის წამყვანი სპეციალისტი და ერთ-ერთი საუკეთესო თორაკო-ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, სამედიცინო-ბიოლოგიური აკადემიის წევრი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი. მან მსოფლიოში პირველმა დანერგა ფილტვების ერთმომენტიანი ორმხრივი რეზექცია ტუბერკულოზის დროს. კერძოდ, პირველმა შეძლო გულ-მკერდის ერთჯერადი გახსნით, ორივე ფილტვზე ერთდროულად მოეკვეთა დაზიანებული ქსოვილები. სწორედ მაშინ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ქვეშ. ამის შემდეგ მიიწვიეს დასავლეთ გერმანიაში იდენტური ოპერაციის ჩასატარებლად. ამასთან, იგი არის განცალკევებული ბრონქოსპირომეტრიის ორიგინალური მეთოდიკის ავტორი და არაერთი თორაკო-ქირურგიული ინსტრუმენტის გამომგონებელი, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია, ეგრეთ წოდებული, „ზვიგენი“.
პირველადი განათლება მამამ საქართველოში მიიღო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მან სწავლა მოსკოვში განაგრძო, თავდაპირველად რესპუბლიკის საკავშირო ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში, შემდეგ ტუბერკულოზის ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც იყო ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ კი – უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო ბოლოს – რესპუბლიკის ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელი.
მამა ხშირად იხსენებდა რუსეთში ცხოვრების პერიოდს. მაგალითად, როგორ მხიარულად ატარებდნენ დროს, როცა მისი ერთ-ერთი დის ერთოთახიან ბინაში სერგო ფარაჯანოვს შეისახლებდნენ ხოლმე, რომელიც იმავე პერიოდში სწავლობდა მოსკოვში და მამასთან მეგობრობდა. ფული არავის გვქონდა და ერთმანეთს ვეხმარებოდით, ვისაც როგორ შეგვეძლო. ბინა პატარა იყო და სერგოს, როგორც ტანით პატარას, კარადის თავზე ეძინა ხოლმეო.
ცხადია, ახალგაზრდობის წლები მისთვის ერთგვარად ნოსტალგიური იყო. მიუხედავად ამისა, გული და თვალი სულ საქართველოსკენ ეჭირა. 1972-ში პირველივე შემოთავაზებას დათანხმდა და საქართველოში დაბრუნდა. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის გაუგებარი იყო. მას ხომ რუსეთში ასეთი „თავბრუდამხვევი კარიერა“ ჰქონდა. როდესაც ვკითხე, რატომ რუსეთში არ დარჩი-მეთქი, მითხრა, შესაძლოა, ვინმეს ერჩიოს სხვა ქვეყანაში დაბადებულიყო, მაგრამ ვინც საქართველოში დაიბადა, სადაც და როგორც არ უნდა იყოს იგი, მთელი ცხოვრება უხილავი ძაფი ექაჩება თავის სამშობლოშიო. ამიტომ, რუსეთში გატარებული თითქმის 30 წლის შემდეგ მან საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და დაბრუნებისთანავე გახდა ფთიზიატრიისა და გულმკერდის ქირურგიის კათედრის პროფესორი და ამავე კათედრის გამგე. მან დააფუძნა საქართველოს ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის ასოციაცია და გარდაცვალებამდე იყო მისი პრეზიდენტი. მამა არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 2 მონოგრაფიის ავტორი. იყო მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო ხარისხის მაძიებელთა სამეცნიერო ხელმძღვანელი. განხორცილებული აქვს 11 ათასზე მეტი ქირურგიული ოპერაცია.
– როგორი იყო მისი დამოკიდებულება საკუთარ პროფესიასთან?
– როგორც დიდ პიანისტზე ან მომღერალზე იტყვიან, მუსიკოსად დაიბადაო, მამაზე შეიძლება, ითქვას, რომ ექიმად დაიბადა. მას საოცრად უყვარდა სიცოცხლე, უყვარდა ადამიანები და მთელი არსებით ემსახურებოდა სიცოცხლეს. მახსოვს არაერთი ღამე, როცა ამდგარა და გადაუდებელი ოპერაციის გასაკეთებლად სხვა ქალაქში წასულა. არ არსებობდა მიზეზი, რის გამოც გაყოლაზე უარს იტყოდა. ერთხელ, ბავშვურ ეიფორიაში, მეც გამოვთქვი ქირურგობის სურვილი, რაზეც მან მითხრა, ეს ისეთი საპასუხისმგებლო პროფესიაა, მზად უნდა იყო, იმ პაციენტზე ფიქრით იძინებდე და იღვიძებდე, რომელსაც წინა დღით ოპერაცია გაუკეთეო. მის შემთხვევაში მართლაც ასე იყო. დილით რომ დგებოდა, პირველ რიგში, კლინიკაში დარეკავდა, ახლად ნაოპერაციებ პაციენტებს მოიკითხავდა, შემდეგ კი პაციენტის ოჯახთან დარეკავდა ამბის გასაზიარებლად. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა დილის რუტინას.
