№23 შურიანი ოკუპანტები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ვის და როდის გაუსკდება გული?!
მაშინ, როდესაც რუსეთი ჯიუტად მიიწევს წინ კორონავირუსით დასნებოვნებულთა რაოდენობისა და დაავადების გავრცელების დინამიკით, იმის ნაცვლად, საკუთარ თავს მიხედონ (მე რომ მკითხოთ – პრ. პუტინიც მარაქაში გაერია, იმ იმედით, რომ ფულს მისცემენ, ცხადია, კორონავირუსთან ბრძოლისთვის და პანდემიით დაზარალებულობის გამო), ისევ ამ ჩვენს ლუგარის ლაბორატორიას ეცნენ (პანდემია, მოგეხსენებათ, ფსიქიკურ აშლილობებს კიდევ უფრო აღრმავებს) და ლამისაა, ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაგვდონ ბრალი.
ბრმისთვისაც ნათელია, რომ ლუგარის ლაბორატორია ცარიელ ადგილას არ გახსენებიათ, მოსკოვისთვის მეტად უსიამოვნოა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში საქართველომ მაღალი კლასი გამოავლინა (მმართველობით დაწყებული, სამედიცინო მომსახურებით დამთავრებული და მოსახლეობის ორგანიზებულობაზე გავლით), ხოლო, რაკი ინტერნეტი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, მათ შორის, რფ-ის მოქალაქეებისთვის, ამას ისინიც ხედავენ, ამიტომაც კრემლში შარს ეძებენ (თუმცა იქ კიდევ იქნება რამე ფარცაკული მოტივი).
ამჯერად რუსი მეცნიერებისა და ჟურნალისტების ლუგარის ლაბორატორიაში შეშვება მოითხოვეს – ყველა კუთხე-კუნჭული უნდა დავათვალიეროთო. ჩრდილოური უგვანობა იმითაც ვლინდება, რომ მთელ მსოფლიოს, აშშ-საც კი დახმარება გაუგზავნა (სხვა საქმეა, რომ, მოარული ხმებით, უვარგისი), მაგრამ აი, ჩვენთან კი იმ ლაბორატორიის მუშაობისთვის უნდა ხელშეშლა, რომელიც გვეხმარება პანდემიასთან ბრძოლის მეწინავეთა შორის მოხვედრაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ორიოდე წლის წინათ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ გაჩაღებული მორიგი რუსული კამპანიის გამო ქართულმა მხარემ რუსი მეცნიერები და ჟურნალისტები მოიწვია, თუმცა მათ უარი თქვეს, იმ მოტივით, რომ მაინც დაგვიმალავენ, რის ჩვენებაც არ უნდათო.
ასეა თუ ისე, ცხადია, საქართველო რუსული ქარვასლა არაა, ამიტომაც ეს პოლიტექსკურსიები მათი ახირებისამებრ ვერ გამოვა, თუმცა მე მაინც იმის იმედად ვარ, რომ, თუ ასეთი ტემპით განვაგრძეთ მსოფლიო ავანგარდში ყოფნა, ერთ დღესაც ჩრდილოეთში შურით გულები დაუსკდებათ.