№23 გაბრიელ ნაპოლეონ ელბაქიძე: საქართველოში სახელიც მქონდა და ნორმალური ანაზღაურებაც, მაგრამ ესპანეთში ყველაფერი ნულიდან დავიწყე
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
წარმატებული კარიერა ორჯერ დათმო და ცხოვრება ნულიდან დაიწყო. უცხო ქვეყანაში ორივეჯერ საყვარელ საქმეში მეტის მისაღწევად და ახალი გამოცდილებების მისაღებად გაემგზავრა. იყო წითელი ხალიჩაც და დღეებიც, როდესაც საკმარისი საკვები არ ჰქონდა, თუმცა იცოდა, რომ ეს გზა სასურველი მიზნისკენ მიდიოდა და არ დანებდა.
გაბრიელ ნაპოლეონ ელბაქიძე: ორი წელია, ესპანეთში ვცხოვრობ, მაგრამ ამ ქვეყანას ჯერ კიდევ იტალიაში ყოფნისას დავუკავშირდი სხვადასხვა პროექტით. მას შემდეგ, რაც რომში კინოსა და ტელევიზიის აკადემიის სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე, რომსა და მილანში ვმუშაობდი და საერთო ჯამში, იტალიაში თითქმის ათი წელი გავატარე. შემდეგ კი ჩემმა პროფესორმა – ოსკარ ვალსეკიმ შემომთავაზა ესპანეთში ჩამოსვლა და პირველად ექვსი თვე ბარსელონაში გავჩერდი. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ესპანეთთან. მილანში მუშაობისას, როგორც ფოტომოდელი, ვთანამშრომლობდი იტალიურ სააგენტოსთან, იქიდან წამოვიდა შემოთავაზება მადრიდში ფოტოგადაღებების შესახებ და ამ პროექტშიც ჩავერთე. გარდა ამისა, გავაკეთე ექსპერიმენტულ-თეატრალური პროექტი – „რვა სეანსი“, არგენტინელ დრამატურგთან ერთად, რომელიც შემდეგ საქართველოშიც განვახორციელეთ. თავის დროზე ეს პროექტი მადრიდში დავიწყე. ანუ, ეს კავშირები წლების წინ გაიბა.
– თუმცა, სანამ იტალიიდან ესპანეთში გადახვიდოდით, რაღაც პერიოდი საქართველოშიც იყავით და საკმაოდ აქტიური პერიოდიც გქონდათ.
– მუდმივად ვცდილობ, რომ საქართველოში კონკრეტული პროექტით ჩამოვიდე. იტალიაში ცხოვრების პარალელურად, წლის განმავლობაში; საქართველოში ვაკეთებდი საქველმოქმედო ფესტივალ „პოემუსს“. ერთ-ერთ ბოლო ჩამოსვლაზე განვახორციელე იტალიური პროექტი, რომლის ავტორიც მე ვიყავი. ეს იყო იტალიელი რეჟისორის ეუჯენიო დურას მიერ დადგმული ჩემი რომანის ადაპტაცია – „ღამე მშვიდობისა, ლილი მარლენ“, რომელსაც მუსიკისა და დრამის თეატრში ორი წლის განმავლობაში ვთამაშობდით, ამ თეატრისა და იტალიელი მსახიობების მონაწილეობით. ასე რომ, იტალიურ-ქართული კოპროდუქცია გამოვიდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ საქართველოში დავრჩი და შემოთავაზება მივიღე „იმედის დილისგან“. ეს იყო სამი წლის წინ და ამ პროექტში ერთი წელი დავრჩი. სეზონი რომ დავხურეთ და აქ წამოსვლას ვგეგმავდი, სერიოზული ტრავმა მივიღე – ცხენიდან ჩამოვვარდი და ხერხემალი დავიზიანე. ამიტომ ჩემი გეგმები გადაიდო. ოთხი თვე საწოლში გავატარე, შემდეგი ორი თვეც რეაბილიტაციას დასჭირდა. სამი მალა მქონდა გატეხილი. მთავარი იყო, ფეხზე დავმდგარიყავი და ფრენა შემძლებოდა, მკურნალობის ბოლო პერიოდი უკვე ესპანეთში ჩავიტარე.
– ამჯერად რა იყო ესპანეთის მთავარი მიზიდულობა?
– ბოლო წლების განმავლობაში, კრიზისის გამო, ძალიან ბევრმა რეჟისორმა და მსახიობმა დატოვა რომი. კინოსა და თეატრალური სამყაროსთვის ესპანეთი უფრო ცოცხალი აღმოჩნდა. ბოლო წლებში აქ ძალიან აქტიურად კეთდება „ნეთფლიქსისა“ და „ეიჩბიოუს“ სხვადასხვა პროდუქცია, სერიალები თუ ფილმები. მოკლედ, ეს სექტორი ძალიან აქტიურია. თუმცა მე იტალიასთან კავშირი არ გამიწყვეტია. დისტანციურად დღესაც ვთანამშრომლობ ორ სააგენტოსთან და პერიოდულად, როცა საჭიროება მოითხოვს, ჩავდივარ. თუმცა, გადავწყვიტე, რომ საცხოვრებლად ამ ეტაპზე
ესპანეთი უფრო საინტერესო იყო ჩემთვის.
ესპანეთი უფრო საინტერესო იყო ჩემთვის.
– რა პროექტებით ხართ ახლა დაკავებული ესპანეთში?
– ორი წლის წინ ჩამოვედი და პირველი ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც აქ განვახორციელეთ, იყო „თეატრალური ტერაქტი“. პიესა, რომელიც ადამიანურ ტერორზეა, მე დავწერე ესპანურად, ჩემს კოლეგასთან ერთად, რომელიც წლებია, აქ ცხოვრობს – მსახიობ და რეჟისორ ლუკა ჩხაიძეს ვგულისხმობ. მასთან ერთად დავიწყე ამ პროექტის რეალიზება აქაურ მსახიობებთან, მომღერლებთან და მოცეკვავეებთან ერთად. მეორე პროექტი, რომელსაც ვაკეთებ, არის ინტერნეტპლატფორმა „რევიუ“, რომელიც საერთაშორისო არტისტებს ეხება და მოიცავს მათ ინტერვიუებს, მხატვრულ ვიდეოებს, ფესტივალებს და იმ ყველაფერს, რაც ხელოვნებას უკავშირდება. ზუსტად ამ პლატფორმით წავედით შარშან კატალონიის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ქართულ ტელევიზიას მაშინ შევთავაზე, თუ აინტერესებდათ ამ ფესტივალის დღიურები და ზუსტად აქედან დაიწყო საქართველოს „პირველ არხთან“ ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც სხვადასხვა პროექტით გაგრძელდა. შემდეგ ვიყავით ბასკეთში, ამას მოყვა ავსტრალიის დღიურები ხანძრების დროს და საბოლოო ჯამში, ცოტა ხნის წინ ეს თანამშრომლობა ოფიციალური კონტრაქტით დაგვირგვინდა გადაცემა „ახალი კვირის“ ფარგლებში.
– ასეთი პროექტების განხორციელება ყველგან თავისებურ სირთულეებთან ასოცირდება, თუმცა საქართველოში, როცა უკვე გიცნობენ და საკუთარი ადგილი გაქვს დამკვიდრებული, ალბათ, შედარებით მარტივია. რა სირთულეების ფასად ხდება ეს ყველაფერი უცხო ქვეყანაში?
– ტელევიზიასთან ჩემი ურთიერთობა ძალიან პატარა ასაკში დაიწყო. 18 წლის ვიყავი, თეატრალურის პირველი კურსის სტუდენტი, როდესაც პირველად ეკრანზე გამოვჩნდი. საერთოდ არ ვგეგმავდი ტელევიზიაში მუშაობის დაწყებას, ჩემი გეგმები ბავშვობიდან კინოს უკავშირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა. 18 წლის რომ ხარ და გრძნობ, ქუჩაში ხალხი გცნობს, ძალიან მოგწონს ეს ამბავი. ტელევიზია კი ისეთი ორგანიზმია, თუ ერთხელ შეეხე, მასთან განშორება ძალიან გაგიჭირდება. ისე აეწყო, რომ მთავრდებოდა ერთი პროექტი და იწყებოდა მეორე. საერთო ჯამში, ქართულ ტელევიზიაში, წასვლა-წამოსვლებიანად, 12 წელი ვიმუშავე. იყო პროექტები, რომელსაც დიდი ინტერესით ვაკეთებდი, მაგალითად, „ჟურნალისტის დღიურები“, თოქ-შოუ კინოზე ტელეკომპანია „მზეზე“, მაგრამ იყო პატარ-პატარა გადაცემები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რომელზეც ძირითადად, მაინც ფინანსური ინტერესის გამო ვთანხმდებოდი. ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ბევრი ცვლილება, გადაფასება გამოიწვია და მივხვდი, რომ ამ ყველაფერმა ძალიან დამღალა. ვხვდებოდი, აღარ იყო პროექტები, რომელიც საქართველოში დამაკავებდა. ვგრძნობდი, რომ ვეღარ ვიზრდებოდი. მე ყოველთვის მსახიობობა მაინტერესებდა. საქართველოში რამდენიმე სერიალსა და ფილმში ვითამაშე. ყველაფერი რუსუდან ჭყონიას ფილმ „გაიღიმეთი“ დაიწყო. იცით, ამ ფილმის დებიუტი ვენეციის კინოფესტივალზე შედგა და ძალიან ადრეულ ასაკში მივიღე ის სიხარული, რომელზეც ყველა მსახიობი ოცნებობს – წითელი ხალიჩა, რამდენიმეათასკაციან დარბაზში ჩემი სახელისა და გვარის გამოცხადება, საგანგებო ტაში... მსახიობისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ვენეციის კინოფესტივალზე გავიცანი შემდეგში ჩემი აგენტი, რომელმაც იტალიაში თანამშრომლობა შემომთავაზა და ასე გადავბარგდი იმ ქვეყანაში. ძველ ამბებს აღარ მივუბრუნდები, მაგრამ როგორც მკითხეთ, საქართველოში სახელიც მქონდა, მიცნობდნენ კიდეც და ნორმალური ანაზღაურებაც იყო. მაგრამ მე კინოში მეტი აქტიურობა მაინტერესებდა და ამიტომ გადავწყვიტე წამოვსულიყავი. თუმცა საქართველოსთან კავშირი არ გამიწყვეტია. რა დგას ამ ყველაფრის უკან? მე ორჯერ დავიწყე ნულიდან ცხოვრებაც და კარიერაც. პირველად როცა იტალიაში წავედი, აგენტი მყავდა, სააგენტოშიც ვმუშაობდი და მაშინ შეიქმნა ჩემი სახელიც – გაბრიელ ნაპოლეონ ელბანო, რომლისთვისაც ბაბუების სახელები ავიღე და ბექა ელბაქიძე საქართველოში დავტოვე. რადგან ევროპული კარიერის დასაწყისში ასე უფრო პრეზენტაბელურად ჟღერდა. თუმცა, სანამ ავეწყობოდი, ძალიან რთული დღეები გამოვიარე. ასევე, ნულიდან დავიწყე ყველაფერი, როცა ესპანეთში ჩამოვედი. ვინმეს თუ ჰგონია, აქ ვარდებით მოფენილი ხალიჩა დამხვდა, ცდება. ბევრი უძილო ღამე და ძალიან დიდი შრომა დგას ამ ყველაფრის უკან. სწავლის პარალელურად, ბარში ვმუშაობდი მიმტანად, ბარმენად, მიმსალმებლად, რასაკვირველია, არ მითაკილია ამ საქმეების კეთება. ამასთან, ვენეციის კინოფესტივალზე წითელ ხალიჩაზეც ვმდგარვარ, ლეგენდარულ ადამიანებთან ჩამიწერია ინტერვიუ პირისპირ. მათ შორის არიან: ტონინო გუერა, ფრანკო ძეფირელი, „ჰოლივუდის“ თუ ევროპული კინოს ვარსკვლავები და ასე შემდეგ. ისიც გამიკეთებია და ესეც, ასე იყო საჭირო და იმიტომ. არანაირი საქმე არ არის სათაკილო, თუ გინდა, პატიოსანი შრომით მიხვიდე სასურველ წერტილამდე. თუმცა, ეს გზა არაა ადვილი. ამ მომენტისთვისაც ძალიან ბევრი რამ მაკლია და კიდევ ბევრი მაქვს ასათვისებელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაადგილებ-გადმოადგილებაში ოთხი ენა შემომესწავლა, ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლო და კიდევ ბევრი უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. ვერ ვიტყვი, რომ ევროპულ კინოინდუსტრიაში ვარსკვლავი ვარ-მეთქი – საერთოდაც არა, მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში სერიალებშიც მითამაშია, ფილმებშიც და იყო მომენტი, როცა ძალიან პოპულარულ სერიალში თამაშის შემდეგ, ჯერ მაღაზიაში მიცნეს, შემდეგ კაფეში... თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სტაბილურად ვარ, რაც მუშაობასა და სწავლას მოიაზრებს. ეს არაა ჩემი მაქსიმუმი, საკუთარი თავით კმაყოფილი რომ ვიყო, წინ წლები მაქვს და რადგან დავიწყე, არ გავჩერდები. თუმცა კარგად მახსოვს, პირველ პერიოდში მეგონა, რომ ძალიან არაპროდუქტიული ვიყავი და არაფერს წარმოვადგენდი. მაშინ ჩემი ეგოს დეცენტრალიზაცია მოხდა.