დღეს მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში და პრაქტიკულად, არ მახსენდება მხარე, სადაც ერთი ოჯახი მაინც არ გამომეცნაურება სითბოთი, მხოლოდ ჩემი ოჯახის ხსოვნით. ამ დროს ერთგვარად დაუმსახურებელ, მაგრამ საოცრად პოზიტიურ ენერგიას ვიღებ.
– მის უამრავ მადლიერ პაციენტს შორის ყოფილა ფიდელ კასტროც, როგორ იხსენებდა მასთან მუშაობის პერიოდს?
– 60-იან წლებში, როცა მამა მოსკოვში ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელი იყო, ფიდელ კასტრო პნევმონიით დაავადდა და მასთან მოკავშირე რუსეთმა თავისი საუკეთესო სპეციალისტი წარგზავნა. მკურნალობამ სწრაფად და ეფექტურად ჩაიარა. პაციენტებზე, თუნდაც გამორჩეული ხასიათის,
ბევრი საუბარი არ სჩვეოდა, მაგრამ ვიცი, რომ შემდეგ კუბის პრეზიდენტი უკვე საბჭოთა კავშირში ჩავიდა და, თავის მაშინდელ რეზიდენციაში, ოდესაში, მამას ზედამხედველობით, დამატებითი შემოწმება გაიარა. მამა, ასევე, მკურნალობდა ურხო კეკონენს, იმ დროს ფინეთის მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც თითქმის 26 წელი მეთაურობდა ქვეყანას.
ბევრი საუბარი არ სჩვეოდა, მაგრამ ვიცი, რომ შემდეგ კუბის პრეზიდენტი უკვე საბჭოთა კავშირში ჩავიდა და, თავის მაშინდელ რეზიდენციაში, ოდესაში, მამას ზედამხედველობით, დამატებითი შემოწმება გაიარა. მამა, ასევე, მკურნალობდა ურხო კეკონენს, იმ დროს ფინეთის მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც თითქმის 26 წელი მეთაურობდა ქვეყანას.
– როგორი იყო მამის ამპლუაში, როგორ გახსენდებათ ბავშვობის წლები?
– მე მამას გვიანი შვილი ვიყავი და, შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მანებივრებდა. დედა იმდენად მკაცრი აღმზრდელი იყო, რომ ძირითადად, მამა მას აბალანსებდა. ნახევრად ხუმრობით ეუბნებოდა ხოლმე, მოკლავ შენ ამ ბავშვს ამდენი სწავლითო. თავად ურთულესი ოპერაციების დიდოსტატი, ჩემთან ძალიან რბილი ბუნების იყო. როცა პირველად გერმანიაში წავედი, აეროპორტში არ გამომყვა, სახლში დარჩა და, თურმე, ტიროდა.
– როგორი იყო პიროვნულად, პროფესიის მიღმა, სხვა რა ინტერესები ჰქონდა, რას გასწავლიდათ?
– მრავალმხრივ ნიჭიერი და განათლებული კაცი იყო, ამიტომ, ბევრი რამ ანიჭებდა სიამოვნებას. კარგად უკრავდა, მღეროდა, ხატავდა. ბევრს კითხულობდა და კარგად იცნობდა მსოფლიო ლიტერატურას, როგორც პროფესიულს, ისე მხატვრულს. ძალიან უყვარდა ხალხთან ურთიერთობა და მშობლების მეგობრები ჩვენი ხშირი სტუმრები იყვნენ. იმავდროულად, იყო ძალიან „სახლური“. თითქოს სახლში აღიდგენდა ძალებს და იმუხტებოდა იმ ენერგიით, რომელსაც პროფესიული საქმიანობისას ხარჯავდა. ამბობდა, კაცის წარმატებას ოჯახში სიმყარე და სიმშვიდე განაპირობებსო. გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდათ ჩემს მშობლებს. საშური ხალისითა და სიყვარულით სავსე იყო მათი ყოველდღიურობა. ჰარმონიული, კოლეგიალური და უაღრესად მეგობრული. მათი შემყურე იფიქრებდი, რომ სასაუბრო არასდროს დაელევათო.
90-იანების საქართველოში, სადაც ტოტალური კორუფცია ბატონობდა, ხედავდა, რომ ბევრი გამდიდრდა უბრალო ხალხის ხარჯზე. თავად ძალიან მშრომელი და კეთილსინდისიერი იყო. მირჩევდა, ყოველთვის შენი საქმე გქონდეს, თუნდაც ისეთი, რომლითაც ვერ გამდიდრდები. შენი შრომით გამომუშავებული გერჩიოს მუქთა სიმდიდრეს. ასე მეუღლეც უფრო დაგაფასებს, შვილიც და მეგობარიც და სარკეში შენი თავის დანახვისაც არასდროს შეგრცხვებაო. რა გასაკვირია, რომ არ სწყალობდა ქართულ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს. ამბობდა, პოლიტიკა პროფესიულად შეუმდგარი ხალხის თავშესაფარია, რომელთა უმეტესობა ხალხის ხარჯზე საშოვარზეა გამოსულიო.
