№23 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: სინანული მხოლოდ ჩადენილი ცოდვების გამო გვმართებს?
პასუხი: იმ შემთხვევაშიც გმართებთ სინანული, თუ, მაგალითად, შეგიძლიათ და არ მოიმოქმედეთ ესა თუ ის კეთილი საქმე ან, თუნდაც, მაშინ, თუკი სხვამ თქვენი მიზეზით ვერ გააკეთა სიკეთე. მოციქულის თქმით: „რომელმან იცოდის კეთილი საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა“. ამიტომ ქრისტიანი მუდამ ფხიზლად უნდა იყოს.
კითხვა: როგორ მოვიქცე, თუკი მოძღვართან აღსარებაში ნათქვამი ცოდვა მაინც მახსენებს თავს და მამძიმებს?
პასუხი: თუკი მოძღვართან გულით მოინანიებთ ჩადენილ ცოდვას, მასზე აღარ უნდა იფიქროთ, თუ აღსარებას მოვალეობის მოხდის მიზნით აბარებთ, მაშინ ამას ფორმალური სახე ჰქონია და არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ რწმენასთან. როდესაც გულით ინანიებთ ჩადენილ ცოდვას, უფლის გულმოწყალებისაც უნდა გჯეროდეთ და გწამდეთ, რომ მოგიტევებთ. გულწრფელად თქვით აღსარება, მოინანიეთ ჩადენილი და აღარ იფიქროთ ამაზე, უფალი შეგინდობთ და თქვენც სიმშვიდით გააგრძელებთ ცხოვრებას.
კითხვა: ჩვენ გარშემო ბევრია ისეთი, ვისაც თავი მორწმუნედ მიაჩნია, რადგან ეკლესიაში დადის და მარხულობს, თუმცა ისინი არც ხორციელ სიამოვნებას იკლებენ, ანუ სხეულით მარხულობენ, სულს კი ვნებების სათარეშოდ იხდიან. როგორ აფასებს მას ეკლესია?
პასუხი: როგორც ცნობილია, მარხვის დანიშნულება ის არის, რომ მარხვის დახმარებით, ხორციელი თავშეკავებით ადამიანმა განიწმინდოს საკუთარი სული. ამიტომ ამაოა იმ ადამიანის მარხვა, თუ ვნებას აჰყვება და წაბილწავს საკუთარ სულს. ასეთი ადამიანი არ არის მორწმუნე, სარწმუნოება მხოლოდ გარეგნულად არ გამოიხატება, ადამიანი შინაგანად უნდა იყოს რწმენით სავსე. ასე ესათნოება უფალს.
კითხვა: რა დანიშნულება აქვს „საკურთხს“, რომელსაც მიცვალებულის სულის საოხად აკეთებენ და ეკლესიაში მიაქვთ?
პასუხი: „საკურთხი“ ქრისტიანული ცნებაა, ანუ რაღაც უნდა იკურთხოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში – პროდუქტი, რომელიც მიცვალებულის სახელზე მიაქვთ ეკლესიაში. კურთხევა ხდება მიცვალებულის სულისთვის ჩატარებულ პანაშვიდზე. ხოლო ამის შემდეგ „საკურთხი“ მიცვალებულთა სახელზე უნდა გაიცეს სამოწყალოდ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ გარდაცვლილისთვის უფრო მნიშვნელოვანია იმ ლოცვის აღვლენა, რაც პანაშვიდზე ითქმება. „საკურთხის“ მიტანა ეკლესიაში შეგიძლიათ საეკლესიო კალენდრით დადგენილ მიცვალებულთა დღეებში, ასევე, ნებისმიერ შაბათს (საერთოდ, შაბათი მიიჩნევა პანაშვიდისთვის მიზანშეწონილად).
კითხვა: ძალიან ხშირად სიზმარში ეკლესიას, ხატებს, სანთლებს ვხედავ. რაზე მიანიშნებს ასეთი სიზმრები?
პასუხი: წმიდა მამები გვირჩევენ, რომ სიფრთხილით მოვეკიდოთ სიზმრებს. მით უფრო, თქვენ ისეთ სიზმრებს ხედავთ, შესაძლოა, ხიბლშიც კი ჩავარდეთ და თავი სხვაზე აღმატებულად მიიჩნიოთ. ამიტომ, აჯობებს, თუ სიზმრის ნაცვლად ცხადში მიხვალთ ტაძარში, ილოცებთ და იცხოვრებთ ეკლესიური ცხოვრებით. შესაძლოა, ამაზეც მიუთითებდეს თქვენი სიზმრები.