№23 ცაში მომზირალნი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ისე მოხდა, რომ ჩვენთანაც და მთელ დედამიწაზეც ადამიანები ხარობენ კოსმოსის ათვისებას და ხელოვნური თანამგზავრების ბადეში ამ ჩვენი პლანეტის გამოხვევას, ხელოვნური ინტელექტის ზეობას, რომელიც ადამიანზე 4 000-ჯერ სწრაფად ამუშავებს მონაცემებს და, ფაქტობრივად, ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ ტექნიკური პროგრესის, რასაც ადამიანი გამოქვაბულიდან გამოსვლის შემდეგ ავითარებს და რის წყალობითაც ცხოვრებას კიდევ უფრო და უფრო კომფორტულს იხდის, თუმცა მაინც შერჩევითად, რადგან მდიდრები მდიდრდებიან, ღარიბები კი ღარიბდებიან, იმიტომ რომ ადამიანმა ყველაფერი ძალაუფლების მოპოვების წყურვილს დაუკავშირა. ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, გულისხმობს, რომ ერთმა უნდა მართოს მეორე (თანაბრობა არ გამოდის, ეგ მხოლოდ ცათა სასუფეველშია).
აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვები (თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის დაბადების მთავარი დანიშნულება მისი სულიერი განვითარებაა): შეცვალა თუ არა ტექნოლოგიურმა პროგრესმა ადამიანი? გაშლილ კოსმოსში თუ გაფრინდება, შეიცვლება მისი არსი უკეთესობისკენ? ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ველური ტომები გაოცებისგან ხმას ვერ იღებდნენ, თეთრკანიანი კოლონიზატორები რომ მზეზე მობრჭყვიალე შუშას აჩვენებდნენ, ამიტომაც ისინი ღმერთები ეგონათ, დღეს კი დიპლომიანი მოქალაქეები პირდაღებულები შესცქერიან ცას, მფრინავი მოწყობილობებით დახუნძლულს და მისი შემქმნელიც ღმერთი ჰგონიათ, ფაქტია, რომ ადამიანი არ შეცვლილა: გინდა გამოქვაბულში იჯდეს და გინდა – ელექტრომანქანაში.