№23 როგორ შევიტყოთ, ვმოქმედებთ თუ არა საკუთარი თავისადმი უნდობლობითა და ღმერთისადმი სრული სასოებით
არცთუ იშვიათად ხდება, რომ ზოგიერთი თავდაჯერებული ფიქრობს, თითქოს საკუთარ თავზე კი არ არის მინდობილი, არამედ მთელ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მასში განისვენებს რწმენით, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის ხოლმე. ამაში ისინი თვითონვე დარწმუნდებიან, თუ იმის მიხედვით იმსჯელებენ, რაც ხდება მათში და რა ემართებათ მას შემდეგ, როდესაც ცოდვით ეცემიან. თუკი ისინი დაცემის გამო მწუხარებას ეძლევიან, კიცხავენ და განიკითხავენ საკუთარ თავს და იმავე დროს ამბობენ: გავაკეთებ ამასა და ამას, დაცემის შედეგები გამოსწორდება და ყველაფერი ისე წავა, როგორც საჭიროა, მაშინ ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ისინი დაცემამდეც საკუთარი თავის იმედად იყვნენ და – ნაკლებად ღმერთისა. და რამდენადაც მათი წუხილი მძიმე და უნუგეშოა, მით უფრო აშკარაა, რომ ისინი საკუთარი თავის იმედად იყვნენ და არა ღმრთისა. ვინც საკუთარი თავის იმედად არ არის, არამედ ღმერთზეა მინდობილი, როდესაც ცოდვით ეცემა, დიდად არ უკვირს ეს და გადაჭარბებულ წუხილს არ ეძლევა, რადგანაც იცის, რომ ეს, რა თქმა უნდა, თავისი უძლურებისა და უფრო კი ღმრთისადმი სუსტი სასოების გამო შეემთხვა. ამიტომ დაცემის შემდეგ საკუთარ თავს კიდევ უფრო ნაკლებად ენდობა და ცდილობს, გააძლიეროს და გააღრმაოს ღმრთისადმი მორჩილი სასოება. შემდგომში კი, მოიძულებს რა ვნებებს, რომლებიც მისი დაცემის მიზეზი შეიქმნა, ღმერთის შეურაცხყოფისთვის სამაგიერო შრომით ღვაწლს სინანულით იტვირთებს, და ესრეთ აღიჭურვება რა ღმერთისადმი სასოებით, დიდი სიმამაცითა და შეუპოვრობით დევნის თავის მტრებს სიცოცხლის ბოლომდეც კი.
ვისურვებდი, რომ ზოგიერთი პიროვნება ზემოთქმულთან დაკავშირებით დაფიქრებულიყოს. ის, ვისაც ჰგონია, რომ სათნო და სულიერია, როდესაც რაიმე ცოდვაში ჩავარდება, იტანჯება და წვალობს, სიმშვიდეს ვერ პოულობს, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გატანჯული ამ წამებით, რომელიც მისივე პატივმოყვარეობის შედეგია, ისევ იმავე თავმოყვარეობის კარნახით სულიერ მოძღვართან მიდის, რომ ამ სიმძიმისგან როგორმე გათავისუფლდეს; მას ეს დაცემისთანავე უნდა მოემოქმედა და მოემოქმედა არა რაიმე სხვა განზრახვით, არამედ იმის სურვილით, რომ რაც შეიძლება, მსწრაფლ განბანილიყო ცოდვის სიბილწისაგან, რომელიც ღმერთის შეურაცხმყოფელია, და სინანულისა და აღსარების წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით აღვსებულიყო ახალი ძალით საკუთარ თავთან საბრძოლველად.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი