№23 ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი კარატეში – გიორგი ჯიქია ამერიკაში მომავალ ჩემპიონებს ზრდის


გიორგი ჯიქია: წლების განმავლობაში საქართველოში ვასპარეზობდი, გარდა ამისა, ვვარჯიშობდი ბელგიაში და შეჯიბრებებზე ბელგიის სახელითაც გამოვდიოდი. ამერიკაში 2016 წელს ჩამოვედი. ხშირად გამოვდივარ სხვადასხვა შიდა ტურნირზე. მაქვს არაერთი საერთაშორისო ტიტული.
– ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, თქვენს ასაკში მარტო ჩასვლა და თავის დამკვიდრება ადვილი არ არის. რა გზა გაიარეთ?
– რა თქმა უნდა, თავიდან განსაკუთრებით რთული იყო. როცა უცხო ქვეყანაში მარტოს, დამოუკიდებლად
გიწევს გზის გაკვალვა, ეს მარტივი და კომფორტული არაა. იყო პერიოდი, როცა ქუჩაში ვცხოვრობდი, შემდეგ ბევრ სხვადასხვა სფეროში მომიწია მუშაობა – მშენებლობაზე, რესტორანში და ასე შემდეგ. არ დავნებდი და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ დაუღალავი შრომით დავიწყე ამერიკული ოცნებების ასრულება. რამდენიმე ენაზე ვსაუბრობ. ენები თითქმის ქუჩაში ვისწავლე, მეგობრებისგან, ნაცნობებისგან და ეს ძალიან მეხმარება.

– კარატეს სკოლა გაქვთ, სადაც ავარჯიშებთ როგორც ქართველ, ისე სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს.
– სამი სკოლა მაქვს სხვადასხვა ქალაქში და სულ გზაში ვარ. გარდა ბავშვებისა, ასაკოვან ადამიანებსაც ვავარჯიშებ ფიზიოთერაპიაში. სკოლის მოსწავლეებთან ჩემი ურთიერთობა, პირველ რიგში მათთან მეგობრობით იწყება. კარატეს გარდა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვცდილობ, ისეთი ცხოვრებისეული რჩვები მივცე, რაც სხვადასხვა ეტაპზე გამოადგებათ. ხშირად ვუტარებ გასართობ, სახალისო ვარჯიშებს, რასაც სიამოვნებით აკეთებენ და თან, ფიზიკურადაც იტვირთებიან. ჩემს ქართველ მოსწავლეებს სულ ვეუბნები: მიუხედავად იმისა, რას მივაღწევთ, აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ ჩვენს სამშობლოში და ჩვენი წარმატება და გამოცდილება მას მივუძღვნათ. ამჟამად, სანამ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით და დარბაზში გადანაცვლებას შევძლებთ, ონლაინ-გაკვეთილებს ვატარებ.
– საოცარი შემართება გაქვთ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– უფრო მეტი უნდა ვისწავლო და მეტად განვვითარდე. ვაპირებ, ჩავაბარო პოლიციის აკადემიაში.