კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რა სირთულეების შექმნა შეუძლია რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე კურტ უოლკერის შეთავაზების საპასუხოდ და ინაწილებენ თუ არა დასავლეთი და რუსეთი ქვეყნებსა და მათ სეპარატისტულ ავტონომიებს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ჯერ კიდევ 2018 წელს საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველმა ლუკ კოფმა გამოთქვა მოსაზრება „ნატოში“ საქართველოს დაჩქარებული წესით მიღების შესახებ, რადგან, მისი შეფასებით, აშშ-ისთვის უფროა მომგებიანი საქართველოს ალიანსში გაწევრიანება. ამის შემდეგ ავანსცენაზე უკვე „ნატოს“ ყოფილი გენმდივანი რასმუსენი გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად ვარიანტია, უარი ითქვას „ნატოს“ წესდების იმ მოთხოვნაზე, რომელიც ალიანსის რიგებში კონფლიქტური ზონების მქონე სახელმწიფოების გაწევრიანებას კრძალავს, სულ ახლახან კი უკრაინაში აშშ-ის ყოფილი სპეცწარმომადგენლის კურტ უოლკერის აზრი მოვისმინეთ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის „ნატოში“ ჩართვის შესახებ ისე, რომ რუსეთთან ომი გამოირიცხოს, ანუ ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ალიანსში მიიღონ ისე, რომ მათზე არ გავრცელდეს „ნატოს“ მეხუთე მუხლი.
  როგორც წესი, ანალიტიკოსები და ყოფილი სახელმწიფო მოხელეები იმ აზრებს ახმოვანებენ, რის თქმაც არ შეუძლიათ მოქმედ პოლიტიკოსებს, ვინაიდან მათი სიტყვები პოლიტიკური პასუხისმგებლობითაა დამძიმებული, ყოფილებს კი ეს არ მოეთხოვებათ. მეორე მხრივ, უკრაინის ყირიმი უკვე რუსეთის შემადგენლობაშია, ხოლო ლუგანსკისა და დონბასის სტატუსების გამო კიევი და რუსეთი თანამშრომლობენ (სხვა საკითხია, რამდენად ეფექტიანად), თუმცა იმთავითვე ცნობილია, რომ ხსენებული ორი რეგიონი „ნატოსკენ“ არ ისწრაფვის. მოლდოვასაც აწუხებს ავტონომიები: დნესტრისპირეთს უკვე აქვს გამოცხადებული დამოუკიდებლობა და მეორე ავტონომია გაგაუზიაც იმავე გზას დაადგება, თუ მოლდოვა აირჩევს „ნატოურ“ მიმართულებას. საქართველოს ამბავი ცნობილია: სოხუმი და ცხინვალი მოსკოვის მიერაა აღიარებული. უცნაურია, რომ კურტ უოლკერმა ეს მოსაზრება მაინცდამაინც ამ გაქანებული კორონაპანდემიის დროს გამოთქვა, რაც აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, პოლიტიკური ვაჭრობისთვის ნიადაგი მზადდებოდეს. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძესთან ერთად განვიხილავთ, თუ ვინ არის ამ გზავნილის ადრესატი და რა შეთავაზებაა ეს რუსეთისთვის, რომელიც მთავარი წინაღობაა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დასავლეთში ინტეგრაციის გზაზე და რომლის ხელთაცაა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ზემოქმედების დამანგრეველი ბერკეტები.
– როგორი გზავნილი შეიძლება, იყოს ეს ჩვენთვის, უკრაინელებისა და მოლდოველებისთვის, გამომდინარე არსებული პრობლემებიდან და რუსეთისთვის?
– ეს იდეა თავდაპირველად თქვა ლუკ კოფმა, რაც შემდეგ თავისებური სიტყვებით განავრცო „ნატოს“ ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა და ახლა ბ-ნმა უოლკერმაც შემოაგდო. შეიძლება, გარკვეულწილად ეს ჩავთვალოთ განსჯის თემად, რომ ეს იდეა იქცეს მსჯელობის საგნად არა მარტო საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, სადაც, სხვათა შორის განსხვავებული დამოკიდებულებებია „ნატოში“ ინტეგრაციისადმი. მოლდოვაში არსებული დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენთანაა „ნატოსადმი“. ასევე, თავისებური დამოკიდებულებაა უკრაინაშიც, იქ არ არის ცალსახა პრონატოური განწყობა, როგორც ეს ჩვენთანაა სოცილოგიურ გამოკითხვებში. მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი გზავნილი თავად „ნატოს“ ხელმძღვანელობისადმი, რომ მათ იფიქრონ ამ საკითხზე. უოლკერის ამ განცხადებას მე დავუკავშირებდი ამ თემის აქტუალიზაციის მცდელობას. მაგრამ რატომ მოხდა ამ თემის აქტუალიზაცია ახლა, აი, ესაა გასარკვევი. ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ მას შემდეგ, რაც დასრულდება ბალკანეთის „ნატოში“ ინტეგრაციის ეტაპი, უფრო სწრაფად და მალე გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისადმი, უფრო ზუსტად, აღმოსავლეთი პარტნიორობის პროგრამის მონაწილე სახელმწიფოებისადმი, რომლებიც დასავლეთთან ინტეგრაციაში ყველაზე წინწაწეულებად ითვლებიან. სანამ ეს მოხდება, ეს თემა უნდა მოითელოს საექსპერტო წრეებში, შემდეგ უკვე – პოლიტიკურ წრეებში და შემდეგ, ალბათ, რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს არის მცდელობა, რომ მინავლებული თემა გაცოცხლდეს.
