№23 როგორ შერეკეს გერმანელები „სტალინგრადის ქვაბში“, ბერიას გეგმის მიხედვით
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში გადაყვანილ ბერიას ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოსტი ეკავა და სტალინის შემდეგ ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო საბჭოეთში, ზოგჯერ მას რიგითი „ჩეკისტის“ სამუშაოს ჩატარებაც უწევდა, რასაც შესანიშნავად ართმევდა თავს. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, სპეცსამსახურების ექსპერტი, გენერალ-მაიორი ვლადიმირ კრასინსკი წერს: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია უმაღლესი კლასის ორგანიზატორობასთან ერთად ასევე უმაღლესი კლასის მზვერავი იყო და ამ საქმეს უბრწყინვალესად ასრულებდა. ამ სფეროში კოლოსალური გამოცდილება ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა ბერიამ ბაქოს ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში მუშაობისას მიიღო. ბერია ისეთ ხრიკებს უწყობდა აზერბაიჯანის მუსავატურ კონტრდაზვერვასა და მათ ბრიტანელ კოლეგებს, რომ მრავლისმნახველი, გამოცდილი მზვერავები დაბნეული იყვნენ და ვერაფერი გაეგოთ. ბერიამ დიდი წვლილი შეიტანა ბაქოს ბოლშევიკური აჯანყების წარმატებით ჩატარებაში და აზერბაიჯანი გასაბჭოვდა... მოგვიანებით, უკვე აზერბაიჯანის „ჩეკაში“ ლეგალურმა საქმიანობამ და ანალოგიურმა მოღვაწეობამ სამშობლოში ბერია კიდევ უფრო გამოაწრთო და დაახელოვნა.
ბერია საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების დიდოსტატი იყო. მას, აგრეთვე, დიდად იტაცებდა ამ ოპერაციებში მონაწილეობა და ამ ფაქტს განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავდნენ მისი კოლეგები. გენერალი სერგო გოგლიძე ასე ახასიათებდა ბერიას ოპერატიულ ნიჭს: „ლავრენტი პავლეს ძე ბერიას ოპერატიული თანამშრომლის თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა. ის, თამამად შემიძლია, ვთქვა, უდიდესი შემოქმედებითი არტისტიზმით ერთვებოდა ოპერაციებში და წარმატებასაც აღწევდა. ბერიას შეეძლო, მტერი ისე გადმოებირებინა, რომ მისსავე (მტრის) ინტერესების საწინააღმდეგოდ აემუშავებინა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ლავრენტი ბერიას დარწმუნების უნიკალური უნარი ჰქონდა და ამაში მას ბადალი არ ჰყავდა...“
დიდი სამამულო ომი რომ დაიწყო, ბერიას წონა და გავლენა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. სტალინმა ბერია თავდაცვის საბჭოში შეიყვანა და ფაქტობრივად, ომის მოგება დაავალა... უშიშროების მომავალი მარშალი ჩვეული კრეატიულობითა და სიმტკიცით შეეჭიდა საქმეს და წარმატებამაც არ დააყოვნა. განხორციელდა საბჭოთა ეკონომიკურ-სამრეწველო ძალების არნახული ევაკუაცია ურალს იქით და ეს ექსკლუზიურად ბერიას დამსახურება იყო. მოხდა მთელი რიგი თავდაცვითი ღონისძიებების განხორციელება, ურომლისოდაც მტერს ვერ შეაჩერებდნენ. გამორიცხული