– თუ არ ვცდები, დედაც მედიცინის სფეროში საქმიანობდა.
– დედაც – ლამარა ვაშაკიძე, ექიმი იყო, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თავადაც ექიმების ოჯახიდან. ჩემი ბაბუა, მიხეილ ვაშაკიძე, ექიმი-ტოქსიკოლოგი, წლების განმავლობაში რესპუბლიკის მთავარი სანიტარულ-ქიმიური ლაბორატორიის უფროსი იყო. ბებია პედიატრი გახლდათ. დედამ, ისევე როგორც მამამ, პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა. ოქროს მედალოსანი და შემდეგ წითელდიპლომიანი, ინტერნატურის გამოტოვებით, პირდაპირ კლინიკურ ორდინატურაში წავიდა, სადაც გაიცნო მამა, რომელიც მოსკოვიდან ახლად დაბრუნებული პულმონოლოგიურ-ფთიზიატრიულ კათედრას ხელმძღვანელობდა. 1995 წლიდან დედა დაინიშნა ფთიზიატრიისა და ფილტვის ქირურგიის კათედრის გამგედ და რადგან იგი ფთიზიო-პულმონოლოგი იყო კათედრასაც ფთიზიო-პულმონოლოგიის კათედრა ეწოდა. დედა 100-ზე მეტი სამეცნიერო, მათ შორის, საერთაშორისო ნაშრომისა და მნიშვნელოვანი მონოგრაფიის ავტორია. როგორც რეგიონში ტუბერკულოზის დარგში ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, იგი, არაერთ საერთაშორისო კვლევაში იყო ჩართული.
დედა რომ გარდაიცვალა, ოჯახსა და მის კოლეგებს მსოფლიოს წამყვანი უნივერისტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები გვისამძიმრებდნენ. განსაკუთრებით ემოციური იყო მისი კოლეგების დამოკიდებულება, რომლებმაც მისი გარდაცვალების შემდეგ დააწესეს დედას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია მისი დარგის რეზიდენტებისთვის და იგი ფთიზიატრიისა და პულმონოლოგთა ასოციაციის უცვლელ პრეზიდენტად დაასახელეს.
– ოჯახში არ განიხილებოდა, რომ თქვენც მშობლების გზა უნდა გაგეგრძელებიათ? როგორ შეხვდნენ თქვენს პროფესიულ არჩევანს?
– განიხილებოდა, საწყის ეტაპზე, ვიდრე მე გერმანიაში წავედი და გადავწყვიტე, რომ მე მათგან განსხვავებული გზა უნდა ამერჩია. ჩემს არჩევანს მტკივნეულად შეხვდნენ, განსაკუთრებით, სასწავლებლად გერმანიაში დაბრუნებას. მძიმე წლები იყო, იცოდნენ, მათ იმის საშუალება არ ჰქონდათ, ჩემს მოსანახულებლად ჩამოსულიყვნენ. მიუხედავად ამისა, მათ მასწავლეს, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი. ჩემს დამოუკიდებელ არჩევანში მათგან ყოველთვის მხოლოდ თანადგომას ვგრძნობდი. როცა გერმანიაში პირველად გავემგზავრე, 15 წლის ვიყავი. ეს ჩემთვისაც და მათთვისაც რთული გადაწყვეტილება იყო. 90-იან წლებში, როცა არც მობილური იყო და არც ინტერნეტი, ხოლო სატელეფონო სასაუბრო ერთი წუთი 5 გერმანული მარკა ღირდა, გაცილებით მძიმე იყო განშორება, ვიდრე ეს დღეს ახალგაზრდობას წარმოუდენია.
ჩემი ყველაზე ძვირფასი მოგონება იმ დროშია, როცა ორივე მშობელი ცოცხალი მყავდა. როცა ყველანი ერთად ვიყავით, თუნდაც, უშუქო და ცივ ბინაში, მაგრამ ერთად.
– ახლა რომ მამა ცოცხალი იყოს, როგორ ფიქრობთ, რას გეტყოდათ, როგორ შეგაფასებდათ?
– ალბათ, ყველზე მტკივნეული კითხვაა, რომელსაც ცნობიერად გავურბივარ. ჩემმა მშობლებმა თავის დარგს კვალი დაატყვეს და საზოგადოების განვითარებაში, რომელსაც ისინი პროფესიულად წარმოადგენდნენ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მამა ამბობდა, კაცი არ ფასობს მისი ქონებით, არც იმით, თუ რამხელა სამეგობრო ჰყავს ან რამდენად კარგი მოქეიფეა. ადამიანი იმით ფასდება, რასაც ის ქმნისო. ამ გადმოსახედიდან, ვშიშობ, რომ ჩემი მშობლების სიმაღლეს შევწვდე, მე ჩემი შესაქმნელი ჯერ კიდევ წინ მაქვს.
ყდაზე გამოყენებული ფოტო ეკუთვნის ფოტოგრაფ გია აბდალაძეს.