№23 როგორ შექმნა სტალინმა უმძლავრესი პროპაგანდისტური მანქანა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების მთავარი სულისჩამდგმელი რომ იოსებ სტალინი იყო, ამას საბჭოთა ბელადის მოწინააღმდეგეებიც კი არ უარყოფენ... ისტორიკოს-პუბლიცისტი ვსევოლოდ შემიაკინი წერს: „დიდი სამამულო ომი, რა თქმა უნდა, საბჭოთა ხალხის გმირულმა სულისკვეთებამ მოიგო, მაგრამ ამ შემართების სულისჩამდგმელი იოსებ სტალინი იყო. სწორედ მან და პირველ რიგში მან გაუღვივა მთელ საბჭოეთს ეს პატრიოტული გრძნობა და მრავალფეროვანი, სხვადასხვა რელიგიისა თუ ტრადიციების ადამიანები, რომ იტყვიან, ერთი თოფის ქვეშ დააყენა... ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციან წლებში წერდა ბრიტანო-ამერიკული პრესა – საბჭოთა ქვეყანას მომავალი არ აქვს და პირველივე სამხედრო კონფლიქტის დროს დაირღვევა, შემოჭრილ მტერს ვერ გაუმკლავდება. აგრესორს ერთიანი დახვედრა, ერთი თოფის ქვეშ დგომა სჭირდება. მუსლიმანსა და ქრისტიანს კი ერთ სანგარში ვერ აომებო... სტალინმა კარგად იცოდა ამ პუბლიკაციების შინაარსი. საბჭოთა ბელადს არც ის ეშლებოდა, რომ ყოველივე ამის უკან ანგლო-საქსური იმპერიალისტური ძალების მესვეურები იდგნენ და პრესა მათ აზრებსა და სურვილებს ახმოვანებდა. მეტიც, საბჭოთა ბელადი დარწმუნებული იყო, რომ ეს ძალები საბჭოთა კავშირის განადგურებას შეეცდებოდნენ და ამისთვის საგანგებოდ ამზადებდა მთელ მოსახლეობას... ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „სტალინმა საბჭოთა მოსახლეობა იდეოლოგიურად გააერთიანა. ეს იდეოლოგიური ფორმულა კი იყო ერთადერთი რამ – სამართლიანობა. სწორედ სამართლიანობის პრინციპი დაამკვიდრა ქვეყანაში სტალინმა და ის ცხოვრების ყველა სფეროში იყო კულტივირებული – ეს იყო სოციალურ-რასობრივი თუ სამართლებრივ-პოლიტიკური. ანუ ხალხს სამართლიანობის, დაცულობის განცდა ჰქონდა და ეს რეალურად ხორციელდებოდა ერთი მხრივ. მეორე მხრივ კი მძლავრი პროპაგანდისტულ-სააგიტაციო ღონისძიებების შედეგად მოსახლეობა მუდმივი სიფრხიზლის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ის სულისშემძვრელი პლაკატი რად ღირს, რომელსაც „დედა სამშობლო გიხმობს“ ეწოდება და ირაკლი თოიძემ შექმნა...“
ირაკლი თოიძის მსოფლიოში ცნობილი პლაკატის შექმნას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. 1984 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 82 წლის საქვეყნოდ ცნობილი მხატვარი ყვებოდა: „ომი რომ დაიწყო, მოსკოვში ვცხოვრობდი. პირველივე დღესვე მივაკითხე სამხედრო კომისარიატს და ფრონტზე მოხალისედ გაგზავნა კატეგორიულად მოვითხოვე. მითხრეს, რომ დამირეკავდნენ და გამომისტუმრეს. 29 ივნისს, ომის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე ტელეფონმა დარეკა. აპარატთან რომ მივედი და ყურმილს დავწვდი, შემომესმა:
– თქვენ გენერალი ვლასიკი გელაპარაკებათ.
ვიფიქრე, კომისარიატიდან მიკავშირდებიან-მეთქი და „მივაყარე“:
– რა გადაწყვიტეთ, ამხანაგო გენერალო, მიშვებთ თუ არა ფრონტზე?