– რუსეთის ადრესატობა ვახსენე იმიტომ, რომ ხაზგასმული იყო საკითხის ისე გადაწყვეტა, რომ არ ვეომოთ რუსეთსო. ნუ რუსეთიც უნდა დაკმაყოფილდეს რაღაც დოზით და მხოლოდ იმით არა, რომ მასთან არ იომებენ. ერთგვარი განაწილებაა ტერიტორიების?
– ლუკ კოფს ეკუთვნის იდეა, რომ სეპარატისტულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს „ნატოს“ წესდების მეხუთე მუხლი, რაც გამორიცხავს რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციას: რუსეთს არაფერი ექნება დასაცავი და „ნატოს“ არაფერი ექნება საომარი, იმიტომ რომ არ აპირებს სამხედრო ღონისძიების გატარებას, მაგალითად, საქართველოსთვის ამ ტერიტორიების ინტეგრაციისთვის და რუსეთსაც არ მოუწევს კონტრღონისძიებების მიღება. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ნატო“ საქართველოს მიიღებს თავის რიგებში ამ სეპარატისტული ტერიტორიების გარეშე და საქართველოს ხელისუფლება დათანხმდება ასეთ ვარიანტს, რუსეთი მაინც შეეწინააღმდეგება ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით საქართველოს „ნატოში“ მიღებას.
– ცნობილია, სულ იმას იმეორებენ, რომ არ დაუშვებენ რუსეთის საზღვრებთან „ნატოს“ გაფართოებას.
– დიახ, მაქეთკენ მიმყავს საუბარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეხუთე მუხლი არ გავრცელდება, რუსეთი მაინც შეეწინააღმდეგება საქართველოს გაწევრიანებას „ნატოში“ და, სამწუხაროდ, მას კიდევ აქვს საკმარისი ბერკეტები საიმისოდ, რომ შეგვიქმნას პრობლემები ჩვენს ტერიტორიაზე, ასევე, იმ პირობითი, ეგრეთ წოდებული, „საზღვრის“ გასწვრივ, რომელიც ყოფს სეპარატისტულ წარმონაქმნებთან და ამით საქართველოში გამოიწვიოს ახალი კონფლიქტები იმ გათვლით, რომ დასავლეთი ვერ ჩაერევა პირდაპირი სამხედრო გზით ამ კონფლიქტების მოგვარებაში და საქართველო, ფაქტობრივად, დადგება რეალობის წინაშე, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტასა და მოსახლეობას შეუმცირდეთ ან გაუქრეთ „ნატოში“ გაწევრიანების სურვილი, რადგან უკვე ყველას ეცოდინება, რომ ეს კონფლიქტები ასოცირდება „ნატოში“ გაწევრიანებასთან. შეგახსენებთ უახლესი ისტორიის ფაქტს, როდესაც 2008 წელს რუსეთმა ცნო საქართველოს სეპარატისტული რეგიონები და რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ მედვედევს ჰკითხეს, რა იყო ამ სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზანი, მან ერთ-ერთ მიზნად დაასახელა, რომ ეს ემსახურებოდა საქართველოს „ნატოში“ სწრაფვის შეჩერებას, მოგეხსენებათ, 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე მიიღეს ცნობილი გადაწყვეტილება, რომელშიც ჩაიწერა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან „ნატოს“ წევრები.
– უნდა შეგეწინააღმდეგოთ: სწორედ იმან, რომ ბუქარესტის სამიტზე საფრანგეთისა და გერმანიის დაჟინებული მოთხოვნით არ მოგვცეს „მაფი“, აუნთო „მწვანე შუქი“ რუსეთს და შეაგულიანა საქართველოში შემოსაჭრელად. ეს მინიშნება იყო რუსეთისთვის, რომ „მაფსაც“ არ ვანიჭებ, ანგარიშს გიწევო და რუსეთმა დაასწრო.