იყო მისი უკუგდებაც მოსკოვის მისადგომებიდან და ფაქტობრივად, ესეც ბერიას ექსკლუზივი იყო... თუმცა, გერმანელ ფაშისტთა მრავალრიცხოვანი ძალები ჯერ კიდევ მყარად ფეხმოკიდებული იდგნენ საბჭოთა მიწა-წყალზე და სისხლისმსმელ ომს აგრძელებდნენ. ამიტომ, საჭირო იყო მათი განადგურება და ისეთი ეფექტური ოპერაციის ჩატარება, რომელიც მათ ხერხემალში გადატეხდა და დაამარცხებდა. სწორედ ამ დროს ბერიამ კვლავ გამოიჩინა ინიციატივა. მან თავდაცვის საბჭოში კარგად მოფიქრებული სადაზვერვო ოპერაციის გეგმა წარმოადგინა, რაც მოიწონა სტალინმა და საფუძვლად დაედო სტალინგრადის ოპერაციას. ფაქტობრივად, ამ გეგმამ გადაწყვიტა კიდეც ფაშისტების ბედი მეორე მსოფლიო ომში... თავისი მემუარების ტაბუირებულ, გამოუქვეყნებელ ნაწილში მარშალი გიორგი კონსტანტინეს ძე ჟუკოვი წერს: „დიდი სამამულო ომის წარმატებაში უმთავრესი როლი შეასრულა სტალინგრადის ოპერაციამ. „სტალინგრადის ქვაბში“ ჩვენ შევრეკეთ თითქმის მილიონიანი რჩეული ფაშისტური ძალები და გერმანული სამხედრო ტექნიკის ნახევარი. განხორციელდა პაულიუსის კაპიტულაცია, ტექნიკის კონფისკაცია და ჩვენს საბოლოო გამარჯვებას უკვე ვეღარავინ დაუდგა წინ. განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მთელ ამ საქმეში ლომის წილი ლავრენტი პავლეს ძე ბერიას მიუძღოდა...“
თვით პატივმოყვარე ჟუკოვმაც კი ვერ შეძლო ბერიას როლის მიჩქმალვა, თუმცა ეს მონაკვეთი მარშალის მემუარებიდან, ცენზურამ, უბრალოდ, ამოიღო... ბერიას როლი კი ამ საქმეში ის იყო, რომ 1942 წლის მარტის დასაწყისში საბჭოთა დაზვერვამ წამოიწყო ოპერაცია „სატყუარა“... ანუ, „აბვერს“ „შეუცურეს“ საიდუმლო მასალები, რომლის მიხედვით, 1916-1919 წლებში ლავრენტი ბერია ბაქოს იატაკქვეშეთში პროვოკატორის როლს ასრულებდა და აზერბაიჯანის მუსავატისტურ კონტრდაზვერვასა და ბრიტანეთის დაზვერვაზე მუშაობდა... ამის შესახებ იხსენებს გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „სატყუარა“ ჩვენ მიერ ჩატარებულ უბრწყინვალესი ოპერაცია იყო. ბერიას დაეკონტაქტა „ენკავედეში“ დიდი ხნის წინ ჩანერგილი აგენტი, პოლკოვნიკი საველი გარინი, რომელიც გერმანელებზე მუშაობდა. სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ ვიცოდით. გარინმა ბერია შანტაჟით „გადაიბირა“ და მას სტრატეგიული სამხედრო ინფორმაციების მიწოდება მოსთხოვა. ბერიაც გარინს 6 თვის განმავლობაში აწვდიდა დეზინფორმაციებს. სწორედ ამის შედეგი იყო ფაშისტების უმნიშვნელოვანესი ძალების კონცენტრაცია „სტალინგრადის ქვაბში“ და მათი შემდგომი კაპიტულაცია. თავად მოღალატე გარინი კი – დახვრიტეს...“
მოგვიანებით „სატყუარა“ შეთქმულებმა ბერიას წინააღმდეგ გამოიყენეს. ბერია ჯაშუშობაში დაადანაშაულეს, თუმცა ყველამ იცოდა, რომ ეს ტყუილი და ცილისწამება იყო, მაგრამ ბერია უნდა მოეცილებინათ და შემდგომ თავი გაემართლებინათ, რაც მათ ამ გზით გააკეთეს კიდეც.“