აბა, რა ვიცოდი, თუ გენერალი ვლასიკი სტალინის დაცვის უფროსი იყო და ცოტა არ იყოს, დაიბნა. პაუზის მერე კი მითხრა:
– ფრონტზე გაშვების რა მოგახსენოთ, არ ვიცი, მაგრამ ერთ საათში კრემლში უნდა იყოთ. ამხანაგი სტალინი გელოდებათ. მანქანა მოგაკითხავთ და მოემზადეთ.
ლადო გუდიაშვილს უყვარდა ასეთი ხუმრობები და თბილისში რომ ვიყავი, ხან რას მიწყობდა და ხან რას. არც კი მივაქციე ყურადღება, რომ რუსულად მელაპარაკებოდნენ და ქართულად ვუპასუხე:
– ხუმრობის დროა, ლადო? რა სტალინი მელოდება, სხვა ვერაფერი მოიფიქრე?
უცებ, ყურმილში ქართული ლაპარაკი მომესმა:
– არ გეხუმრებათ, გენერალი მართალს გეუბნებათ და ერთ საათში კრემლში გელოდებით.
ტანში გამცრა, რადგან სტალინის ხმა და საუბრის მანერა ვიცანი...“
ერთი სიტყვით, სტალინმა ირაკლი თოიძეს სააგიტაციო პლაკატი შეუკვეთა და ქართველმა მხატვარმა 1941 წლის 29-30 ივნისის ღამეს ექვსი სხვადასხვა პლაკატი შექმნა. შემდეგ სტალინს მიუტანა, რომელთაგან ბელადმა ერთი შეარჩია. ამ პლაკატმა კი ირაკლი თოიძეს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.
მეორე მსოფლიო ომამდე კარგა ხნით ადრე სტალინმა უმძლავრესი სააგიტაციო-პროპაგანდისტული მანქანა შექმნა და მასში გააერთიანა კინოსა და თეატრის მოღვაწეები, მწერლები და ჟურნალისტები, აგრეთვე, მხატვრები. საბჭოთა ბელადის დავალებით, ეს უზარმაზარი არმია საფუძვლიანად ემსახურებოდა საბჭოთა ქვეყანას და მას იდეოლოგიურად ამზადებდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „ომი ახალი დაწყებული იყო და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე სტალინმა ჟუკოვი მიიწვია. სხვა საკითხებთან ერთად, პროპაგანდა-აგიტაციისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფაც იხილებოდა. ლაპარაკი იყო 10 მილიონ მანეთზე და ჟუკოვმა პრეტენზიულად თქვა:
– ამ ფულით ჯობია, ტანკები და იარაღი დავამზადოთო.
სტალინმა კი მკაცრად უთხრა:
– იდეოლოგიაზე ეკონომიას არ ვაკეთებთ. ტანკებსაც და სხვა იარაღსაც მოგაწვდით, თქვენ კი იომეთ და თავი არ შეირცხვინოთო.
ჟუკოვს ხმა აღარ ამოუღია.
სწორედ იმ სხდომაზე წამოაყენა სტალინმა იდეა, რომ ფრონტებზე, ჩვენი მეომრების გასამხნევებლად, მათი საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად არტისტულ ბრიგადებს ემოგზაურათ და კონცერტები ჩაეტარებინათ. ამ საქმემ დიდად გაამართლა. არც მსახიობებმა შეირცხვინეს თავი და მათმა უმრავლესობამ საბრძოლო ორდენები მიიღო...“
სტალინის ამ აქციას საბჭოთა ხალხისთვის უდიდესი შთამაგონებელი ძალა ჰქონდა, ხოლო მტრისთვის კი ის დამრთგუნველი იყო. შემდგომ, ფრიდრიხ პაულიუსი ამბობდა: როდესაც შევიტყვე, რომ ბომბების ქვეშ საბჭოელები კონცერტებს მართავდნენ, მივხვდი, მათ ვერ დავამარცხებდითო.
ფაქტია, სტალინმა ყველა დასავლური ოპტიმისტური პროგნოზის მიუხედავად ერთი თოფის ქვეშ დააყენა მთელი ქვეყანა და ქრისტიანი და მუსლიმანიც ერთ სანგარში აომა, ბომბების ქვეშ კი მტრის დამთრგუნველი კონცერტები ჩაატარა.“