– ახლა მე შეგეწინააღმდეგებით: „ნატოს“ რომ მაშინ „მაფი“ მიეცა საქართველოსთვის, სააკაშვილის ხელისუფლება უფრო ხელფეხგახსნილი წავიდოდა იმ ავანტიურაზე, რაზეც წავიდა, იმ იმედით, რომ „მაფი“ გვაქვს და რუსეთი ვერაფერს გაგვიბედავსო.
– რაკი ჩვენ თეორიულად ვმსჯელობთ, ვიტყვი იმასაც, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც გვესვრის ჩვენ, მაგრამ არის ის სახელმწიფო და, მით უფრო, 2008-ში იყო, რომელიც ესროდა „ნატოს“?
– „მაფის“ მიცემა „ნატოს“ სამხედრო კონფლიქტში ჩართვის არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს, რომ სამხედრო ძალით დაიცვას „მაფის“ სტატუსის მქონე სახელმწიფო.
– მესმის, მაგრამ მაინც პრესტიჟის ამბავი იქნებოდა.
– თუკი რუსეთი გადაწყვეტდა, საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ განეხორციელებინა ისეთი სამხედრო ოპერაცია, რაც განახორციელა 2008-ში, „ნატო“ ვერ ჩაერეოდა თავისი ინფრასტრუქტურით, მას არ ჰქონდა საამისო მანდატი და, რაც მთავარია, ის არ მოისურვებდა პირდაპირ სამხედრო შეტაკებას. ახლაც თავს იკავებენ იმიტომ, რომ ეშინიათ რუსეთის კონტრზომების. ძნელია იმის თქმა, რა კონტრზომები იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოს ტერიტორიაზე ნამდვილად გამოიწვევს საკმაოდ დესტრუქციულ ქმედებებს მოსკოვის მხრიდან, რაც ჩვენს სახელმწიფოს შეიძლება, ძვირად დაუჯდეს. ამდენად, რისკი დიდია და შესაძლოა, „ნატოში“ თვლიან კიდეც ამ რისკებს.
– ამ ეტაპზეც ჩანს, რამდენად დიდია რისკები და ეს ფაქტი თავისთავადაც ხომ არ გამორიცხავს „ნატოში“ გაწევრიანების ნამდვილობას?
– როდესაც „ნატოში“ მიიღეს ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მაშინ რუსეთი იყო დასუსტებული და სხვა ურთიერთობები ჰქონდათ რუსეთსა და დასავლეთს. ახლა, როდესაც ასეთი კონფრონტაციული დამოკიდებულებაა, შეიძლება, დასავლეთი მოერიდოს ამ კონფრონტაციის შემდგომ გაღრმავებას, მაგრამ ვინ იცის, შესაძლოა, სწორედ ამ კონფრონტაციის გამო დასჭირდეს დასავლეთს საყრდენი სამხრეთ კავკასიაში. ანუ აქ მთავარია, ის გამოვთვალოთ, ამ ეტაპსა და თვალსაწიერ მომავალში დასავლეთს საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანება სარგებელს უფრო მეტს მოუტანს თუ თავის ტკივილს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს უფრო თავის ტკივილის მომტანი იქნება, მაგრამ ის ინიციატივა, რაც უილკერმა და რასმუსენმა თქვეს, რომ „ნატოში“ ფიქრი მაინც დაიწყონ ამაზე. უახლოეს თვეებში დავინახავთ, მოხვდა თუ არა ნოყიერ ნიადაგზე უოლკერის ეს იდეა.
– ეკატერინედან მოყოლებული რუსეთსა და ევროპას შორის ყოველთვის იქმნებოდა ბუფერული ზონები. თუ ადრე უოლკერის მიერ დასახელებული ეს სამი ქვეყანა იყო ბუფერი სსრკ-სა და ევროპას შორის, ახლა იქნებ საუბარია, რომ ბუფერების როლი შეასრულონ ცხონვალმა, სოხუმმა, ლუგანსკმა, დონბასმა, დნესტრისპირეთმა? რუკაზე აშკარად ჩანს ეს.
– საინტერესო კითხვაა... ევროპაში ექსპერტებიც და პოლიტიკოსებიც თვლიან, რომ რაღაც ეტაპზე მათთვის მომგებიანია, აღმოსვლეთ პარტნიორობის პროგრამა არსებობდეს, ამ სამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ მისცენ, რადგან არ არის სტაბილური მდგომარეობა. მაგრამ ეს ქვეყნები იყვნენ ერთგვარი ბუფერული ზონა ევროპასა და რუსეთს შორის, ამიტომ იქ უნდა დაიწყოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმები, რათა მაქსიმალურად დაუახლოვდნენ ევროპას და შემდეგ, როდესაც უკვე ევროპაში მიიჩნევენ, რომ მათთვის მომგებიანია გაფართოების ახალი ტალღა, მიგვიღონ.

скачать dle 11.3