№22 რატომ არ უმართლებს მაგდა ვასაძეს მამაკაცებში და ვის გამო იწყებს ის ახალ გამოწვევებთან შეჭიდებას
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
34 წლის მომღერალ მაგდა ვასაძეს, მართალია, პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა, თუმცა, თავის საქმეში წარმატებულია და არც თაყვანისმცემლების ნაკლებობას განიცდის. მაგდასთვის მთავარი საზრუნავი შვილია, ვისთვისაც ახალი გამოწვევებისთვისაც მზადაა და როგორც ამბობს, სწორედ შვილის გამო იწყებს ახალ ცხოვრებას.
მაგდა ვასაძე: ბავშვობიდან ყველაზე მეტად სცენაზე დგომა მინდოდა. არარეალური ოცნება არასდროს მქონია და რაზეც ვოცნებობდი, ამიხდა – ყველაზე მეტად რაც მიყვარდა, იმას ვაკეთებ. იყო ისეთი პერიოდებიც, როცა ვფიქრობდი, ჩემი ეს დიდი ოცნება აღარ ამიხდება-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა.
– რაში გაგიმართლა ყველაზე მეტად – პირადში თუ კარიერაში?
– პირადში არ გამიმართლა. მეუღლეს, ჩემი შვილის მამას, გავშორდი, შემდეგ გიორგი პაპკიაურთან ვიყავი და არც ამ შემთხვევაში გამიმართლა. ბევრჯერ დავფიქრებულვარ, რატომ არ მიმართლებს პირადში-მეთქი და პასუხი არ მაქვს. თუმცა, მივხვდი, მირჩევნია, თავისუფალი ვიყო. როცა თავისუფალი ვარ, მაშინ კარიერაშიც მიმართლებს და ცხოვრებაც დაწყობილი მაქვს. ძალიან კარგია დაწყობილი ცხოვრება და გვერდით საყვარელი მამაკაციც, მაგრამ როცა არ გამოდის, სჯობს, მარტო იყო და ბედნიერი. დიდი გამოწვევების წინაშე ვარ და მომწონს ჩემი ხასიათისა და ცხოვრების უეცარი ცვლილებები. აუცილებლად გავანებივრებ საკუთარ თავს კარგი მუსიკის კეთებით. ამ ეტაპზე, სულ სხვა გეგმა დავისახე – წინ კიდევ ბევრი გამოწვევა მელის.
– თუ საიდუმლო არ არის, რა გამოწვევებს გულისხმობ?
– წინასწარ არ მიყვარს საუბარი, მაგრამ შოუ-ბიზნესში რთულია, წინ გადადგა ნაბიჯები, თუნდაც ვიღაცის გამო, წინ რომ არ გიშვებს – ასეთი შემთხვევებიც არის. ამიტომ, მინდა, სიმღერის გარდა, სხვა შემოსავალიც მქონდეს. ამისთვის, ვფიქრობ, ჩემი რაღაც გავაკეთო. ბევრი გეგმა მაქვს, რაც შემოსავალს მომიტანს და თან, ვისიამოვნებ იმით, რასაც გავაკეთებ.
– „ნოე ჟორჟოლიანის შოუს“ ბენდის დატოვებას ხომ არ გეგმავ?
– შეიძლება, მომიწიოს შოუს დატოვება, შეიძლება – არა. არაფერია გამორიცხული, თუმცა ჯერ ვფიქრობ და წინასწარ ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ, მინდა, მუსიკა სიამოვნებისთვის ვაკეთო და თან, ფულიც მქონდეს. არ მინდა, რესტორანში ვიჯდე და ვმღეროდე, ამის ამბიცია მაქვს. მინდა, ჩემი პატარა ბიზნესი მქონდეს.
– თქვი, ჩემი ხასიათის ცვალებადობა მომწონსო და ალბათ, ეს არის იმის მიზეზი, იმიჯს რომ ასე ხშირად იცვლი და ხშირ შემთხვევაში, ადამიანს შენი ცნობაც კი გაუჭირდება.
– „მერწყული“ ვარ და ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, არ უყვართ ერთფეროვნება. მბეზრდება ერთი და იგივე. ჩემი ბუნებრივი თმა წაბლისფერია, თუმცა ხშირად ვიღებავ სხვადასხვა ფრად – ვიყავი ვარდისფერი, წითელი, ქერა... თუ რამე მინდა, აუცილებლად გავაკეთებ. იმის გამო, რომ სულ ახლის ძიებაში ვარ, ბევრი სამსახურიც შევიცვალე,. მინდა, ახალი გამოწვევის წინაშე ავღმოვჩნდე და თან, უკვე გავიზარდე და აღარ ვარ იმ ასაკში, მხოლოდ სიმღერ-სიმღერით გავატარო ცხოვრება. სხვათა შორის, „მერწყულები“ ძალიან ერთგულები ვართ.