– ეს განსაკუთრებით რთული, ალბათ, იმიტომაც იყო, რომ აქედან უკვე წარმატებული და შემდგარი წახვედით და სხვა ქვეყანაში სრულიად სხვა რეალობაში აღმოჩნდით.
– იყო დღეები, როდესაც საკმარისი საკვებიც არ მქონდა. შიმშილით ვკვდებოდი-მეთქი, არ ვამბობ, მაგრამ საკმაოდ რთული პერიოდი გავიარე. როცა მიმტანად ვმუშაობდი, დღის განმავლობაში ცხრა საათი, შეუსვენებლად, ფეხზე ვიდექი, რაც ძალიან რთული იყო. ჩემთვის არც საქართველოში მოურთმევიათ გამზადებული არაფერი. მაგრამ ისე აეწყო, რომ მუდმივად ახალი პროექტები ჩნდებოდა და საქართველოში მიმტანად მუშაობა არასდროს დამჭირვებია. თუმცა, არ ვამბობ, რომ ვითაკილებდი. აქ პირიქით, ზუსტად მაგით დავიწყე – აკადემიაში სწავლის პარალელურად, ღამის ცვლაში. ყველაზე მთავარი, რაც ამ ხნის განმავლობაში ვისწავლე, ისაა, რომ არასდროს შეგეშინდეს სიახლეების და რწმენა არ უნდა დაკარგო. თუ გაქვს იდეა და მიზანი, რომლის განხორციელებაც ნამდვილად გინდა, მთებს გადადგამ. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა ია-ვარდებით მოფენილი ნამდვილად არაა.
– კიდევ ერთ გამოწვევაზეც ვისაუბროთ – კარანტინს როგორ გაუმკლავდით?
– საბჭოთა თაობისგან განსხვავებით, თავისუფალ გარემოში გავიზარდეთ და ბევრი ტიპის შეზღუდვა ჩვენთვის უცხოა. ახლა უცებ ახალი რეალობა და კანონები გვაქვს, უამრავ შეზღუდვასა და დაავადების გადადებასთან დაკავშირებულ შიშთან ერთად. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ შემდეგი პერიოდი ძალიან პროდუქტიულად გამოვიყენე. დავიწყე ახალი წიგნის წერა, რომელიც რეალურ ისტორიას ეფუძნება. ესაა წიგნი ქალზე, რომელიც განქორწინების პროცესშია და მე მისი ისტორია კარანტინში გადავიტანე, რამაც განხეთიქილება დააჩქარა. დავიწყე ინსტაგრამგადაცემა, სხვადასხვა ქვეყნის არტისტებთან ინტერვიუები და ასე შემდეგ და გამოვიდა, რომ კარანტინი საკმაოდ კრეატიულად და ნაყოფიერად გავატარე. სახურავზე დიდი ტერასა გვაქვს, რომელიც ჩვენი „თავშესაფარი“ გახდა. მზიან ამინდში ყველა ჩვენთვის განკუთვნილ მონაკვეთებში გამოვდიოდით და დისტანციის დაცვით, მაგრამ კომუნიკაციის, სუფთა ჰაერის სუნთქვისა და მზის სხივებით სიამოვნების მიღების საშუალება მაინც გვქონდა.
– რაც შეეხება პირადს, მახსოვს საუბრები საქართველოში არსებულ ურთიერთობებზე, რომანი იტალიელ ქალბატონთან... რა ხდება ახლა?
– კი, საქართველოშიც იყო გარკვეული ურთიერთობები. რაც შეეხება იტალიელ ქალბატონს, ჩვენ ოფიციალურ ქორწინებაში არ ვყოფილვართ, მაგრამ ერთად ვცხოვრობდით და ის, ფაქტობრვად, ჩემი ცოლი იყო. ახლა, ამ მხრივ, განსაკუთრებული არაფერი ხდება. ჩემს ცხოვრებაში აქტუალური უფრო შემოქმედებითი ამბავია, ვიდრე სასიყვარულო. წინა წლებში ერთი ისტორია რომ მთავრდებოდა, ძალიან მალე მეორე იწყებოდა და შემდეგ მივხვდი, რომ ამ ყველაფრისგან ცოტა დავიღალე. მინდოდა, მეტი დრო საკუთარი თავისთვის დამეთმო. ამ ეტაპზე არც საჭიროება მაქვს, რომ „წყვილი“ მყავდეს და მთავარი პრიორიტეტიც შემოქმედებითი განვითარება და კარიერული წინსვლაა.
P.S. ყდაზე გამოყენებულია ლია ლეჟავას ფოტო, სტატიაში გამოყენებული ფოტოები კი ეკუთვნით: გვანცა მაღლაკელიძესა და გიზელ რომეროს.