– შენი ცვალებადი ხასიათი საპირისპირო სქესთან ურთიერთობაშიც აისახება? იქნებ, ამიტომაც ვერ ააწყვე სტაბილური სასიყვარულო ურთიერთობა.
– არა, ჩემი ცვალებადი ხასიათი სასიყვარულო ცხოვრების ვერაწყობასთან არანაირ კავშირში არ არის. არ შემხვედრია ადამიანი, ვისაც ვერ გავუგებ. უამრავი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ გული არავისკენ მიმდის. ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და მაშინ მოვა გრძნობაც, როცა ეს საჭირო იქნება. ჩემი თაყვანისმცემლები ძალიან მანებივრებენ. არ დამავიწყდება, კლავიშისთვის სკამი მჭირდებოდა და ერთმა იამახას სკამი გამომიგზავნა (იცინის). ეს ჩემთვის მართლა უძვირფასესი საჩუქარი იყო. სულ ვცდილობ, კარგი განწყობა შევინარჩუნო და კორონას გამო შეზღუდვები რომ დაწესდა, მივხვდი გავაფრენდი. ამიტომ, წავედი ქობულეთში, სადაც ვცხოვრობ და წავიღე დინამიკი. შევაერთებიდი კომპიუტერზე, ორი მეტრის დაშორებით დავაყენებდი მეზობლებს და ეზოში ვაცეკვებდი (იცინის). ასე რომ, „გაფრენას“ გადავურჩი. მერე, შეზღუდვები რომ მოიხსნა და დამირეკეს, სამსახურში უნდა გამოხვიდეო, თბილისში დაბრუნება აღარ მინდოდა. დიდი ხანია, ამდენი დრო არ გამიტარებია ოჯახის წევრებთან და გემრიელად შევირგე დასვენება.
– მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებში არ გიმართლებს, შენს ცხოვრებაში არის ცხოვრების მთავარი მამაკაცი.
– კი, ნამდვილად. ეს არის, ჩემი შვილი. ლუკა 14 წლისაა და ვფიქრობ, ჩემგან ყველაზე მეტი ყურადღება მას სჭირდება. სწორედ ლუკას გამო მივხვდი, რომ აუცილებელია სხვა ცხოვრების დაწყება, ახალი შემოსავლის წყაროს ძებნა და ამან განაპირობა ჩემი სურვილი, რომ ახალი გამოწვევის წინაშე დავდგე. მხოლოდ მის გამო, მან მიბიძგა ახალი ცხოვრების დაწყებისკენ. ახლა, ცვლილებები საჭირო და აუცილებელია. ყველაზე დიდი გამართლება და ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში არის ის, რომ მყავს არაჩვეულებრივი შვილი. ლუკა მართლა უმთავრესი მამაკაცია ჩემთვის, მისგან არც შეზღუდვები მაქვს და მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობ.
– მაგდა, როდის იდგა ყველაზე რთული პერიოდი შენს ცხოვრებაში, რისი გადატანაც მტკივნეულად მოგიწია? ახლა რომ უკან დაგაბრუნონ, ამოჭრიდი რომელიმე ეპიზოდს?
– მე რა გზაც გავიარე, ყველა პერიოდი მიყვარს და ჩემი ცხოვრებიდან არაფერს ამოვჭრი. ეს გზა აუცილებლად უნდა გამევლო და არაფრის დავიწყება არ მინდა. მე ჩემს საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე და იმ ხარვეზებს აღარ დავუშვებ. ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი მაშინ იდგა, როცა ქმარს, ლუკას მამას დავშორდი. 5 წელი ვიყავით ერთად და საყვარელი მამაკაცისგან წასვლა გამიჭირდა. რთულად გადავიტანე ის პერიოდი, არ მემღერებოდა, მაგრამ ვმღეროდი. ახლა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ. სხვათა შორის, შერიგებაც უნდა, მაგრამ მე ვეუბნები უარს. დაშორების მიზეზი ღალატი იყო და ალბათ, ამის პატიება მიჭირს. ზოგადად, ცხოვრებაში რაღაც რომ სრულდება, მას უნდა შეეგუო და უკან აღარ მიიხედო. დრო მკურნალი აღმოჩნდა ჩემთვის და უკან მიბრუნება არ მინდა. არ მიყვარს წარსულთან დაბრუნება, თუმცა, იმასაც ვამბობ: არასოდეს თქვა, არასოდეს! რა მოხდება, არავინ იცის.